საქართველოში ზეთისხილის კულტურა ბრუნდება - კვირის პალიტრა

საქართველოში ზეთისხილის კულტურა ბრუნდება

მსოფლიოში პოპულარული და ჩვენში ნაკლებად გავრცელებული კულტურა, ზეთისხილი, საქართველოში უფრო და უფრო მკვიდრდება. 2010 წლიდან კახეთში, სიღნაღის მიმდებარედ, აგრეთვე დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე გაშენებული ზეთისხილის ბაღები დაახლოებით 250 ტონა მოსავალს იძლევა და სიღნაღშივე, საქობოს ზეთისხილის ქარხანაში მუშავდება. ქართული ზეითუნის ზეთი იყიდება როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. ჩვენში პლანტაციების გაშენება და მოსავლის რეალიზაცია რომ ადვილი არ არის, ყველამ ვიცით, თუმცა ფერმერმა გიორგი სვანიძემ ეს მოახერხა. ნიდერლანდების მოქალაქემ და თავისი ქვეყნის პატრიოტმა ადამიანმა ამისთვის დაუღალავად იბრძოლა და წარმატებასაც მიაღწია: ერთადერთია, ვინც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად ორი ვადით აირჩიეს (საბჭოში 61 ქვეყანა შედის) და ყველაფერს აკეთებს ქართული ზეთისხილის მსოფლიოსთვის გასაცნობად. 2023 წლის გამოფენაზე ესპანეთში, სადაც 47 ქვეყნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ქართული ზეთი პრემიუმკლასის ნაწარმად დასახელდა, ისევე როგორც ესპანური და იტალიური ნაწარმი. ამიერიდან ქართული ნაწარმიც მათ გვერდით დადგება. ამის საფუძველი ქართული კლიმატია, რომელიც ქართულ ზეთისხილს მსოფლიოში ყველაზე დაბალ მჟავიანობას ანიჭებს - როდესაც ნაწარმის ზოგადი მჟავიანობის ნორმა 0,8 ექსტრავირჯინია, ქართული ზეთის მჟავიანობა 0,2 ექსტრავირჯინზე მაღლა არ ადის. ასეთი წარმატება ნიშნავს, რომ ქართული ზეთისხილი მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება გავიდეს, რაც სახელმწიფოს ინტერესიც არის. ზეთისხილის პლანტაციების გაშენების მსურველებს შეუძლიათ შეღავათიანი აგროსესხის აღება, თუ სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებით მიმართავენ. პირობის თანახმად, უნდა გაიზარდოს ქართული ზეთისხილის წარმოება, რათა უცხოურმა კომპანიებმა საქართველოდან მათთვის სასურველი რაოდენობის ნაწარმის წაღება შეძლონ. ზოგადად, 1 ჰექტარი ზეთისხილის ბაღიდან შემოსავალი (ზეთის წარმოების გარეშე, მარტო ნაყოფიდან) დაახლოებით 15.000 დოლარია წელიწადში. ყველაფერთან ერთად, ზეთისხილის დარგვა არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ რიგითი მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელია - ზეთისხილი ხომ გამორჩეული სარგებლიანობის პროდუქტია. სად და როდის შეიძლება კულტურის დარგვა-გახარება, სად დახვდება შესაბამისი პირობები, ამაზე საუბარი სოფლის მეურნეობის დოქტორს, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მეხილეობის სექტორის უფროს ზვიად ბობოქაშვილს ვთხოვეთ.

- ზეთისხილი ისტორიულად საქართველოსთვის უცხო კულტურა არ არის. ძველთაგან იცნობდნენ მას, აშენებდნენ და ამუშავებდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. თუმცა აცივება კულტურას ანადგურებდა. მაგალითად, XIX საუკუნის ბოლოს სიცივის ტალღებმა, ისევე როგორც XX საუკუნის 30-იან წლებში ამ ტალღების განმეორებამ კულტურა თითქმის გააქრო. ზეთისხილი -12-14C-ზე უკვე ნადგურდება. თუმცა დღევანდელი კლიმატის დარბილების გამო კვლავ გაჩნდა ამ ძვირფასი კულტურის გაშენების პერსპექტივა.

ამ კულტურას უყვარს სითბო, შედარებით მაღალი ტემპერატურა, როგორიც კახეთშია, მაგრამ სხვადასხვა კუთხეში ერთი ჯიშის კულტურა ვერ გამოდგება. მართალია, ზეთისხილის ჯიშების უმეტესობას ნაკლებად უყვარს ნესტიანი ადგილები, მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, ბაღდადში, თერჯოლაში, გურიის სოფლებში ზეთისხილი გაშენებული იყო. მაგრამ სწორედ იმიტომაც, რომ იქაურობისთვის საგანგებოდ იყო შერჩეული ჯიშები, რომლებიც ასეთ კლიმატში გაიხარებდა. ამჟამად მიმდინარეობს, კვლავ ფერმერ გიორგი სვანიძის ინიციატივით, სანერგის ჩამოყალიბება და ჯიშების შერჩევა. თუმცა, ეს პროცესი ხანმოკლე ვერ იქნება. ზეთისხილი სადაც ადვილად გაილაღებს, მაგალითად, კახეთში ან, თუ გნებავთ, თბილისის მიმდებარედ, სადაც მეხილეობის იდეალური ადგილია, იქაც კი საფრთხილოა გაშენება, რადგან ადვილად ითვისებს ვირუსებს. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც არის წინასწარ შესაბამისი ჯიშების გამოყვანა და შერჩევა აუცილებელი. სანერგესთან ერთად, ვაპირებთ ესპანეთის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტიდან ჩამოვიტანოთ 22 ჯიში, რომლებიც სამი მიმართულებით გაივლის გამოცდას: დედოფლისწყაროში, საგურამოში, ასევე დასავლეთ საქართველოში. მივიღებთ ვეგეტაციურ მონაცემებს და შემდგომ ჯიშებს ამ მონაცემების მიხედვით გავავრცელებთ ქვეყანაში.

ზეთისხილის ბაზარი ამ ეტაპზე შევსებულია, რადგან არსებობს ცნობილი იტალიური, ესპანური, ბერძნული ზეთისხილის ბრენდები, მაგრამ ჩვენი ზეთისხილი, როგორც აღმოჩნდა, მათ კონკურენციას უწევს გემოვანი თვისებებით. ამასთან, მსოფლიოს არა მარტო ზეითუნის ზეთი აინტერესებს, არამედ სუფრის ზეთისხილიც. ამდენად, ჩვენთან ზეთისხილის წარმოების ორივე მიმართულება უნდა განვითარდეს. რაც მთავარია, თუ გვინდა ჩვენი ზეთისხილი ევროპის ბაზარზე გავიდეს, აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ. ამიტომ არის ზეთისხილის ბაღების გაშენება სახელმწიფოს ინტერესში. ხშირია საყვედურები, რატომ ვერ გავდივართ ევროპის ბაზარზეო. იმიტომ ვერ გავდივართ, რომ პროდუქციას იმ რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ,D რამდენისაც მოთხოვნა აქვს ევროპულ ექსპორტს. ევროპული ბაზრის 70% მარკეტების ქსელებს უჭირავს, მათ კი მცირე რაოდენობის პროდუქცია ვერ დააკმაყოფილებს. აი, ამიტომ არის, რომ კარგი ხარისხის მიუხედავად, ჩვენი პროდუქციის ევროპაში გატანა ვერ ხერხდება. საჭიროა დიდი რაოდენობით მოსავალი გვქონდეს.

- სულ გაშენებულია 1,2 მილიონი ზეთისხილის ნერგი, ინტერესის გაზრდის გამო კი მომდევნო ორ წელიწადში 3 მლნ ზეთისხილის დარგვა იგეგმება. ეს კულტურა რიგითი მომხმარებლისთვისაც საინტერესოა, რათა ეს სასარგებლო კულტურა შინ დარგონ, დაამწნილონ, დააკონსერვონ.

- ადამიანს რომ შინ ყველა სახეობის ხილი აქვს, კარგი იქნება, თუ ზეთისხილსაც დარგავს და ამით მრავალფეროვნებას შეიტანს რაციონში, საკარმიდამო ნაკვეთს კი სილამაზესა და ეგზოტიკურობას შემატებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დამასრულებელ ფაზაში არ შესულა ამ კულტურის გამოცდა ზონების მიხედვით, ჩვენს ლიცენზირებულ სანერგეებს ამ ეტაპზე ნერგები უცხოეთიდან შემოაქვთ, მათ შორის თურქეთიდანაც. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ ნერგები შეიძინონ და შინ დარგონ სხვა ხილთან ერთად. გავითვალისწინოთ, რომ ზეთისხილს მშრალი ნიადაგი უყვარს, წვიმიანი კლიმატი კი ნაკლებად. ის ქვაღორღიან მიწაზეც მშვენივრად ხარობს, თუმცა არა ძალიან დამრეცზე. რაც მთავარია, ზეთისხილი 1500 წლამდე ცოცხლობს და არა მარტო შვილები, შვილთაშვილებიც მიირთმევენ ჩვენ მიერ დარგული ნერგების ნაყოფს.