გიგანტურ ქვევრში ჩატეული იმერული მეღვინეობა
ღვინის მუზეუმზე უნდა გიამბოთ, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ქვილიშორშია. მისი შექმნის იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის, მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს, პანდემიის პერიოდში, გაიხსნა და საქმიანობა დაიწყო. ღვინის მუზეუმი, ფაქტობრივად, იმერულ ტრადიციებს ამომწურავად აცოცხლებს. ამ სამყაროში დისტანციურად ახლა ჩვენც ვიმოგზაურებთ და ჩვენი მეგზური ღვინის მუზეუმის გიდი ლელა ჯოჯუა იქნება.

ლელა ჯოჯუა:
- მუზეუმი ორი იმერული სოფლის - ქვილიშორისა და ყუმისთავის გზაგასაყარზეა. ორივე ულამაზესი, კოპწია სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტშია, ტურისტულ ზონაში. ჩვენ წინ პრომეთეს მღვიმეა, მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაცია. ჩვენს მუზეუმს სხვა მუზეუმებისგან ის გამოარჩევს, რომ განთავსებულია გიგანტურ ქვევრში, რომელიც სპეციალურად შექმნილი კონსტრუქციაა. მუზეუმის მესვეურებმა ის ირაკლი კვირიკაძის ცნობილ მოკლემეტრაჟიან ფილმ "ქვევრს" დაუკავშირეს. კონსტრუქციაც "ჩატეხილია" - ქვევრის ზედა ნაწილზე განთავსებულია ღია ტერასა, კაფე, ხოლო პირველ სართულზე ქვევრის ყელიდან არის მუზეუმში შესასვლელი. მოკლედ, მუზეუმი გიგანტური "ქვევრია". ორი დარბაზიდან ერთი ისტორიულია, მეორეში დახურული ტიპის მარანია, აქვე შეიძლება იმერეთის მცირე მარნებში წარმოებული იმერული ღვინოების, ასევე სხვა კუთხეებში წარმოებული სხვადასხვა დასახელების ღვინის შეძენა.
- ღვინის ისტორიის გარდა, სტუმრებს მისი დამზადების წესზეც მოუთხრობთ?
- მოვუთხრობთ იმერული ღვინის დამზადების წესსა და ტრადიციებზე, ქვევრში ღვინის დავარგების, გადაღების, ქვევრის მოვლის წესებზე.
ეზოში გვაქვს ძველებური სტილის სამცხე-ჯავახეთის მარანი მესხური ჭერით, სადაც ჩარგულია (აქ ასე ვამბობთ) რამდენიმე ქვევრი, ვაპირებთ ყურძნის დაწურვას, ღვინის დაყენებას და ტურისტებს პროცესში ჩართვის საშუალება ექნებათ.
იმერეთის მეღვინეობა-მევენახეობით განთქმული ზონების, ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონებისგან განსხვავებით, წყალტუბოს ზონა ასე ვერ გამოირჩევა. აქაური ნიადაგი კარბონატულია, მიწის ქვედა ფენები კირქვებშია, არის მღვიმეები, ამიტომ ვენახი ისეთი უხვმოსავლიანი ვერ არის, მაგრამ აქ ყველა ოჯახს მაინც აქვს თავისი ვენახი და ღია მარნის ტიპისთვის განკუთვნილი ჭურები. ჭურები, ძირითადად, ხეების ძირასაა ჩარგული, უმეტესწილად კომშის, ჩრდილში. ადრე სტუმრისთვის სუფრა იქვე, ჩრდილქვეშ იშლებოდა, ჭურსაც თავს მოხდიდნენ. ამ რიტუალს ჭურის თავზე ქეიფი ერქვა.

- ამ კონცეფციის ავტორები ვინ არიან?
- მეგობრებმა გადაწყვიტეს პატარა სასტუმროს აშენება. ეზო საშუალებას იძლეოდა აქ ქართული ყოფის ნიშნები ყოფილიყო. გვერდით ჩვენს კომპლექსს ჩამოუდის მდინარე ყუმი და ულამაზესი ლანდშაფტია, გვაქვს უძველესი ოდა რაჭიდან... იდეა ეკუთვნის ვლადიმერ ლობჟანიძეს, მასთან ერთად თამარ მერკვილაძემ და ნინო ჯაფარიძემ მიიღეს მონაწილეობა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და დახმარება აქედანაც გაეწიათ. შეიქმნა სამუშაო ადგილებიც, სადაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა დასაქმდა.
- დიდი სოფელია ქვილიშორი?
- ქვილიშორის საზღვარზე ვართ. პრომეთეს მღვიმე სოფელ ყუმისთავს ეკუთვნის, სასტუმრო ქვილიშორის ტერიტორიაზეა, ხოლო მუზეუმის შესასვლელი - ისევ ყუმისთავში. ორივე დიდი სოფელია. მოსახლეობა, ძირითადად, მეცხოველეობას მისდევს, მოშენებული აქვთ ვაზიც და ყველა ოჯახში არის მამაპაპური ჭურები. ჩვენი მუზეუმი მათთვის სტიმულია, ყველა ცდილობს ჭურები მოაწესრიგოს და ამ საქმეს ინტენსიურად მიჰყვეს. დიდი მოთხოვნაა აგროტურიზმზეც. აქ დიდი ტურისტული ნაკადებია - ქართული ყოფა უამრავ უცხოელ სტუმარს აინტერესებს და ჩვენც ვცდილობთ ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია მივაწოდოთ. გვაქვს ყველა ხელსაწყო-ექსპონატი, რომლებიც საჭირო იყო ქვევრის მოსავლელად. სპეციალური სარცხები მწარე ბლის ქერქისგან მზადდებოდა. გვაქვს გრძელი და მოკლე სარცხები, რომლებითაც ირეცხება ჭურები, რადგან ტკბილი იდეალურად სუფთა ჭურჭელში უნდა ჩაისხას. იღებენ სრულ ინფორმაციას, რით განსხვავდება იმერული ტექნოლოგია კახურისგან.
ქვილიშორში ცხოვრობენ ბენიძეები, ვარდანიძეები, ტყაბლაძეები, შალამბერიძეები. სუფთა ქართული, იმერული სოფელია, ზღვის დონიდან დაახლოებით 220 მეტრზე და შუა იმერეთს განეკუთვნება. მეცხოველეობის გარდა, მოჰყავთ სიმინდი, ყველას აქვს კარგი ბოსტანი.
აქ უმეტესად გავრცელებულია ცოლიკაური. იმერული თეთრყურძნიანი ჯიშებიდან მცირედ არის გაშენებული ციცქა. წითელი ყურძნიდან მოდის ჯვარისა. ის ყველას ასწრებს და პირველი იწურება კიდეც, შემდეგ უკვე სხვა ყურძნები მწიფს.

- წყალტუბოს ზონაში პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევიცაა აღმოჩენილი...
- მღვიმეებში აღმოჩენილია უძველესი ადამიანის ნაკვალევი, მაგალითად, თეთრამღვიმეში. აქ ჯერ კიდევ პალეოლითიდან ცხოვრობდნენ ადამიანები. ამის კვალი კარგად ჩანს.
ქვილიშორიდან 15-20 კილომეტრში ლეჩხუმი იწყება. ძალიან ახლოა ცნობილი სოფელი ტვიში, სადაც უსახელოური იზრდება. ამიტომ, როდესაც სტუმრებს იმერულ ღვინოებზე ვუყვებით, იმასაც ვამცნობთ, რომ ახლოსაა ლეჩხუმი თავისი ძვირფასი ღვინო უსახელოურით და თეთრი, ბუნებრივად ნახევად ტკბილი ტვიშით.
- იმერული ღვინის დაყენების ტექნოლოგია რაში მდგომარეობს?
- უძველესი, კოლხეთისა და იბერიის ეპოქების ქვევრებიც კი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და თიხის შემადგენლობითაც. განსხვავებულია ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც. კახური ითვალისწინებს ტკბილის სრულ ჭაჭაზე დაყოვნებას, მას შემდეგ, რაც საწნახელში გამოიწურება ტკბილი და ჩაისხმება იდეალურად სუფთა ქვევრებში, კახეთში უმატებენ დარჩენილი ჭაჭის სრულ რაოდენობას. ეს არის წიპწა, კანი და კლერტი. იმერეთში ემატება ერთი მესამედი, დაახლოებით 100 ლიტრ ტკბილზე 3 კგ ჭაჭა, უფრო მცირე რაოდენობა. ჭაჭაზე ღვინის წვენის ტკბილის დაყოვნების ვადა ნაკლებია. კახეთში ქვევრი მარტის ბოლოს იხსნება. ღვინო, რომელსაც თავღვინოს ეძახიან, დასავარგებლად ფრთხილად გადააქვთ სხვა ქვევრებში, ცოტა ხნის შემდეგ კი შესაძლებელია ბოთლებში ჩამოსხმაც. იმერეთში დაყოვნების დროც განსხვავებულია. სამი თვის მერე ხსნიან ჭაჭიდან ღვინოს და სხვა ჭურჭელში გადააქვთ. იმერეთში კლერტს არ უმატებენ, ძირითადად, კანზე, წიპწებზე აყოვნებენ.
- საინტერესო ექსპონატები გაქვთ.
- ღვინის ისტორია სათავეს იღებს ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულიდან და ამის დასტურად საქართველოში მრავალი არტეფაქტია აღმოჩენილი. მათ შესწავლაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ 8000-წლოვანი უწყვეტი ისტორია გვაქვს. ჩვენს მუზეუმში უმეტესად თიხის არტეფაქტებია, ძირითადად, ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, ქუთაისის მუზეუმში დაცული თიხის ჭურჭლის ზუსტი ასლები. გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი - მარნეულის ველზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრი ყურძნის ოთხი მტევნით დამშვენებული, რომელიც ქართული ქვევრის პირველ პროტოტიპად მიიჩნევა. განეკუთვნება ძვ.წ. VI ათასწლეულს. გვაქვს ასევე ვანის ცნობილი თამადის ასლი, ბრინჯაოს ფიგურა, ის ნაპოვნია ვანში და ორიგინალი ამავე მუზეუმშია დაცული. განეკუთვება ძვ.წ. VII საუკუნეს, რაც მეტყველებს, რომ უკვე ამ პერიოდში მევენახეობის, ღვინის დაყენებისა და შრომის კულტურა ჩამოყალიბებული იყო. ეს ფიგურა - ყანწიანი მამაკაცი ყველა ქართველმა იცის.
უძველესი ქვის საწნეხიც გვაქვს, დაახლოებით სამი საუკუნის, ხონის რაიონის სოფელ ნახახულევიდან. ჩვენმა მესვეურებმა იმერეთში სულ სოფელ-სოფელ იარეს და ყველა ნივთი თუ ჭურჭელი შეაგროვეს. ასე მიაკვლიეს ამ უძველეს ქვის საწნეხსაც. ღვინოს რომ გადაიღებდნენ და ძირში ჭაჭა დარჩებოდა, იმას წნეხდნენ. ძალიან საინტერესო კონსტრუქცია აქვს, დოლაბი ხარის ან ცხენის საშუალებით უნდა დაეტრიალებინათ. გვაქვს ხისგან დამზადებული ტრადიციული ძველი საწნახელიც. ღვინის ტურის გარდა, იმერული სამზარეულოს მასტერკლასებიც იმართება, ამისთვის არის თონე და ღუმელი. იმერულ ყოფას მსურველები დიდი სიამოვნებით ეცნობიან.
ლალი ფაცია