სააღდგომო კვერცხზე გაცოცხლებული ბიბლიური ისტორიები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სოფია სესიტაშვილი ექიმია, მაგრამ ხელოვნებაც ძალიან უყვარს. მისი სახლის კედლებზე გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობა რელიგიურ თემაზეა. წლეულს სოფიას ახალი გატაცება გაუჩნდა, სააღდგომოდ კვერცხების მოხატვა დაიწყო და ინტერვიუსთვის მისულებს ლამაზად გაფორმებული კვერცხების უზარმაზარი კალათა დაგვახვედრა.
- კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ გადავწყვიტე მასზე დავხატო ყველაფერი, რაც დედამიწაზე სიცოცხლეს უკავშირდება. კვერცხზე ხატვა იოლი არ არის. ცალი ხელით კვერცხი მიკავია, მეორით კი ვმუშაობ, ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. აღდგომამდე კვერცხებზე პასქისა და ბზის მოხატვასაც ვაპირებ. პასქა გოლგოთასთან ასოცირდება, ბზას კი მაცხოვარს გზაზე უფენდნენ. მიხარია, აღდგომას კვერცხის საინტერესო თემატიკით რომ ვხვდები.
თავდაპირველად კვერცხზე ჩემი საყვარელი ყვავილები მოვხატე: ია, გვირილა, ტიტა, კესანე, ლავანდა. მერე დავხატე პეპელა, რამდენიმე ტაძარი, წმინდანები...
ბოდბის მონასტერი ჩემს მუნიციპალიტეტშია და ხშირად მივდივარ. კვერცხზე პირველად ის დავხატე - ქიზიყის მშვენება კავკასიონითა და ალაზნის ველით. მერე სვეტიცხოვლის მოხატვა გავბედე. რამდენიმე წლის წინ გერგეტის სამების ტაძარი ვნახე და გავოცდი, თითქოს ეკლესია ცაშია გამოკიდებული. გიგანტურ მთაზე მამაკაცის სახე ჩანს. ყაზბეგის მთები ისე ახლოს არის ცასთან, ღვთის შვილები გეგონება. ზღაპრულ გარემოში მოვხვდი და ეს განწყობა გადმოვეცი კვერცხზე გამოსახულ ნახატზეც. სიღნაღის მუნიციპალიტეტში არის ხირსის მონასტერი, სადაც 13 ასურელი მამათთაგანის, სტეფანე ხირსელის საფლავია, და ისიც მოვხატე. ამ ნახატზეც ჩანს გოროზი კავკასიონი. კახეთის პეიზაჟების დახატვა მის გარეშე შეუძლებელია.
კვერცხზე გამოვსახე ქალი ჩვილით ხელში. წარმოვიდგინე, რომ მე ვარ და ჩემი გოგონა მყავს ჩახუტებული. დედა-შვილის სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობაა, დედამიწას ატრიალებს. ერთ კვერცხზე გამოსახულია ორსული ქალი, რომლის მუცელშიც დედამიწა მოჩანს ანუ სამყარო. კვერცხს ძირითად ტონად ცისფერი გავუკეთე, რადგან ღვთაებრივი ფერია. ვარდისფერიც გამოვიყენე, რაც სიყვარულზე, ბედნიერებასა და სიფაქიზეზე მიანიშნებს.
შეუძლებელი იყო აღდგომის კვერცხზე არ დამეხატა საქართველოს გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო. სამ კვერცხზე ბავშვისსახიანი ანგელოზები მოვხატე. სამი საკრალური ციფრია და სამებას ნიშნავს. ყველა ჩემს მოხატულ ანგელოზსა თუ წმინდანს ქართული სახე აქვს. ამით ჩემი ქვეყნისა და ხალხის უსაზღვრო სიყვარულს გადმოვცემ.
ფარმაცევტი ვარ და აფთიაქში ვმუშაობ. მთელ დღეს სამსახურში მიწევს ყოფნა, ამიტომ ხატვას ღამის 11 საათიდან ვიწყებ. თითო კვერცხის მოხატვას დაახლოებით 2 საათს ვანდომებ. უკვე 20-მდე კვერცხი მაქვს მოხატული. კვერცხებით სიცოცხლის ხეც გავაკეთე, რაშიც მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი, ლინა დამეხმარნენ. ხის ლამაზ ტოტზე კვერცხები ჩამოვკიდე, მეუღლემ დასადგამი გაუკეთა. გოგონამ კი ჯეჯილი დაუფინა. ჩემი მეუღლეც შემოქმედი ადამიანია, ის ლითონითა და ხით ამზადებს საოცარ ნივთებს.
- თქვენს სახლში რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ნახატებიც დავინახე...
- მას შემდეგ ვხატავ, რაც ხელში ფანქრის აღება შევძელი. კლასიკური განათლება არ მიმიღია. პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ ხატვა ჩემს პროფესიაზე ნაკლებად არ მიყვარს. დავიწყე პეიზაჟებისა და ყვავილების ხატვით, მერე რელიგიურ თემატიკაზე გადავედი. ნახატებში საინტერესო დეტალების გამოკვეთა მიყვარს. თითქმის ყველა ტილოში ნათელი ფერები დომინირებს.
მეოთხე-მეხუთე კლასში ვიყავი, პირველად ღვთისმშობელი რომ დავხატე. ჩემი შექმნილი ხატი სკოლის ჟურნალში დაბეჭდეს. ისეთი კარგი გამოვიდა, მეორედაც დავხატე. მერე დეიდაშვილმა მაჩუქა წიგნი, რომელშიც წმინდა ნინოს ცხოვრება დეტალურად არის აღწერილი და ის დიდი შთაბეჭდილება ტილოზე გადავიტანე - მბზინავი საღებავით დავხატე წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში, რომელზეც მისი თმაა შემოხვეული. ის სხვა ხატებისგან გამორჩეულია - თითქოს ასხივებს. გადაწყვეტილი მაქვს ხატი ვაკურთხებინო და ტაძარს შევწირო.
მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. იმ დღეს მცხეთის თავზე ზღაპრული ცა იყო, ვარდისფერ-იასამნისფერი ღრუბლებით. მაშინ ჩავიფიქრე, რომ სვეტიცხოველს დავხატავდი, ბოდბის მონასტრის ხატვისას კი აღმოჩენა გავაკეთე.
- რა აღმოაჩინეთ?
- არ ვიცი, მონასტრის ბაღის დიზაინი ვის ეკუთვნის, მაგრამ საოცარი შინაარსითაა გაკეთებული. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ბოდბის მონასტრის ამ ერთიან კომპლექსს. შევეცადე ნახატით ეს გადმომეცა და მგონი გამომივიდა. ვხატავდი და ვფიქრობდი, ამ ბაღის დიზაინერი გენიოსია-მეთქი. ნახატს ,,სიცოცხლის დაბადება" შევარქვი... ნარიყალას ტაძარი კი იმიტომ დავხატე, რომ იქ გამომიტყდა სიყვარულში ჩემი მომავალი მეუღლე. ასე რომ, ყველა ნამუშევარი დიდი ემოციით მაქვს შექმნილი და შვილებივით მიყვარს.
ნელი ვარდიაშვილი