ჭურვები... არენდით! 500 ათას ჭურვს კორეა პენტაგონს "ათხოვებს", ამერიკელები თავისებს კი...
არენდა, გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად სხვისთვის ქონების დროებითი მოხმარების მიზნით გადაცემას ნიშნავს და არენდით გადაცემული სახლები, მანქანები და თვით თვითმფრინავებიც კი, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ერთჯერადი გამოყენების... საარტილერიო ჭურვების ერთი ქვეყნის მიერ მეორისთვის არენდით გადაცემა, მართლაც რომ ახალი რამეა მსოფლიო ეკონომიკაში...
მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში სამხრეთ კორეამ შეიძლება ნახევარი მილიონი 155მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს აშშ-ს არენდით, პენტაგონის საბრძოლო საჭურვლის მარაგების შესავსებად.
საქმე ის არის, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის დამცველებს აშშ-მა ერთ მილიარდ ერთეულზე(!) მეტი ოდენობის სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიაწოდეს, მათ შორის, ლომის წილს სწორედ 155მმ კალიბრის ჰაუბიცის ჭურვები შეადგენდა, რომელთა ინტენსიური საბრძოლო გამოყენებით უკრაინის არმია ერთ წელზე მეტია აკავებს რუსი ოკუპანტების მუდმივ შეტევებს.
უკრაინელები მალე (აპრილის დასასრულს, მაისის დასაწყისში) ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადასასვლელად ემზადებიან და მათ ჰაერივით სჭირდებათ 155მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების დიდი მარაგი - კონტრიერიშებზე გადასვლის წინ აუცილებელია მძლავრი საარტილერიო მომზადების ჩატარება, რათა შეტევაზე გადასულებს რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეთ სანგრებში გამაგრებული მოწინააღმდეგისგან და შესაბამისად, უფრო ნაკლები საბრძოლო დანაკარგი მიიღონ.
ერთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვის უკრაინაში გაგზავნა, თვით მსოფლიოს პირველი არმიის - აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალსაც დაეტყო და ბუნებრივია, პენტაგონი ეძებს სხვადასხვა გზას, შეავსოს ჭურვების მარაგი და ასევე გააგრძელოს მათი გაგზავნა უკრაინელებისთვის.
ნატოს წევრი ქვეყნებისა და მათი პარტნიორი, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების შეიარაღება ძირითადად სტანდარტიზებულია და 155მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გასროლა ამერიკულ ჰაუბიცასაც შეუძლია და სამხრეთ კორეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარსაც.
ამასთან, სამხრეთ კორეა, რომელიც ათწლეულებია ჩრდილო კორეისგან თავდასხმას ელოდება, სერიოზულად ზრუნავს თავდაცვის გაძლიერებაზე და მას მარაგში 155 მმ-იანი ჭურვები დიდი რაოდენობით დაუგროვდა.
უკრაინელებს, დასავლეთის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების კვალობაზეც შეეძლოთ პირდაპირ შეესყიდათ ეს ჭურვები სეულისგან, მაგრამ სამხრეთ კორეის ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია და უარს აცხადებს ლეტალური იარაღი და საბრძოლო მასალები მიაწოდოს რუსეთ-უკრაინის ომის რომელიმე მონაწილე მხარეს, თუმცა ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას მაინც უწევს.
ოფიციალური სეულის ეს სიფრთხილე სავსებით გასაგებია, რადგან არ სურს სიტუაციის დაძაბვა ჩრდილოეთ კორეასთან, რადგან უკრაინისთვის სამხრეთ კორეული შეიარაღების მიწოდების გამო გაცეცხლებულმა პუტინმა შეიძლება კიმ ჩენ ინს სეულის საწინააღმდეგო აქტიურ ქმედებებისკენ „უბიძგოს“...
ამიტომაც სამხრეთ კორეა კი მიაწვდის "არენდით" ჭურვებს ამერიკელებს, ოღონდ მესამე ქვეყნისთვის არგადაცემის მოთხოვნით ანუ კორეული წარმოების 155მმ კალიბრის ჭურვები არ მოხვდებიან უკრაინის ფრონტზე, თუმცა სამაგიეროდ, უკრაინაში გაიგზავნება იმავე კალიბრის ამერიკული ჭურვები პენტაგონის საწყობებიდან...
სანამ აშშ და სამხრეთ კორეა „ჭურვების არენდით“ გადაცემის ყველა სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებს მოაგვარებენ, ასეთივე კორეული ჭურვები სულ სხვა, უფრო მოკლე გზით შეიძლება მოხვდნენ უკრაინელი არტილერისტების განკარგულებაში.
უკრაინის მეზობელი-პოლონეთი დაჩქარებული ტემპებით ახორციელებს არმიის გადაიარაღებას იმ რეალური საფრთხიდან გამომდინარე, რაც პუტინის რუსეთისგან მოდის.
ამ გადაიარაღების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია პოლონეთის არმიისთვის ასობით სამხრეთ კორეული ტანკის, თვითმავალი საარტილერიო დანადგარისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის შეძენა.
პოლონეთისთვის მიყიდულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს ხელშეკრულების თანახმად თან „მიჰყვება“ არანაკლებ 330 ათასი ერთეული 155მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი, თითოეული 307 დოლარის ღირებულების.
ამ ხელშეკრულებაშიც არის ჩაწერილი, რომ პოლონეთს არ აქვს უფლება სამხრეთ კორეის ნებართვის გარეშე ეს შესყიდული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო საჭურველი მესამე ქვეყანას გადასცეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთი უდიდეს სამხედრო დახმარებას უწევს მეზობელ უკრაინას, დიდი ალბათობით სამხრეთ კორეული ჭურვებს მაინც მოუწევთ უკრაინის მიწაზე რუსი ოკუპანტების განადგურება...