"პორტი ქართული, ნავმისადგომი - სომხური" - რას წერს სომხური გამოცემა - კვირის პალიტრა

"პორტი ქართული, ნავმისადგომი - სომხური" - რას წერს სომხური გამოცემა

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი "გოლოს არმენიი" (Голос Армении) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "პორტი ქართული, ნავმისადგომი - სომხური" (ავტორი - აშოტ არამიანი), რომელშიც განხილულია სომხეთის ინტერესები ფოთის პორტის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"საქართველოს სამხედრო გზა (მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზა - რედ.), რომელიც სომხეთისათვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო ავტომაგისტრალს წარმოადგენს, ტრივიალური მიზეზის - კლიმატური სიტუაციის გამო ძალიან ხშირად დახურულია დიდტვირთიანი საბარგო ავტომანქანების მოძრაობისათვის. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში არ მუშაობს არც ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც ასევე ერთადერთია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ამ ფონზე უფრო საიმედოდ და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველად ყოველთვის გამოიყურებოდა ალტერნატიული მარშრუტი ქართული ფოთის ნავსადგურის გავლით. აჭარის ბათუმისაგან განსხვავებით, ფოთში სომეხი ტვირთმზიდავების თხოვნებს უფრო მეტი გაგებით ეკიდებოდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაიწყო თავის დროზე საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელი საქართველოს ფოთის ნავსადგურსა და რუსეთის პორტ "კავკაზს" (კრასნოდარის მხარე) შორის. "კავკაზი" თავისი ტვირთბრუნვის მოცულობით რუსეთის მეხუთე, ხოლო შავი და აზოვის ზღვების აუზში - მეორე პორტს წარმოადგენს, ნოვოროსიისკის შემდეგ.

სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების მცდელობები, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში სომხური ტვირთების გატარების პრობლემის მოგვარების მიზნით, წარუმატებელია. ეკონომიკის მინისტრის - ვაან ქეროფიანის დაპირება, რომ ფოთი-"კავკაზის" საზღვაო ბორანი ამუშავდებაო, მხოლოდ "ჰაერის ცარიელი შერხევა" გამოდგა. მისი ბრტყელ-ბრტყელი აღთქმების ვადები არა ერთხელ იქნა გადაწეული, სულ ბოლოს კი მინისტრი სრულიად მიყუჩდა და თავის "ნაპოლეონისეულ გეგმებზე" ხმას აღარ იღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობას ბოლო დროს, გასაგები მიზეზების გამო, ზრდის ტენდენცია აქვს, თანაც - ორივე მიმართულებით (სასურსათო პროდუქცია, სამშენებლო მასალები, ნავთობპროდუქტები), დღის წესრიგში დგება კითხვა: რა ვქნათ?

თავის დროზე ქართული ნავსადგურის ფოთის ოფიციალური ტვირთბრუნვის 56% სომხურ პროდუქციას ჰქონდა დაკავებული. რატომ არ შეუძლია ინვესტიციების ჩადება [და "ჩანერგვა"] ფოთის პორტში ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, რომელიც რეგულარულად გვაუწყებს ქვეყნის ხაზინაში შემოსავლების გადაჭარბებას? ამით მნიშვნელოვნად შერბილდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკადა. მით უმეტეს, რომ თურქული [აზერბაიჯანისა და თურქეთის] ტანდემისაგან, როგორც დრომ გვაჩვენა, სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ.

სომხური მხარის მიერ ფოთის ნავსადგურის განვითარების მიზნით ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ პორტში სომხური ნავმისადგომი და სატვირთო ტერმინალი შეიქმნას. თავის დროზე ფოთის მერიის წარმომადგენლები კეთილი თვალით უყურებდნენ და პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ამ პროექტის მიმართ.

უფრო მეტიც - არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ფოთის აკვატორიაში სომხური შეკვეთებითა და სომხური პროდუქციით დატვირთული უამრავი გემი დაცურავდა. სწორედ იმ დროს გაჟღერდა კომერციული წინადადება... ქართულ-სომხური ფლოტის შექმნაზე, 12 გემის შემადგენლობით, რომელიც წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც სამგზავრო, ასევე - სავაჭრო ხომალდებით. ფლოტს ექნებოდა საკუთარი სტატუსი, გემებს ეყოლებოდა სომხური ეკიპაჟი და ექნებოდა სომხური დროშით ცურვის შესაძლებლობა - ყველა ზღვაში და ყველა ოკეანეში.

თუმცა, მართალია, რომ ამის დიდი იმედი სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის ხელში არ უნდა გვქონდეს: ისინი კრეატიულობის სასწაულებს მხოლოდ მაშინ ახდენენ, როცა ფულის სუნს იყნოსავენ და სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობას დაინახავენ", - წერს "გოლოს არმენიი".

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ