"ეძებე მტერი ყველგან": როგორ იშლებოდა 1930-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების "გორგალი"
1929 წლის 16 აპრილს მოსკოვში სკკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური საკონტროლო კომისიის ერთობლივი პლენუმი გაიხსნა, რომელზეც კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა. სწორედ მაშინ გაისმა სტალინის მოწოდება:
”... ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი მაგალითები, რომ მომაკვდავ კლასებს ნებაყოფლობით დაეტოვებინოთ სცენა... ჩვენი შეტევა შეავიწროვებს კაპიტალისტურ ელემენტებს , გამოიწვევს მათ განდევნას, ხოლო ისინი, მომაკვდავი კლასები, რაც არ უნდა მოხდეს მაინც გაგვიწევენ წინააღმდეგობას”.
მომხსენებელი, მისი მთავარი მოწინააღმდეგეების : ლევ ტროცკისა და ნიკოლაი ბუხარინისგან განსხვავებით, არასდროს გამოირჩეოდა დიდი ორატორული ნიჭით. მისი გამოსვლა, როგორც ყოველთვის, კითხვა-პასუხზე იყო აგებული და ამიტომაც "კომუნისტური მასებისთვის" მარტივად გასაგები გახლდათ . სტალინი დასვამდა შეკითხვას და შემდეგ თავადვე გასცემდა პასუხს. მოკლე, ყველასათვის გასაგები ფრაზებით სტალინი "გონებაში უჭედავდა" მსმენელს საკუთარ აზრს. ამ მეთოდს იყენებდა სტალინი ცხარე დისკუსიების დროსაც და უნდა ვაღიაროთ, რომ მისი საუბრის სიმარტივე ხშირად უფრო შედეგიანი იყო, ვიდრე ცნობილი "ოქროპირების": ტროცკის, ბუხარინის, თუ შემდგომ - ჩერჩილის, ფილოსოფიური წიაღსვლები. სტალინის მსჯელობის ლოგიკა ისე იყო აგებული, რომ მის მიერ დასმული კითხვის ფორმა და შინაარსი წინასწარ უკვე გულისხობდა დისკუსიაში გამარჯვებულს: რაღა თქმა უნდა, "დიდ ბელადს".
სწორედ 1929 წლის 16 აპრილი გახდა სტალინის გადამწყვეტი შეტევის დაწყების თარიღი. მომავალი საბჭოთა დიქტატორის თეზისი მარტივი და ძალზე საშიში იყო: საბჭოთა კავშირის საგარეო და საშინაო წარმატებები აიძულებს გარეთ კაპიტალისტებს, შინ კი კონტრრევლუციონერებს, გადმოვიდნენ ღია და ფარულ შეტევაზე, რათა გაანადგურონ ჩვენი ქვეყანაო. მილიონობით საბჭოთა მოქალაქის საუბედუროდ სტალინის ყველა თეორია, რაც არ უნდა აბსურდული ყოფილიყო, ცხოვრებაში უნდა განხორციელებულიყო. "დიდი ბელადი" თავად აკონტროლებდა ამ პროცესს.
სტალინმა კარგად იცოდა, რომ 1929 წელს მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირზე თავდასხმას არავინ აპირებდა. ამიტომ მან მთავარი აქცენტი ქვეყნის შიგნით კლასობრივი ბრძოლის გამწვავებაზე გადაიტანა. სტალინის მსჯელობის "ლოგიკა" საკმაოდ მარტივი იყო:
კაპიტალისტები ეცდებიან გარედან ჯაშუშებისა და ტერორისტების შემოგზავნით დაამყარონ კავშირი ქვეყნის შიგნით მიმალულ ოპოზიციასთან, მოახდინონ საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწეების ლიკვიდაცია და სახელმწიფო გადატრიალება (უნდა ითქვას, რომ სტალინის ეს "თეზისი" ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ავტორიტარული მმართველები მას დღესაც ხშირად მიმართავენ).
ამიტომ სტალინის მოწოდება-ბრძანება ამგვარი იყო: იპოვეთ და გაანადგურეთ ჯაშუშები და კონტრრევოლუციონერები! თანდათანობით საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთზე მონადირე "ქილერებად" იქცნენენ და ჯაშუშობაში ურთიერთდასმენა ისეთივე ყოველდღიურ მოვლენად იქცა, როგორც დილით მზის ამოსვლა!
თუმცა საბჭოთა დიქტატორისთვის ეს საკმარისი არ იყო: უნდა გაენადგურებინათ ისინიც, ვინც უკვე იმპერიიდან გაქცევა მოასწრო. 1929 წლის 21 ნოემბერს სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომელმაც მომავალში მრავალი ადამიანის და მათი ოჯახების ბედი გადაწყვიტა. დადგენილების მიხედვით, ის თანამდებობის პირები, რომლებმაც უარი თქვეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და უცხოეთში დარჩნენ, კანონგარეშედ გამოცხადდნენ. ამის შედეგად:
ა) კონფისკაციას დაექვემდებარა მათი მთელი ქონება;
ბ) ეს პირები უნდა განადგურებულიყვნენ მათი ვინაობის დადგენიდან 24 საათში;
გ) ზემოაღნიშნულ კანონს უკუქმედების ძალა ჰქონდა.
ამ დადგენილებამ საბჭოთა დაზვერვას "მწვანე შუქი აუნთო", რადგანაც იურიდიული საფუძველი შეუქმნა საზღვარგარეთ გაქცეული ემიგრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ განადგურებას (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც მანამდე ამბობდნენ უარს). საბჭოთა კავშირიდან გაქცევა იმპერიის დანგრევამდე "სამშობლოს ღალატად" ითვლებოდა.
გასული საუკუნის 30 იანი წლების დასაწყისში სტალინი თავის მოწინააღმდეგეებს (ბუხარინს, ზინოვიევს, კამენევს, რიკოვს და სხვ.) "კატა-თაგვობანას" ეთამაშეობდა: ჯერ მკაცრად გააკრიტიკებდა და პარტიიდან გარიცხავდა, შემდეგ შემოირიგებდა და ვითომ "მოეფერებოდა". ეს უკვე დიქტატორის ძალაუფლების დემონსტრირება იყო! სტალინს მათი ფიზიკური განადგურების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, თუმცა შესაფერის საბაბს ელოდებოდა და ეს დღეც დადგა.
1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადში მოკლეს სტალინის ერთგული თანამებრძოლი სერგეი კიროვი. ამ მკვლელობის დეტალებისა და ვერსიების განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აქცენტირება შედეგებზე გადავიტანოთ.
სსრკ ცენტრალური აღმასრულებელმა კომიტეტმა იმავე დღეს, 1934 წლის 1 დეკემბერს, გამოსცა დადგენილება - "ტერორისტული აქტების მომზადების ან ჩადენის საქმეების წარმოების წესის შესახებ" , რომლის თანახმად ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეების გამოძიება უნდა ჩატარებულიყო დაჩქარებული წესით (10 დღის ვადაში), გამოტანილი განაჩენი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო, აკრძალული იყო ადვოკატის დასწრება და განაჩენის გასაჩივრება. "სასამართლო სხდომა" უნდა ჩატარებულიყო დახურულ რეჟიმში. ამ დადგენილების ტექსტი დაწერა შინსახკომის ხელმძღვანელმა იაგოდამ, რედაქტორება კი პირადად სტალინმა გააკეთა და მანვე გასცა გამოქვეყნების ნებართვა (იხ. დოკუმენტის ტექსტი).
ამ დადგენილებით საბჭოთა კონსტიტუცია ფაქტობრივად, შეიცვალა და ქვეყნის შიგნით სისხლიანი რეპრესიების სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა.
ო-გე-პე-უ მაშინვე შეუდგა ჯაშუშების ძებნას, უპირველესად საბჭოთა კავშირში მცხოვრებ უცხოელთა შორის. 1935 წლის 21 აპრილს ასფსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებმა დააკავეს 1893 წელს თბილისში დაბადებული, ეროვნებით გერმანელი და პროფესიით პედაგოგი, რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ ის იყო ადოლფ ჰიტლერის აქტიური მომხრე და ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. "ჩეკისტების" მტკიცებით ის შედიოდა გერმანიის გენერალურ საკონსულოში არსებულ ჯაშუშურ რეზიდენტურაში, რომლის ხელმძღვანელი იყო გერმანელი დიპლომატი ბრუნო ფრანკე. ჩაკერტს "უღიარებია", რომ მისი ერთ-ერთი დავალება ყოფილა საქართველოში ნაციონალისტურად განწყობილ, საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგე ინტელიგენციასთან დაახლოება. მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუწყია მუშაობა, ჩაკერტს მოუხერხებია ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან დაკავშირება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რ. ჩაკერტის პიროვნებით "ჩეკისტების" დაინტერესება იმ გარემოებამაც გამოიწვია, რომ ის მეგობრობდა გრიგოლ რობაქიძესთან, რომელიც უცხოეთში დარჩენის გამო 1935 წელს უკვე "ხალხის მტრად" იყო გამოცხადებული. 1935 წლის 16 ივნისს რ. ჩაკერტის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და 1936 წლის 14 თებერვალს დახვრიტეს.
დაკითხვის ოქმებში მოცემულია რ. ჩაკერტის ჩვენებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან და ქართველ მწერლებთან ურთიერთობის შესახებ. ამ კონტექსტში მან დაასახელა: შ, ნუცუბიძე, გ. წერეთელი, ი. ტატიშვილი, კ. გამსახურდია, მ. ზანდუკელი, ა.შანიძე, ი ყიფშიძე და სხვ.
რ. ჩაკერტის ეს ჩვენებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ "ფაშისტ ჯაშუშებად" გამოეცხადებინათ ყველა ის ქართველი მეცნიერი და მწერალი, რომელსაც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა ჩაკერტისთან. ამიერკავკასიის "პირვლი კაცის" ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით "ჩეკისტებმა" დაიწყეს "შეთქმულების გორგალის" ვითომდა გახსნა. თუმცა ერთ "უმნიშვნელო" პრობლემას წააწყდნენ: რ. ჩაკერტის ჩვენებებში დასახელებული პირების ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდების მტკიცებულებები არ არსებობდა! ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში როდი იყო - "დიად" საბჭოთა კავშირში, ურთიერთდაბეზღების შედეგად, ათი ათასობით "ოპერატიული სიგნალი" იყო ჯაშუშობის შესახებ, თუმცა მყარი მტკიცებულება არ ჰქონდათ.
სტალინის განკარგულების შემდეგ გამოსავალი სწრაფადვე მონახეს და ბრალდებულის აღიარება მთავარი მტკიცებულება გახდა. ამის შემდეგ "ჯაშუშობის” საქმეების გამოძიების პროცესში თავს არ იწუხებდნენ მყარი მტკიცებულებების მოპოვებით, საზოგადოებისათვის წარდგენით და სამართლებრივი სფეროდან აშკარად გადავიდნენ მტკიცებულებების შექმნაზე. ასე დაიწყეს ჯაშუშობის ბრალდებით საქმეების "შეკერვა”.
საბჭოთა მართლმსაჯულების ყველაზე "ბნელი პრაქტიკა”- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გადამწყვეტი როლი სხვა მტკიცებულებებთან შედარებით - ანდრეი ვიშინსკის (1883-1954 წწ.) სახელს უკავშირდება. ის ათწლეულების მანძილზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მარჯვენა ხელი იყო.
სწორედ ვიშინსკი, საბჭოთა იმპერიის "პირველი პროკურორის" მანტიით შემოსილი, ხელმძღვანელობდა 1930-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების სასამართლო განაჩენით "გაპრავების” პროცესს. ის 1935-1939 წლებში საბჭოთა კავშირის პროკურორი იყო და სტალინის ოპოზიციის (ბუხარინის, რიკოვის, კამენევის, ზინოვიევის და სხვ.) რეზონანსულ საქმეებზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. სწორედ მან განაცხადა, რომ მთელი საბჭოთა ხალხი "ელოდება განაჩენს ამ მოღალატეებისა და ჯაშუშების ძაღლებივით სიკვდილით დასჯის შესახებ". ა. ვიშინსკი, ისევე როგორც მთელი სტალინური სასამართლო სისტემა, ხელმძღვანელობდა პრინციპით: "ბრალდებულის აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია". საშინელი წამების შედეგად ბრალდებულის მიერ მიცემული "აღიარება" საბრალდებო დასკვნის საფუძველი ხდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თუ რომელიმე ყოფილი საბჭოთა კომუნისტი არაადამიანური წამების შედეგად "აღიარებდა” სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტობას და ამ მიზნით "ბომბეიდან - ლონდონამდე გვირაბის გაყვანას", სხვა მტკიცებულება უკვე აღარ იყო საჭირო, ისე მიჰყავდათ დასახვრეტად. თუმცა "საბჭოთა აპოკალიფსი" ამით არ მთავრდებოდა: წამების შედეგად მისი "თანამონაწილეები" თავის მხრივ ახალ "ჯაშუშებს" ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. . .
მაგალითად ბუდუ მდივანი მრავალთვიანი წამების შემდეგ იმდენად იყო დაუძლურებული, რომ რამდენიმე ასეული "გადაბირებული" დაასახელა. მათ შორის იყო "სახელგამის" (სახელმწიფო გამომცემლობა) დირექტორის მოადგილე ლიდია გასვიანი, რომელსაც ვითომდა მწერლებისა და ხელოვნების სფეროს "ტროცკისტ" წარმომადგენლებთან კავშირი ჰქონდა დავალებული.
1937-1938 წლების რეპრესიებთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ მასალაში ლიდია გასვიანის შესახებ შემდეგი მასალა იძებნება:
"გასვიანი ლიდია ილარიონის ასული -
1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთისაცხოვრ.
ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ენგელსის ქ. №29
განათლება: უმაღლესი.
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი1918 წლიდან პარტიიდან გაირიცხა 1927წ. კ/რ ტროცკისტულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის. აღადგინეს 1929 წ.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4
განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგიამო
მხსენებელი: ხაზანი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: 1) იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის მონაწილე, რომელმაც 1934 წლის 1 დეკემბერს განახორციელა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც ამზადებდა მომდევნო 1934-1937 წლებში ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ; 2) როგორც ამ კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი, ამხ. სტალინსა და ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას. ორგანიზაციის რიგ მონაწილეებს გადასცა საკავშირო ტროცკისტული ცენტრის დირექტივები ტერორისა და, აგრეთვე, სახალხო მეურნეობაში მავნებლობისა და დივერსიის მოწყობის შესახებ. 4) აღნიშნული ორგანიზაციის ცენტრის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე, იცოდა კ/რ ცენტრის უფლებამოსილი პირების მოლაპარაკებების შესახებ საზღვარგარეთ მენშევიკთა ლიდერ ნოე ჟორდანიასთან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის რესტავრაციის შემდეგ ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორატის დამყარების შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 07/20/1936
სხდომის თარიღი: 06/25/1937
დახვრეტის თარიღი: 06/26/1937 ."
ლიდია გასვიანი ერთი წელი ჰყავდათ პატიმრობაში, რათა მაქსიმალურად ბევრ "ჯაშუშსა" და "ტროცკისტზე" გასულიყვნენ. სასტიკი წამების შემდეგ ლ. გასვიანიც იძულებული იყო დაესახელებინა ან ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ "აღიარებაზე".
ქართველი მწერლები იმდენად იყვნენ შეშინებული, რომ ამ ქალბატონთან (რომლის ხელშიც ერთ დროს მათი წიგნების ბეჭდვა იყო) ყოველგვარ ურთიერთობას უარყოფდნენ. 1937 წლის გაზაფხულზე მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე მიხეილ ჯავახიშვილს შეუტიეს: ლიდია გასვიანთან შენ გქონდა ურთიერთობა და ახლავე ყველაფერი თქვიო. გამოჩენილი ქართველი მწერალი კი თავს იმართლებდა: "არავითარი ურთიერთობა გასვიანთან არ მქონიაო". ამ დროს კ. გამსახურდია წამომხტარა: " რატომ ჯიუტობ სიმართლე თქვი, მე თვითონ არ გნახე ლიდასთან სახლშიო?" . ახლა ჯავახიშვილი გაფიცხებულა: " აბა გვიამბეთ თქვენ რა გინდოდათ მასთან სახლშიო". ასე იბრძოდა ორი დიდი პროზაიკოსი სიცოცხლის გადასარჩენად. სისხლიანი რეპრესიების "გორგალი" კი იშლებოდა და იშლებოდა.
იხილეთ ბლოგის წინა ნაწილი
( მეცხრე ნაწილის დასასრული)