რას ნიშნავს "ურტაღი" ან "ქარავანსარაი?..." ყბადაღებული დაცლილი თბილისი!
ამ ყბადაღებულ, სადღესასწაულოდ დაცლილ თბილისში (რაც ხანდახან გვენატრება) სეირნობა, იმ დროს, როცა სამსახურიდანაც ისვენებ, მართლაც სასიამოვნოა. საერთოდ არ ვამბობ ამას რაიონელების გასაბრაზებლად. ცარიელ თბილისზე „ღადაობა“ ობიექტური მიზეზიდან მოდის და ამჯერად თავს ვიკავებ, რომ არ დავწერო. არა, ერთ დღეს უნდა დავწერო, თანაც - საკმაოდ საინტერესო ამბები, მათ შორის, რა კავშირი აქვს მსგავს გამონათქვამს ინგლისის დედაქალაქთან და იქნებ წარმოშობით სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში მცხოვრებლებს ბრაზი გაუნელდეთ.
იუმორი იქით იყოს და სწორედ ცარიელ თბილისში აღმოვაჩინე, რომ არის ადგილები, რომელიც თავისი ულამაზობის, უსუფთაობის თუ უკიდურესად გადაგვარების გამო, უკვე საშინლად არ მიყვარს. ამ ადგილას, რომელზეც დღეს მოვყვები, ახლობელთან მიმავალ გზაზე გადავაწყდი და გამახსენდა, მალაკნების ხიდზე როგორ ამბობდა ჩემი პაპა, რომ ერთ დროს ძალიან ლამაზი იყოო. ქარვასლას კი „ბეჟანას ქარვასლად" მოიხსენიებდა... ვაკვირდები და აღარანაირი სილამაზე არ აქვს ამ ხიდს შემორჩენილი. თანაც ბოლო დროს რამდენჯერმე, სატვირთოს გაჭედვის გამო, ჩამოფცქვნილია კედლები. ჩემი პაპა ასეთ სიტყვასაც ახსენებდა - „ურტაღი“...
მოდი, ვიდრე ძველებურად გადაიტვირთება და ქაოსს დაიბრუნებს თბილისი, შეგეკითხებით: იცით, რას ნიშნავს „ურტაღი“ ან „ქარავანსარაი? “
XII-XIII საუკუნის თბილისს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ ქალაქებთან. ათასგვარი საქონლით დატვირთული მრავალი ქარავანი შემოდიოდა თბილისში მეზობელი და შორეული ქალაქებიდან. საქარავნო-სატრანზიტო ვაჭრობას საქართველოში აწარმოებდნენ ვაჭართა ამხანაგობები. იცოდით, რომ ამ ამხანაგობას მე-13 საუკუნეში „ურტაღი“ ეწოდებოდა? „ურტაღში“ მსხვილი ვაჭრები იყვნენ გაერთიანებულები და ურთიერთობდნენ მეფეებთან და მსხვილ ფეოდალებთან. ახლა კი მოვყვები „ქარვასლების“ ისტორიას, რომელიც, ალბათ, ნაკლებად გსმენიათ.
შუა საუკუნეების ქალაქისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უცხოეთიდან მოსულ ვაჭართა მიერ ქალაქში შემოტანილ საქონელთა შესანახად და მათ მოსასვენებლად განკუთვნილი სასტუმრო სახლები. უცხოელებისთვის სასტუმრო სახლების აგება ქალაქებში ქართველებს ძველადაც სცოდნიათ. მე-5 და მე-8 საუკუნეებში ამ სასტუმრო სახლებს ბერძნულ სახელს - პონდოქიონს უწოდებდნენ, შემდეგ საუკუნეებშიც იგივე ტერმინი იხმარებოდა, მხოლოდ ფონეტიკურად სახეცვლილი - IX-X საუკუნეებიდან „ფუნდუკი“ გამოიყენებოდა. ფუნდუკები უმთავრესად ქარავნებისთვის იყო განკუთვნილი. ამგვარ ფუნდუკებს XII-XIII საუკუნეებში „საქარავნო ფუნდუკებს" უწოდებდნენ.
მე-13 საუკუნიდან „ფუნდუკის“ მნიშვნელობით სპარსულიდან ნასესხები ტერმინიც შემოდის - „ქარავანსარაი“ ანუ „ქარვასრა“. ეს სპარსული სახელი, სიტყვასიტყვით, „ქარავნის სრას“ ანუ „ქარავნის სასახლეს“ ნიშნავს. „ქარავანსარაიისგან“ წარმოდგა დღევანდელ ქართულში გავრცელებული „ქარვასლა“. „ქარვასრანი“ „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები და ამ შემთხვევაშიც ქარავნის ბარგის შესანახს, მოქარავნეთა განსასვენებელს ნიშნავს.
XVI-XVII საუკუნიდან „ქარავანსარაი“ ანუ ქარვასლა კიდევ უფრო გავრცელდა ქართულში და ძველი ფუნდუკის აღსანიშნავ ერთადერთ ტერმინად იქცა. XVII-XVIII საუკუნეებში თბილისში რამდენიმე ქარვასლა იყო. შარდენის ცნობით, ეს ქარვასლები კარგად ყოფილა მოვლილი. იგი წერს: „თბილისში რამდენიმე კარგი საჯარო შენობაა, ქვით ნაშენი და კარგად შენახული საბაზრო შენობები - ქარვასლები, სადაც უცხოეთიდან მოსული ხალხი ბინავდება დროებით“. თბილისის ქარვასლებს ქებით იხსენიებს, აგრეთვე, მე-18 საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ნამყოფი ფრანგი დელაპორტიც.
ვახუშტის გეგმით კი ირკვევა, რომ მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის თბილისში ოთხი ქარვასლა იყო. სამი მათგანი კალას, კედლებით შემოვლებული ქალაქის ტერიტორიაზე იყო. სიონის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსის ქარვასლა, რომელიც, როგორც ჩანს, როსტომ მეფეს 1650 წელს აუგია. თბილისის ეპისკოპოსისთვის როსტომ მეფეს ქარვასლის შემოსავლის ნაწილი უბოძებია. მე-18 საუკუნის დამდეგს როსტომის მიერ აშენებული ქარვასლა თბილელმა ეპისკოპოსმა დომენტი მესამემ აღადგინა. ამიერიდან მას „თბილელის ქარვასლა“ ეწოდა. ამჟამადაც ჩანს ძველი ქარვასლის ნაშთი, რომელზედაც მე-19 საუკუნეში არწუნის ქარვასლა დაუშენებიათ.
თბილელის ქარვასლიდან ცოტა მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქის მელიქის ქარვასლა ყოფილა. აქვე იყო, აგრეთვე, თვით „მეფის ფუნდუკი“ ანუ მეფის ქარვასლა.
მეოთხე ქარვასლა, რომელსაც ვახუშტი „ბეჟანის ქარვასლას“ უწოდებს, კალას კედლებს გარეთ, სადღაც, საბჭოს მოედნისკენ ყოფილა. ოთხი ქარვასლა იყო 1800 წლის თბილისშიც, მოგვიანებით კი, 13 მსხვილი ქარვასლა ფიქსირდება.
ქარვასლები მეტ-ნაკლებად დიდი ნაგებობანი უნდა ყოფილიყო. ძველად რამდენიმე ათეული ვაჭარი იყრიდა თავს და ერთად მგზავრობდნენ. ზოგი ცნობის მიხედვით, ქარავანში 300 კაცამდე ერთიანდებოდა; სამასი მგზავრისთვის სამასი აქლემი და ცხენი ან სახედარი იყო საჭირო. ასეთ დიდ ქარავანს ქარვასლებში უნდა დაესვენა, აქ უნდა შეენახათ თავიანთი საქონელი. რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო ქარვასლები, რომ 300 კაცი მოესვენებინათ, მათი საქონელი შეენახათ და მგზავრები და მათი აქლემები საჭმლით უზრუნველყოთ.
1781-82 წლების თბილისის აღწერის დავთრის ნაწყვეტიდან ირკვევა, რომ მარტო „ნაზარბეგიანთ ქარვასლაში“ ყოფილა 2 სარაჯი, მესტვირე, 2 ოქრომჭედელი, დაბაღი, 2 ჭონი, ხარაზი, მეწისქვილე, 3 ქვისმჭრელი, კალატოზი, მუშები და სხვა. ამათგან ზოგს ქარვასლაში გაჩერებულთა საჭირო მოვლა-სამსახური ჰქონდა დაკისრებული, ზოგი კიდევ ქარვასლის შენობაშივე იმგვარ ხელობას მისდევდა, რომელიც აქ დროებით მოსულთა მომსახურებისთვის იყო აუცილებელი.
მოკლედ, ეს ქარვასლები უცხო ქვეყნებში მოსიარულე ვაჭარ-მოგზაურებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა. მათ ნელ-ნელა სახეც და დანიშნულებაც იცვალეს, ზოგი აღარც არსებობს, თუმცა, საინტერესო ამბები ისტორიის ფურცლებიდან თუ ნაამბობიდან ნაწილ-ნაწილ შემორჩა და იმედია, თბილისში მცხოვრებნი ხანდახან ამ ქალაქის ისტორიითაც დაინტერესდებიან.