ზურა მანჯავიძის გზა მომღერლობიდან „დიდ მეურნეობამდე“
"თევზებს ჯანსაღი საკვები აქვთ - ბალახს, მცენარეებს, მწერებს, ყველაფერს ბიოლოგიურად სუფთას ვახმართ. მათ გამოსაკვებად სიმინდიც დავთესეთ. ჯანსაღად იკვებებიან ჩვენი იხვებიც და ბატებიც. ვეცდებით ყოველთვის გვქონდეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია", - გვეუბნება მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელსაც ახლა არც სიმღერაზე ველაპარაკებით და არც მის საყვარელ ჯგუფ "ფორტეზე". ის საკუთარ მეურნეობასა და იქ მის საქმიანობაზე მოგვითხრობს. როგორც ამბობს, ამ საქმეში მისი პარტნიორები ირაკლი რამიშვილი და თემურ ბოჭორიშვილი არიან. მათი მეურნეობა კახეთში, სოფელ მანავშია. აქ რამდენიმე ხელოვნური ტბა შექმნეს, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზი გაამრავლეს. გეგმებიც საინტერესო აქვთ.
ზურა მანჯავიძე:
- დიდი ხნის განმავლობაში მსურდა სოფლის მეურნეობაში ჩავრთულიყავი. ნაკვეთიც მქონდა, მეგობართან ერთად დიდი ხნის წინ კახეთში მიწის ნაკვეთი შევიძინე, სადაც ჩანდლერის კაკლის ბაღია გაშენებული. სულ ვფიქრობდი მის გაფართოებაზე. ცოტა სხვაგვარ ნაკვეთებს ვეძებდი, მეგობრებიც მინდოდა დამეინტერესებინა, მაგრამ პანდემიამდე ყური არავინ შეიბერტყა. პანდემიის შემდეგ ამ ყველაფერს სხვანაირი დატვირთვა მიეცა. კახეთში ერთ-ერთი ძიებისას მეგობარმა ნათესავთან, თემურ ბოჭორიშვილთან დამაკავშირა და მანავში აღმოვჩნდი... იქ ორი ტბა დამხვდა, ირაკლი რამიშვილთან ერთად საქმე უკვე დაწყებული ჰქონდათ. პერსპექტივა დავინახე და საქმეს ერთად შევუდექით. ახლა სამი დიდი ტბა გვაქვს.
- რას ემსახურება თქვენი ტბები, აგროტურიზმის მიმართულებით ხომ არ მიდიხართ?
- წყლის სტიქია მიზიდავდა, საკუთარი ტბა მინდოდა და ეს ყველაფერი რომ დავინახე, მომეწონა. ერთი ტბა დიდი იყო, მეორე - პატარა. წყლით შენაკადის, ღელეს საშუალებითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ, მაგრამ იქვე ანკარა წყაროც ამოდის. ასე ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, სადაც თევზი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი მოემსახურება როგორც სპორტულ, ისე არასპორტულ თევზჭერას. სპორტული თევზჭერისას ერთმანეთს ეჯიბრებიან, დაჭერილ თევზს კი ტბაში აბრუნებენ. არის მეორე ვარიანტიც - დაჭერილი თევზი აიწონება, შესაბამის თანხას გადაიხდიან და წაიღებენ. გავაკეთეთ ორი დიდი ტბაც და თევზიც გავუშვით. იქ უკვე ყველანაირი ტბის თევზი იზრდება (სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, ბრტყელშუბლა, ლოქო, შამაია, ჭანარი, მურწა), რომელსაც ვერ გამოლევ. რამდენიმე ჩემპიონატი ჩავატარეთ, პროფესიონალები თევზაობდნენ და ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ლოქოც კი დაიჭირეს. მოკლედ, გვინდა ამ ამბავს ტურისტული ელფერიც მივცეთ.
- სახლიც ჩანს ტერიტორიაზე, სტუმრებს იღებთ?
- ჩვენთვის ავაშენეთ, კარგი გამოვიდა და, ალბათ, სასტუმროდ ვაქცევთ... შევიძინეთ სამი კანოე (ორკაციანი), სწრაფმავალი ნავებია, თუ კორპორაციული საღამოებისთვის ჩამოვლენ, შეჯიბრებაც შეუძლიათ.
- ანუ თქვენს ტბებში ეკოლოგიურად სუფთა თევზი იზრდება?
- კი, ასეა. იხვების მეურნეობაც გავაკეთეთ. ბევრი იხვი გვყავს, ისეთი ლამაზები არიან, დასაკლავად ვერ ვიმეტებთ. გვყავს ციცრებიც, მომავალში ქათმებსაც მოვამრავლებთ. სულ ვმუშაობთ, მაგრამ საქმე ბევრია. ახლა შემოვიერთეთ ტერიტორია, რომელიც უნდა გავამწვანოთ. დავრგეთ ბევრი ხილი, პავლოვნიებიც საჩრდილობლად, მაგრამ მათ გაზრდას დრო სჭირდება. ისეთი ტერიტორიაც შემოვიერთეთ, სადაც უკვე არის დიდი ხეები და ამ ჩვენს ტბებზე ორჯერ დიდი ტბაც გაკეთდება, თუმცა წლეულს მაგას ვეღარ გავწვდებით. ამ ტერიტორიას ქვემოთ ძალიან ლამაზი მდინარეც ჩამოუდის და იქ წალკოტის გაშენება შეიძლება.
- ტბას, ალბათ, ყველგან ვერ გააკეთებთ, შესაფერისი ადგილია საჭირო.
- რა თქმა უნდა, ტბის გაკეთებასაც თავისი სპეციფიკა აქვს. ჯერ ერთი, წყალი უნდა გქონდეს ტერიტორიაზე, მარაგი უნდა არსებობდეს, საკმარისი დებიტი. მნიშვნელოვანია სისუფთავეც, არ უნდა ბინძურდებოდეს, რათა ამან თევზის გამრავლებას შეუწყოს ხელი. საჭიროა ჟანგბადიც... ბევრი ნიუანსია. ერთი ტბა 1 ჰექტარია, მეორე 1,2, ხოლო მესამე - 1,3 ჰექტარი. ახალი 3 ჰექტარზე მეტი იქნება. სიღრმე 1-დან 4 მეტრამდე მერყეობს.
- ტბების გარშემო ხეხილის ბაღებიც იქნება?
- დავრგეთ კარალიოკი, ბროწეული, ალუბალი, ატამი, ქლიავი, თითქმის ყველაფერი. კახეთში, იცით, მოსავლიანი ნიადაგია. გვაქვს ვენახიც... მე და თემური იმერლები ვართ, ირაკლი გურულია - მოკლედ, დასავლური ტემპერამენტი და კახური სიდინჯე გაერთიანდა. ძალიან გვეხმარება ძია ამირანი, ასევე ორი გიორგი - საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ძალაა. სულ 10-12 ჰექტარია და მხოლოდ ჩვენ ვერ ავუვალთ. ახლა გავარკვიეთ, რომ მაგ ადგილებში ადრეც ყოფილა ტბები. ასეთი გარემო ზოგი მცენარისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი, მაგალითად, კაკალს არ უხდება. ამიტომ სადრენაჟეა საჭირო.
ვსწავლობთ ზოგჯერ საკუთარ შეცდომებზე, ზოგჯერ სხვის შეცდომებზე ან სხვათა ჭკუა-დარიგებაზე და ვართ ასე.
- როგორც გავიგე, მამა აგრონომი ყოფილა და მისგან ბევრი ისწავლეთ.
- კი, მამაჩემი გიგა მანჯავიძე აგრონომი იყო - მებაღე-მევენახეობის დოცენტი, ძლიერი სპეციალისტი, მეცნიერ-მუშაკი. საკუთარი გამოგონებული მეთოდები ჰქონდა (საბჭოთა კავშირის დროს 2 მლნ მოგება მოუტანა). თბილისში მამის სახელობის ქუჩაც არის. მიწის სიყვარული მე და ჩემს ძმას მან გვასწავლა. გუთანში შებმული ხარით, მამაპაპური მეთოდით მომიხნავს ხარაგაულში, სოფელ ლაშეში მიწა. ახლა, მგონი, ბავშვობაში დავბრუნდი. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ამბავი ჩემს შვილებსაც მოეწონებათ და ამ საქმეში ჩაერთვებიან. ჯერჯერობით მოსწონთ, უყვართ ბუნება და რაღაცებში მეხმარებიან კიდეც.
ჰო, პატარა დენდროლოგიური პარკიც გვინდა გავაშენოთ. ყველაფერი ნელ-ნელა და კარგად მიდის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენამდე მოსასვლელი გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი გაფუჭებულია. რომელიღაც კომპანიამ გააფუჭა და საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
- რას იტყვით, აგრონომიული მიმართულებით ღირს მუშაობის დაწყება?
- თუ მაქვს უფლება ვინმეს მოვუწოდო, მოვუწოდებ - ვისაც კი რამე საშუალება აქვს, გადადგას ეს ნაბიჯი. არიან ვიღაცები, რომლებიც ამბობენ, რომ სოფელში რამდენიმე ჰექტარი მიწა აქვთ, რომელსაც ვერ უვლიან. მათი არ მესმის. წელებზე ფეხს ვიდგამ, იმხელა ვალი მაქვს ბანკიდან გამოტანილი, ხანდახან გული მისკდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მე და ჩემს მომავალ თაობასაც სიკეთით დაუბრუნდება.
ქართული მიწა შრომას ყოველთვის გიფასებს. ძალიან იშვიათია გიღალატოს და მოტყუებული, ხელმოცარული დაგტოვოს. შეიძლება დიდი მოსავალი არ მოგცეს, მაგრამ ცარიელს არასდროს დაგტოვებს. რაც უფრო სიყვარულით მოვექცევით მას, მით უფრო სიკეთით დაგვიბრუნდება. ოღონდ მანამდე ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მართალია, შეუძლებელია ყველაფრის გათვლა, მაგრამ ეს ის სფეროა, სადაც გარისკვა ღირს. არ უნდა იჩქარო და არც მიწა ააჩქარო, მას თავის წესები და პერიოდები აქვს. არც უსინდისოდ არ უნდა მოიქცე, ნიადაგი არ უნდა მოშხამო.
ჩემი ოცნებაა საქართველო მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის ჰაბად იქცეს. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ჯანსაღი პროდუქტით კვებას. მთელ მსოფლიოში იმით უნდა ვიყოთ ცნობილი, რომ საქართველოში წარმოება ბიოტექნოლოგიური და ნატურალურია. ნებისმიერი აქ ჩამოსვლაში ათჯერ მეტს გადაიხდის, თუ ეცოდინება, რომ უკონცენტრატო საკვებს მიირთმევს, ღვინოს, წვენს დალევს და კმაყოფილი იქნება. ასე რომ, თუ ვინმეს გასარისკავი აქვს, ყველამ გარისკოს თავის მეურნეობაში.