დათოს ღვინო - სიყვარულით ერკეთიდან
ვფიქრობ, ქართველები მინიმალისტები ვართ, იმით ვკმაყოფილდებით, რაც გვაქვს და სიახლეებში ძალის მოსინჯვა არ გვსურს. ამიტომ წინაც ნაკლებად მივდივართ. თუმცა სხვაგვარად განწყობილი ადამიანებიც გვყავს და სწორედ ეს ნაწილი შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მეღვინე დავით კობიძემ თითქმის 30 წლის წინ მსხვილი მეღვინეობისთვის საფუძვლის ჩაყრა ყოველგვარი წინა პირობის გარეშე დაიწყო. მთაგორიან და მცირემიწიან ჩოხატაურში ფართომასშტაბიანი მეღვინეობის განვითარების საშუალება ნაკლებად არის და დიდი წვალებაც სჭირდება. თუმცა, თუკი მეღვინეობას მაინც გარისკავ, ადგილობრივი კლიმატი, სითბო და თანაბარი ტენიანობა შრომას დაგიფასებს და ეგზოტიკურ ღვინოსაც მოგცემს. ეს ჩოხატაურის ღვინოს მუდამ უწევდა თამასას, მთელი გურია ლხინისა თუ ჭირის ღვინოს სწორედ აქ ყიდულობდა და დღესაც ასეა. დავით კობიძემ ეს იცოდა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერკეთში დაბრუნდა და ვენახის მოვლას მიჰყო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ღვინის ბიზნესის პერსპექტივა ბურუსით იყო მოცული. ისე კი სათავისოდ ქართველ კაცს ვაზი გურიაშიც არასოდეს მიუტოვებია.
- ბატონო დავით, კარგად ვიცნობ გურიას და ვიცი, რომ მაშინ არათუ ვენახს აშენებდნენ, ხალხი არც ბრუნდებოდა, მით უფრო სოფელში.
- უნდა დავბრუნებულიყავი, მშობლები მელოდნენ, ოჯახი უნდა შემექმნა. გურიაში ვენახს მართლაც ნაკლებად აშენებდნენ, ვისაც რა ვენახი ჰქონდა, ის ჰყოფნიდა. ჩხავერის გაშენება რომ დავიწყე, ჩემიანები ხუმრობდნენ, გააბდლებულა ჩვენი დათოიაო. მე მაინც იმავეს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, ჩხავერის ჯიშსაც ნაკლებად სწყალობდნენ მაშინ გურიაში.
- ადესა იყო დიდ პატივში, იგივე ამერიკული იზაბელა. თუმცა ამას საფუძველიც ჰქონდა: ადესას ჭრაქი ვერ ერევა, არც შეწამვლა სჭირდება, ჭრაქმა კი გურიაში თავის დროზე ვაზის 90 ჯიში გაანადგურა.
- დიახ. დაახლოებით ორი საუკუნის წინ ჭრაქმა მთელი ევროპის ვენახებს შეუტია და ბორდოს (შაბიამნის) მიგნებამდე მუსრი გაავლო. ამ პერიოდშივე გამოჩნდა გურიაში ჭრაქგამძლე ადესაც. თუმცა ზოგიერთმა გურულმა სხვა ჯიშებიც გადაარჩინა. დღეს გურიაში ერთ კარგ გურულ კაცს, ანდრო ვაშალომიძეს, 60-მდე გურული ვენახის ჯიში აქვს აღდგენილი. ამას საიდან გააკეთებდა, ჯიში შენახული რომ არ ყოფილიყო! ერკეთში ბაბუა მყავდა, ქართული ვაზის ერთგული კაცი; მისი დამსახურებით, შინ 150 წლის მაღლარი ჩხავერი გვაქვს. მაღლარი ვენახი გაცილებით უკეთ უძლებს დაავადებებს, ვიდრე დაბლარი, შეწამვლაც გაცილებით ნაკლებად სჭირდება. აი, ამ ცნობიერებამ და ჩანაფიქრმა მიმიყვანა ჩხავერის გაშენებამდე. მართალია, მაშინ ამ ჯიშს ნაკლებად აშენებდნენ, მაგრამ გურიაში ჩხავერის ღვინო შვიდჯერ მეტად ფასობდა რქაწითელთან შედარებით. თუმცა ჩანაფიქრის ასრულება 10 წლით დაყოვნდა. ვენახს ვუვლიდი, მაგრამ გაფართოება არ ღირდა - როცა ჩხავერის ღვინო დედაქალაქში ჩავიტანე სარეალიზაციოდ, უკან დავაბრუნე, ხალხი აზრზე არ იყო, ჩხავერი რა იყო. M10 წელიწადი დასჭირდა ჩხავერის ჯიშის დაფასებას. ასეთ დროს აუცილებლად ისეთი კაცი უნდა გედგას გვერდით, რომ სტიმული მოგცეს. მაშინ ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურში მუშაობდა კარგი სპეციალისტი და ადამიანი კორნელი კუკულავა. მითხრა, ჩხავერი კარგია, მაგრამ გურიაში სხვა მაღალი ხარისხის ჯიშები გვაქვს და იმათაც მიხედეო. თავადვე წამყვა ამ ჯიშების მოსაძებნად. ასე დავიწყე ჯანისა და სხილათუბნის მოშენება. მერე ოზურგეთში გურული ჯიშების მოამაგე ბატონი ანდრო ვაშალომიძე გავიცანი. მისი დახმარებით შემოქმედიდან წამოვიღე მტევანდიდი, ბადაგი, ჯიღაურაში შევიძინე გურული ჯიშები, დავამატე მტრედისფეხა, ჭუმუტა. ვაზი გაშენებულია საკოლექციოდ, თან ღვინოს ვაკეთებ, თან ვაკვირდები, პერსპექტივაში რომლის გაშენება შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩოხატაური მთაგორიანია, ამიტომ ისეთი ზვრები ვერ მექნება, როგორიც კახეთშია, სულ ჰექტარ-ნახევარზე მაქვს ვენახი. ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ პატარა მიწებს კიდევ ვამატებ. რომელი ჯიშიდანაც მცირე ყურძენს ვიღებ, ნაერთს ვაკეთებ. მაგალითად, ჯანის, სხილათუბნისა და მტევანდიდის, ასევე საკმიელასა და კამურის ნარევით საუკეთესო კუპაჟი გამოდის.
- მშურს იმის, ვინც ასეთ კუპაჟს დააგემოვნებს, მაგრამ რომ შრომობთ, ამ შრომიდან მატერიალური შემოსავალიც ხომ გჭირდებოდათ?
- ტრადიციულ მეურნეობას მივდევდი, ჩემს ღვინოს ადგილობრივად, გურიაში ჰყავდა მყიდველი, როგორც ყოველთვის ჰყავდა ჩოხატაურელების ღვინოს. ჩემი ოჯახის ძველი ქვევრები უფუნქციობისგან უკვე დაზიანებული იყო. ამოვიღე და ახალი ქვევრები ჩავყარე, მოვლილი ღვინო დავაყენე და მარანიც ავაშენე. ასე ნელ-ნელა გაიცნო ხალხმა დათოს ღვინო ერკეთში. მაგრამ უფრო მეტად მინდოდა, რომ რაშიც ამხელა შრომას ვხარჯავდი, იმას სახელი და ფასი ჰქონოდა. ამიტომ 2014 წელს ღვინო უკვე ბოთლში ჩამოვასხი და დავიწყე ღვინის ფესტივალების მოძიება. ერთხელაც გამიმართლა, 2016 წელს ბათუმის ღვინის ფესტივალზე ჩემმა თეთრმა ჩხავერმა ოქროს მედალი აიღო.
- ანუ რასაც იმსახურებდა და თქვენი შრომის საპასუხო იყო.
- ყოველ შემთხვევაში, ჯილდომ დიდი სტიმული და თვითრწმენა მომცა. ადამიანი ემოციური არსებაა. აუცილებლად სჭირდება საყრდენი, რომ წინ წაიწიოს. ოქროს მედლის მიღების შემდეგ ჩემი ღვინის ცნობადობამ შეუდარებლად აიწია. არა მარტო ადგილობრივად, ამის დამსახურება იყო ამერიკელ პარტნიორთან კონტაქტიც. მას ქართველი მეუღლე ჰყავს, წლების განმავლობაში სწავლობს და აქვს ურთიერთობა ქართველ მეღვინეებთან, ჩხავერის დაჯილდოების შემდეგ ჩემთანაც მოვიდა. სხვათა შორის, არცთუ მცირე დრო დასჭირდა, რომ ჩხავერის დაყენების წესები თუ შემადგენლობა დაწვრილებით შეესწავლა. ბოლოს ჩემი ღვინის ამერიკაში ექსპორტირება გადაწყვიტა. ასე რომ, ჩოხატაურის ჩხავერი უკვე ხუთი წელიწადია ამერიკაში გადის ექსპორტზე.
- რაღაც იმის მსგავსია, გურული ცხენოსნები რომ ამერიკაში წავიდნენ, საამაყოა.
- სხვათა შორის, ცოტათი მეც ვამსგავსებ ჩემი ჩხავერის გზას მაგ ამბებს. თუმცა ამერიკელ კომპანიონს მხოლოდ ჩოხატაურის ღვინო როდი გააქვს, კიდევ რამდენიმე ქართველი მეღვინის ღვინო "მიემგზავრება" ფოთიდან გემით ამერიკაში. სხვა დადებით მომენტებთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის. ღვინო ძალიან მგრძნობიარეა, მეღვინის მოდუნებამ შესაძლოა მის ხარისხზე იმოქმედოს და ეს არ უნდა დაუშვა. ამერიკაში ექსპორტირებული ჩემი ღვინის რაოდენობა ყოველ წელიწადს იზრდება. წლეულს 2800 ბოთლი ღვინო გავგზავნე.
- დამსახურებული წარმატებაა და კიდევ მეტ წარმატებას გისურვებთ.
- ქართულ ღვინოს განუზომელი შესაძლებლობები აქვს, მათ შორის ჩხავერსაც. დღეს, უკვე, ჩოხატაურშიც ძალიან ბევრია ვენახის გაშენების მსურველი. მეც ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ყველას მეტი შეგვიძლია ქართული ღვინის პოპულარიზებისა თუ მისგან შემოსავლის მისაღებად.