"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ" - კვირის პალიტრა

"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ"

ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს.

"ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს დაცული.

"ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე "ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“ , - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად ამ გადაწყვეტილებას ტაშიც დაუკრეს.

"ინტერპრესნიუსი"