ყარაბაღელი სომხები ან მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ან მოუწევთ სხვა საცხოვრებელი ადგილის მოძებნა - პრეზიდენტ ალიევის ულტიმატუმი - კვირის პალიტრა

ყარაბაღელი სომხები ან მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ან მოუწევთ სხვა საცხოვრებელი ადგილის მოძებნა - პრეზიდენტ ალიევის ულტიმატუმი

აზერბაიჯან-სომხეთის, სამხრეთ კავკასიის ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები კვლავ დაძაბულობის ზენიტისკენ მიემართება და ძალზე იზრდება შანსი ახალი, შედარებით ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების, ოღონდ ამჯერად უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მთელი საზღვრის გაყოლებით...

მათ შორის დაპირისპირების უმთავრეს თემად კვლავ ყარაბაღის მოუგვარებელი პრობლემა რჩება - სამი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებულ ბაქოს აღარ სურს, იხილოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისეთი რაიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს, არადა ყარაბაღის ნაწილში კვლავ იმყოფებიან შეიარაღებული სომხური ფორმირებები...

ყარაბაღელი სომხების სამხედრო დახმარებას სომხეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, თუმცა რეალობაში, რა თქმა უნდა, ცდილობს, შეფარული სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს მათ ლაჩინის სატრანსპორტო დერეფნის (რომელიც აზერბაიჯანელებს შუშასთან უკვე მეხუთე თვეა, გადაკეტილი აქვთ) შემოვლითი გზებით, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა სომეხ და აზერბაიჯანულ რაზმებს შორის.

მთავარი მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანის არმია ვერ იწყებს ფართომასშტაბიან შეტევას სომხურ ანკლავზე, ყარაბაღში სრული კონტროლის დასაწესებლად, რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალების იქ ყოფნაა.

2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში ცეცხლის შეწყვეტაზე სამხრივი შეთანხმებისას, ბაქო იძულებული იყო, დათანხმებოდა მოსკოვის ზეწოლას, ყარაბაღში რუსული „სამშვიდობო “ სამხედრო კონტინგენტის ჩაყენებაზე.

მაგრამ დღეს რეალობა იცვლება, განსაკუთრებით კი - რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომის ფონზე, რომელშიც კრემლის ბევრი სისუსტეც გამოჩნდა, გინდ პოლიტიკური და გინდაც სამხედრო თვალსაზრისით, რაც ბაქოს აქტიური ქმედებების დაწყებისკენ უბიძგებს - საჭირო მომენტის, როდესაც მოსკოვი მთლიანად უკრაინის ომის ჭაობშია ჩაფლული, ხელიდან გაშვება აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს...

ყარაბაღელი სომხები ან მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ან მოუწევთ სხვა საცხოვრებელი ადგილის მოძებნა - პრეზიდენტ ალიევის ეს პირდაპირი ულტიმატუმი ორაზროვნად აღარ ჟღერს და ის შეიძლება მოასწავებდეს აზერბაიჯანის არმიის მზადყოფნას, დაასრულოს ის, რის „დასამთავრებლად“ და, შესაბამისად, აზერბაიჯანის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათ შორის - ყარაბაღშიც, მას სამი წლის წინ კრემლმა ხელი შეუშალა...

ის, რომ დღეს აზერბაიჯანის ეკონომიკა და არმიის საბრძოლო შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად აღემატება სომხებისას, დიდ ეჭვს არ იწვევს და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, სომხებს არათუ ყარაბაღზე ნაწილობრივი კონტროლის დაკარგვა ემუქრებათ, არამედ, თავად სომხეთის ტერიტორიაზე ე.წ. ზანგეზურის სახმელეთო დერეფნის გაჭრა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდეც ანუ, ფაქტობრივად, თურქეთამდე...

სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება ხვდება შექმნილი სიტუაციის სრულ სერიოზულობას, რამაც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გუშინ ოფიციალურად ათქმევინა მართლაც რომ ისტორიული სიტყვები - სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იმავეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას, როგორც სომხეთის რესპუბლიკას...

1-qara-1681885516.png
ყარაბაღელი სომხები სტეპანაკერტში „გრანდიოზულ“ სამხედრო აღლუმებს მართავდნენ, მაგრამ რას იზამენ მას შემდეგ, რაც ერევანი აზერბაიჯანის ტერიტორიულ სუვერენიტეტს აღიარებს?

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - სწორედ ეს იყო, რასაც ბაქო ერევნისგან 30 წელზე მეტხანს ითხოვდა და რასაც სომხეთში დაცინვით უყურებდნენ, რადგან 1992-94 წლების ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებულები იყვნენ და ყოფილი „მთიანი ყარაბაღის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური ოლქის“ გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს აკონტროლებდნენ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 1991 წლის (საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის) საზღვრების აღიარების თხოვნა ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ერევანში აღარ აქვთ ილუზიები „მეორე სომხეთის“ შექმნაზე ყარაბაღის სომხების ფაქტორის გამოყენებით, შესაბამისად, რა ბედი ეწევა სტეპანაკერტელ შეიარაღებულ სომხურ ფორმირებებს, რომლებსაც არსენალში ტანკები და „გრადებიც“ კი შემორჩათ?

სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს აღნიშნულ რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და ამტკიცებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულები ანუ ირიბად ის პასუხისმეგებლობას თავიდან იხსნის მათ შემდომ სამხედრო მხარდაჭერაზე?

თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ პრეზიდენტ ალიევს მწვანე ენთება სამი წლის წინ დაწყებული საქმის - ქვეყნის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასასრულებლად ყველა ძალის გამოყენებისთვის?

და, ალბათ, ამითაც არის გამოწვეული ალიევის ღია ულტიმატუმი, მიმართული ყარაბაღელი სომხებისკენ - ან აღიარებთ აზერბაიჯანს და იღებთ მის მოქალაქეობას, ან ყარაბაღში აღარ დაგედგომებათ და ეძებეთ ახალი საცხოვრებელი ადგილებიო...

ყარაბაღში აზერბაიჯანის კანონების დე-ფაქტო აღდგენისთვის სამხედრო ძალის გამოყენების დაწყება დასავლეთმა (სადაც საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს სომხური ლობი) შეიძლება შეაფასოს ყარაბაღელი „სომხების გენოციდის“ მცდელობად, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთი უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება აზერბაიჯანიდან მიწოდებულ ბუნებრივ აირზე, „ბებერი ევროპა", სავარაუდოდ, აღარ იქნება დიდად კრიტიკული ბაქოს მოქმედებებთან მიმართებაში...

რჩება რუსეთის ფაქტორი, რომელიც საუკუნეებია, ავადმყოფურად განიცდის სამხრეთ კავკასიაში (რომელსაც მოსკოვი ამიერკავკასიად მოიხსენიებს) დასავლეთის გავლენის გაზრდას, რადგან ჩვენი რეგიონი „რუსეთის იმპერიის“ „უკანა ეზოდ“ მიაჩნია...

წავა თუ არ პუტინი იმაზე, რომ ალიევს ყარაბაღზე საბოლოო კონტროლის აღების საშუალება მისცეს და, შესაბამისად, დაკარგოს როგორც თავად აზერბაიჯანზე, ისე - სომხეთზე ათწლეულების განმავლობაში არსებული „ყარაბაღის პრობლემის ბერკეტი“?

აზერბაიჯანს თუკი აღარ დარჩება ყარაბაღის პრობლემა, ხომ მოითხოვს იქიდან რუსული „სამშვიდობო“ ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას?

სომხეთი, რომელიც ამოისუნთქავს ყარაბაღელი სომხების მრავალწლიანი სამხედრო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისგან, განა უკეთესად არ მიხედავს თავის ეკომომიკურ განვითარებას?

მოკლედ, ბევრი უპასუხო კითხვა რჩება, რომელთა ნაწილისთვის პასუხის გაცემა შეიძლება არცთუ შორეულ მომავალში დაიწყოს...