"აუცილებელია ამერიკული პროპაგანდის განახლება რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ" - WP
ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ამერიკამ ხელახლა უნდა ისწავლოს, თუ როგორ უნდა გააცნოს მსოფლიოს თავისი ისტორია: აუცილებელია ამერიკული პროპაგანდის განახლება რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ" (ავტორი - რობერტ გეითსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 2006-2011 წლებში).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"რუსეთთან და ჩინეთთან სამომავლო, გრძელვადიან მეტოქეობაში აშშ-ის სამხედრო ძლიერება უდიდეს როლს შეასრულებს, მაგრამ კონკურენციისა და გამარჯვებისათვის ასევე აუცილებელ იარაღს წარმოადგენს არასამხედრო ძალოვანი ინსტრუმენტებიც, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად ეკონომიკა ითვლება. ამიტომ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლოც -კონგრესი - აშშ-ის ტექნოლოგიური უპირატესობის ზრდის უზრუნველსაყოფად მუშაობენ.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზულად უგულებელვყავით ძალის სადემონსტრაციო სხვა იარაღი, რომელსაც უდიდესი და ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა "ცივ ომში" გამარჯვებისათვის: აჩვენო მსოფლიოს შენი უპირატესობა, აჩვენო სიმართლე იმ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები მართავენ, აჩვენო მათ იმ დეზინფორმაციის გამომჟღავნების უნარი, რასაც ეს რეჟიმები ავრცელებენ.
გლობალური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია, რომ არსებობდეს სტრატეგიული კომუნიკაციების, უცხო ქვეყნების საზოგადოებისა და ლიდერების ურთიერთქმედება, თანაც ისეთი სახით, რომ უზრუნველყოს აშშ-ის ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა და გატარება. მაგრამ ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არენაზე ჩვენი მოწინააღმდეგეები - რუსეთი და ჩინეთი - "ყოველი მხრიდან გვავიწროვებენ".
რუსეთის მილიტარისტული სწრაფვა, რომ რევანში აიღოს ცივ ომში დამარცხებისათვის და თავისი იმპერიის აღდგენისათვის, მნიშვნელოვანწილად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც არის განპირობებული: ისინი, ძირითადად, აშშ-სა და დასავლეთს უტევენ და მათ დასუსტებას, განხეთქილების შეტანას ემსახურებიან.
ჩინეთი უფრო კომპლექსურ მიდგომებს იყენებს. პეკინმა შეიმუშავა პროპაგანდისა და უცხოური გავლენის გლობალური სტრატეგიული ოპერაცია და მისი განხორციელებისათვის, თანამედროვე მედიააპარატის შესაქმნელად დიდი თანხები გამოჰყო. ოპერაცია გამიზნულია როგორც შიდა, ასევე - გარეაუდიტორიისათვის. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინჰუას" საზღვარგარეთ თითქმის 180 საკორესპონდენტო პუნქტი აქვს გახსნილი, ჩვენს პლანეტაზე ქვეყანა არაა დარჩენილი, სადაც მინიმუმ ერთი ჩინური რადიოსადგური, ტელეარხი ან ინტერნეტ-გამოცემა არ მუშაობდეს. "ცისქვეშეთის" კომპანიები ყიდულობენ წილებს ბევრი უცხოური ქვეყნის მასმედიაში, განსაკუთრებით - აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ნაწილში. ჩინური ტელე და რადიოგადაცემები, ვებ-საიტები და პუბლიკაციები იოლად მისაგნებია აშშ-ში, მაგრამ ჩინეთში ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს ვერსად იპოვით. "კონფუცის ინსტიტუტის" 500-მდე დაწესებულება, რომლებიც, თითქოსდა, ჩინური ენისა და კულტურის გასავრცელებლადაა შექმნილი, სინამდვილეში, პეკინის აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებებს წარმოადგენენ მთელ მსოფლიოში, რომელსაც ვერც ერთი მსგავსი ორგანიზაცია ვერ შეედრება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი პირიქით, ცივი ომის შემდეგ საზღვარგარეთულ აუდიტორიაზე ზემოქმედების მიზნით არსებული პროპაგანდის სტრატეგიული საშუალებების დემონტაჟი მოახდინა. ამერიკული საინფორმაციო სააგენტო (USIA), მთელი ცივი ომის განმავლობაში ჩვენი ზემოქმედების ძირითადი ინსტრუმენტი უცხოელ საზოგადოებაზე, თითქმის 150 ქვეყანაში, გაუქმდა 1999 წელს. მართალია, მისი ცალკეული ნაწილების ინკორპორაცია სახელმწიფო დეპარტამენტში მოხდა, მაგრამ აშშ-ის მიღმა აუდიტორიაზე მომუშავე ჩვენი სტრუქტურებისა და ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დაიშალა და ატროფირდა.
აშშ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართ მრავალწლიანი უყურადღებობა და პრიორიტეტული დამოკიდებულების არარსებობა იმითაც გამოიხატა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა (რომელსაც 1999 წლიდან ამ სფეროს კურატორობაც ევალება) დაკავებული ჰქონდათ ჩინოვნიკებს, რომლებიც სენატის მიერ არ იყვნენ დამტკიცებულნი (მათი საერთო წილი 40%-ს შეადგენდა). ისინი აღნიშნული მიმართულებით მუშაობას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. ასე იყო დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდშიც, ხოლო ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს კი, ფაქტობრივად, არაკომპეტენტური ჩინოვნიკების მაჩვენებელმა 90 პროცენტს მიაღწია.
აშშ-ში სტრატეგიული კომუნიკაციებით პროპაგანდა და საჯარო დიპლომატიის გატარება 14 სააგენტოსა და 48 კომისიას შორისაა გადანაწილებული. მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც ამ მეტად "რთული მეურნეობის" გაძღოლა ევალება, არ ჰყოფნის არა მარტო ფინანსური და ადამიანური რესურსები, არამედ - უფლებამოსილებაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ გაფანტული-დაშლილი მექანიზმის კოორდინაცია-ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, არ არსებობს კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სტრატეგიაც და, რა თქმა უნდა, ამისთვის არავინ თავს არ იწუხებს, "რადგან ამ საკითხის მოგვარების სასწრაფო აუცილებლობას ვერ გრძნობენ". მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა, რომელმაც, ფაქტობრივად, პირველმა შეიმუშავა საზოგადოებასთან კავშირის მექანიზმები და შექმნა ტრადიციები, დღეს ამ სფეროში ბევრად ჩამოუვარდება რუსეთს და სულ უფრო მეტად - ტოტალიტარულ ჩინეთს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა მათი პოლიტიკისაგან განსხვავდება. ჩვენი უპირატესობა სტრატეგიულ კომუნიკაციებში ცივი ომის დროს სსრ კავშირის მიმართ იმით გამოიხატებოდა, რომ USIA და ჩვენი რადიომაუწყებლები - ისეთები, როგორსაც "ამერიკის ხმა" წარმოადგენს, სიმართლეს ლაპარაკობდნენ. ჩვენ ეს ტრადიციები უნდა ავაღორძინოთ და გავაგრძელოთ, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც: ცივი ომის პერიოდში ჩვენ გვყავდა დაინტერესებული საზოგადოება საბჭოთა კავშირში და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს კი გლობალური აუდიტორია საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ ახალი მიდგომები უნდა შევიმუშაოთ, კონტენტის ეფექტიანად მიწოდებისათვის.
საკითხი იმით კი არ მოგვარდება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება USIA-ს აღდგენის შესახებ?! - არა, მსოფლიო უკვე წინ წავიდა და მსგავსი სტრუქტურები მოძველდა. ჩვენ დღეს რიგი ტაქტიკური და სტრატეგიული ზომები უნდა განვახორციელოთ, რომ მკვეთრად გავაუმჯობესოთ ამჟამინდელი მდგომარეობა პროპაგანდის სფეროში. მათგან ბევრის რეალიზება პრეზიდენტს დაუყოვნებლივ შეუძლია, ზოგიერთის გადაწყვეტა კი ხანგრძლივ დროს მოითხოვს, კონგრესის მონაწილეობით.
პირველ რიგში, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაონ "მსოფლიოს გლობალური დაფარვის გეგმა" ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ამ გეგმაში უნდა იყოს უცხოელ საზოგადოებასთან და ლიდერებთან ურთიერთქმედების "საგზაო რუკაც", განსაკუთრებით - აფრიკაში (საჰარის სამხრეთით) და ლათინურ ამერიკაში. ამ დოკუმენტის საფუძველში უნდა იყოს ჩადებული გაცვლა-გამოცვლის პროგრამების მნიშვნელოვანი გაფართოება, რომლის ჩარჩოებში ამერიკული კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები - მსახიობები, მუსიკოსები და სპორტსმენები საზღვარგარეთ ჩვენი მიღწევების პროპაგანდას განახორციელებენ, აქ კი უცხოელ სტუდენტებს მივიღებთ და მათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას გავუწევთ.
გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება აგრესიული ძალისხმევა იმ კომუნიკაციური სისტემების წინააღმდეგ, რომლებითაც რუსეთი და ჩინეთი სარგებლობენ, დეზინფორმაციისა და სიყალბის გავრცელების დროს, თანაც - დამოუკიდებელი, ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობის პირობებში. ჩვენ უნდა გამოვუყოთ დამატებითი რესურსები სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ურთიერთქმედების ცენტრს, ასევე, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოური ინფორმაციის სიყალბეს ამხელენ.
პრეზიდენტმა და კონგრესმა უნდა უზრუნველყონ, რომ სახელმწიფო მდივანს ჰქონდეს ზეგავლენა ამერიკული გლობალური მასმედიის სააგენტოს სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე, საზღვარგარეთული მაუწყებლობის ჩათვლით.
რადგან ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს აქვთ თავიანთი სტრატეგიული კომუნიკაციების საშუალებები, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ და განვამტკიცოთ მათთან კოორდინაცია. ამას, ალბათ, ნატოში ახალი ოფისის შექმნა დასჭირდება.
სამომავლოდ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება ამერიკული ძლიერების ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის განსამტკიცებლად - ინსტრუმენტისა, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი წარმატებისთვის ცივ ომში და სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღეს, ჩვენს მოწინააღმდეგეებთან გლობალური დაპირისპირების დროს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ