"XXI საუკუნე სავსეა ცინიზმით" - რას ჰყვება საოპერო ჟანრის ცნობილი მომღერალი უკრაინის ომზე?
საოპერო ჟანრის ცნობილი მომღერალი, მსოფლიოს კონკურსების ცხრაგზის ლაურეატი, შვედეთის ოქროს ორდენის მფლობელი - ეთერ ლამორის-ჭყონია თანამშრომლობს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კულტურის მოღვაწეებთან. მან ჩვენთან საუბრისას პირველად გადაწყვიტა, საკუთარი აზრი გამოეთქვა იმის შესახებ, რაც მის პროფესიას არ ეხება, უფრო სწორად, მოისურვა ესაუბრა იმ თემებზე, რომლებიც ამჟამად აწუხებს...
- ქალბატონო ეთერ, ვიცით, რომ უკრაინასთან ბევრი რამ გაკავშირებთ...
- დიახ... ბედნიერი ბავშვობა, ჩემი ახალგაზრდობა და ბედნიერი მშობლები, უბრალო ხალხის სითბო და გულწრფელობა, უკრაინული გაზაფხული, შემოდგომის ფერები, სპექტაკლები კიევის ოპერის თეატრში, სადაც ოდესღაც ჩემი მშობლები გამოდიოდნენ, ისინი ხომ ოპერის სოლისტები იყვნენ...
ევროპაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ბედმა ჩემი ოჯახით ისევ უკრაინის დედაქალაქში დაგვაბრუნა. რამდენიმე წლის წინ, ჩემი ქმრის საქმიანობის გამო, იქ გადავედით და დაუვიწყარი 3 წელი გავატარეთ.
ჩვენ კარგად ვიცნობთ ევროპას, მაგრამ სწორედ უკრაინა აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებით თბილად მიგვიღო ყველანაირი ნაციონალიზმის გარეშე, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში არსებობს. ჩვენდა საუბედუროდ, უკრაინა სასწრაფოდ დავტოვეთ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
მაწუხებს იმაზე ფიქრი, თუ რატომ არ გადაჭრა ცივილიზებულმა სამყარომ დღემდე მთავარი საკითხი. მეორე მსოფლიო ომის ასეთი გამანადგურებელი გამოცდილების შემდეგ, როგორ შეიძლებოდა, რომ ევროპის ცენტრში, მხოლოდ რაღაც 83 წლის შემდეგ ისევ განმეორებულიყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა მეზობელ ქვეყანაზე? - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმეორა. მთავარია, როგორ შეიძლებოდა ეს კვლავ მომხდარიყო?!
ამდენი სამეცნიერო, ტექნოლოგიური მიღწევის და ინტელექტუალური პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს სიბრძნე აკლია. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, სიგიჟეა, მაგრამ ეს ასევე გაეროს უუნარობისა და არასრულყოფილების დემონსტრირებაა.
შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა ბევრჯერ გაგვაფრთხილეს ამ ომის დაწყების შესახებ, მაგრამ არავინ სვამს კითხვას: რატომ არ აგვაცილეს თავიდან ეს უბედურება?
21-ე საუკუნეში უნდა არსებობდეს გლობალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ომი შეუძლებელი იქნება. უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ევროპისა და მსოფლიოს დაუცველობა.
თუ უკეთ გავაანალიზებთ, ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ არსებული ყველა ომების მიზეზი მთლიანობაში ჩვენი ცხოვრების არასრულყოფილებაა და მე ამის შესახებ სულ ვლაპარაკობ. საკმარისია გადავხედოთ რა ხდება მსოფლიოს ყველა სფეროში: განათლების სისტემაში, სოციალურ დაცვაში, პოლიტიკასა თუ ჯანდაცვაში... ჩვენ ვყრით საკვებს, როდესაც მილიონობით ადამიანი ავადდება ან იღუპება მისი ნაკლებობის გამო. ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში არსებობს. ერთი და იგივე სამუშაოსთვის ქალები მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს იღებენ. ცალკეული პოპმომღერლები, ფეხბურთელები, ბიზნესმენები გადაჭარბებულად ზედმეტ ფულს "აკეთებენ". კუნძულის, მეოთხე აგარაკის, ოცდამეათე მანქანის, მესამე იახტის ყიდვა, როდესაც მსოფლიოში ამდენი ავადმყოფი ბავშვია, არa მგონია ნორმალური ამბავი იყოს... ეს არის დიდი დისბალანსი ჩვენს ცხოვრებაში. მილიონობით ევროს გამოყოფა ყურძნის ახალი ჯიშის განვითარებაზე, ღვინის უფრო დახვეწილი გემოს მისაღწევად - მაშინ, როდესაც მსოფლიო ვერ უმკლავდება ეპიდემიებს, ტერორიზმს, არალეგალურ ემიგრაციას, ეს ნორმალურია? ამ ბოლო დროს მაკვირვებს კიდევ ერთი აბსურდი: მთელი მსოფლიო, რამდენიმე თვე განიხილავს შაკირასა და პიკეს გაშორების ისტორიას, რომლებსაც თან ახლავს შაკირას სარკასტიული სიმღერები. ევროპის ცენტრში, ამ ურთულესი ომის ფონზე ეს მოვლენა ცინიზმი არ არის? თითქოს და, ომის თემა შეიძლება სიმღერასავით მოდიდან გამოვიდეს. ეს ყველაფერი ბევრს მეტყველებს იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომ 21-ე საუკუნეს მე ვუწოდებდი ცინიკურს და სანამ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხდება, ჩვენს სამყაროში მშვიდობა არ იქნება!
ვბრაზდები, როდესაც მეკითხებიან, მე ომის მომხრე ვარ თუ წინააღმდეგი? როგორი ადამიანი უნდა იყო, რომ მხარი დაუჭირო ომს?! - საბედნიეროდ, ჩვენ არ განგვიცდია მეორე მსოფლიო ომის საშინელება, რაც ჩვენს ბებია-ბაბუებს გამოუცდიათ. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ მშვიდობას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შვილებიც მშვიდად იცხოვრებენ. და მაინც, საკმაოდ ბევრი ადამიანი პოულობს არგუმენტს ომის გასამართლებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება სამყაროს დასასრული ბირთვული ომის გამო, რომლის შესაძლებლობაზეც ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს აუცილებელია მსოფლიო სისტემის სრული გარდაქმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ კაცობრიობა თავისი ხელით მოაწყობს ამ დასასრულს.
ზოგადად, ყოველთვის საშიშია, როცა საზოგადოებაში სულიერება და სიკეთე არ ვითარდება, მაშინ, როდესაც იზრდება პრიმიტივიზმი, მატერიალიზმი და „ტექნიფიკაცია“. მატერიალიზმისა და პრიმიტივიზმის კომბინაციამ შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულოს ჩვენი პლანეტისთვის. ზოგადად, ჩემი კლასიკური მუსიკის სფეროშიც კი არსებობს ბევრი მახინჯი ფენომენი: ხელოვნების კომერციალიზაცია, პიარის უპირატესობა რეალურ ხელოვნებასთან შედარებით, გადაჭარბებული კარიერიზმი. ხშირად, ჩვენი დროის მუსიკოსში, ყველაფერს ხედავ, ხელოვნების გარდა. ამიტომ დღეს მსოფლიოში მუსიკოსები, მხატვრები, მომღერლები ლიმონივით არიან გამოწურულები. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მათში დაინახო, არის ნარცისიზმი და კარიერიზმი, მაგრამ არა ნამდვილი ხელოვნება.
და მაინც, ზოგადად, დიდი ხანია მაქვს განცდა, რომ მტკივნეული გარდამავალი პროცესის მოწმენი ვართ. „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნები თანდათან გადავლენ ცივილიზებული ქვეყნების საერთო სტანდარტებზე, მაგრამ ძალიან დასანანია, როდესაც ამ მტკივნეული პროცესის დროს, კაცობრიობა ვერ იცილებს თავიდან ომებს და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვას. კიდევ უარესია, როდესაც მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა...
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"