"მისაყვედურა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და "მიყვარხარ" რატომ მითხარიო? მეორე დღეს ხმა საერთოდ აღარ გამცა..."
ლაშა რამიშვილის სავიზიტო ბარათი და ხასიათის ყველაზე დიდი ნაკლი
"უზომო სიყვარული ვიცი, თავგანწირვამდე. თუ მკითხავ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია", - ამბობს მსახიობი ლაშა რამიშვილი. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას არ გააკეთებს არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. ზოგჯერ ჯობს, ჩუმად იყო, რაღაცები "გაატარო", მაგრამ ამას ვერ ვახერხებ, არ შემიძლია. ამ თვისების გამო შეიძლება ადამიანს გული ვატკინო, დავკარგო, ჩემს ნაკლად ამიტომ მივიჩნევ..."
"ახლახან ასეთი რამ შემემთხვა: ავტოგასამართ სადგურზე ვიდექი, ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, თქვენ მე გახსოვართ? ვერ შევიცანი და მოვუბოდიშე, მერე მითხრა, აფთიაქში წამლისთვის თანხა მაკლდებოდა, თქვენ იქ იყავით, გაიგეთ ეს ამბავი და თანხით დამეხმარეთო. ძალიან გამიხარდა, ასეთი რაღაც რომ მქონდა გაკეთებული, მართლა აღარ მახსოვდა. თან მითქვამს, დაგეხმარებით, ხელფასი ახალი აღებული მაქვს-მეთქი (იცინის). მერე მისი ვაჟიც მოვიდა და მადლობა გადამიხადა..."
"ვიბნევი როცა შვილები თვალებში მიყურებენ, პატარა ბიჭი რომ შემომხედავს და უნდა, რაღაც მითხრას, იწყებს: მაა!.. - და ამ დროს აღარ ვიცი, რა ვუთხრა, სულ მეტირება, მინდა, მთელი სამყარო ვაჩუქო..."
"მე და ის გოგონა ვმეგობრობდით, იმ დღეს სულ ერთად ვიყავით, სადაც წავიდა, ყველგან გავყევი. მერე მისაყვედურა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და "მიყვარხარ" რატომ მითხარიო? მეორე დღეს ხმა საერთოდ აღარ გამცა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე