"რატომ არ უნდა წავაშველოთ ხელი, იმიტომ რომ ქართველია?" - რას წერენ აფხაზები ნუცა ბუზალაძეზე?
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, (რომლის მილანთან გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ძალიან განიცადეს), აფხაზები ნუცა ბუზალაძესაც აქტიურად გულშემატკივრობენ. ხმის დაწყებისთანავე, ისინი დახურულ ჯგუფებში წერდნენ, რომ ნუცასთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საიტზე ვერ გადადიოდნენ და კითხულობდნენ, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო...
ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა მათი აქტიურობის მიმართ გაოცება და აშკარა აგრესიაც გამოხატა, თუ რატომ ინტერესდებოდნენ ქართველი მომღერლის ბედით... ზოგმა აღნიშნა, რომ ნუცას შესახებ აქამდე არაფერი ჰქონდა მოსმენილი და "მის გამოსვლებს ახლა ჩაუჯდებოდა"... იყვნენ ისეთებიც, ვინც ასეთი კითხვის დასმა უდიდეს გამბედაობად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს ბევრ რამეზე წინა თაობისგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ კარგია ეს თუ ცუდი, დრო გაარკვევს...
"მხოლოდ ერთ რამეს ვიკითხავ. რატომ არასდროს მსმენია ქართველისგან, რომ აფხაზ შემსრულებელს გულშემატკივრობდეს? ვერ გავიგე, რა ხდება ჩვენს თავს. თუ ვინმე მეტყვის (და ვიცი, ბევრი ასე ამართლებს ჩვენების ბოლოდროინდელ ინტერესს ქართველების მიმართ), რომ ნიჭს ეროვნება არ აქვს, ჩვენც გვყავს ნიჭიერები" - წერს ადგილობრივი ელმირა კვაძბა.
მას გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ თაობა, რომლებიც ახლა საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან გუნდებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ, ომის დასრულებიდან ერთი ათეულის წლის შემდეგ არიან დაბადებული და ამის გამო, ორ თაობას შორის მუდმივი კედლის შენება უშედეგო იქნება...
"ორი წლის წინ, სოხუმში, ახლობლის ოჯახში ვიყავი, ერთად შევხვდით ახალ წელს. თბილისიდან სტუმრები ჰყავდათ, დედა-შვილი. აქ მცხოვრებ ქართველებს თუ არ ჩავთვლით, ჩამოსულებთან ურთიერთობა იქამდე არ მქონია, გოგონას გიტარა ჰქონდა თან, მასპინძელს ოჯახში მშვენიერი პიანინო ჰქონდა და მთელი ღამე სიმღერა არ შეწყვეტილა, უამრავი ქართული სიმღერა შეასრულეს, მათ შორის, მასპინძლების მონაწილეობით. ტექსტის შინაარსი არ მესმოდა, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი იყო. ვერ დავიჯერებ, რომ მეზობლებს არ ესმოდა იმ სახლიდან გასული ხმები... სახლში, ოჯახის წევრებს რომ მოვუყევი, მუსიკამ და კულტურამ რა დააშავაო, მითხრეს. ასე რომ ნურც მომხიბვლელი ბუზალაძის მიმართ ინტერესს ნუ გაიკვირვებთ" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი სერგი აკაბა. იხილეთ სრულად