"ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა ძალიან პრესტიჟული და ამაღელვებელია" - რას წერს ავთო ვარსიმაშვილი? - კვირის პალიტრა

"ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა ძალიან პრესტიჟული და ამაღელვებელია" - რას წერს ავთო ვარსიმაშვილი?

„თავისუფალი თეატრის“ ხელმძღვანელი - ავთო ვარსიმაშვილი "ფეისბუქზე" პრეს-რელიზს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს:

"მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადა, იმართება ისევე, როგორც სპორტული ოლიმპიადა - 4 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში. წელს მე-10 ოლიმპიადაა და ის იმართება უნგრეთში, სადაც სამი 3 თვის მანძილზე ნაჩვენები იქნება თეატრალური სპექტაკლები უნგრეთის ყველა ქალაქში. ოლიმპიადაზე მოქმედებს მთავარი პროგრამა და ღია პროგრამა, მთავარ პროგრამაში წელს 30 სპექტაკლია, ღია პროგრამაში კი 1500-ზე მეტი.

მთავარ პროგრამაში სპექტაკლები შეირჩევა მხოლოდ ოლიმპიადის ორგ. კომიტეტის მიერ, რომელშიც შედიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები და კრიტიკოსები. ორგ.კომიტეტი თვითონ წყვეტს რომელი ქვეყანა და რა სპექტაკლი მიიწვიონ, ხოლო ღია პროგრამაში მოხვედრა კი შესაძლებელია განაცხადების მიხედვით. მთავარ პროგრამაში მოწვეული სპექტაკლის ყველა სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯს ფარავს ოლიმპიადა, ოლიმპიადაზე არაა კონკურსი და შესაბამისად, არაა საპრიზო ადგილები, რადგან ითვლება, რომ მონაწილეობა უკვე პრესტიჟულია.

„თავისუფალი თეატრი“ მიემგზავრება ბუდაპეშტში ორი სპექტაკლით: „რიჩარდ მესამე“ და ოტელო“, ის წარდგება ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ქართულ თეატრს (მთავარ პროგრამაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ საქართველოა).

ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა თავისთავად უკვე ძალიან პრესტიჟულია და ამაღელვებელია, მაგრამ როცა ვხედავთ ოლიმპიადის პროგრამაში ჩვენს სპექტაკლებს, თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი გრანდების სპექტაკლების გვერდით როგორიცაა: ტადაში სუძუკი, თეო თეროპულოუსი, კრისტოფერ მარტჰალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრი პაპაიოანოუ, ეუჯენიო ბარბა, იან ფაბრი, რომეო კასტელუჩი, დეკლან დონელანდი, კრისტიან ლუპა, ჰეინერ ჰებელსი, ატილა ვედნიანსკი, ჩვენი მღელვარება ორმაგდება, მით უფრო, რომ ჩვენ ვთამაშობთ ორ სპექტალს, მაშინ როდესაც მონაწილეების დიდი უმრავლესობა წარმოადგენენ მხოლოდ თითო დასახელების სპექტაკლებს.

ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში 26 აპრილს „რიჩარდ მესამეს“ ვუჩვენებთ, ხოლო 27 აპრილს - „ოტელოს“, დასაწყისი 19 სთ-ზე.

ჩვენს გამოსვლას ოლიმპიადაზე გააშუქებენ ტელეკომპანიები „იმედი“ (ნიკა წულუკიძე), „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „ევრონიუსი“.

ყველას გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავთ.