"ერთი მხრივ, გირგვლიანის სახელს აფრიალებენ, მეორეს მხრივ, გირგვლიანის სახელთან აფილირებულ მოსამართლეებს კბილებით იცავენ"
პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოში ოპოზიციისთვის ხელსაყრელი დღის წესრიგი შექმნეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, ქვეყნის მმართველი გუნდი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. საზოგადოებაში სანქცირებული მოსამართლეებისა და „ქართული ოცნების“ კავშირებზე ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები გაჩნდა. ეჭვების საფუძველი კიდევ უფრო გააღრმავა იმ ფაქტმა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრინციპულად დაუპირისპირდა ოპოზიციის ინიციატივას, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი მითითებით, უმრავლესობამ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარა და კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრების გარეშე დასრულდა. როგორ გამოიყენებს ოპოზიცია ამ მოცემულობას, შეძლებენ თუ არა არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლას და, უბრალოდ, ოპონირებას ხელისუფლებასთან, ამის შესახებ ექსპერტები გია ხუხაშვილი და გიორგი კობერიძე გვესაუბრებიან.
გია ხუხაშვილი:
- შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთმა ოპოზიციას „სატოპკე“ აუწია, ოპოზიციაც ცდილობს, სიტუაციის გამოყენებას, მაგრამ მისი მოქმედების ტაქტიკა პასიურია და ვერაფრით ახერხებს გაცოცხლებას. ჩვენ გვახსოვს, რა უცნაურად ჩაშალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიის შექმნის პირველი მცდელობა. ამით ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“ და პროცესს მეორე ჯერზე კარგად მომზადებული დახვდა და ახლა, კენჭისყრაზეც კი აღარ გააქვს საკითხი. წარმოუდგენელ თავხედობას იჩენს ხელისუფლება - ერთი მხრივ, გირგვლიანის სახელს აფრიალებენ, მეორეს მხრივ, გირგვლიანის სახელთან აფილირებულ მოსამართლეებს კბილებით იცავენ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამას აპროტესტებს, სწორად აკრიტიკებს, მაგრამ რეალური პოლიტიკური პროცესის ინიცირებას ვერ ახერხებს. ბევრად უფრო აქტიური მოქმედებებია საჭირო, როდესაც ხელისუფლება ასე ანომალიურად იქცევა. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოცხადებული საპროცედურო ომი. ოპოზიცია თითქოს კონტრშეტევის გზებს ვერ პოულობს. მე მათ ვთავაზობ, თავად შექმნან დღის წესრიგი, უბრალოდ გამოაცხადონ, რომ პარლამენტის შენობიდან არ გამოვლენ, ვიდრე კენჭისყრა არ შედგება, სამოქალაქო საზოგადოებამ კი პარალელური პროცესი დაიწყოს პარლამენტის წინ. ყველამ ერთად უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ სწორი და ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. მმართველ გუნდს გულწრფელად რომ სჯეროდეს ამ მოსამართლეების უმწიკვლობისა, თავად უნდა იყოს დაინტერესებული საგამოძიებო კომისიის შექმნაში. ირაკლი კობახიძის მცდელობა, ყველაფრის ფასად შეუშალოს ხელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, აღიარებითი ჩვენების ტოლფასია, ე.ი. მართლა არ არის რაღაც რიგზე. ოპოზიციას აქვს შანსი და უნდა გამოიყენოს კიდეც. თუ ვერ გამოიყენებს, საკუთარ თავს დააბრალოს. ისე კი, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს.
- თქვენი წარმოდგენით, რა უშლის ხელს ოპოზიციას, რომ სწორი სტრატეგია შეიმუშაოს?
- სამოქალაქო საზოგადოების აყოლიებას ვერ ახერხებს, აქტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნის. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ უმრავლესობა არ უყრის კენჭს და ჩვენ რა ვქნათო, - შეცდომაა, ეს არ არის პოლიტიკური პასუხი. ეს ბადებს საზოგადოებაში ნიჰილიზმს. ხელისუფლება მუდმივად მშვიდობაზე რომ აპელირებს, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მშვიდობა სამართლიანი სასამართლოს გარეშე ვერ იქნება.
გიორგი კობერიძე:
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ამ ამბავსაც მოუმზადებელი შეხვდა. ზოგადად, ოპოზიცია მოქმედებს, როგორც რეაქციული ძალა, ე.ი რეაქციას მხოლოდ მაშინ გამოხატავს, როდესაც რაღაც ხდება - აღშფოთდება, შეშფოთდება ან, უკეთეს შემთხვევაში, იტყვის, ხომ გეუბნებოდითო. ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემებს ბოლომდე არასდროს მიჰყოლია. მოდი, ვკითხოთ რიგით მოქალაქეს, რაში მდგომარეობს სასამართლოს მთავარი პრობლემა? არ მგონია, ვინმემ სწორი და ამომწურავი პასუხი გაგცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ იმუშავა ამ თემაზე, უბრალოდ, ამბობს, რომ ცუდი სიტუაციაა. ცუდ სიტუაციას ისედაც ყველა გრძნობს, მაგრამ ის არ იციან, კონკრეტულად რა პრობლემაა და ზოგადად, რას ნიშნავს, სასამართლო სისტემაში, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტოში კლანის არსებობა.
- როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი და რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია სასამართლოში არსებული პრობლემების კუთხით საზოგადოების უკეთ გათვითცნობიერებას?
- ალბათ, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას თავს მორალურად გამართულად ვერ მიიჩნევენ. დღევანდელი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად იყო ხელისუფლებაში და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის ბევრი არაფერი არ აქვს გაკეთებული. ამის გარდა, არსებობს პოლიტიკური ცოდნის დეფიციტი. ჩვენი პოლიტიკოსების სერიოზულ ნაწილს, უბრალოდ, შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს, რომ მოსახლეობას აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა ან რატომ არ არის ეს უწყება დამოუკიდებელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს, რომ მისი ძალაუფლებაში ყოფნის დროს არ გატარდა საჭირო რეფორმები. სწორედ მათმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მიგვიყვანა მძიმე რეალობამდე. დიახ, მათ მიერ დაშვებული შეცდომებით ისარგებლა ახალმა ხელისუფლებამ და სასამართლო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებული პოლიტიკა „ნაციონალების“ მიერ დატოვებული პოლიტიკის გაგრძელებაა. გამოსავალი ერთია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს, მოინანიოს საკუთარი დანაშაული. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია და, ზოგადად - არც ოპოზიციის. პოლიტიკური კულტურა არ არსებობს ჩვენთან, პოლიტიკური ინფორმაციის და ანალიზის დეფიციტია.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე