რას შეცვლიან "პეტრიოტები" უკრაინის ცაში... - კვირის პალიტრა

რას შეცვლიან "პეტრიოტები" უკრაინის ცაში...

19 აპრილს უკრაინამ ოფიციალურად აღიარა, რომ გერმანიიდან გამოგზავნილი ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი" უკვე მის ტერიტორიაზეა...

ამ დღეს დიდი მოუთმენლობით ელოდნენ როგორც უკრაინაში, ისე - რუსეთში, მაგრამ საინტერესოა, უკრაინელების იმედს საჰაერო სივრცის გაძლიერებაზე უფრო იქ ჩატანილი "პეტრიოტები" გაამართლებს და რუსული "სუ"-ებისა და "ისკანდერების" რისხვად გადაიქცევა თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები მოახერხებენ ამ "პეტრიოტების" წერტილოვან დაზიანებას ანტისარადარო მართვადი რაკეტებით?

თუ რას ნიშნავს "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადი რაკეტებით რადიოლოკატორების შორი მანძილიდან აფეთქება, ეს საქართველომ აგვისტოს ომის დროს, სამწუხაროდ, თავის თავზე ორჯერ გამოსცადა, როდესაც რუსული საფრონტო ბომბდამშენებიდან გამოშვებული ასეთი რაკეტებით ორი რადიოლოკატორი აგვიფეთქეს: თბილისი-გორის გზაზე, შავშვებთან და თბილისის ზღვის თავზე, ქვიშიანთან...

რუსეთ-უკრაინის ომის 400 დღე-ღამის განმავლობაში რადიოლოკატორებზე წარმატებული "საჰაერო ნადირობა" ორივე მებრძოლმა მხარემ არა ერთხელ განახორციელა და ამის საკმაო საბრძოლო გამოცდილება დაუგროვდათ, ამიტომაც უკრაინის გენშტაბისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება "პეტრიოტების" დისლოკაციის ადგილს...

თუკი "პეტრიოტის" საზენიტო ბატარეის სარაკეტო დანადგარები ფრონტის ხაზის სიახლოვეს განთავსდება, ეს უკრაინელებს უზარმაზარ სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს, რადგან 150 კმ-ზე მფრენ "პეტრიოტის" საზენიტო რაკეტას რუსული დამრტყმელი თვითმფრინავების დაზიანება-ჩამოგდება ფრონტის ხაზიდან სიღრმეში, 100 კმ მანძილზე მაინც შეეძლებათ, რაც რუსი ოკუპანტებისთვის თითქმის შეუძლებელს გახდის მაღალი სიმაღლეებიდან 40-50 კმ-ზე პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბების ჩამოყრას, რითაც ბოლო თვის განმავლობაში უკრაინის დამცველებს დიდი პრობლემები შეუქმნეს.

2-petrioti-1681977386.png
პოლიგონზე გამოცდისას „პეტრიოტის“ მოდერნიზებული რაკეტა თვითმფრინავს 150 კმ-ის სიშორეზე აგდებდა, ბალისტიკურ საჰაერო სამიზნეს კი - 40 კმ-ში, გამართლდება თუ არა უკრაინის ცის დაცვისას ეს მონაცემები?

მეორე მხრივ, ფრონტის ხაზთან ახლოს "მიჩოჩებული" "პეტრიოტების" საზენიტო ბატარეები შეიძლება საუკეთესო სამიზნე აღმოჩნდნენ რუსული "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის Х-31П ტიპის მართვადი რაკეტებისთვის, რომელთა გამოყენებით რუსმა პილოტებმა უკრაინელებს დღემდე რამდენიმე რადიოლოკატორი აუფეთქეს, რადგან აქტიურ რეჟიმში მომუშავე რადიოლოკატორი მაღალი სიხშირის რადიოტალღებს გამოასხივებს, ისევე, როგორც ღამით მძლავრი პროჟექტორი (იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით) და თავისკენ "იწვევს" მოწინააღმდეგის ანტისარადარო რაკეტებს...

ამ საფრთხიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ "პეტრიოტების" საზენიტო დანადგარები თავის რადიოლოკატორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის - დედაქალაქ კიევის საჰაერო თავდაცვაში ჩაეყენებინათ, "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.

მართალია, "პეტრიოტის" მეორე მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტებს აქვთ მეტ-ნაკლებად წარმატებული საბრძოლო გამოცდილება, ჯერ კიდევ 1991 წელს, "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს, სადამ ჰუსეინის მიერ ისრაელისკენ და საუდის არაბეთისკენ გაშვებული ერაყული "სკადების" მოგერიების სახით, მაგრამ ის "სკადები" 1960-იანი წლების საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური "ელბრუსების" მოდიფიკაციას წარმოადგენდნენ და ადვილად გამოსაცნობი ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ.

დღევანდელი რუსული "ისკანდერ-მ"-ების რაკეტები კი აერობალისტიკური, იგივე კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობენ ანუ ჰიპერბგერითი სიჩქარით ფრენის დროს იცვლიან მიმართულებას და მათი დაზიანება-ჩამოგდება რეალურ საბრძოლო სიტუაციებში დღემდე არავის უცდია.

შეძლებენ თუ არ ამას მოდერნიზებული "პეტრიოტის" მესამე მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...

არსებობს მესამე ვარიანტიც, თუ სად შეიძლება განათავსონ უკრაინელებმა მათთვის გადაცემული მცირე რაოდენობის "პეტრიოტების" საზენიტო დანადგარები - ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სამხედრო აეროდრომი უკრაინის დასავლეთ ნაწილში, რომლის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფის შემდეგ ამ საჰაერო ბაზაზე შესაძლებელი გახდება დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გაძლიერებული უსაფრთხოების ქვეშ განლაგება, საიდანაც ისინი საბრძოლო გაფრენებს განახორციელებენ, როგორც უკრაინის ცის დასაცავად, ისე უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსი ოკუპანტების სახმელეთო პოზიციების ზუსტად დასაბომბად...