"ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბაღი-სკოლის კავშირი არ არსებობს... ნუ იჩქარებთ..."
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირველ კლასში მისაღები მინიმალური ასაკი კიდევ ერთი თვით გადასწია. ანუ პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის 5 წლის ბავშვები, ვისაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი. ამ თემას მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული ასისტენტ-პროფესორი, ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ეხმაურება და სასკოლო მზაობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"პირველ კლასში რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი, ეს დამოკიდებულია არა იმაზე, წერა-კითხვა როგორ იცის, არამედ რამდენად არის მზად იმ ხისტი წესრიგისთვის, რაც მოეთხოვება სკოლაში, განსაკუთრებით ქართულ სკოლაში, სადაც არანაირი რბილი გადასვლები საფეხურიდან საფეხურზე არ ხდება.
ჩემი დაკვირვებით ქართულ და ამერიკულ სკოლებზე, ქართველი ბავშვების 70% არ არის მზად სკოლისთვის 6 წლის ასაკში და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ბაღი-სკოლის კავშირი თბილისშიც კი არ არსებობს. ეს ორი საფეხური უბრალოდ არ ურთიერთობს ერთმანეთთან. არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს და მომავალ მასწავლებლებს რამდენიმე თვით ადრე, არ ახვედრებს სკოლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ბავშვებს ერთმანეთს გამოცდილების გასაზიარებლად. სკოლას არ აქვს მორგებული სივრცეები და მეთოდები ჰიპერაქტიური, აუტისტური სპექტრის ან ქცევის სირთულეების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მერხთან ათ წუთზე მეტი ვერ ჩერდებიან, არ აქვს გამართული სასადილო ან კვების მოდელი, რომელიც მორგებულია 5-6 წლის ბავშვზე.
კერძო სკოლების მაგალითებს ნუ მომიყვანთ, ეგ გამონაკლისებია და თანაც ჩემს შვილებს ჯამში 5 საუკეთესო კერძო სკოლა აქვთ გამოვლილი თბილისში და არც ერთს არ ჰქონდა ბოლომდე გამართული სისტემა. გააგრძელე კითხვა