"მერე რა, რომ სხვა მოკვდა, მე ვაკონტროლებო. თავში უქრით, კაი ბიჭობა ჰგონიათ. მათ ადგილას, უფრო ფრთხილი ვიქნებოდი" - ნარკომომხმარებლის აღსარება - კვირის პალიტრა

"მერე რა, რომ სხვა მოკვდა, მე ვაკონტროლებო. თავში უქრით, კაი ბიჭობა ჰგონიათ. მათ ადგილას, უფრო ფრთხილი ვიქნებოდი" - ნარკომომხმარებლის აღსარება

ჩემი რესპონდენტი წლებია ნარკოტიკს მოიხმარს. ბევრჯერ ზედოზირებით კლინიკაში მოხვედრილა, კომაშიც ჩავარდნილა და ძლივს გამოუყვანიათ მდგომარეობიდან, მაგრამ სასწაულად გადარჩენილი, სამწუხაროდ, ისევ ნარკოტიკს უბრუნდებოდა. ახლა ცდილობს აღარ მოიხმაროს. ამბობს, ვხვდები უკვე, ასე ცხოვრება არ შეიძლება და ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობო. ფიქრობს, რომ სპეციალისტების დახმარებით ამ სენს დაამარცხებს.

დათო:

- დიდი ხანია, წამალდამოკიდებული ვარ, ამიტომ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია. ახლა ვმკურნალობ, მინდა, როგორმე დავამარცხო ეს სენი. საკმაოდ ძვირი ჯდება მკურნალობაც, მაგრამ იმდენი თანხა მაქვს დახარჯული ნარკოტიკებში და ისე გავინადგურე ჯანმრთელობა, ეს თანხა იმასთან შედარებით ზღვაში წვეთია. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი მკურნალობა ბოლომდე მივიყვანო, იმედი მაქვს, ეს ამჯერად გამომივა. წამლის გამო ცხოვრება დამენგრა, მეუღლე გამშორდა, შვილთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვი დიდი ხანია აღარ მინახავს. ერთადერთი დედაჩემია, რომელიც გვერდიდან არ მშორდება. ის ძალიან მეცოდება და დავპირდი, რომ ვიბრძოლებდი...

ყველანაირი ნარკოტიკი გამისინჯავს, კლუბურიც, ინიექციურიც, არაინექციურიც. მე რომ დავიწყე მოხმარება, მაშინ ასე ადვილი არ იყო წამლის შოვნა, დღეს მართლა ყველაფერი ხელმისაწვდომია, ბევრი წვალება არ გჭირდება, თუ გინდა სახლში მოგიტანენ. ძალიან ადვილად, ინტერნეტით ყველაფრის ყიდვა შეგიძლია, ან მიდიხარ კლუბში და იქ ყიდულობ. სააფთიაქო ნარკომანიაც ხელმისაწვდომია, თბილისში მართლა არ არის ნარკოტიკის შოვნის პრობლემა და ბევრი ახალგაზრდაც ამიტომ მოიხმარს. განსხვავება ის არის, რომ ახალგაზრდები ახლა შპრიცს ნაკლებად იყენებენ, უფრო ხშირად კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარნენ, კლუბებში უნდა ნახოთ, როგორი გაბრუებულები არიან. ასეთ დროს აღმაფრენაში ხარ, მოგწონს და არ ფიქრობ შედეგზე. მთელი ღამე ცეკვავ, ერთობი, ეს გაძლევს სიამოვნებას.

- კლუბური ნარკოტიკით ბევრი იღუპება, ამიტომ ახალგაზრდებს ურჩევენ, შემოწმების გარეშე არ მოიხმარონ სინთეტიკური ნარკოტიკი. როცა მოიხმარდით შემადგენლობით ინტერესდებოდით?

- არა, მაგით არავინ ინტერესდება, მე არასოდეს შემიმოწმებია წინასწარ, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ დოზას ვერ აკონტროლებენ. ისე, რამდენჯერაც ე.წ. ზღვის მარილი მოვიხმარე, იმდენჯერ კინაღამ მოვკვდი, სუნთქვა მიჭირდა და ზედოზირებით მოვხვდი კლინიკაშიც, ძლივს გადამარჩინეს. ბევრჯერ მეგობრებს გადავურჩენივარ, მარტო არასდროს არ უნდა მოიხმარო, რამე რომ გაგიჭირდეს, სულ უნდა გყავდეს ვინმე გვერდით, რომ დაგეხმაროს. სპეციალური პრეპარატით ხშირად დავდიოდი, რომ გამიჭირდეს, იქვე რომ მქონდეს და გამიკეთონ.

- ამბობთ სიკვდილს გადარჩენილი ვარო, მაშინ ხელმეორედ რატომ მოიხმარდით?

- შენს თავს ეუბნები, რომ ახლა უფრო მეტად გააკონტროლებ თავს და იგივე არ განმეორდება. ისე, ზედოზირებებს უფრო ვაბრალებ იმას, რომ ამასთან ერთად მოვიხმარდი სასმელსაც, ეს ქმნიდა ხშირად პრობლემას. ფეხზე მეკიდა ჩემი სიცოცხლე და შედეგზე აღარ ვფიქრობდი.

მინდოდა კაიფი და ეს იყო.

მაინც ვფიქრობ, ერთმანეთში რომ ვურევდი სასმელს და წამალს, კომაში ამიტომ ვვარდებოდი. როცა მოიხმარ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ვინ არის შენ გვერდით. როცა გვერდში გყავს გამოცდილი ნარკომომხმარებელი, მან იცის, როგორ მოგექცეს. ბევრჯერ მათ გადავურჩენივართ ისე, რომ არავის გაუგია. ასეთ დროს მართვაც არ არის ადვილი. ამიტომ, მოხმარების დღიდან სულ იმას ვცდილობდი, ჩემზე უფროსებთან ერთად გამეკეთებინა წამალი, რომ მერე მოეხედათ.

წამალს მე ვშოულობდი და მე ვირჩევდი, ვისთან ერთად გამეკეთებინა. ისე, რამდენჯერაც ცუდად გავხდი, იმდენჯერ აბაზანის მარილები მქონდა მოხმარებული, დოზას ვერ აკონტროლებ. უხეშად რომ ვთქვათ, "პოზდნიაკია", რომ გგონია არ ხარ კაიფში, უცებ იმატებს, ნელ-ნელა ხსნის, მერე გული და ტვინი ვეღარ უძლებს ამას და მომენტალურად ხდები ცუდად, ვერ გამოდიხარ მდგომარეობიდან.

- რა შეგრძნებაა ზედოზირებაა?

- სპაზმები გემართება, იხრჩობი, ჰაერი არ გყოფნის, სუნთქვა გეკვრება და გგონია, გული საცაა გასკდება. გიბნელდება თვალები და გიჭირს სუნთქვა, იქ მთავრდება ყველაფერი, მერე აღარაფერი გახსოვს, თუ ვინმე იტყვის, რომ მერე კიდევ რამე ახსოვს, იცოდეთ, რომ მოიტყუა. მოიხმარ და მალევე რაღაცნაირად მოუსვენრობა გემართება, ნელ-ნელა მიდიხარ, თუ მოასწარი დაძახება, მიშველეთო, ხომ კარგი, თუ არადა ითიშები.

- დოზებს როგორ საზღვრავ?

- თავიდან მცირედით დავიწყე, მერე დროსთან ერთად, დოზას ვზრდიდი. რაც უფრო დიდი ხნის მომხმარებელი ხარ, მეტი მოთხოვნილება გიჩნდება, თუმცა ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული. გააჩნია, რასაც მოიხმარ, ის როგორი შეზავებულია. ყველაფერს ცოდნა უნდა. დღეს, ძირითადად, ჯგუფურად ხდება მოხმარება, აბა, მარტო ხომ ვერ იკაიფებ...

ახლანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, მე ასე არასოდეს ვყოფილვარ. მათგანაც სულ მესმის, მერე რა, სხვა რომ მოკვდა, მე თავს ვაკონტროლებო. ყველა ასე ფიქრობს. სამწუხაროდ, ახალბედები არც იმას უფიქრდებიან, რომ პირველად მოიხმარენ და ამიტომაც ექმნებათ პრობლემები, რაც შეხვდებათ, იმას იღებენ. ამდენი წლის მომხმარებელი ვარ და ახლა რომ თავიდან ვიწყებდე, მე მათ ადგილას უფრო ფრთხილი ვიქნებოდი. მერე გული ვეღარ ქაჩავს და იღუპებიან.

თავში უქრით ამ პატარებს, კაი ბიჭობა ჰგონიათ, თუ სტიმულატორს დააყოლებენ სასმელს. ამ წლების განმავლობაში, ბევრი კარგი მეგობარი დამეღუპა და მათმა სიკვდილმა დამანევროზა. ზედოზირება რამაც გამოიწვია, იმას მე კარგა ხანია აღარ მოვიხმარ.

სერიოზული პრობლემაა კლუბური ნარკოტიკი, რადგან არავინ იცის, მასში რა არის გარეული.

როცა არ მქონდა საშუალება მომეხმარა სხვა ნარკოტიკი, მაშინ სულ მთვრალი ვიყავი, სასმელს ვსვამდი. ისე, ძირითადად, მე მომქონდა წამალი, წესად მაქვს, პირველი მე ვსინჯავ და მერე მომქონდა სხვებთან. ე.წ. აბაზანის მარილი რამდენჯერაც მივიღე, იმდენჯერ "ავყირავდი". ახლა რომ მეპატიჟებიან, არ მივდივარ, ისეთი სიტუაციაა, ვერ ენდობი, არ იცი, შიგნით რა არის, ამიტომ, სადაც მივდიოდი, ყველგან ჩემი მიმქონდა. ნარკომანს არ აშინებს სიკვდილი.

ახლა რომ ვუყურებ პატარა გოგო ბიჭებს, ვფიქრობ, ეს არ არის ნარკომანია, ეს არის რაღაც სხვა სიმპტომი, რომელიც ახალგაზრდებს აგიჟებს. ახალ ხილს ყველა ეტანებაო, ხომ გაგიგიათ, ეგეთი "პონტია", ყველას ჰგონია, რომ კარგია, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს არის ხანმოკლე გზა და რაც მთავარია, ასეთი მომხმარებლები ხდებიან იმპოტენტებიც, ეს სენივით არის ახლა მოდებული.

მახსოვს, ერთ-ერთი ცნობილი საშუალება პირველად რომ მოვიხმარე, "საკაიფო დვიჟენიაში" გავატარე მთელი ღამე. ტუალეტში ვსელფაობდი, "პროსტა" ეგაა, მერე მეხსიერება არ არის და არ იცი, რას აკეთებ. ერთი კადრიც კი არ მახსოვდა მეორე დღეს. "ნასკს" ხელებზე ვიცვამდი, ტუალეტში ვსელფაობდი და ვხალისობდი. ჩემი მეგობრები ღადაობდნენ და მიღებდნენ, მერე მანახეს, რა დღეში ვიყავი...

ახალი რომ იყო, ვერ განვსაზღვრე, რამდენი უნდა მომეწია და ეტყობა, ბევრი მოვწიე. სამი ნაფაზი მახსოვს, და მერე - არაფერი.

აქ უფრო ფხვნილის სახით არის სინთეტიკური ნარკოტიკები. როგორც ამ ხნის მომხმარებელი, ვთვლი, რომ ყველაზე საშიშია ეს კლუბური სინთეტიკური ნარკოტიკი, უსაზიზღრესია.

რომ შეიძლებოდეს, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის ხმის მიწვდენა, დამიჯერე, მე პირველი ვიქნები, ვინც იყვირებს, რომ ამას არ გაეკარონ. ჩვენ თვითონ არ ვიცით, რით მზადდება. ეს რომ კაი იყოს, როგორც ამდენი ხნის მომხმარებელი, წამლისთვის თავის დანებებაზე არ ვიფიქრებდი, დავჯდებოდი ამ კლუბურ ნარკოტიკზე და ამდენი ხანი რემისიის ქვეშ რომ ვარ, დანევროზებული, ასე არ ვიქნებოდი, შიგადაშიგ წავეპარებოდი, მაგრამ დამიჯერეთ, ეს მომაკვდინებელია!!!

როცა კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარ, თან ფურცელი უნდა გქონდეს გვერდით და უნდა წერდე, რომ ჩემს სიკვდილში არავის ვადანაშაულებ, მე ჩემი ნებით ვიკლავ თავსო.

იციან, რომ კლავს და მაინც იღებენ.

თვითონ აწერენ სიკვდილზე ხელს.

მე ახლა რამდენიმე თვეა ვებრძვი ამ პრობლემას და ვფიქრობ, გადავრჩები.

ეს სწორი გზაა, ვხედავდი, როგორ ვიღუპებოდი, მიმიყვანეს სამკურნალოდ და ახლა, უნდა გავიმარჯვო.

(სპეციალურად საიტისთვის)