"ორივენი ჩამოვარდნენ ცხენებიდან, ფრანგი მკვდარი, ასპიეტი კი კვლავაც სულდგმული" - ასპიეტ ქართველის და ნორმანი რაინდის დაპირისპირების უცნობი ისტორია
მე-11-12 საუკუნეების ბიზანტიაში მთავარსარდლის თანამდებობა ეკავა ქართველ დიდებულს ბაკურიანისძეთა საგვარეულოდან - ასპიეტს, რომლის სახელიც სპარსულად "რაინდს", "მხედარს" ნიშნავს. 1109-11 წლებში მას იმპერატორმა ტანკრედის წინააღმდეგ ბრძოლა მიანდო.
იმპერატორ ალექსის ქალიშვილი, ანა კომნენე "ალექსიადაში" წერს:
"[ასპიეტის] კეთილშობილებამ, შთამომავლობის ბრწყინვალებამ და სახელის განთქმულობამ დიდი როლი შეასრულა მისგან ამ წოდების მიღებაში, რადგან მას ყველაზე საპატიო ადგილი ეჭირა არშაკიდებს შორის და სამეფო სისხლისაგან იყო დაბადებული. სწორედ ამიტომ, მამაჩემმა ის მთელი აღმოსავლეთის სტრატოპედარქად დანიშნა და მიაგო ძალიან დიდი პატივი, მეტადრე, მას შემდეგ, რაც დაინახა მისი ვაჟკაცობის მტკიცებულება. ერთხელ, როდესაც იმპერატორმა, მამაჩემმა, ბრძოლა გაუმართა რობერტს, ერთმა ფრანგმა, უშველებელად მაღალმა, მოიღერა შუბი, გააჭენა ცხენი და მეხივით გაექანა ასპიეტისკენ, ამ უკანასკნელმა იპყრა მახვილი და დაუხვდა ფრანგის საზარელ დარტყმას, რომლითაც მძიმე ჭრილობა მიიღო, რადგანაც შუბმა ფილტვებშუა, ხერხემლამდე გააღწია. თუმცა, ასპიეტი ჭრილობას არ შეუდრეკია და არც უცხენობას [ნორმანი რაინდის შოკურმა შეტევამ შუბით ასპიეტი ცხენიდან გადმოაგდო], კიდევ უფრო მტკიცედ ამხედრდა და მუზარადზე დაჰკრა ბარბაროსს და ორად გაუპო მუზარადიც და თავიც და მაშინღა ორივენი ჩამოვარდნენ ცხენებიდან, ფრანგი მკვდარი, ასპიეტი კი კვლავაც სულდგმული. მისი მსახურები მოვიდნენ მის საძებნელად და იპოვეს სისხლისგან დაცლილი, კარგად უმკურნალეს, შემდეგ კი იმპერატორს წარუდგინეს. მან იმპერატორს აჩვენა [ფრანგის] შუბი და [თავისი] ჭრილობა და აცნობა ფრანგის სიკვდილი. იმპერატორმა ამ თუ რომელიღაც სხვა მიზეზის გამო იცოდა მისი სიმამაცისა და გაბედულობის შესახებ და მისი წარმომავლობისა და რეპუტაციის გათვალისწინებით გაგზავნა კილიკიაში სარდლად ტანკრედის წინააღმდეგ და უბოძა სტრატოპედარქობა".
ბაკურიანისძეთა ქართულ საგვარეულოს კომნენე სომხური წარმოშობის მქონედ თვლის, ამიტომ იგი ასპიეტსაც სომეხად მიიჩნევს, მაგრამ ის აშკარად ცდება, რადგანაც ბაკურიანისძეები თავს ქართველებად მიიჩნევენ, თავად სომეხი ისტორიკოსი მატთეოსიც მათ ქართველებად აცხადებს, მეტიც, ბაკურიანისძეები ამ ეპოქაში ქართული ეთნიკური იგივეობის ყველაზე მძაფრი განცდით გამოირჩევიან, რაც საუკეთესოდ ჩანს მათი ქართული საგვარეულო მონასტრის - პეტრიწონის "პატრიოტული ტიპიკონიდან" და ამ საგვარეულოს წევრების შემდგომი ურთიერთობებიდან მათ მონასტერთან.
ჩვენამდე მოღწეული ასპიეტ ბაკურიანისძის ბეჭდები ამ დიდგვაროვან სარდალს გვაცნობენ, როგორც კურაპალატს. მკვლევართა მცირე ნაწილს ეჭვი ეპარება მის იდენტობაში სარდალ ასპიეტთან, რომელიც იმპერატორმა კილიკიის დასაცავად გაგზავნა და რომელზეც ანა კომნენე წერს, რომ წარმოშობით არშაკიდების სამეფო საგვარეულოს ეკუთვნოდა. დიდგვაროვანი ოჯახების ბრწყინვალე წარმომავლობის შესახებ ლეგენდები ამ ეპოქაში პოპულარული იყო, ჩანს, ბაკურიანისძეები არშაკიდების შთამომავლობას იჩემებდნენ. ანა კომნენეს მიხედვით, ასპიეტს დიდად მოჰქონდა თავი არშაკიდული შთამომავლობით. თუკი ეს ასპიეტი მართლაც ასპიეტ ბაკურიანისძეა, რომლის ბეჭდებიც ჩვენამდე მრავლადაა მოღწეული, მაშინ უნდა არსებობდეს რაიმე სხვა ცნობაც ბაკურიანისძეთა პრეტენზიაზე არშაკიდულ შთამომავლობასთან დაკავშირებით. 2014 წელს ბულგარეთში, ქალაქ პომორიეში გაკეთებული აღმოჩენა, ვფიქრობ, ამ პრობლემას გადაგვაჭრევინებს. აღნიშნულ ქალაქში მიაკვლიეს "პროტოკურაპალატ ბაკურიანისძე არშაკიდის" ბეჭედს.
როგორც ვხედავთ, ბიზანტიურ არისტოკრატიაში არშაკიდობაზე პრეტენზია სწორედ ბაკურიანისძეებს გააჩნდათ, ამდენად, ტანკრედის წინააღმდეგ მებრძოლი "არშაკიდების შთამომავალი ასპიეტი" ქართველი სარდალი ასპიეტ ბაკურიანისძეა, რომელსაც ანა შეცდომით სომხური წარმოშობის მქონედ მიიჩნევს.
ასპიეტის ბეჭდებისა და ანა კომნენეს ცნობებიდან ირკვევა, რომ ასპიეტს იმპერატორისგან უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მიღებული, მისი კავშირები საიმპერატორო ოჯახთან განმტკიცებული იყო მოყვრობითაც - ასპიეტის ვაჟმა შეირთო ანდრონიკე კომნენოსის (სებასტოკრატორის) ერთ-ერთი ქალიშვილი.
ასპიეტი ნორმანთა წინააღმდეგ მებრძოლი ერთადერთი ქართველი არ ყოფილა.
მე-12 საუკუნეში ბიზანტიელი იმპერატორები ქართველებს, როგორც საუკეთესო მებრძოლებს, ცალკეული სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად დასავლეთ ევროპის ტერიტორიებზეც გზავნიდნენ. იოანე კინამუსი აღწერს, რომ ბრინდიზიუმში ერთ-ერთი შეტაკებისას, ქართველმა მოქირავნეებმა გაანადგურეს ნორმანები და მათი აღალი და დროშებიც კი ხელთ იგდეს. ნორმანთა და ჯვაროსანთა წინააღმდეგ ეფექტიანად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერატორის სამსახურში მყოფი სხვა ქართველი სარდლებიც: გრიგოლ, ნიკოლოზ და ტატულ ბაკურიანისძეებიც. თეოფილაქტე ბულგარელი ახსენებს ნიკოლოზ ბაკურიანისძის ერთ-ერთ გამარჯვებას ნორმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მატთეოსი კი წერს ტატულ ბაკურიანისძის გმირულ წინააღმდეგობაზე ბოემუნდის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც ბოემუნდმა დიდი ზარალი ნახა.
ნორმანთა და ჯვაროსანთა სამხედრო დაპირისპირებები ბიზანტიის იმპერატორის სამსახურში მყოფ მაღალბძროლისუნარიან ქართველ სარდლებთან და მოქირავნეებთან სათანადოდ აისახებოდა ძველ ევროპულ საგმირო სიმღერებში, პირველყოვლისა - "საქსონიურ სიმღერაში", რომელსაც სხვა დროს შევეხებით, შესაძლოა, ვახსენოთ ამ ტიპის კიდევ ერთი უცნობი ძველი ევროპული ტექსტი - გოდფრუა ბარბუს ცხოვრებაც, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა ევროპელი რაინდებისა და ქართველი ფალავნების - მანკრედის და ამისტანდის ორთაბრძოლების აღწერას.