"მცირე წინასიტყვისმაგვარი გოდერძი ჩოხელმა დაწერა და ფოტოსთვის დამიბარეს" - რას წერს გიორგი კეკელიძე "პალიტრა მედიის" ჯილდოზე?
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს - გიორგი კეკელიძეს "პალიტრა მედია ჰოლდინგმა" საკუთარ დაბადების დღეზე - 18 აპრილს ჯილდო გადასცა - "პალიტრის" მეგობარი" და ამის შესახებ გიორგი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, იგი მადლობას უხდის ჰოლდინგს და იხსენებს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველ რედაქტორს - ლალი გუნთაიშვილს, რომელმაც ის უნივერსიტეტში სწავლისას, პირველივე კურსზე შეამჩნია და ლიტერატურულ რუბრიკაში თანამშრომლობა შესთავაზა:
"დღეს Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგმა წლის ჯილდო გადმომცა, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე გასცემს ხოლმე ანუ 18 აპრილს. წლეულს ეს პატივი მხოლოდ მე მერგო, რისთვისაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი მადლობა. გუშინწინ ღონისძიებაზე ვერ მივედი და ახლა წამოვიღე.
უნივერსიტეტში, პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ტრადიციულ სამშაბათობებზე ლექსებს ვკითხულობდი. იქ შემამჩნია ამ მედიის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ლალი გუნთაიშვილმა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. შემამჩნია და შემომთავაზა, ,,კვირის პალიტრაში", ლიტერატურულ რუბრიკაში დავბეჭდოთო. მცირე წინასიტყვისმაგვარი გოდერძი ჩოხელმა დაწერა და ფოტოსთვის დამიბარეს - სპორტის სასახლის უკან, სადაც იყო მაშინდელი რედაქცია. ამ სურათზე უკვე ორი წელი მქონდა ნაფიქრი ანუ იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თბილისში ჩემი პირველი საჯარო ფოტო. ცხადია, პალტო უნდა მცმოდა და კიდევ უფრო ცხადი - საყელო აწეული. უნდა ვმდგარიყავი ოდნავ შებრუნებით, შესამჩნევად ობიექტივს მიღმა გაქცეული. მოკლედ, რაღაც შუალედური ვარიანტი სერგეი ესენინის და ერიკ კანტონას მანერულ სასურათე დგომებს შორის. ეგრეც ჩავატარე. დაიბეჭდა. მას მერე ვთანამშრომლობთ.
ლალი გუნთაიშვილს კი დიდი ღვაწლი აქვს ჩემდამი, სტუდენტობის პირველ წლებში, დიდწილად სწორედ მისი მედია მბეჭდავდა. თვეში ერთხელ მიბარებდა ხოლმე და იმედს მაძლევდა, რომ ყოფითი სირთულეებს, დიდი შრომით და სწავლით, აუცილებლად გუშინდელ დღედ ვაქცევდი".