"კეიჯის ძვირად ღირებულ შენაძენთა სიაშია იახტები, კუნძულები, სასახლეები, ზვიგენი, კობრების ტერარიუმი და - ნიანგიც კი" - 5 ცოლი, საუკეთესო როლები და ბიძის - ფრენსის ფორდ კოპოლას გავლენა მსახიობზე
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე და მოულოდნელობებით აღსავსე მსახიობის, ნიკოლას კეიჯის პერსონა, საინტერესო ფილმებისა და როლების გარდა, საინტერესო პირადი ცხოვრებითაც იქცევს საზოგადოების ყურადღებას.
ნიკოლას კიმ კოპოლა 1964 წლის 7 იანვარს ცნობილი ადამიანების ოჯახში დაიბადა. მისი ბიძა ცნობილი რეჟისორი - ფრენსის ფორდ კოპოლა გახლავთ, ბაბუა კი - კომპოზიტორი კარმინ კოპოლაა.
ის ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ, მაგრამ ნიკოლასს და მის ძმას - კრისტოფერს ამის გამო მშობლებთან ურთიერთობა არ გართულებიათ.
ცელქი და მეამბოხე ბავშვი მსახიობობით პატარა ასაკში დაინტერესდა და სკოლის სპექტაკლებშიც მონაწილეობდა, თეატრალურ წრეებზე დადიოდა, 17 წლის ასაკში კი ნაადრევად ჩააბარა გამოცდები და ჰოლივუდის დასაპყრობად გაემართა.
გვარი ადრევე შეიცვალა, რათა ცნობილი ბიძის რეპუტაციით არ ესარგებლა. კომიქსების წიგნის გმირის - ლუკ კეიჯისგან გვარი "ისესხა" და 1981 წელს მისი, როგორც მსახიობის დებიუტიც შედგა. თუმცა კინოკარიერის დაწყება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ვაჟს სწორედ ბიძა - ფრენსის კოპოლა დაეხმარა კარიერის წარმატებით დაწყებაში. კეიჯმა რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მსოფლიო აღიარება დევიდ ლინჩის ფილმმა - „გულით ველურნიმ“ მოუტანა. რეჟისორმა თავად დაწერა სიმღერა, რომელიც შემდეგ მსახიობმა შეასრულა.
ფილმი „ლას-ვეგასის დატოვებისას“ კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა, მსახიობმა კი „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“ მიიღო.
1997 წელს გადაღებულმა მძაფრ-სიუჟეტიანმა ფილმმა Face/Off, სადაც კეიჯი ჯონ ტრავოლტასთან ერთად თამაშობს, კეიჯს მსოფლიო აღიარება კიდევ ერთხელ მოუტანა. როგორც ცნობილია, ფილმის მთავარი გმირის როლზე რამდენიმე ცნობილ მსახიობს მოიაზრებდნენ: არნოლდ შვარცენეგერს, სილვესტერ სტალონეს, ჰარისონ ფორდს, მაიკლ დუგლასსა და სხვებს, თუმცა რეჟსორმა ჯონ ვუმ არჩევანი ნიკოლას კეიჯზე და ჯონ ტრავოლტაზე შეაჩერა. მათ 2 კვირა ერთად გაატარეს, რათა ერთმანეთის ჟესტები და ინტონაცია კარგად შეესწავლათ.
კიდევ ერთი წარმატებული ფილმი აღმოჩნდა „გატაცება 60 წამში“. ფილმის ბიუჯეტმა 90 მლნ. დოლარი შეადგინა, აქედან 20 მლნ. დოლარი კი კეიჯის ჰონორარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებისას მსახიობი კასკადიორთა სკოლაში სწავლობდა და სახიფათო მანევრებს ფილმში თავად ასრულებდა.
მსახიობს კიდევ ერთი წარმატება ფილმმა „ადაპტაციამ“ მოუტანა, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ მერილ სტრიპი და კრის კუპერი. მსახიობმა წლების განმავლობაში უამრავ საინტერესო ფილმში მიიღო მონაწილეობა და ისინი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
კეიჯის ერთ-ერთი საინტერესო და განსხვავებული ნამუშევარი Ghost Rider გახლავთ, რომელმაც კინოკრიტიკოსთა კრიტიკა დაიმსახურა, თავად მსახიობმა კი „ოქროს ჟოლო“ მიიღო. ეს ჯილდო მას ცუდად შესრულებული როლისთვის გადაეცა...
„მომწონს მაყურებლებისა და საკუთარი თავის გაოცება. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული როლი შევასრულო. ჩემი მიზანია, განსხვავებული ხასიათის პერსონაჟებისა და სხვადასხვა ჟანრის ფილმებში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ნიკოლას კეიჯი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად მსახიობად ითვლებოდა, მაგრამ თავისი ქონება, რომელიც, დაახლოებით, 150 მლნ დოლარს შეადგენდა, მან ანტიკვარული ნივთების, ვილების, ძვირად ღირებული მანქანებისა და იახტების შეძენისთვის დახარჯა. მის ძვირად ღირებულ შენაძენთა სიაშია კუნძულებიც, სასახლეები, ასევე, ზვიგენი, კობრების ტერარიუმი და - ნიანგიც კი. თუმცა ყველა შენაძენი კანონიერი არ ყოფილა, მსახიობი იძულებული გახდა, მონღოლებისთვის დინოზავრის უძველესი თავის ქალა დაებრუნებინა...
2008 წელს მსახიობი რთულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა. მისი ქონება მხოლოდ 20-25 მლნ დოლარს შეადგენდა, ის ისევ აგრძელებდა ფუფუნებაში ცხოვრებას და გაიზარდა მსახიობის ვალები. ერთი წლის შემდეგ ჰოლივუდის მსახიობი შემოსავლების სამსახურმა 6 მლნ დოლარის გადაუხდელობაში დაადანაშაულა და იძულებული გახდა, დავალიანების დასაფარად უძრავი ქონება გაეყიდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მას საბანკო ვალდებულებებიც ჰქონდა, ბანკებმა კი დავალიანების დაფარვა მოსთხოვეს - თანხა ათობით მილიონ დოლარს შეადგენდა.
მოგვიანებით ჰოლივუდის მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოს კრისტინა ფულტონმა მიმართა. ის კეიჯის პირველი ვაჟის დედაა. კეიჯს იმ სახლის გაყიდვა სურდა, რომელიც ადრე ფულტონს თავად უყიდა, თუმცა სახლი ისევ მსახიობის სახელზე იყო გაფორმებული. თავად ნიკოლას კეიჯი კი სასამართლოში ყოფილ მენეჯერს ედავებოდა და თვლიდა, რომ მისი გაკოტრება ყოფილი მენეჯერის ბრალი იყო.
2021 წლისთვის მისი დავალიანება 14 მლნ დოლარს აღწევდა, ამიტომ მას ლას-ვეგასში უძრავი ქონება ჩამოართვეს.
პირადი ცხოვრება
ჰოლივუდის ვარსკვლავი მუდამ ქალბატონების ყურადღების ცენტრში ექცეოდა.
ბრუკ შილდსთან გახმაურებული რომანის დასრულების შემდეგ მან კრისტინა ფულტონი გაიცნო. მათი ურთიერთობა საკმაოდ კარგად ვითარდებოდა და მალე მსახიობს კრისტინამ პირველი შვილი - უესტონი გაუჩინა, თუმცა საქმე ქორწინებამდე მაინც ვერ მივიდა. დაშორების შემდეგ მსახიობი ვაჟს ყოველ წელს 3 მლნ დოლარის ოდენობის ალიმენტს უხდიდა.
მისი პირველი ოფიციალური მეუღლე პატრისია არკეტია, რომელსაც ხელი გაცნობიდან რამდენიმე საათის შემდეგ სთხოვა. მედიის ცნობით, კუბაზე გამგზავრების მსურველმა წყვილმა ვერ მოახერხა ბილეთის შეძენა, მეამბოხე კეიჯმა კი პროტესტის ნიშნად სკანდალი ატეხა, ვითარებით ისარგებლა საპატარძლომ და გაიქცა...
მეორედ, ისინი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ და ოფიციალურად იქორწინეს, თუმცა ამჯერადაც არ აეწყო წყვილის ურთიერთობა, ქორწინება 9 თვეში დასრულდა, ოფიციალურად ხელი მათ 2000 წელს გააწერეს.
ნიკოლასმა ცნობილი მომღერლის, ელვის პრესლის შვილი ლიზა მარია პრესლი მას შემდეგ მოიყვანა ცოლად, რაც ლიზა მაიკლ ჯექსონს დაშორდა... არც მათი სიყვარული აღმოჩნდა სამუდამო - ქორწინება 109 დღეს გაგრძელდა, ოფიციალურად კი ხელი 2 წელში გააწერეს. ამბობდნენ, რომ კეიჯს რეალურად არ უყვარდა ლიზა და ის მხოლოდ „ნადავლი“ იყო...
კეიჯის მესამე ცოლი კორეული წარმოშობის ოფიციანტი ელის კიმი იყო. 2005 წელს მათ ვაჟი შეეძინათ და კალ-ელომი კომიქსების მიხედვით დაარქვეს. სწორედ ასე ერქვა იმ სუპერ-გმირს, რომლის როლის შესრულებაზეც თავად კეიჯი ოცნებობდა. მოგვიანებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი 2016 წელს მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა. მათი ქორწინება ყველაზე დიდხანს - 11 წელს გაგრძელდა.
ნიკოლას კეიჯის მეოთხე ქორწინება 2019 წლის მარტში შედგა. მისი ადვოკატების მტკიცებით, ნიკოლასი მთვრალი იყო და ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა. ხელის მოწერიდან 4 დღეში, გამოფხიზლებულმა მსახიობმა კი აღმოაჩინა, რომ 32 წლით უმცროსი ვიზაჟისტი - ერიკა კოიკე მოიყვანა ცოლად. კეიჯის გაცნობამდე ქალი სიმთვრალეში მანქანის ტარების გამო დააკავეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ის პირველ ქმარს სკანდალით დაშორდა და, გარკვეულწილად, ფიზიკური ზიანიც მიაყენა. ქორწინებიდან 4 დღეში, კეიჯმა გაიგო, ვინ იყო მისი რჩეული და ქალთან ქორწინების გაუქმება მოინდომა. ერიკამ კი განაცხადა, რომ ასეთი მოკლევადიანი ქორწინება მას რეპუტაციას ულახავდა და მსახიობს კომპენსაცია მოსთხოვა.
2021 წლის 16 თებერვალს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 57 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა მეხუთედ, 26 წლის იაპონელ რიკო შიბატაზე იქორწინა. კეიჯმა გოგონას ხელი ვიდეოზარით სთხოვა. მათ ერთმანეთი 2019 წელს გაიცნეს, თუმცა მოგვიანებით იქორწინეს. 2022 წლის აპრილში მსახიობმა განაცხადა, რომ რიკო ორსულად იყო და ისინი გოგონას ელოდებოდნენ. ბავშვი სექტემბერში დაიბადა და ლენონ ოგი ჯონ ლენონისა და კეიჯის მამის - ავგუსტ კოპოლას პატივსაცემად დაარქვეს.
„მოფერებით მას ლენის დავუძახებ - ბედნიერი ვარ, ეს იქნება ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის სერიოზულად ვუდგებოდი ჩემს, როგორც მშობლის მოვალეობებს. მომენატრა მაღაზიაში სათამაშოებისთვის წასვლა, მომენატრა "იავნანას" სიმღერა“, - აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ სამი შვილის მამა ამჟამად ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული ახალი ფილმების გადაღებაში. 2023 წელს გამოსულ ერთ-ერთ ფილმში ნიკოლას კეიჯი გრაფი დრაკულას როლს ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმზე მუშაობისას კეიჯს 14 საათის განმავლობაშიც კი უწევდა დრაკულას მაკიაჟის ტარება, თუმცა ფილმით მოხიბლულ მსახიობს, როგორც ჩანს, სამუშაო პროცესი არ აწუხებდა.