"ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ ყოფილ მინისტრებზე, მაღალჩინოსნებზე და გაუგებარია, როგორ მოახერხეს ამხელა ქონების დაგროვება" - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ ყოფილ მინისტრებზე, მაღალჩინოსნებზე და გაუგებარია, როგორ მოახერხეს ამხელა ქონების დაგროვება"

"კორუფცია ჰგავს კოღოს, რომელიც ადამიანის სისხლით იკვებება" - ეს სიტყვები ზუსტად ახასიათებს კორუფციის არსს და მის სიმახინჯეს...

რა დაბრკოლებები ექმნებათ ქართველ ჟურნალისტებს, როდესაც კორუფციულ სქემებზე მუშაობენ და ამ პრობლემას აშუქებენ? - ამის თაობაზე საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის ერთ-ერთ დამფუძნებელს - ნინო ზურიაშვილს ვესაუბრეთ:

- ჩვენ, გამომძიებელ ჟურნალისტებს, საქართველოში არა ერთი კორუფციული სქემა გამოგვივლენია. როდესაც ამ სქემებზე მუშაობ, გაოცებული რჩები, როგორ ახერხებენ მაღალჩინოსნები უცბად, ყველასათვის მოულოდნელად, ფეშენებელური სახლების და ძვირფასი მანქანების შეძენას, როგორ, რა სახსრებით მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში, ხოლო მათი შვილები უპრობლემოდ ეწყობიან და სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში... როცა მათი დეკლარაციით დაინტერესდები და შეკითხვებს უსვამ, ღიზიანდებიან და ვერ ასაბუთებენ, საიდან დააგროვეს ასე უცბად, ამხელა ქონება. ისინი ვერ ამბობენ, ვისგან აიღეს ქრთამი, მაგრამ მათი უეცარი, მოულოდნელი გამდიდრება ბევრ რამეზე მეტყველებს.

- რა დაბრკოლებები ექმნებათ გამომძიებელ ჟურნალისტებს, როცა სიმართლის დადგენას ცდილობენ?

- პირველი დაბრკოლება ჩვენთვის არის ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ინფორმაციის მიღება გვიჭირს. ძალიან იშვიათად ვიღებთ მათგან სრულყოფილ პასუხს, ან ვიღებთ, მაგრამ - დიდი დაგვიანებით. სამინისტროები ჩვენს შეკითხვებს პასუხს არ სცემენ, ან - შეიძლება გიპასუხონ, მაგრამ სრულყოფილ პასუხს იშვიათად ვიღებთ... მოგეხსენებათ, ჟურნალისტისთვის ინფორმაცია არის როგორც პური, ან ჰაერი, როგორც საარსებო წყარო, ჩვენ კი, ინფორმაციის მოპოვებაზე ძალიან დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ. ამას ისიც ემატება, რომ ქართული სასამართლო საშინლად არაეფექტიანია, მაგალითად: 2018 წელს ჩვენმა გუნდმა საჩივარი შეიტანა მერიის წინააღმდეგ, რომელიც ინფორმაციას არ გვაწვდიდა. ვიჩივლეთ და ეს საქმე მოვიგეთ, სააპელაციო სასამართლოშიც მოვიგეთ, მაგრამ პასუხს დღემდე ვერ ვეღირსეთ. უკვე 2023 წელია, ახლა ჩვენი საქმე უზენაეს სასამართლოშია შესული, მაგრამ - უშედეგოდ: 5-6 წლის შემდეგ პასუხის გაცემას რა აზრი აქვს?! ხელისუფლება 2014 წელს შეგვპირდა, რომ მიიღებდა კანონს "ინფორმაციის თავისუფლების" შესახებ, მაგრამ ეს კანონი დღესაც ირაკლი ღარიბაშვილის კანცელარიაში დევს.

25 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ, მიყვარს ეს საქმე და ვცდილობ, სიმართლეს ვემსახურო, ამიტომ, კარგად ვიცი, რამხელა ენერგიის ფასად უჯდებათ გამომძიებელ ჟურნალისტებს სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება.

- ამ ფონზე, რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტთა უფლებები?

- საბედნიეროდ, ჩვენ შორის არის ხალხი, ვინც თავისუფალი ჟურნალისტიკის პრინციპებს არ ღალატობს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ტელევიზიები და განსაკუთრებით, ონლაინ-მედია, რომელზეც ხელისუფლების ზეგავლენა ნულის ტოლია. ასე რომ, საქართველოში მაინც არსებობს სივრცე თავისუფალი ჟურნალისტიკისთვის, ოღონდ, ეს ხელისუფლების დამსახურება ნამდვილად არ არის.

- ხომ ვერ გაიხსენებთ ფაქტებს, როცა ქართველმა ჩინოვნიკებმა თანამდებობა სათავისოდ გამოიყენეს?

- ჩვენმა ჟურნალისტებმა კორუფციის ძალიან ბევრი ფაქტი ამხილეს. მარტო ჩვენ კი არა, ამგვარ შემთხვევებს აუდიტის სამსახურიც ავლენს, მაგრამ მთავარი პრობლემა პოლიტიკური პროკურატურაა, რომელიც თავის ფუნქციას არ ასრულებს და კორუფციის ფაქტებით არ ინტერესდება. ამის გამო, ჟურნალისტების მიერ გამომზეურებული კორუფციული სქემების გამოძიება არ ხდება. ჩვენ ჩავატარეთ ჟურნალისტური გამოძიება ყოფილ მინისტრებზე, მერიის მაღალჩინოსნებზე და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბევრი მათგანის ქონება დაუსაბუთებელია: გაუგებარია, როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ან მათი ოჯახის წევრებმა ამხელა ქონების დაგროვება.

- თქვენი აზრით, მოწინავე ქვეყნებში რატომ ვერ ბედავენ კორუფციას და ხალხის ფულის მითვისებას „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“?

- პასუხი მარტივია: განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ძალაუფლება დაბალანსებულია, იქ სასამართლო რომელიმე კლანს არ ემორჩილება და თავისუფალია, მოწინავე ქვეყნებში არაფორმალური მმართველებიც არ ჰყავთ. გავრცელებული აზრია, რომ საქართველოში სასამართლოს კლანი მართავს, ამიტომაც გვაქვს ასეთი ღარიბი ქვეყანა, სადაც ძლიერები სუსტებს ჩაგრავენ და ყოველ ნაბიჯზე უსამართლობას ვაწყდებით...

- დღეს, ალბათ, ნებისმიერ ქართველს უჩნდება შეკითხვა - რატომ ვერ შევძელით ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც ადამიანთა უფლებები დაცულია, ხოლო მთავრობამ იცის, რომ ხალხის მსახური და მისი ნების შემსრულებელი უნდა იყოს?!

- ალბათ, განვითარებული სახელმწიფოს აშენება ასე მარტივი არ არის, მით უმეტეს, როცა ქვეყანას 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა აქვს გამოვლილი. ჩვენ ვიცოდით, რომ საბჭოთა მემკვიდრეობის დამარცხებას წლები დასჭირდებოდა, მაგრამ აშკარაა, რომ 30-32 წელიც არ ეყო... ჩემი აზრით, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს აშენებას და ჩვენს დაახლოებას ევროპასთან მაინც ვერავინ შეაჩერებს, რატომ? - იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, ქართველი ერის გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)