რობერტ კენედი-უმცროსი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და მას ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან - რა ვიცით 1963 წელს მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილზე - კვირის პალიტრა

რობერტ კენედი-უმცროსი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და მას ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან - რა ვიცით 1963 წელს მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილზე

აშშ-ის გაზეთ USA Today-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რობერტ კენედი-უმცროსმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოაცხადა. მას ჯო ბაიდენის მომხრეებიც ენდობიან" (ავტორი - სიუზან ფეიჯი), რომელშიც განხილულია სავარაუდო კანდიდატის საარჩევნო პერსპექტივა და საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია მოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რობერტ კენედი-უმცროსმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დასაუფლებლად 2024 წლის არჩევნებში, დემოკრატიული პარტიიდან. გამოკითხვების მონაცემებით, რომელიც USA Today-სა და ბოსტონის საფოლკის კვლევითი უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ჩატარდა, გაირკვა, რომ რობერტ კენედის მხარს უჭერს ჯო ბაიდენის 2020 წლის მომხრეთა 14%. ეს პოპულარობის საკმაოდ საკვირველ შედეგს წარმოადგენს ცნობილი პოლიტიკური კლანის წარმომადგენლისთვის - რობერტ კენედი-უმცროსი განთქმულია, როგორც შეთქმულების თეორიების აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით ბავშვთა აუტიზმისა და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით.

გამოკითხვის დროს, რომელიც 15-18 აპრილს ჩატარდა სტაციონარული და ფიჭური ტელეფონების მეშვეობით აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის, მხოლოდ 67%-მა განაცხადა, რომ კვლავ დაუჭერენ მხარს ამჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტ კენედიმ კი ყოფილი "ბაიდენისტების" 14%-ის ნდობა დაიმსახურა. კიდევ 5% მომხრეა მწერალ მარიან უილიამსონისა, რომელიც ავტორია პოპულარული წიგნის ფსიქოლოგიის შესახებ. 13%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას. ცდომილება, დაახლოებით, 4%-ს შეადგენს.

გამოკითხვის შედეგები ხაზს უსვამს ჯო ბაიდენის პოტენციურ მოწყვლადობას დემოკრატიული პარტიის უფრო პოპულარულ პრეტენდენტებთან შედარებით, რომლებიც, მართალია, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან კანდიდატებს შორის.

"2020 წელს ჯო ბაიდენმა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ის ისტორიაში, მაგრამ გამოკითხვა აჩვენებს, რომ დღეს იგივე ამომრჩეველი მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატების სხვა წარმომადგენელს. პრაიმერიზი ძალიან დაძაბული იქნება", - განაცხადა დევიდ პალეოლოგოსმა, საფოლკის უნივერსიტეტში არსებული პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, "- რობერტ კენედის შანსები ჯერჯერობით მცირეა, მაგრამ მას საკმაოდ მოულოდნელი ორნიშნა პროცენტული მხარდაჭერა აქვს, რაც ძალზე წარმატებული დასაწყისია".

იმავე გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ რობერტ კენედის მხარს უჭერენ ჯო ბაიდენის ყოფილი მომხრეები კონსერვატორებიდან (რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტი ძალიან ლოიალურია), ახალგაზრდებიდან და მათგან, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს.

რობერტ კენედი-უმცროსი, 69 წლის იურისტი-ეკოლოგი, არის რობერტ ფიტცჯერალდ კენედი-უფროსის შვილი, რომელიც 1968 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლოს-ანჯელესში მოკლეს და ძმისშვილი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯონ კენედისა, რომელიც 1963 წელს დალასში მოკლეს. კენედების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ აუტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა სასარგებლო კი არ არის, არამედ - მავნეა. იგი თავის აზრს მტკიცედ იცავს იმის მიუხედავად, რომ ვაქცინის მავნებლობა სამეცნიერო კვლევებით არ დადასტურდა.

"კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს რობერტ კენედი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში იმით, რომ იგი წინააღმდეგი იყო აცრებისა და თვლიდა, რომ აცრებზე იძულება პიროვნების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენდა. არცთუ იშვიათად რობერტ კენედი-უმცროსი აცრებზე იძულებას ჰოლოკოსტს ადარებდა და ეჭვი შეჰქონდა ანტიკოვიდური ვაქცინის უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, მისი შეხედულებები ხშირად ემთხვეოდა დონალდ ტრამპისა და მისი მომხრეების პოზიციებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2017 წელს დონალდ ტრამპმა სწორედ რობერტ კენედის სთხოვა, ეხელმძღვანელა საპრეზიდენტო კომისიისათვის, ვაქცინების უსაფრთხოების დასადგენად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ