რუსულმა ბომბდამშენმა რუსული ქალაქი დაბომბა...
ომებში ყველაფერი ხდება, მათ შორის "მეგობრული ცეცხლიც", როდესაც შეცდომით საკუთარ ტანკს აფეთქებენ და საკუთარ თვითმფრინავს აგდებენ, რადგან შორი მანძილიდან ზუსტი იდენტიფიკაცია, თანაც სტრესულ სიტუაციაში, ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც შეცდომით თუ შემთხვევით შენივე ქალაქში ტონანახევრიან საავიაციო ბომბს აგდებ საცხოვრებელი კორპუსებს შორის, ეს უკვე მეტისმეტია...
20 აპრილის მიწურულს, ღამით რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრალური ქუჩების გადაკვეთაზე გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც რამდენიმე წამით ადრე ქალაქზე რეაქტიული თვითმფრინავის გადაფრენის სპეციფიკური ხმაური უსწრებდა...
მეორე დღეს, 21 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენის ქალაქ ბელგოროდის თავზე გადაფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არასაშტატო ჩამოვარდნა თვითმფრინავის პილონიდან და ამ ინციდენტის შედეგად ზიანი მიიღო საცხოვრებელმა ნაგებობებმა, თუმცა მსხვერპლი მოსახლეობაში არ ყოფილაო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არასოდეს გამოირჩეოდა გულახდილობით, მაგრამ ეს ის უნიკალური შემთხვევა გახლდათ, როდესაც ოფიციალური განცხადება სასწრაფოდ უნდა გაევრცელებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგოროდელები და რუსეთის დანარჩენი მოსახლეობაც ჩათვლიდა, რომ ეს უკრაინული ბომბდამშენის ეკიპაჟმა შეძლო, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში ორმა უკრაინულმა დამრტყმელმა შვეულმფრენმა Ми-24-მა ერთხელ უკვე ააგიზგიზა ნავთობბაზა სწორედ ბელგოროდის ერთ-ერთ რაიონში...
აფეთქების ძალა იმხელა იყო, რომ 20 მ-ის დიამეტრის ღრმული დატოვა სავალ გზაზე, ახლომახლო კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია და ერთი მსუბუქი მანქანა ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის სახურავზეც კი აისროლა!
სავარაუდოდ, რუსულმა ბომბდამშენმა Су-34-მა რუსულ ქალაქში ФАБ-500М62 კალიბრის საავიაციო ბომბი ჩაამოაგდო, რომელიც 300 კგ-მდე ასაფეთქებელ ნივთიერებას (ტროტილისა და ჰექსოგენის ნარევი) შეიცავს, რაც ხსნის აფეთქების სიმძლავრეს.
მაგრამ რამ გამოიწვია ეს ძალზე სახიფათო ინციდენტი, რომლსაც მსხვერპლი სრულიად შემთხვევით არ მოჰყვა და მხოლოდ ორი-სამი ადამიანი დაშავდა?
თუ დავუჯერებთ რუს გენერლებს, საავიაციო ბომბი თვითმფრინავის პილონიდან შემთხვევით ჩამოვარდა, რაც შეიძლება ბომბსაკიდის ტექნიკურ გაუმართაობას ან ეკიპაჟის შეცდომას გამოეწვია, მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგშია - რა უნდოდა საბრძოლო მასალით დატვირთულ ბომბდამშენს ამ ქალაქის თავზე?
პასუხისთვის შორს წასვლა არ ღირს - ბელგოროდი, ფაქტობრივად, ფრონტისპირა ქალაქად იქცა და ის რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან მხოლოდ 30 კმ-ითაა დაშორებული და ბელგოროდელები არაერთხელ გამხდარან უკრაინელების საპასუხო სროლების სამიზნე...
ამჯერადაც, გასაგებია, რომ ბომბებით აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის სამიზნე უკრაინის რომელიმე საზღვრისპირა ქალაქი გახლდათ, დიდი ალბათობით - ხარკოვი, რომელიც ბელგოროდივით 30 კმ-ითაა დაშორებული, ოღონდ საზღვრის მეორე მხრიდან.
რუსული ბომბდამშენების ეკიპაჟები ვეღარ ბედავენ ხარკოვს ზედ გადაუფრინონ და თავისუფლადვარდნადი ანუ უმართავი საავიაციო ბომბები ჩამოყარონ ამ ქალაქის თავზე, რადგან უკრაინელი მეზენიტეები აუცილებლად ჩამოაგდებენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ხარკოვის ცაში.
შესაბამისად, ჩნდება ვერსია, რომ რუსული ბომბდამშენი ბელგოროდის თავზე შეთხვევით არ აღმოჩნდა და მის ეკიპაჟსაც შემთხვევით არ ჩამოუგდია ეს ბომბი - საბრძოლო ჩამოგდება მოხდა მიზანმიმართულად სწორედ ამ რაიონიდან, რადგან ეს იყო არა თავისუფლადვარდნადი, არამედ მართვის საჭეებით მოდიფიცირებული საავიაციო ბომბი, რომელსაც 40-50 კმ-ზე პლანირება შეუძლია (დამოკიდებულია ჩამოგდების სიმაღლეზე და სიჩქარეზე) და ეს ორმოცდაათიოდე კმ-ის ფრენა ეყოფოდა უკრაინის ხარკოვამდე მისაღწევად, ისე, რომ ბომბდამშენის ეკიპაჟი უკრაინელი მეზენიტეების სამიზნე არ გამხდარიყო.
მაგრამ უმართავ საავიაციო ბომბზე დამონტაჟებულმა ფრთასხმულობამ და მართვის მექანიზმებმა ეტყობა არ იმუშვა, რის გამოც "დაჭკვიანებული", მაგრამ მართვადაკარგული ეს ბომბი ისევ უმართავად იქცა და ხარკოვისკენ ფრენის გაგრძელებას იქვე, რუსულ ბელგოროდზე ჩამოვარდნა არჩია...
რუსმა ოკუპანტებმა ბოლო ერთი თვეა ძალზე ინტენსიურად დაიწყეს უმართავი საავიციო ბომბების მართვადად გადაკეთება სპეციალური ფრთასხმულობის დამატებით და მათი მასიური გამოყენება უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, რამაც უკრაინის დამცველებს დამატებითი პრობლემები გაუჩინა - მათ არ ყოფნით ძვირადღირებული საზენიტო რაკეტები იმისთვის, რომ ეს თითქმის უფასო (უფასო იმიტომ, რომ რუსეთს საბჭოთა მარაგებიდან დარჩათ ასი ათასობით ასეთი საავიაციო ბომბი) უმართავი ბომბები, გადაკეთებული მართვად საავიაციო ბომბებად, მასიურად ჩამოაგდონ...
ორიოდე კვირის წინ უკვე იყო შემთხვევა, რომ ასე გადაკეთებული საავიაციო ბომბი რუსულ ბომბდამშენს ოკუპირებული დონეცკის სიახლოვესაც ჩამოუვრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსული ტექნოლოგია და სურვილი მიბაძონ ამერიკელებს უმართავის მართვად ბომბებად გადაკეთებისას, დიდი ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავს, რაშიც ყველაზე თვალნათლივ თავად რუსული ბელგოროდის მაცხოვრებლები დარწმუნდნენ...