"ფარდა რომ აიხადა, კახი კავსაძე ცუდად გახდა, შეკრულ მუშტს ირტყამდა გულზე, ეჩხუბებოდა - იმუშავეო" - დღემდე უცნობი ამბები საუკუნის სპექტაკლიდან "მოხუცი ჯამბაზები"
"მათი ყოველი გამოსვლა სცენაზე გმირობას უტოლდებოდა. უმეტესი მათგანი უკვე მძიმედ დაავადებული იყო და თითოეულისთვის სპექტაკლში თამაში "გედის სიმღერას" უდრიდა"
"პირველად ვყვები, სცენის მიღმა რაც ხდებოდა. მაყურებელი, რასაკვირველია, ამ ყველაფერს ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა. იმდენად შემართებით თამაშობდნენ, დაღლა, ტკივილი არავის ეტყობოდა. ესენი იყვნენ უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები და მათთვის სცენაზე დგომა სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...", - იხსენებს რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც საუკუნის სპექტაკლზე უცნობ ამბებს პირველად "კვირის პალიტრასთან" ჰყვება... მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ აღნიშნულ სპექტაკლში საუკუნის ლეგენდები მონაწილეობდნენ...
- ბატონო გოჩა, „მოხუცი ჯამბაზები“ საუკუნის სპექტაკლად შეფასდა... რომ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი...
- ეს იდეა გიზო ჟორდანიას ეკუთვნის... ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრში მივსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, სპექტაკლის დასადგმელად მიწვევდა, იმ პერიოდში თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ.
ბატონმა გიზო ჟორდანიამ მითხრა, საშენო, კარგი პიესა მაქვს, გადახედეო... რონალდ ჰარვუდის პიესა თამაზ გოდერძიშვილის მიერ იყო გადმოქართულებული. გიზო ჟორდანიამ თქვა, ეს პიესა თემურ ჩხეიძემ გადმომიგზავნა, რომ განმეხორციელებინა, მაგრამ ვფიქრობ, საშენოაო... ვინაიდან პიესებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, წასაკითხად ერთი საათიც არ დამჭირდა, სიუჟეტიც მომეწონა და რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა, ფრჩხილებში ეწერა, რეჟისორს შეუძლია დამატებით, მისი ფანტაზიის გათვალისწინებით, ამ მოხუცებულთა სახლში მცხოვრები გმირები შემოიყვანოსო... ამან კიდევ უფრო ინტრიგა გამოიწვია ჩემში და შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ის ავტორია, რომლის პიესის მიხედვით შეიქმნა ჰოლივუდის ძალიან ცნობილი ფილმი - „პიანინო“...
სპექტაკლზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში უნდა განხორციელებულიყო. შემადგენლობა უნდა ყოფილიყო - ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, თამარ სხირტლაძე... აგრეთვე, კიდევ ერთი შემადგენლობა - თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ქეთევან კიკნაძე, გურანდა გაბუნია...
ეს პიესა წარმოებაში ჩაეშვა, მხატვარი - შმაგი სავანელი დანიშნული იყო... მსახიობები გაეცნენ, იყო პატარ-პატარა შენიშვნები დრამატურგიის მიმართ, მაგრამ ეს აბსოლუტურად სამუშაო პროცესი იყო.
ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრში ამ სპექტაკლის განხორციელება შეუძლებელი იყო რეორგანიზაციის დაწყებისა და ტექნიკური შეფერხების გამო. 8 თვეს ველოდებოდი და შემდეგ ბატონმა გიზომ მითხრა, ამ პიესას რამე ვუშველოთო...
- შემდეგ პიესა დასადგმელად რუსთაველის თეატრს შესთავაზეთ?
- ისე მოხდა, რომ, სრულიად უსაქმური, რუსთაველზე მივდიოდი და რობერტ სტურუა თეატრიდან გამოვიდა... მკითხა, რას აკეთებ, ჩვენს თეატრში სპექტაკლს რატომ არ დგამო... ვუპასუხე, რომ თუ არ მიმიწვევდნენ, ვერ დავდგამდი და ამაზე მიპასუხა, მოდი, რამე პიესა მოიტანეო. პიესა უკვე გამზადებული მქონდა, რა თქმა უნდა, ბატონ გიზო ჟორდანიასთან სულ კონტაქტზე ვიყავი და ყველაფერს ვუთანხმებდი.
რა თქმა უნდა, რუსთაველის თეატრში მეორე დღესვე პიესით ხელში მივედი. ერთი ეგზემპლარი ბატონ რობერტს გავუგზავნე და მისი პასუხი იყო, ეს პიესა ვიცი, ძალიან კარგია, როლები გაანაწილეო...
ყველაზე უფროსები იმ დროს მედეა ჩახავა და კარლო საკანდელიძე ბრძანდებოდნენ ... რეპეტიციებზე კარლო საკანდელიძე ჩვეულებრივ დადიოდა, მაგრამ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე შეუძლოდ გახდა. დიდხანს ველოდით, მაგრამ სპექტაკლი ვეღარ ითამაშა, მხოლოდ დასწრება შეძლო...
რეპეტიციები ბევრი მოულოდნელობებით იყო სავსე...
ქალბატონ ზინაიდა კვერენჩხილაძესთან რომ მივედი, იმ პერიოდში მას უკვე თეატრის გაგონებაც აღარ სურდა. ძალიან ხშირად მცხეთის დედათა მონასტერში იყო, იქ თავს ძალიან კარგად გრძნობდა... თეატრს თითქმის ჩამოშორებული იყო ქალბატონი მედეაც, ქალბატონი ზაზა ლებანიძეც...
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში ცოცხალი ლეგენდები მონაწილეობდნენ - კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია, მარინა კახიანი, გულწრფელად გეტყვით, ასეთი რეზონანსული სპექტაკლი თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მეგონა... მე ჩვეულებრივ ვდგამდი და სპექტაკლის რეზონანსულობაზე რომ წინასწარ მეფიქრა, შეიძლებოდა ვერც დამედგა.
ვდგამდი მათი სიყვარულიდან გამომდინარე და ვფიქრობ, საინტერესო ამიტომაც გამოვიდა, იმდენად, რამდენადაც, 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთი შემოსავლიანი სპექტაკლიც იყო და მაყურებლის სიყვარულიც არ დაჰკლებია.
„მოხუცი ჯამბაზების“ ასზე მეტი სპექტაკლი იყო სცენაზე წარმოდგენილი... მეასე სპექტაკლის იუბილე გვქონდა. ეს ძალიან ბევრია, მით უმეტეს, იმ წლებში, როდესაც რამდენიმე თვით გაჩერება გვიწევდა, რადგან ხან ერთი მსახიობი იყო შეუძლოდ, ხან - მეორე და ველოდებოდით. თვითონ სურვილს გამოთქვამდნენ, იქნებ, ჩემ ნაცვლად ვინმე შეიყვანოო, მაგრამ ერთადერთი, ვინც შევიყვანეთ, ისიც ქალბატონი მედეა ჩახავას დიდი თხოვნით, გახლდათ მანანა გამცემლიძე. მედეა ჩახავას სურვილი იყო მისი დუბლი ყოფილიყო და პარალელურად თამაშობდნენ...
იყო შემთხვევები, როდესაც ქუთაისში ან ბათუმში წავიდოდით და თუნდაც ერთი სპექტაკლი ყოფილიყო დაგეგმილი, მანანა გამცემლიძე მაინც ყოველთვის მოდიოდა. ქალბატონი მედეას მოთხოვნა იყო, წნევამ არ ამიწიოს, ცუდად არ გავხდეო და ქალბატონი მანანა სულ თან გვყავდა... არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, ქალბატონ მედეას სცენაზე გასვლა არ შეძლებოდა და მანანა გამცემლიძე ხუმრობდა, რა კარგად ვისვენებო...
როდესაც ქალბატონი მედეა გარდაიცვალა და ეს სამწუხარო ამბავი მოხდა, შემდეგ უკვე ინტენსიურ რეჟიმში უწევდა ქალბატონ მანანას სპექტაკლში თამაში.
- როგორ გახსენდებათ ამ ლეგენდა-მსახიობების ყოველი შეკრება, რეპეტიციები, სპექტაკლების დროს, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა...
- მათი ყოველი გამოსვლა სცენაზე გმირობას უტოლდებოდა. უმეტესი მათგანი უკვე მძიმედ დაავადებული იყო და თითოეულისთვის სპექტაკლში თამაში "გედის სიმღერა" იყო... არასოდეს დამავიწყდება პრემიერის დღე... ბატონი კახი იწყებდა სპექტაკლს, მუსიკა უკვე გაისმა, კახი კავსაძე ჩემს ნიშანზე უნდა შემოსულიყო და ვხედავ, რომ ძალიან ცუდად გახდა, გული გაუხდა ცუდად. წარმოიდგინეთ ფარდა უკვე აწეულია, მე მასთან ვერაფრით მივდივარ და ირგვლივ არავინ არის... მან საკუთარი მარჯვენა ხელის მუშტი მომუჭა, რამდენიმეჯერ გულზე მაგრად დაირტყა და იმუშავე, იმუშავეო - მკაცრი ხმით ეძახდა... ჩემ თვალწინ ადამიანმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და თითქოს არაფერი, სპექტაკლი დაიწყო. მე ამ ყველაფერს გულგახეთქილი ვუყურებდი, მაგრამ მისთვის თითქოს ჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი და არც არაფერი მომხდარა.
ასე იყო ქალბატონი მარინა ჯანაშიაც, რომელიც უმძიმესი ოპერაციების შემდეგ გერმანიიდან დაბრუნდა და ერთ თვეში სპექტაკლის დანიშვნა მოითხოვა, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი... დაჟინებით ითხოვდა, 14 ოპერაციის შემდეგ, მაგრამ თვითონ ისე მთხოვა, უარს ვეღარაფრით ვიტყოდი.
იმავეს ვიტყოდი ყველა მათგანზე... ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები შეექმნებოდათ, ცოტა გამოჯანმრთელდებოდნენ და მყისვე მოდიოდნენ. ყოველი სპექტაკლი მათთვის თითქოს უკანასკნელი იყო, მაყურებლისთვის კი - დიდი ზეიმი... კულისებში ყველა მობილიზებული, მომზადებული ვიყავით, თუ რამ მოხდებოდა, სასწრაფოდ უნდა მოსულიყო ექიმების ბრიგადა...
პირველად ვყვები სცენის მიღმა რაც ხდებოდა. მაყურებელი, რასაკვირველია, ამ ყველაფერს ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა. იმდენად შემართებით თამაშობდნენ, დაღლა, ტკივილი არავის ეტყობოდა. ესენი იყვნენ უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები და მათთვის სცენაზე დგომა სიცოცხლის გახანგრძლივება იყო...
არასოდეს დამავიწყდება, გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა - თემურ ჩხეიძემ მედეა ჩახავას პანაშვიდზე გვერდით როგორ გამიყვანა და მითხრა, მადლობელი ვარ იმ ოთხი წლისათვის, რომელიც დედას აჩუქეო... ამასაც პირველად ვამბობ და ამაზე დიდი მადლობა არც შეიძლება ადამიანს ეთქვა, მით უმეტეს, კარგად ვიცით, ბატონი თემური როგორი ადამიანი ბრძანდებოდა და ეს სიტყვები იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება, თუ რამ მიკეთებია.
არასოდეს მიფიქრია, რომ რამეს ვაკეთებდი. მსიამოვნებდა და უდიდესი პატივი იყო ამხელა ლეგენდებთან ყოფნა... ისინი პატარა ბავშვებივით იწყებდნენ თავიანთი პროფესიის კიდევ ერთხელ გახსენებას, პატარა-პატარა მარგალიტების შექმნას...
რეპეტიციებზე სულ იუმორი, სიცილი, ხალისი, ჩხუბი, გაქცევები იყო... ქალბატონი ზინაიდა უცენზურო სიტყვებს ვერ იტანდა. ბატონ კახის კიდევ ამის გარეშე არ შეეძლო და ქალბატონი ზინასთვის მიუღებელ ანეკდოტს ხმამაღლა მოჰყვებოდა... ამაზე ქალბატონი ზინა გაიქცეოდა, ჯემალ ღაღანიძე კარს ჩაკეტავდა და ასე პატარა ბავშვებივით იყვნენ.
იმდენად დიდი გამოცდილება იყო მათთან ყოფნა, ვამბობდი, ჩინური ხომ არ ვიცი, მაგრამ ჩინეთში რომ გამიშვათ, სპექტაკლს დავდგამ, ენის ცოდნის გარეშეც-მეთქი... მათთან ურთიერთობამ წარმოუდგენლად ბევრი მასწავლა, პირველ რიგში - მოთმინება, რომელიც არ მქონდა, ყურის გდება, მათი აზრის გათვალისწინება, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მორგება. ასე რომ, "მოხუცი ჯამბაზები" ჩემთვის მეორე უნივერსიტეტი იყო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომცა როგორც რეჟისორს.
მათი ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები ამბობდნენ, როგორც კი გამოაცხადებენ და „მოხუცი ჯამბაზები“ დაინიშნება, აღარც წამალი უნდათ, აღარც წნევის აპარატი, ორ-სამ დღეში იმდენად იცვლებიანო... აუცილებლად დამირეკავდნენ, რეპეტიცია როდის გვაქვსო? სპექტაკლის წინ რეპეტიციას აუცილებლად გადიოდნენ.
ბრწყინვალე იყო რუსთაველის თეატრის დამოკიდებულება, ძალიან ეფერებოდნენ ამ დიდოსტატებს, მათთვის ოთახი იყო გამოყოფილი და ყველანაირი კომფორტი შექმნილი - რომ არ ეღელვათ, თავის დროზე მანქანით მომსახურება, მათთვის სასურველ პერიოდში რეპეტიციების დანიშვნა.
- თუ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სპექტაკლი რამე სახით აღადგინოთ?
- როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, ნიკა წულუკიძე მაშინ სრულიად პატარა, სტუდენტი იყო. მას თეატრმცოდნეობაზე, ინსტიტუტში, სადიპლომო უნდა მოემზადებინა და არ იცოდა, რაზე ემუშავა... მას შემთხვევით შევხვდი და შევთავაზე, მოსულიყო და ამ სპექტაკლზე მოემზადებინა, სადაც ამხელა არტისტები მონაწილეობდნენ. ასე რომ, ნიკა რუსთაველის თეატრში პირველად მე მოვიყვანე, ამ მსახიობების გასაცნობად... მაშინვე ეტყობოდა, რა სხარტი გონების ადამიანი იყო, შემდეგ თავისივე კურსელები მოიყვანა და ნიკას, დაახლოებით, 60 საათი აქვს რეპეტიციების გადაღებული...
იდეა გვაქვს, დოკუმენტური ფილმი გავაკეთოთ, თუ რა ხდებოდა კულისებში, როგორ მზადდებოდა საუკუნის სპექტაკლი. ასე თეატრმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა უწოდეს და "მოხუცმა ჯამბაზებმა" დიდი პრიზი აიღო.
(სპეციალურად საიტისთვის)
სპექტაკლი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე