"ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთზე თავდასხმისათვის ემზადება" - Telegraph
ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთზე თავდასხმისათვის ემზადება" (ავტორი - ბობ სილი, პარლამენტის წევრი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რას აკეთებენ ჩრდილოეთის ზღვაში რუსეთის გემები? დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ვარაუდები არსებობდა, ახლა კი ზუსტად ვიცით: ისინი რუკებზე ზღვის აკვატორიაში განლაგებული ქარის ელექტროსადგურების მდებარეობას და წყალქვეშ არსებული მსხვილი საკვანძო ელექტროკაბელების მიმართულებას ნიშნავენ. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: რუსებს სურთ იცოდნენ, თუ სად გაანადგურონ ბრიტანული და ევროპული კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დასავლეთთან სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში.
გამოსაფხიზლებელი სიმართლე ისაა, რომ ჩვენი პოტენციური აღმოსავლელი მოწინააღმდეგეები - რუსეთი და ჩინეთი - უფრო ფართო კონფლიქტისთვის ემზადებიან. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელ წესრიგს საფრთხე ემუქრება. ჩვენი მსოფლიო სულ უფრო მეტად სახიფათო ხდება, ბრიტანეთი კი ამისათვის მზად არ არის.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენი "კოლექტიური პასუხი" კრემლის ამგვარ მოქმედებებზე თვალის დახუჭვა იყო, რომელიც მოსკოვის მიმართ ევროკავშირის ლოიალური დამოკიდებულებითა და რუსული ფულით იყო განპირობებული, მაგრამ უკრაინის ომმა თვალი აგვიხილა: ამ კვირაში ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ოლივერ დაუდენი უპრეცედენტო გაფრთხილებით გამოვიდა და განაცხადა, თუ რა კიბერშეტევების საფრთხე ემუქრება ჩვენს ეროვნულ ინფრასტრუქტურას. თავდაცვის მინისტრსაც, როგორც ყოველთვის, გაბედულება არ აკლდა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია.
ზოგიერთი ჩვენი უახლოესი მოკავშირე - მაგალითად, ისეთი, როგორიც პოლონეთია, თავისი სახმელეთო არმიის უპრეცედენტო ტემპებით განახლებას და გადაიარაღებას ახორციელებს. თუ რაღაც უარესი მოხდება, ისინი მზად იქნებიან ევროპული მიწის დასაცავად, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ზღვის მხრიდან სახიფათოდ დაუცველი რჩება.
რუსეთი ევროპის დაუცველ და მოწყვლად ადგილებს ეძებს. კვების პროდუქტების გარდა, თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ყოველდღიურ მოთხოვნილებას წარმოადგენს ენერგორესურსები და კომუნიკაციები. შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ ფაქტია: წყალქვეშა არტერიები თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ძალიან ცოტა თუ არსებობს. მაგალითად, ჩვენთვის აუცილებელი გაზის რაოდენობის 43%-ის მოწოდება მხოლოდ სამი მილსადენით ხდება. ჩრდილოეთის ზღვაში არსებული ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება ბრიტანეთში და ევროპაში მხოლოდ ხუთი ინტერკონექტორის მეშვეობით ხორციელდება. უფრო მეტია კავშირგაბმულობის კაბელები - სულ 70.
მოკლედ, სიტუაცია ისეთია, რომ ღრმა წყლებში ერთ მცირე დივერსიულ ოპერაციას ჩვენი სამყაროს დაბლოკვა ერთი გასროლის გარეშეც შეუძლია. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ქარის ელექტროსადგურები ენერგეტიკულ უსაფრთხოებას განამტკიცებენო, მაგრამ არავინ ფიქრობდა სამხედრო საფრთხეზე.
ვლადიმერ პუტინი ოცი წლის განმავლობაში უყრიდა საფუძველს არატრადიციული ომის წარმოებას. რუსეთის ამჟამინდელი სამხედრო აზროვნება კონფლიქტს განიხილავს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტების ერთობლიობას - ანუ "ყველაფრის გაერთიანებას" კრემლის მიზნების მისაღწევად. ეს არის ტოტალური ომის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ყველაფერი არის გამოყენებული - დაწყებული კულტურის სფეროთი, კიბერნეტიკის დარგამდე. ეს ნიშნავს, რომ ომის წესები შეიცვალა.
მრავალი წლის განმავლობაში ნათელი იყო, რომ რუსეთის ოფიციალური და არაოფიციალური დაჯგუფებები კრემლის კონტროლქვეშ მოქმედებენ. რუსეთი უკვე დიდი ხანია, სარგებლობს ორგანიზებული დამნაშავეების წარმომადგენლებით თავისი "ჭუჭყიანი" სამუშაოს შესასრულებლად. ისეთი კერძო სამხედრო დაჯგუფებების გამოყენებით, როგორიც "ვაგნერია" (რუსეთის არაოფიციალური იარაღი), სამომავლოდ კრემლის მოქმედება უფრო გააქტიურდება, მასთან ერთად კი ხელისუფლების სამსახურში მყოფი რუსეთის სადაზვერვო-საჯაშუშო სტრუქტურები: საზღვარგარეთ - "საგარეო დაზვერვის სამსახური" (СВР), ქვეყნის შიგნით კონტრდაზვერვის ორგანო - "უშიშროების ფედერალური სამსახური" (ФСБ), სისხლისმსმელი, მაგრამ სხვებზე უფრო აკურატული - გენშტაბის "მთავარი სადაზვერვო სამმართველო" (ГРУ), რომელმაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლა.
ვშიშობ, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე თავდასხმის ვარიანტებს აწყობს. მას შეუძლია ისეთნაირად განახორციელოს ესკალაცია, რომ ნატოს პასუხი არ გამოიწვიოს. როგორ რეაგირებას მოახდენენ დიდი ბრიტანეთი ან ნატოს სხვა წევრები იმ ჩრდილოვანი დაჯგუფებების მოქმედებაზე, რომლებიც კიბერთავდასხმას განახორციელებენ საწვავის საცავებზე, ან წყალქვეშა კაბელებზე და მათ დააზიანებენ? გაეცემათ თუ არა მათ სამხედრო პასუხი, როგორც ეს ადმირალმა ტონი რედაკინმა გასულ წელს განაცხადა? ჩვენ დღემდე არ ვიცით, ვინ მოაწყო საბოტაჟი (დივერსია) "ჩრდილოეთი ნაკადის" მილსადენებზე. შეგვიძლია თუ არა გავრისკოთ და ომი მხოლოდ ეჭვების საფუძველზე დავიწყოთ? ვლადიმერ პუტინმა ეს ყველაფერი კარგად უწყის, [მათ შორის ჩვენი ყოყმანის შესახებაც].
იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ამ დღეებში "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნდა, წყალქვეშა კარტოგრაფირების თაობაზე, მე მოვამზადე წერილობითი კითხვები წყალქვეშა კაბელების დაცვასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ საზღვაო თავდაცვა ისეთ სფეროს წარმოადგენს, რომელშიც ბრიტანეთს ბევრი რამის გაკეთება და, შესაბამისად, ლიდერობა შეუძლია, ჩვენს სკანდინავიელ და ბალტიისპირელ მოკავშირეებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამ რეგიონებში არსებული ყველა სახელმწიფო სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული რუსეთის საზღვაო დივერსიების თავიდან აცილებაში. და რადგანაც ამ მხრივ დიდ ბრიტანეთს უნიკალური ისტორია აქვს, ხოლო ჩვენი სამხედრო-საზღვაო გამოცდილება შეუდარებელია, ამიტომაც სხვებზე, განსაკუთრებით - ჩრდილოევროპელ მოკავშირეებთან შედარებით, უფრო მეტის შესაძლებლობა გვაქვს.
ამ საკითხის მნიშვნელობა უკიდურესად დიდია: მიმდინარე ასწლეული კაცობრიობის ორ სახეს შორის ბრძოლის მოწმე გახდება - ღია საზოგადოებასა (როგორიც ჩვენია, დასავლური, დემოკრატიული) და დახურულს შორის (როგორიც ავტორიტარულია, საკუთარი ხალხის მჩაგვრელი და სხვებისთვის მუქარის წყარო). ეს ის ბრძოლა იქნება, რომელიც ჩვენ არ გვსურს, მაგრამ რომელიც არ უნდა წავაგოთ.
თავის დროზე ვერ შევძელით მსგავსი ტენდენციების შემჩნევა ვერც ჩინეთში და ვერც რუსეთში - სამწუხაროდ, დასავლელი ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ პეკინელი და მოსკოველი მმართველები ჩვენს ხედვებს და ვარაუდებს იზიარებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი სრულიად საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან - ამაში ვლადიმერ პუტინის მოქმედებითაც დავრწმუნდით, რომლის აზრით, ომი არა მარტო შესაძლებელია, არამედ - ფაქტობრივად, აუცილებელიც არის. იყენებს რა თავის სადაზვერვო ხომალდებს ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში, რუსეთის პრეზიდენტი კონფლიქტის გაფართოებით იმუქრება. ჩვენ არ შეგვიძლია მას ამის ნება მივცეთ. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ