"თითქოს პატარაობიდანვე მაპროგრამებდა, რომ წარმატებისთვის მებრძოლა" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა" - კვირის პალიტრა

"თითქოს პატარაობიდანვე მაპროგრამებდა, რომ წარმატებისთვის მებრძოლა" - ნუცა შანშიაშვილის "ახალი ერა"

მომღერალ ნუცა შანშიაშვილის მიერ ნიუ-იორკში, Oceana theater–ში გამართულმა კონცერტმა სახელწოდებით NEW ERA , სრული ანშლაგით ჩაიარა. სიმღერების გარდა, სცენაზე წარმოდგენილი იყო ნუცას ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. როგორც ამბობს, კონცერტისთვის დაახლოებით 1 წელი ემზადებოდა...

მომღერალმა, მსახიობმა და მხატვარმა ჟურნალის "გზა" მკითხველებისთვის არა მხოლოდ კონცერტზე, არამედ შვილზე, ახალ გატაცებაზე, დაუვიწყარ ადამიანებსა და ამბებზე ისაუბრა...

ნიკუშა - ოქროსმედალოსანი კუნ-ფუში...

- ჩემი შვილი - ნიკუშა 10 წლისაა. სათუთად ვეპყრობი და ვცდილობ, ზედმეტად არაფერი დავაძალო, რადგან მახსენდება ჩემი ბავშვობა, როცა თითქოს ენერგიას ვაგროვებდი ჩემში, რათა მერე საჭირო დროს დამეწყო ამ ენერგიის განაწილება ხალხისთვის, ჩემი მსმენელ-მაყურებლისთვის. ნიკაც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, დიპლომატიის მქონე, ჭკვიანი ბავშვია. ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი მის მრავალმხრივ განვითარებას: დადის ფორტეპიანოზე ნინო ლობჟანიძესთან, გიტარას გია ფეიქრიშვილი ასწავლის. დადიოდა ცეკვაზე, რომელსაც თავი დაანება და ახლა კუნ-ფუს ხელოვნებას ეუფლება. სხვათა შორის, ძალიან წარმატებული სპორტსმენია, მხოლოდ წელს 4 ოქროს მედალი აქვს მიღებული და ვფიქრობ, ამ სფეროში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს. ძალიან სენსიტიური ადამიანია. რაც მთავარია, ხომ ამდენ რამეს სწავლობს და ალბათ გაიფიქრეთ, რომ ისიც ხელოვნების ან სპორტის გზას აირჩევს? არა! როცა ვეკითხები, ვინ უნდა გამოხვიდე-მეთქი? მპასუხობს, - ექიმიო. მიხარია, რომ ადამიანობას ირჩევს. ექიმობა იმიტომ უნდა, რომ სხვებს დაეხმაროს, ამაზე ოცნებობს და მე მის არჩევანში არ ჩავერევი, თავისუფლებას მივცემ.

- თავის დროზე მშობლები თქვენს პროფესიულ არჩევანში ჩაერივნენ?

- კი, ჩაერივნენ. უნდოდათ მხატვარი ვყოფილიყავი. არ სურდათ "დაუნდობელ" თეატრალურ სამყაროს შევხებოდი, მაგრამ რაც გიწერია, გარდაუვალია: მხატვარიც ვარ, მომღერალიც და მსახიობიც. ამისთვის მადლობელი ვარ მშობლების. პრინციპში, მათ მაჩუქეს პროფესია, რომელიც არის კოსმოსური - მხატვრობა სულ სხვა სამყაროა.

- წარმოუდგენელია, რომ ოდესღაც საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი იყავით...

- ასე იყო, ზედმეტად არავისთან ვურთიერთობდი, ჩემი სამყარო მქონდა, ჩუმად ვიყავი, სულ რაღაცებზე ვფიქრობდი, ვწერდი. ალბათ ეს სწორი გზა იყო. ცხოვრება ხომ იყოფა გრადაციებად, ნაწილებად და ჯობია, ნიჭი გამოიყენო ზრდასრულმა, ვიდრე პატარაობიდანვე დაიწყო ენერგიის ხარჯვა. თუმცაღა, ყველას თავისი გზა და ინდივიდუალური არჩევანი აქვს.

ახალი გატაცება

- როგორც მითხარით, კუნ-ფუზე თქვენც დადიხართ. ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ძალიან მიყვარს იაპონური, ჩინური, ინდური კულტურა და საერთოდაც, რაც ამ დედამიწაზე საინტერესო და მისტიკური არსებობს, ვცდილობ, ყველაფერი შევისწავლო.

სხვათა შორის, კონცერტის დღეს ძალიან გამახარა ჩემმა პედაგოგმა, რომელიც კუნ-ფუს მასწავლის - პეგი ჩუ ჩემს კონცერტს დაესწრო და თანაც, ძალიან ძვირფასი ნეფრიტის დრაკონით დამასაჩუქრა, თან მითხრა: ასეთივე დრაკონი ხარ სცენაზეო (იღიმის).

მშობლები...

- დედა უნიკალური მსახიობი, პროფესორი, დოცენტი, სასცენო მეტყველების დოქტორი - მზია მაღლაკელიძეა, რომლის მონაწილეობით გადაღებული ფილმი (მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", სადაც მზია მთავარ როლს თამაშობს) ნიურეალიზმის მსოფლიო შედევრების, მაგალითად, ჩარლი ჩაპლინის გვერდით დევს.

მამა უნიკალური მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილი გახლდათ, რომლის სახლ-მუზეუმიც ავაშენე. იგი იყო გენიალური პიროვნება და ვამაყობ, რომ ასეთი ხალხის გაზრდილი ვარ.

მოსწავლეობის ხანა

- ძალიან წყნარი მოსწავლე გახლდით და ვერც "ხუთოსნობით" დავიტრაბახებ. მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში "ვჭედავდი". სამაგიეროდ, ხელოვნება და ლიტერატურა ყოველთვის მაინტერესებდა.

მშობლები ძალიან მკაცრებიც არ იყვნენ, მაგრამ განვითარების ყველანაირ საშუალებას მაძლევდნენ: ცეკვა, ხატვა, სპორტი...

კითხვაზე, თუ როგორი იყო ჩემი თაობა? ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგცემთ. მაშინ ბევრი აკრძალვა გვქონდა. არ იყო ამდენი ინფორმაციული თავისუფლება. ახლა ბავშვები რომ იბადებიან, ლამის სამშობიაროდ ტელეფონით ხელში გამოდიან. ამიტომ სხვანაირები არიან ინფორმაციული განვითარების მიხედვით, თორემ სულიერი ადამიანი მუდამ გამოირჩეოდა და გამოირჩევა თავისი სულიერებით, ხოლო უსულო, ვისაც პლასტმასის ტვინი და ემოციები ჰქონდა, მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან.

- ჩაცმის როგორი სტილი გქონდათ?

- ყოველთვის მიყვარდა ჯინსი და ახლაც მიყვარს. ასევე, ბავშვობაში ვგიჟდებოდი კედებზე, ე.წ. კაზაჩოკებზე. სხვათა შორის, ახლაც იმ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რაც თინეიჯერობაში მომწონდა.

- ალბათ პატარაობისას თქვენც ოცნებობდით რომელიმე მსახიობთან, მომღერალთან ერთად სცენაზე დამდგარიყავით...

- რა თქმა უნდა, მსგავს რამეებზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ ეს სურვილი ვერ ამიხდა იმ მიზეზის გამო, რომ ელა ფიცჯერალდი ცოცხალი აღარ არის; სცენაზე მასთან ერთად სიმღერა კი არა, მის კონცერტზე დასწრება და მისი ცოცხლად მოსმენა იქნებოდა საოცრება, მაგრამ ვერ მოხერხდა. ასევე, ჯეიმს ბრაუნი უბრალოდ, ჩემი სიყვარულია და სამწუხაროდ, ვერც მის კონცერტს დავესწარი...

უნიკალური პიროვნება, ვისაც განგებამ შემახვედრა და ვინც პირადად მე დამიწერა მუსიკა და მე დავწერე მის ამ მუსიკაზე სიტყვები და სხვათა შორის, ეს იყო მისი ბოლო ნამუშევარი - ალექსანდრე ბასილაიაა. დიდებული ადამიანი გახლდათ. და ზუსტად ახლა ხელთ მაქვს ქართული ტექსტი, რომელსაც აუცილებლად ვიმღერებ ჩემს მომდევნო კონცერტზე - ეს ალექსანდრე ბასილაიას უძლიერესი სიმღერაა, რომელიც ხალხის გულამდე მივა.

ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება

- ყველა დიდ ადამიანთან შეხება უნიკალური და დაუვიწყარია, მაგრამ პირველ რიგში დავასახელებ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანის - ეს ჩემი ბებია იყო - ანნა ფხალაძე, რომელმაც ჩემს სულში შემოიტანა სინათლე ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი. მან ჩამინერგა, რომ დასახული მიზნისთვის აუცილებლად უნდა მიმეღწია. მეუბნებოდა: შენ ისეთი შუბლი გაქვს, ყველაფერს გაიტან და გაანგრევ, შენსას მიაღწევო. თითქოს პატარაობიდანვე მაპროგრამებდა, რომ წარმატებისთვის მებრძოლა.

ასევე გავიხსენებ რომან ვიკტიუკს, რომელიც ცოცხალი აღარ არის და რომელმაც შემქმნა, როგორც მსახიობი. ის გახლდათ უკრაინელი უდიდესი რეჟისორი, რომელმაც წარმადგინა საზოგადოების წინაშე. მის გარეშე ვერ შევდგებოდი ისეთ არტისტად, როგორიც დღეს ვარ.

დაუვიწყარი ამბავი

- ვიკტიუკის რეპეტიციები იყო დაუვიწყარი. თითოეული რეპეტიცია იყო შოუ, სიყვარულის ახსნა, ჩხუბი. განშორება, ტკივილი, სიხარული და ისევ თავიდან შეხვედრა. ეს ყველაზე ძვირფასი მომენტები, ერთ-ერთი უძვირფასესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.

ასევე დაუვიწყარი იყო ურთიერთობა შოუმენ ბორის მოისეევთან, რომელიც ასევე არ არის ცოცხალი, მაგრამ მან შოუბიზნესში დამაყენა გზაზე. მაკანკალებდა, ისე მეშინოდა სცენაზე გასვლის და სიმღერის, მან კი შემაგულიანა: გადი ახლა და თქვი, რომ აი, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, მე უნდა გაჩუქოთ ჩემი პირველი სიმღერაო... ეს წუთები სულ გამახსოვრდება არტისტს და მთელი ცხოვრება მოგყვება.

პირველი გასვლა საზღვრებს მიღმა...

- აუ, პირველი იყო საოცრება, რუსეთში მცხოვრებ არალეგალ ქართველს პასპორტში ჩამირტყეს ამერიკის ვიზა. ნიუ-იორკის კონკურსზე წარვადგინე საქართველო და იმის მერე, 1995 წელს რომ მივიღე ამერიკის "მწვანე გზა", ამ ქვეყანაში უკვე ყველა გზა ხსნილი მქონდა.

- როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით ამერიკიდან?

- ამ ქვეყანაზე შეყვარებული და ქალაქ ნიუ-იორკზე გაგიჟებული დავბრუნდი შინ.

პირველი და ყველაზე დიდი წარმატება

- ისევ დავასახელებ შეხვედრას რომან ვიკტიუკთან და სპექტაკლს მიძღვნილს დიდებული ედიტ პიაფისთვის. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში...

"ახალი ერა"

- კონცერტის დასაწყისში მაყურებელს უჩვენეთ ნახატებით აწყობილი ფილმი...

- დიახ, ეს არის ფილმი, აწყობილი ჩემი ნახატებით, რომელიც ახლო მომავალში ბერლინის კინოფესტივალზე გაიგზავნება, როგორც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ვფიქრობ, ძალიან ლამაზადაა გაკეთებული, ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის და საერთოდაც, ყველაფერში ძალიან მეხმარება ჩემი ბიზნესპარტნიორი, ასაკით პატარა, მაგრამ ნიჭიერი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ჩვენ ეს ფილმი ერთად ავაწყვეთ...

- რატომ "ახალი ერა"?

- კოვიდპანდემიის მერე, ვფიქრობ, სამყარო ახალი განვითარების ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, კონცერტში სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავი მონაწილეობდა - ეს ერთგვარი მინიშნებაცაა იმის, რომ მომავალში მთელი სამყარო სიყვარულით გავერთიანდებით და ეს გარდაუვალია! ახლა კაცობრიობა ძალიან რთულ გზას გადის, მაგრამ მოვა დრო, როცა მივალთ სწორ გლობალიზაციამდე და არა ისეთამდე, რისიც ხალხს ეშინია, თითქოს რაღაც კონკრეტულმა ჯგუფმა უნდა გაგვაერთიანოს და დაგვიმონოს. ასეთს - არა, მაგრამ სწორ გლობალიზაციას ვემხრობი, როცა ერთმანეთის სიყვარულში გაერთიანდება მთელი კაცობრიობა და პირველი რიგში, ამას ეძღვნებოდა ჩემი პერფორმანსი.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო, შთამბეჭდავი იყო ახლებურად შესრულებული "ჰავა ნაგილა", სადაც მინდოდა ბიბლიური თემის - როცა მოსემ ებრაელი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა - ტრაგიზმი და ფილოსოფია გადმომეცა და მგონი, გამოვიდა... კონცერტი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი, რომ არა ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ: ალექსანდრე ზაზარაშვილი; ჯაზვარსკვლავები - Yaacov Mayman jazz band. იცით, როგორ ვარსკვლავებზეა ლაპარაკი? ფორტეპიანო - რუსლან აგაბაბაევი, უნიკალური დრამერი ალექსანდრა მეიმანი (მოგილევიჩი), ბასი - ოლეგ ოსენკოვი, საყვირი - გილ ექსელი, საქსოფონი - იაკოვ მეიმანი, გიტარა - ჩვენი ქართველი ლეგენდა გია ფეიქრიშვილი. ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მევიოლინე და კარგი ადამიანი სალომე ლომიძე;

კოსტიუმებზე იმუშავა ცნობილმა დიზაინერმა იამამოტომ. სამოსი იყო ზუსტად მორგებული და მმუხტავდა იმ ემოციით, რაც მჭირდებოდა. კონცერტში ასევე მონაწილეობდა ბალეტის დივა მანო მიქაძე, რომელმაც დაამშვენა სიმღერა "ტანგო". მიქსი გავაკეთე არგენტინული ტანგოსა და ქართული ემოციური თემატიკის დახმარებით. როცა ამ სიმღერას ვასრულებდი, წითელი სამოსი მეცვა, მანოს - ყვითელი. ჩვენი ნომერი უკრაინისა და რუსეთის ბრძოლას ჰგავდა, საბოლოოდ მანო "მაგდებს" და ფეხს მადებს, მერე კი ისეთ პოზას იღებს, როგორსაც გამარჯვებული არწივი.

აი, ასეთი, სანახაობებით დახუნძლული, ძალიან ემოციური კონცერტი გაიმართა...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"