"დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ჩემი სტილი არ არის"
"საქმის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს. ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა? ყოველთვის ზუსტად აცნობიერებს, რა შემთხვევაში უნდა დათმოს და რა შემთხვევაში სცადოს სიჯიუტით ფონს გასვლა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობ ნათია კვაშალის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგთან პირადი ჰოროსკოპის შესადგენად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ინტერესი ამ სფეროს მიმართ მაქვს და პერიოდულად ჩემი ნიშნის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში ვიჭყიტები. ვთვლი, რომ ტიპური სასწორი ვარ.
- მერყევი ხასიათით?
- ძალიან მერყევი ხასიათით. ეს უმეტეს შემთხვევაში, ყოველდღიურობაში უფრო ვლინდება, ვიდრე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ხელს მიშლის, მარტივ რამეზე "ვყანყალებ".
- პრობლემას უწოდებ?
- პრობლემაა მერყევი ხასიათი. როცა იმაზეც კი ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, მაღაზიაში წავიდე თუ შინ დავრჩე და დავიძინო? როცა ესეც კი მსჯელობის საგანი ხდება, რა თქმა უნდა, დამღლელია.
- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"
- ასეა, ზოგადად ცნობისმოყვარე ვარ.
- ამ შეკითხვებს სხვებს უფრო ხშირად უსვამ თუ საკუთარ თავს?
- საკუთარ თავს.
- "მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება".
- რისკზე მარტივად არ მივდივარ. მსჯელობა, ფიქრი, გაჭრამდე ასჯერ გაზომვა უფრო ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, ძალიან გაუბედავი ვარ-მეთქი, ასეც არ არის.
- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".
- გულუბრყვილო შეიძლება ვარ, მაგრამ ადვილად მიმნდობი - ნაკლებად. სასწორებზეა ნათქვამი: "რკინის ხელი ხავერდის ხელთათმანში", - ეს გამონათქვამი ძალიან "მგავს". შიგნიდან ძლიერი ვარ, მაგრამ გარედან ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ვტოვებ.
- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის კეთების დროს აჩქარება არ უყვარს".
- მოუსვენარი არ ვარ, არც ერთ ადგილზე გაჩერება არ მიჭირს, მით უმეტეს, თუ იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემიძლია ძალიან დიდი ხნით ვიყო.
- "ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია".
- ძაღლზე, ბავშვზე, ცოლზე, ქმარზე - ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის და იმედი მაქვს, სულ ასე ვიქნები. ძალადობის ვერანაირ ფორმას ვერასდროს შევურიგდები.
- "საქმის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლის და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".
- ამ ყველაფრის ოსტატი ვარ (იცინის). ძალიან მშვიდი გახლავართ, გაწონასწორებულიც. წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა ძალიან რთულია, მიზნამდე ყოველთვის ნაფიქრი ნაბიჯებით, მშვიდად მივიწევ; დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ჩემი სტილი ნამდვილად არ არის.
- ეს თანდაყოლილი თვისებებია, თუ დროთა განმავლობაში გამოიმუშავე?
- თანდაყოლილია. ასეთი დავიბადე, ამ მიმართულებით ჩემზე არასდროს მიმუშავია. ოჯახში ყოველთვის მშვიდობის მტრედს მეძახდნენ.
- "ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს".
- აი, ეს ჰარმონია ჩემთვის სიმშვიდეა. სულ ვცდილობ, შინაგანი ჰარმონია არავინ დამირღვიოს, მოვერიდო ყოველგვარ კონფლიქტს, ისტერიკებს.
- დინების საწინააღმდეგოდ არასდროს გიცურია?
- შეიძლება მცდელობა მქონია, მაგრამ ძალიან მალე უკან, ჩვეულ მდგომარეობაში მოვბრუნებულვარ.
- "მას უყვარს ადამიანები და არა ხალხმრავლობა".
- ტყუილია, ორივე მიყვარს.
- რამდენად გაქვს უნარი, სხვები საკუთარი აზრის სისწორეში დაარწმუნო?
- სულ ვცდილობ, ადამიანების სულში ხელი არ ვაფათურო. ვინმე რჩევას თუ მკითხავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაძლევ თავს უფლებას, რაღაც ვურჩიო. მეგობრები და ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ კარგი რჩევების მიცემა ვიცი და ამისთვის ხშირად მომმართავენ. მაინც მგონია, რომ ადამიანებზე გარკვეულ გავლენას ვახდენ, იმედია - დადებითს.
- "ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ, მისი გულის მოგება უმნიშვნელო კომპლიმენტითაც კი შესაძლებელია".
- კომპლიმენტი ყველას სიამოვნებს. ჩემი გულის მოგება ისედაც მარტივია, ცოტა მახარებს.
- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენის რისხვა ხანმოკლეა".
- თუ წონასწორობა დავკარგე, მერე დამშვიდება ძალიან მიჭირს. "ცხვარი ცხვარიაო და თუ გაცხარდა, ცხარეა", - ეს ჩემზეა ნათქვამი.
- მიზნამდე არაკეთილსინდისიერი გზით მისვლა გიცდია?
- არასდროს. მე ვარ ადამიანი, ვინც ყოველთვის ითვალისწინებს სხვების ფაქტორს, შეიძლება ეს იყოს დედა, მეუღლე, შვილი, საკუთარი თავი... არასდროს არავისზე გადაბიჯებით, დაჩაგვრით წინ არ წავსულვარ.
- სხვის აზრს ხშირად ითვალისწინებ?
- ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელთა აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან ზუსტად ვიცი, მათი რჩევა-დარიგება ჩემს სასიკეთოდ არის გათვლილი.
- "შეყვარებული ცხენი გულის სწორის გამო ბევრ დათმობაზე წამსვლელია".
- ნამდვილად ასეა. სიმშვიდისა და ჰარმონიის ხარჯზე ხშირად ადამიანებს ვერგები. რა თქმა უნდა, ის ადამიანი ჩემთვის ძვირფასი უნდა იყოს.
- "თავი გამუდმებით ახალი იდეებით აქვს სავსე".
- სულ ვცდილობ, რაღაც ახალი მოვიფიქრო, რომ მეტად განვვითარდე და სულ ერთ ადგილზე არ ვიყო. ისეთი პროფესია მაქვს, სულ ჩართული თუ არ ხარ, ფორმიდან შეიძლება მარტივად ამოვარდე და მერე ძნელია იმავე ადგილიდან გააგრძელო.
- "სიცოცხლით სავსე და ენერგიული ცხენი მეგობრული შეკრებების ერთ-ერთი მთავარი გმირია".
- დღეს საღამოს, ჩემი ინიციატივით, დიდი ხნის უნახავი ჯგუფელები ვიკრიბებით. მსგავსი საღამოები მიყვარს. რადგან ორგანიზებას ვუკეთებ, "მთავარი გმირიც" მე გამოვდივარ. სახლშიც ყოველთვის ბევრი სტუმარი მყავს და თავადაც ხშირად ვარ სხვების სტუმარი.
- საკუთარი თავი სიხარბესა და ქედმაღლობაში გამოგიჭერია?
- არა, გულწრფელად გეტყვი, ქედმაღლურად არავის ვუყურებ, სიხარბეც არ არის ჩემს ხასიათში.
- "უყვარს მოგზაურობა, ახალ-ახალი თავგადასავლები".
- ძალიან მიყვარს ახალი ქვეყნების, ქალაქების მონახულება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი მყავს, მე და ჩემი მეუღლე პერიოდულად მოგზაურობას მაინც ვახერხებთ. იმისთვის ვშრომობ, რომ ის რესურსი, რომელსაც გამოვიმუშავებ, მოგზაურობას დავუთმო. ეს წარმოუდგენლად საინტერესო თავგადასავლებია.
- "მას ჰაერივით სჭირდება ახლობლების თანადგომა, ძალიან იტანჯება მისთვის თუ არავის სცალია".
- როცა ცუდად ვარ, არასდროს არაფრის მეშინია, რადგან ვიცი, ახლობლები ყოველთვის და ყველა სიტუაციაში ჩემ გვერდით იქნებიან.
- იმპულსური ხარ?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ვარ. ემოციების მართვაში მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება მეხმარება.
- "ის არასდროს წუწუნებს. კმაყოფილდება იმით, რაც აქვს".
- მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. მყავს კარგი ოჯახი, მეგობრები. ხანდახან წუწუნი შეიძლება შემომეპაროს, მაგრამ სულ წუწუნა არ ვარ.
- "სერიოზული მტერი იშვიათად ჰყავს, მაგრამ მის მიმართ შურის გრძნობა ბევრს უჩნდება".
- ეს არ შემინიშნავს, რადგან ასეთ ადამიანებთან არ ვურთიერთობ. ვისაც ჩემი კარგი არ უხარია, ის ჩემიანი ვერ იქნება. შური მართლა არავისგან მიგრძნია.
- "დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოვა. სიტუაციას მშვიდ დინებაზე უშვებს, მაგრამ რაღაც არახელსაყრელი თუ ხდება, გამოფხიზლებას დროულად ახერხებს".
- ასე არ არის, ძალიან ხშირად მეშინია, რომ არ გამომივა. ადამიანი მთელი გულით რასაც ინდომებს, ის აუცილებლად გამოდის. ეს რწმენა საწყის ეტაპზე ყოველთვის არ მაქვს, ზოგჯერ ძალიან დიდ სისულელეზეც მინერვიულია. გამოფხიზლებას რაც შეეხება, უმეტეს შემთხვევაში, დროულად ვრეაგირებ.
- "ყოველთვის ზუსტად აცნობიერებს, რა შემთხვევაში უნდა დათმოს და რა შემთხვევაში სცადოს სიჯიუტით ფონს გასვლა".
- ჯიუტი ვარ, ძალიან ჯიუტი.
- და რა დროს წახვიდე დათმობაზე, ამას შინაგანი ხმა გკარნახობს?
- არ ვიცი, ესეც როგორ გამომდის. მეგობრები მეუბნებიან, ჯიუტი ნუ ხარ, ახლა მაგ ვირიდან ჩამოდიო (იცინის).
- ნათია, შენი პერსონაჟის ცხოვრება საინტერესოდ განვითარდა, მის გარშემო ასეთ ამბებს რამდენად ელოდი?
- ძალიან მიხარია, ასე თუ ფიქრობ. შვილის გაჩენის და პანდემიის გამო, დიდი ხნით პაუზა გამომივიდა. ამიტომ, როცა გადასაღებ მოედანზე კამერის წინ დავდექი, საშინლად ვნერვიულობდი, რა როგორ გამომივიდოდა. ამ პერსონაჟში დიდი ენერგია ჩავდე.
- რამდენად რთულია ლესბოსელი გოგოს თამაში?
- რთულია. ეს არის გოგო, რომელიც არ მგავს: არის სხვა ორიენტაციის, არის ძალიან ხისტი, პირდაპირი, უხეში, პრინციპული... არავინ სჭირდება გვერდით, ვინც მას ვერ იღებს. ამის გათავისება მარტივი არ იყო, მაგრამ ვეცადე.
- ეკასთან რაიმე მსგავსებას პოულობ?
- მეც მასავით არანორმალურად მიყვარს მეგობრები და მათ დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ეკას ცხოვრებაში.
- მაყურებლის რეაქცია, გამოხატული ემოცია როგორია?
- ზოგჯერ ეკას მეძახიან. ყველაზე სასაცილო იყო ერთი კომენტარი, ვიღაც წერდა: ამ გოგოს ქმარი და შვილი ჰყავს და ლესბოსელი როგორ არისო?..
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"