პროცედურული ომი ანუ რატომ იცავს მოსამართლეებს საპარლამენტო უმრავლესობა?!
შეიძლება ითქვას, საქართველოს პარლამენტი მეტად უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა - გასულ კვირას მმართველი ძალის დეპუტაციამ ე.წ. პროცედურული ომი გამოაცხადა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად სამჯერ არ დარეგისტრირდნენ სხდომაზე. კვორუმის არარსებობის გამო კი პროცედურულად კენჭისყრაზე ვერ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ამისთვის აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 კაცს). ლაპარაკია პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ინიცირებულ დადგენილების პროექტზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტში "რეფორმების ჯგუფმა" წარადგინა. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმაა საჭირო, რაც ოპოზიციას სამივეჯერ ჰქონდა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრების აზრი ერთმანეთს დაემთხვა. რატომ უფრთხის კომისიის შექმნას ხელისუფლება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს საპარლამენტო უმრავლესობის ბოიკოტი, ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- რაც თავი მახსოვს, სასამართლო სისტემა ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო. აღმასრულებელი ხელისუფლებები მუდმივად ცდილობდნენ დაემორჩილებინათ როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო სისტემა. კარგად გვახსოვს, წინა ხელისუფლებების დროს რაც ტრიალებდა სასამართლო სისტემაში. "ქართულმა ოცნებამ" არათუ რამე შეცვალა, სრულად გადმოიბარა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი სასამართლო სისტემა და კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილა.
დღეს ეს სისტემა თითქოს ნაკლებად მონაწილეობს პოლიტიკაში, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, რეალურად კი შიგნით ძალიან დიდი პრობლემებია. სახელისუფლებო ვერტიკალი კვლავაც შენარჩუნებულია - აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უსიტყვოდ ემორჩილება როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო. კომისიის შექმნა ხელისუფლებას უპირველესად იმიტომ აშინებს, რომ შეიძლება სააშკარაოზე გამოვიდეს ისეთი ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მაგალითად, კლანის ქმედებებს გააშიშვლებს. ჩემი აზრით, "ქართული ოცნებისთვის" დიდწილად სწორედ ამიტომ არის მისი შექმნა მიუღებელი. ხელისუფლებამ იცის, ყოველთვის აქვს იმის გარანტია, რომ მოსამართლეების უმეტესობა უსიტყვოდ გაატარებს სახელისუფლებო ინტერესებს. ამიტომაც იცავენ მათ ასეთი გააფთრებით.
გარდა ამისა, ავტორიტარული რეჟიმები უკან დახევასა და დათმობაში ყოველთვის დიდ საფრთხეს ხედავენ. ცხადად ჩანს, რომ 7-8 მარტის ამბები მმართველმა გუნდმა ვერ მოინელა. ფიქრობენ, რომ ამ მოვლენებით და უკან დახევით დიდი დარტყმა მიიღეს. ხედავენ, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი ძალიან შეირყა და მისი ეროზია შიგნიდან დაიწყო. აი, ამ პროცესების უფრო გააქტიურების ეშინიათ. მათ კიდევ უფრო კარგად იციან, რა ხდება სახელისუფლებო შტოებს შორის, რა ბზარები გაჩნდა. დიდი ალბათობით, ბიუროკრატიის ნაწილი, რომელიც აქამდე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა, დღეს არცთუ ისე საიმედოა. თუ ხელისუფლება უარს იტყოდა მოსამართლეების დაცვაზე, მისი ჩამოშლა გაგრძელდებოდა. ამიტომ იძულებულია დაიცვას ყველა, რადგან ნებისმიერი კომპრომისი მას უკან დახევად ეთვლება არა მარტო ამომრჩევლის თვალში, არამედ შიდასახელისუფლებო სისტემაშიც.
სახელისუფლებო სისტემაში კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს, მათ შორის საზოგადოებრივი განწყობები, რაც აშკარად აღარ არის ხელისუფლების სასარგებლო. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნა შიდა რღვევას უფრო გააძლიერებს და ეწინააღმდეგებიან როგორც შეუძლიათ.…
სხვათა შორის, თუ გაიხსენებთ, ხელისუფლებას მოსამართლეებმა კი არ სთხოვეს, პირდაპირ მოსთხოვეს, დაგვიცავითო... შეიძლება ითქვას, პრემიერს ლამის განკარგულება მისცეს, გამოდი და რამე თქვიო. საბოლოოდ "ქართული ოცნება" წავიდა იმაზე, რომ სადამდეც დასჭირდება, ჩაშალოს კენჭისყრა და დაელოდოს იმ დროს, როდესაც დარბაზში არ იქნება 50 ოპოზიციონერი დეპუტატი, რის შემდეგაც შეძლებს საკითხის ჩაგდებას.
ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეუძლია გააკეთოს, ის არის, რომ სასესიო პერიოდში მუდმივად იყოს დარბაზში 50 ოპოზიციონერი დეპუტატი. რასაც ახლა სახელისუფლებო გუნდი აკეთებს, ამას პარლამენტის ბოიკოტირება ჰქვია, რაც ნონსენსია, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მოსულა. არ ვიცი, ამას რამდენ ხანს გააგრძელებენ. ამის გამო შესაძლოა საპარლამენტო კრიზისამდე მივიდეს საქმე. ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში მარტო ამ საგამოძიებო კომისიის საკითხი ხომ არ არის გადასაწყვეტი? ოპოზიციამ მაქსიმალურად დიდხანს უნდა ამყოფოს სახელისუფლებო პარტია ბოიკოტის რეჟიმში. რაც დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და უარესი მმართველი ძალისთვის. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაცილებით ქმედუნარიანი იქნება, ვიდრე მიტინგების გამართვა. ხელისუფლება ამგვარი მოქცევით ვითომ იცავს "დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას", არადა, რეალურად სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენ მოსამართლეებს აფარებს ხელს; იმ სააკაშვილის, რომელიც ახლა ციხეში ჰყავთ, რაც კიდევ ერთი აბსურდია.
- თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამ პროცესს? აქვე გავიხსენებ, გასულ კვირას ვებგვერდმა Aმბები.გე გამოაქვეყნა ინტერვიუ სანდრო გირგვლიანის მამასთან. გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ იმ პირებმა, რომელთა შვილები სააკაშვილის რეჟიმმა შეიწირა, ჯერაც ვერ იპოვეს სამართალი. "2015 წლის შემდეგ, რაც მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. ჩემმა ცოლმა იმდენი იბრძოლა, იმაზე მაქსიმალურს დღეს და ვერც მაშინ ვერავინ გააკეთებდა (რა თქმა უნდა, გვერდში მდგომ ხალხთან ერთად). სანდროს საქმემ გადაიყოლა ის ხელისუფლება. ირინამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღევანდელობა უკეთესი ყოფილიყო. გვინდოდა, მაგრამ... ეს პოლიტიკაა", - ამბობს ის.
- გაგახსენებთ, რომ ამ ხელისუფლების გარიჟრაჟზე, როდესაც იმჟამინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მურუსიძეს შეხვდა, განაცხადა, ეს მოსამართლეები რეჟიმის მსხვერპლი არიან, ახლა მათ შანსი უნდა მივცეთ და ერთბაშად კარგი მოსამართლეები გახდებიანო. ამან საზოგადოების ნაწილის პროტესტი კი გამოიწვია, მაგრამ არა მასშტაბური. საქმე ისაა, რომ იმჟამად "ქართული ოცნების" საყრდენი მოსახლეობა იყო. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა მმართველ ძალას, ივანიშვილის სანდოობა კი, როგორც თვითონ გვეუბნებოდა ხოლმე, "ჭარბი" იყო. ამიტომაც იმჟამად კი ჩაითვალა, რომ სწორი ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ეს კატასტროფად არავინ მიიჩნია. დაახლოებით ასეთი განწყობა იყო, თუ ყველაფერი კარგად წავა, ჯანდაბას, მურუსიძეს როგორმე ავიტანთო.
დღეს კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა - ივანიშვილს ჭარბი ნდობა კი არა, რა პოლიტიკური რეიტინგი შერჩა, არავინ იცის. ძალიან დაბალია "ქართული ოცნების" რეიტინგიც. წინამორბედი ხელისუფლებების მსგავსად, "ქართული ოცნების" საყრდენადაც ძალოვანი სტრუქტურებია. როგორც წესი, ბოლო მომენტში, როდესაც ხელისუფლება კარგავს ნდობას, მისი საყრდენია ის ვერტიკალი, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, და ძალოვანი სტრუქტურები. "ქართულმა ოცნებამ" ისე გაანიავა საზოგადოების მხარდაჭერა, რომ დღეს უარიც რომ თქვას მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებაზე, ეს მის რეიტინგს ვეღარ გაზრდის, ამას მშვენივრად ხვდებიან, ამიტომაც საზოგადოების განწყობა აღარ აინტერესებთ. ახლა ცდილობენ მონოლითად აქციონ სახელისუფლებო ვერტიკალი, თავისი მოსამართლეებით, და დაიცვან ბოლომდე, რათა მისი რყევა როგორმე აიცილონ თავიდან. ჩვენი საზოგადოება ხომ პორტირების ჩემპიონია, საკმარისია დაინახოს, რომ "ოცნება" ძალაუფლებას კარგავს და ძალის ახალი ცენტრი ჩნდება, რომ პოლიტიკური ელიტის თუ ბიუროკრატიის დიდი ნაწილი ისკუპებს "ქართული ოცნებიდან". მე შენ გეტყვი, ვინმეს ზნეობრივი პრინციპები შეაწუხებს. "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ამის ეშინია.
როგორც უკვე ვთქვით, ავტორიტარული სისტემა კომპრომისებს ვერ იტანს. ეს ეგრევე იწვევს მის ეროზიას. მაგრამ შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ამჟამინდელი ხელისუფლება მუდმივად უშვებდა და უშვებს ერთ შეცდომას - არაფრით არ სურთ გაიგონ, რომ ეროზიას მარტო კომპრომისები არ იწვევს. ამას იწვევს უპირველესად ის გარემო, რაც ქვეყანაშია.
დღეს რომც არ იყოს მოსამართლეების თემა გააქტიურებული, საზოგადოების დიდი უმრავლესობა იმდენად ნეგატიურად არის განწყობილი მმართველი ძალის მიმართ, რომ შეუძლებელია ეს ამ ვერტიკალზე არ ახდენდეს გავლენას. აი, ამიტომაც ვერ ამბობს უარს ხელისუფლება მოსამართლეების დაცვასა და ამგვარ აბსურდულ, გაუგონარ ნაბიჯებზე - სახელისუფლებო ძალა ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მის პარალიზებას იწვევს. უარესიც გვახსოვს, მაგალითად, იყო მომენტი ჩვენს უახლეს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებამ საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა საზოგადოებას. მას მერე 30 წელიწადი გავიდა და ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით.…
- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსაც შევეხოთ. თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის პოლიტიკური გააქტიურება, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთ დარტყმად იქცა ოპოზიციური ფლანგისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბი-ბი-სის საგამოძიებო ფილმი ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე. მართალია, კეზერაშვილის ამ დანაშაულებრივ სქემასთან კავშირი სასამართლომ უნდა დაადასტუროს, თუმცა ხელისუფლებისთვის ეს, ფაქტობრივად, დადასტურებული ფაქტია. მას "ბიუჯეტის ქურდსა" და "თაღლითს" უწოდებენ და ამაზე განუწყვეტელი ლაპარაკით მშვენივრად ახერხებენ როგორც მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას, ასევე ლამის ყველა ოპოზიციური ძალისთვის კეზერაშვილთან თანამშრომლობის წამოძახებას. ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ კეზერაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეანიმირებით ყველაზე მეტად მმართველი გუნდია დაინტერესებული.
- რაღა დაგიმალოთ და, კეზერაშვილის ხელისუფლებასთან რაღაც ტიპის თანამშრომლობის ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. ეს ქოლცენტრების თემა ძალიან საინტერესოა. როგორც ირკვევა, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ფუნქციონირებდა საქართველოშიც და შეუძლებელია ეს ხელისუფლებას არ სცოდნოდა. თუ ამ თაღლითობასთან კავშირშია კეზერაშვილი, მაშინ რატომ დროულად არ გამოიძიეს საქმე?
აქვე გეტყვით ბარემ - არა მგონია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემთხვევით წამოსწიეს, ერთი მხრივ, მოსამართლეების თემა, ხოლო მეორე მხრივ კეზერაშვილის ძალიან სკანდალური საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკაში თუ მასთან კავშირში მყოფი ოდიოზური ფიგურების გამოაშკარავებას იწყებენ. ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ოდიოზური ფიგურების მხილება გაგრძელდება. დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჭარბად არიან ისეთი პირები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას სჩადიოდნენ დანაშაულს და დღეს უკვე "ქართული ოცნების" სახელით იმავეს აკეთებენ. ასე რომ, ნამდვილად გვჭირდება ავგიას თავლის დასუფთავება.
- გკითხავთ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებაზეც. მოგეხსენებათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნიკა მელიას ახალი ოფისის გახსნას. მოვისმინეთ ურთიერთბრალდებები. ხაბეიშვილმა თანაპარტიელები ლამის სეპარატიზმში დაადანაშაულა. როგორ ფიქრობთ, ეს პარტია კიდევ ახალ გაყოფამდე მიდის?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე არა. ჩემი აზრით, მელია სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით პარტიიდან არ მიდის. ის ცდილობს პროცესი ისე წარმართოს, რომ შემოდგომაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხაბეიშვილი ძალიან უსუსურია როგორც თავმჯდომარე. მან ჯერ ვერც ერთი ნაბიჯი სწორად ვერ გადადგა. მოგეხსენებათ, ის მოვიდა დაპირებით, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდა, თუმცა ვერაფერი გააკეთა. განსაკუთრებით, 9 აპრილის აქცია იყო მისთვის დიდი დარტყმა, მეტიც, კატასტროფა, როდესაც საპროტესტოდ პარტიული აქტივიც კი არ გაჰყვა.
სიმართლე უნდა ითქვას, მისი თავმჯდომარეობით პარტიის საქმე გაცილებით უკან წავიდა. ის დატოვა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ და ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიძლება პარტია კიდევ გაიყოს. ხაბეიშვილს "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერების ნაცვლად, დასუსტებისკენ მიჰყავს. ამას დაემატა კიდევ კეზერაშვილის ფაქტორი, რაც აუცილებლად იმუშავებს ნიკა მელიას სასარგებლოდ - მოგეხსენებათ, ის კეზერაშვილს კარგა ხნით ადრე დაუპირისპირდა. თუ სტრასბურგის სასამართლომაც არ მიიღო სააკაშვილის საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც ელიან, ეს კიდევ ერთი ფაქტორი გახდება, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს.
შემოდგომამდე დიდი დროა, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. თუ რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართა და რაიმე არსებითად არ შეიცვალა, მაშინ ნამდვილად გაიყოფა "ნაციონალური მოძრაობა" - ანუ მელია იძულებული გახდება წავიდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხარდამჭერების ბაზა "ნაციონალური მოძრაობიდან" გაცილებით დიდი იქნება შემოდგომაზე, ვიდრე დღეს არის.
ნათია დოლიძე