"პუტინს პარანოია დაეწყო..." - კვირის პალიტრა

"პუტინს პარანოია დაეწყო..."

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი გლებ კარაკ­ულოვი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსეთიდან თურქეთში, იქიდან კი დასავლეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. როგორც ამბობს, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან ფიქრობდა ქვეყნის დატოვებაზე, რადგან გააცნობიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება "უკონტროლოდ საშიშია". კარაკულოვი 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კაპიტანი იყო. ის პუტინის კომუნიკაციების დეპარტამენტში ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტის საიდუმლო კომუნიკაციების უზრუნველყოფა­ ევალებოდა.­ ოქტომბრის დამდეგს სამსახურებრივი მივლინებით ასთანაში გაემგზავრა, სადაც პუტინი ერთდროულად სამ ღონისძიებაში­ - აზიაში ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონფერენციის VI სამიტში, დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა­ საბჭოს სხდომასა და რუსეთ-ცენტრალური აზიის სამიტში­ მონაწილეობდა. ასთანაში მიხვდა, რომ ეს რუსეთიდან სამუდამოდ წასვლის შანსი იყო და უნდა გამოეყენებინა.

putini2-1682234364.jpg

- ვიცოდი, რომ მოღალატესა და გამყიდველს მიწოდებდნენ და ამისთვისაც მზად ვიყავი. შეიძლება ითქვას, უკრაინაში­ ომის დაწყების შემდგომ პირველი ვარ, ვინც რუსეთის სპეცსამსახურების მაღალი­ თანამდებობა დატოვა. ბოლო დროს ძალ­იან­ ბევრი რამ დაგროვდა,­ რის გამოც რუსეთში სამსახურს ვერ გავაგრძელებდი. მე შიგნიდან ვხედავდი პროცესებს და თავს ვერ მოვიტყუებდი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. როდესაც ჩემს გარემოცვაში დავსვამდი კითხვას, რატომ ვაკეთებთ ამას, მოკლედ მომიჭრიდნენ, ასეთია ბრძანებაო. ამდენი წელი ვიმსახურე საიდუმლო უწყებაში და სხვისგან არაფერი მესწავლება, მაგრამ არსებობს სინდისი, რომელიც ყველაფერზე - სამსახურზე, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დგას, მით უფრო, თუ ეს ქვეყანა, მისი ხელისუფლება საკუთარ და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს ანადგურებს. ძალიან ვწუხვარ, რომ სოციალური პრობლემების გამო უფრო ადრე არ მივიღე­ ეს გადაწყვეტილება. უკრაინაზე­ თავდასხმა­ ბოლო წერტილი აღმოჩნდა. რუსეთში უკვე შემრაცხეს მოღალატედ, გადაბირებულად. სახელმწიფო მანქანა მაშინვე ამუშავდა. მე ცოლ-შვილთან ერთად წამოვედი, ჩვენი მშობლები კი რუსეთში არიან.

- იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ?

- არა. რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩემს მშობლებს სახელმწიფოს "სამუშაოს ნაწილად" მიაჩნდათ. დედა პროპაგანდისტული არხების გავლენაში იყო. რთული­ იყო მისთვის ახსნა, რომ ეს უკრაინელი ხალხის "გათავისუფლება" კი არა, სამხედრო­ დანაშაულია. ისინი იმ შეგნებით გაიზარდნენ, რომ ხელისუფლება ყოველთვის სწორად იქცევა. ამაყობდნენ ჩემი კარიერით.­ სავა­რაუდოდ, ჩვენი გადაწყვეტილების შესა­ხებ მაშინ­ გაიგებდნენ, როდესაც სახლში ჩემი სამსახურის წარმომადგენლები ეფ-ეს-ბესთან ერთად მივიდოდნენ გასაჩხრეკად და მშობლების­ დასაკითხად. მიმძიმს გაფიქრება, რა დღეში იქნებოდნენ, დედას ჩემი საქციელის შერცხვებოდა, რადგან უცხო ქვეყნის აგენტივით­ მოვიქეცი და განსაცდელის დროს სამშობლო მივატოვე. მაგრამ მე სამხედრო დამნაშავის სამსახურში ვერ დავრჩებოდი.

- პუტინის უსაფრთხოების სამსახურში როგორ მოხვდით?

- დაღესტანში, ქალაქ ბუინაკსკში დაბადებული ბიჭისთვის მოსკოვში ცხოვრების პერსპექტივა გაჩნდა, თანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში... 2009 წელს პირველად ჩავედი მოსკოვში. მერე მშობლებიც­ წამოვიდნენ, თუმცა დაოჯახების შემდეგ მე და მეუღლე ცალკე გადავედით. ის ბინა ახლა სახელმწიფოს დარჩა... დეზერტირების ქონების შესწავლა დაწყებულია და მათი კონფისკაცია გარდაუვალია... კარგა ხანს ვერ ვაცნობიერებდი, რომ თავისუფალი ვიყავი. მანამდე კი მეგონა, ჩემს ყველა ნაბიჯს, სიტყვას სპეცსამსახური ამოწმებდა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხარ, უნდა შეეგუო, რომ მუდმივად გაგაკონტროლებენ, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ ფსიქოლოგიური წნეხი აუტანელი გახდა. ჩემი მოვალეობა იყო სახელმწიფოს პირველი პირების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაშიფრული კომუნიკაციებისთვის, სპეციალური კავშირებისთვის საჭირო სპეცკომუტატორის ტექნიკური და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოწმდება ყველა დეტალი, მათ შორის საკვები, რომელიც მზადდება ქვეყნის პირველი პირებისთვის. გადაადგილების მარშრუტის, ავტომანქანების, ავტოფარეხების, პრეზიდენტის თუ სასტუმროს ნომრის უსაფრთხოების შემოწმება ჩვენი­ სამსახურის პრეროგატივა იყო. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო­ დუმასთან, კრემლის ადმინისტრაციასა და თითქმის ყველა სახელმწიფო სამსახურთან...

- პუტინის ახირებებზე უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. დიდი დრო გაატარეთ მასთან­ და რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ამ დროის განმავლობაში 200-მდე გასვლა მქონდა და არც ერთხელ არ მინახავს­ პუტინს ინტერნეტით ესარგებლა. არც მობილური ტელეფონი­ შემიმჩნევია. მას მუდმივად ახლდა ერთი პირი, რომელსაც ევალებოდა ინფორმაციის, დიდი ალბათობით, გაფილტრულად მიწოდება, სხვებთან კომუნიკაცია... პუტინი, ფაქტობრივად,­ იმ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც გარემოცვა უქმნის. "კოვიდის" შემდეგ მან იმ პირების სიაც შეამცირა, რომლებთანაც ადრე შედარებით ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. ადამიანების პარანოიდული შიში დაეწყო, რაც ჯერ პანდემიით იყო გამოწვეული, შემდეგ უკრაინაში­ დაწყებული ომით. "კოვიდის" დროს მისი ადიუტანტები და მომსახურე პერსონალი დღეში რამდენჯერმე აბარებდნენ ტესტს. ერთხელ მე საეჭვო კავშირის გამო ორი კვირა სახლში არ გამიშვეს... ჯანმრთელობას უდიდეს­ ყურადღებას აქცევს და გარემოცვისგანაც იმავეს ითხოვს. ნებისმიერი სახის ინფორმაციას სპეცსამსახურებისგან იღებდა.­ რეზიდენციაში მუდმივად ჩართული­ იყო სახელმწიფო ტელევიზიები. სხვა საინფორმაციო საშუალებებს,­ მით უფრო, ინტერნეტს, არ ცნობს. მისი ეს ახირება მოსწონს მოსახლეობის უმეტესობას. მიაჩნიათ, რომ "ის ინტერნეტსივრცის­ სიბინძურით არ ინტერესდება". საკომუნიკაციოდ­ ვიდეოკონფერე­ნციებს ამჯობინებს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. ვიცი, ავადმყოფურად ფრთხილია ადამიანებთან ურთიერთობაში. ყველა შეხვედრა წინასწარ არის დეტალურად შეთანხმებული. ვიზიტებისას­, რუსეთში იქნებოდა თუ სხვა ქვეყანაში, ძალიან ფრთხილობდა - თუ მოსაუბრე ეტიკეტით გათვალისწინებულზე ახლოს მიდი­ოდა, მაშინვე იძაბებოდა და ჩერდებოდა,­ ანუ "შინაგანი­ ხმით" ანიშნებდა მოსაუბრეს, რომ მათ შორის დისტანცია საკმარისი არ იყო. ზოგჯერ უარს ამბობდა თვითმფრინავზე და სპეცმატარებლით მივდიოდით. ასე უფრო შეუმჩნეველი იყო მისი ვიზიტები, რა დროსაც უფრო დაცულად გრძნობდა თავს. ოფიციალურ ღონისძიებებზე ყოველთვის ცდილობდა ცივსისხლიანი ლიდერის შთაბეჭდილება მოეხდინა, მაგრამ ხანდახან მასებზე გათვლილ ტრიუკსაც შესანიშნავად იყენებდა - თავდაჭერილად, მაგრამ მაინც, ვითომ შემთხვევით, გამოხატავდა ემოციებს, რაც ძალიან მოსწონთ რუსეთში. "მკაცრი, მაგრამ იმავდროულად გულჩვილი", - ასე აფასებენ.

პუტინთან პირადად გასაუბრების შესაძლებლობა არასდროს მქონია, მისთვის­ აწყობილი მანქანის ერთი ჭანჭიკი ვიყავი. პირველად 2009 წელს ვნახე ყაზანში. პატარა ბიჭი ვიყავი და მახსოვს პირველი შთაბეჭდილება - მრავალრიცხოვანი დაცვით იყო გარშემორტყმული და მას აღმატებულ ხარისხში, "შეფად" მოიხსენიებდნენ.

- მის ოჯახზე საუბარი აკრძალული იყო?

- დიახ, თუმცა ცნობილია, რომ მეორე ოჯახიც ჰყავს, მაგრამ ისინი არც ერთ ოფიციალურ მიღებაზე არ მინახავს. რამდენიმე წლის წინ ვიზიტისას რამდენჯერმე თან ახლდა ოფიციალური­ ცოლი. ცნობილია, რომ სხვა ქალისგან ჰყავს­ შვილები...

ომის პირველ დღეებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ოჯახი, საყვარელი ადამიანები ვალდაის ტბის მახლობლად გახიზნა და იქ სპეცეკიპაჟით მიდიოდა. ითქვა, რომ ბუნკერიანი საიდუმლო რეზიდენციაც აქვს, ყველანაირი ინფრასტრუქტურით, სადაც საიდუმ­ლო შეხვედ­რებსაც მართავს.­ ერთი ვერსიით, ყაზახეთშიც­ აქვს ბუნკერი. ამბობენ, რომ ძალიან აინტერესებს "უცხოური ზარები", ვინ, სად, ვისთან და რამდენად ხშირად რეკავს. არსებობს კაბინა, სადაც საკვანძო ფიგურების საუბრები­ ისმინება, იგივე ეხება ინტერნეტკავშირებსა და მიმოწერებს. ბუნკერის არსებობის შესახებ პანდემიის დროსაც იყო საუბრები.­ ისევე, როგორც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებზე...

ამდენი წელი გავატარე ამ სამსახურში, თითქოს ყველა სცენარი ჩემს თვალწინ იწერებოდა, მაგრამ მაინც არ ველოდი, რომ ომს დაიწყებდნენ. როგორც შემდეგ თქვეს, "უეცრად გადაწყდა", რომ ეს ყველაზე­ სწორი ნაბიჯი იყო. 24 თებერვლის ღამეს მუცლის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო.­ ექიმებმა­ მითხრეს, აპენდიციტის შეტევაა და სასწრაფო ოპერაცია გჭირდებაო, თუმცა სხვები ირწმუნებოდნენ, რომ სხვა ორგანოს შეტევა იყო და მკურნალობა მჭირდებოდა. კვლევებსა და მკურნალობაში სამი თვე გავიდა და ის პირველი თვე, რომელსაც ჩემი კოლეგები ჩუმად "ყველაზე საშინელს" უწოდებდნენ, საავადმყოფოში გავატარე. ყველა გაოცებული ჰყვებოდა უკრაინელების წინააღმდეგობაზე. მართლა ეგონათ, რომ ხელისუფლება აიძულებდა მოს­ახლეობას, თორემ­ თავად ჩვენთან უნდოდათ. თუ ჩვენს ძალას დაინახავდნენ, თავს დაცულად იგრძნობდნენ­ და ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. ელიტას არც უფიქრია, რომ ეს ომი მათ ოჯახებშიც შევიდოდა, ვგულისხმობ სანქციებს, მობილიზაციას... როდესაც სამსახურში დავბრუნდი, მივხვდი, ნაწილი უკმაყოფილო იყო, ნაწილი კი ტრაფარეტულად ამბობდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და განგაშის საფუძველი არ იყო. დეტალურად ვიცოდი, რაც უკრაინაში ხდებოდა, როგორ იბრძოდნენ, რაზე მიდი­ოდა მოსახლეობა მტრის შესაჩერებლად და ამ დროს კრემლის გეგმები, სცენარები, პროპაგანდის გაძლიერების საშუალებაზე გაცხარებული მსჯელობა ამაზრზენი იყო. როგორც ამბობდნენ, "პირველი გარდატეხა მომხდარი იყო", ახლა ახალი ძალებით უნდა ემოქმედათ. ლაპარაკი იყო მოსახლეობის დაინტერესებაზე, ამას კი წინა პირობები სჭირდებოდა. მალე გამოცხადდა კიდეც მობილიზაცია...

უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ უნდა წამოვსულიყავი სამსახურიდან, მაგრამ ეს ადვილი არ იქნებოდა. მიზეზებზე ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა გავსულიყავი თადარიგში, თუმცა არც ამით ვიქნებოდი ომში წასვლისგან დაცული. ამასობაში გავიგე, რომ მივლინებით ასთანაში მიშვებდნენ. საეჭვო რომ არ ყოფილიყო, მეუღლე არ გამომყოლია, ის ასთანაში ერთი კვირის­ შემდეგ, შვილთან ერთად ჩამოვიდა. ყველაფერი ახლობლებს დავუტოვეთ, ჩვენი წლების ნაშრომი რამდენიმე ჩანთაში ჩავატიეთ. მთავარი გადარჩენა და შვილისთვის მშვიდი მომავლის შექმნაა. არ მინდა, მან ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, რომლის ხსენებაზეც ყველას სიკვდილი, ნგრევა და ოკუპაცია ახსენდება. ჩემი წარსული ჩემთვისაც უდიდესი ტვირთია. წამოვედი იმ მიზნით, რომ ერთ დღესაც ყველაფერს ჟურნალისტებს მოვუყვებოდი და მსოფლიოს გავაგებინებდი, რას სახიფათოა რუსეთი... ერთსულოვანი მხარდაჭერა იმ გუნდშიც აღარ არის, რომელიც პირველ ხანებში ხელებს იფშვნეტდა, ამბობდა, კიევი ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაგვებომბა და ეს სხვა "ურჩი ქვეყნებისთვისაც" სამაგალითო იქნებოდა, რომლებმაც ამასობაში ისარგებლეს და დასავლეთისკენ დაწინაურდნენო.

- ამ ქვეყნებს შორის საქართველოც იგულის­ხმებოდა?

- საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, რომლებიც ასე "ეძვირფასებათ" პუტინის გარემოცვაში და მიაჩნიათ, რომ "სწორი ტაქტიკის" შემთხვევაში­ ისინი რუსეთის სიბრტყეში დაბრუნდებიან. თუმცა დასავლურმა სანქციებმა და ომის გაწელვამ ომის მომხრე გუნდშიც შეიტანა­ აზრთა სხვადასხვაობა. იყვნენ ისეთები, ვისაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება გაუმართლებლად მიაჩნდა და ამას აპროტესტებდნენ კიდეც, რაზეც სხვები პასუხობდნენ, ომში ყოველთვის იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვები და ქალებიო... ვიცი, ეს ომი მალე არ დამთავრდება, ამიტომაც არ მინდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის გამასამართლონ. მე ვიცი, რას აკეთებს რუსეთის ხელისუფლება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების "დასაბრუნებლად", მიზეზთა გამო დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. დიდი ფული იხარჯება ტროლ-ბოტებსა და პროპაგანდაში. ქართველი საზოგადოება ადეკვატურად აფასებს სიტუაციას, საფრთხეებს და სწორი არჩევანიც გააკეთა. ვუსურვებ, ბოლომდე იაროს ამ გზით.

პუტინი სამხედრო დამნაშავეა. ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის აქტიურობაზე, პრინციპულ მოქმედებებზე. ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ დასავლეთმა ამით არ უნდა დაასრულოს, ცივილიზებული სამყაროსთვის აუცილებელია­ პუტინისა და მისი გუნდის გასანეიტრალებლად გეგმაზომიერი, კარგად მოფიქრებული ნაბიჯები. ნუ დაველოდებით, რომ ერთ დღეს რუსეთში პროტესტი მასშტაბური იქნება და ამბოხებულები იქაურობას წალეკავენ. პროტესტი არის, მაგრამ ამინდს ქმნის უმეტესობა, უმეტესობა კი ხელისუფლების პოლიტიკას უჭერს მხარს. ამის მაგალითი არიან ჩემი მშობლები. მათი თაობის გავლენა დიდია ახალგაზრდებზეც. მათი აზროვნება ჩაბეტონებულია. მე საკუთარი მშობლებისთვის გამიჭირდა იმის თქმა, განმათავისუფლებელი სამხედრო ოპერაცია კი არა, ოკუპანტები ვართ და სხვა სახელმწიფოს ვესხმით თავს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რუსულ ჭაობში ყოფნა არ სურთ-მეთქი. არიან ისეთებიც, ვინც "ვერ" ხედავს, როგორ უშენს რუსეთი უკრაინას რაკეტებს, ადამიანები იხოცებიან, ნგრევა გრძელდება, სამაგიეროდ, ხედავენ, მაგალითად, თუ როგორ "აშენებს" პუტინი ყირიმს ან ოკუპირებულ მარიუპოლს, საიდანაც ნაომარ ქუჩებში ზაფხულის შემდეგ ნაგავი ვერ გაიტანეს და ხუთჯერ იფეთქა ეპიდემიამ. ეს არის სიმართლე! დიახ, რუსეთი ჩემი სამშობლოა, მაგრამ ქვეყანა, რომელიც კლავს და მისი მოსახლეობა ამას ეგუება, ვერ მეყვარება!