"რატომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ „ყუთის გახსნის“? - კვირის პალიტრა

"რატომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ „ყუთის გახსნის“?

"ვერდიქტი გამოტანილია - კლანი "ქართული ოცნების" გარეშე არ არსებობს და პირიქით, "ოცნება" კლანის" გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს", - განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა, როცა მმართველმა გუნდმა სანქცირებულ მოსამართლეებს მხარი დაუჭირა და პრინციპულად დაუპირისპირდა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის ოპოზიციის ინიციატივას. როგორ გაგრძელდება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის "პროცედურული ომი", როდემდე შეძლებს "ქართული ოცნება" ბოიკოტირებას და როგორი იქნება ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯი, ამის შესახებ "ლელოს" ლიდერ ანა ნაცვლიშვილს ვესაუბრეთ:

- თუ პარლამენტის წევრი პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციას თვეში 4-ზე მეტ შემთხვევაში არ გაივლის, მას უწევს სანქცირება, მაგრამ ვინაიდან ეს მხოლოდ ფინანსური სანქციაა, ვეჭვობ ამ ამბავმა "ქართულ ოცნებაში" ვინმე შეაშინოს. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, სხვა საკითხია, მაგრამ ჯერ უღირთ, რასაც აკეთებენ. უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე - მმართველმა გუნდმა უარი თქვა გადაწყვეტილების მიღებაზე. ფაქტია, რაღაც აქვს დასამალი, სხვაგვარად არ აიხსნება ცდა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჯერ შეუქმნელმა კომისიამ შედეგი უკვე დადო - ფაქტებით სამჯერ აჩვენა, რომ სანქცირებული კლანი "ოცნების" გარეშე არ არსებობს და პირიქით, "ოცნება" კლანის გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არიან ასე გამეტებით გადაფარებული მურუსიძესა და ჩინჩალაძეს. ჩვენ გვინდა შეიქმნას კომისია, რომლის ნახევარი იქნება დაკომპლექტებული "ოცნების", ხოლო მეორე ნახევარი ოპოზიციის წევრებით. გვინდა ეს პროცესი საჯარო იყოს, "ოცნებას" კი გამჭვირვალობის ეშინია. თუ დასამალი არაფერი აქვთ, თუ არ არიან კლანის თანამზრახველები, რატომ ეშინიათ "ყუთის გახსნის"? გავხსნათ ყუთი და ყველამ ჩავიხედოთ, რა დევს შიგ.

2011-2012 წლებში "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. მე ხმა მივეცი ამ პარტიას და გააზრებული მქონდა, რატომაც. დღევანდელი "ქართული ოცნებისთვის", ამ ხალხისთვის, მე ხმა არ მიმიცია. ეს არ არის ხალხი, რომელმაც იბრძოლა. დღევანდელი "ქართული ოცნება" მმართველობის მეთერთმეტე წლისთავზე ისე გაირყვნა, რომ აღარაფრის რესურსი აღარ დარჩა.

- მმართველი გუნდი, მაგალითად, კობახიძე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების სანქცირება მიუღებელია და ასეთი მიდგომით დასავლეთი დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევას ცდილობს. სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ მათი ამოცანაა დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად იმისა, მასში ცალკეული მოსამართლე კარგია თუ ცუდი.

- სინამდვილეში, ის, რაც სამართლიან სახელმწიფოში სამართალდამცავებს უნდა გაეკეთებინათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა. ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელზეც დაყრდნობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯაროა. პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს საჯარო ინფორმაცია ცხვირწინ ედოთ ქართველ სამართალდამცავებს, მაგრამ არ რეაგირებდნენ. მმართველმა გუნდმა ყველაფერი შესანიშნავად იცის, უბრალოდ, სხვა სათქმელი აღარ აქვს. ოთხი მოსამართლე სანქცირებულია გამოტანილი არასწორი გადაწყვეტილებების გამო. ოთხივე მხოლოდ მოსამართლე კი არა, თანამდებობის პირი იყო. ისინი წყვეტდნენ სხვა მოსამართლეების ბედს. მათზე იყო დამოკიდებული, ვინ დაინიშნებოდა, ვინ დატოვებდა სასამართლო სისტემას, ვინ დაწინაურდებოდა და ვის დისციპლინური სანქცია დაეკისრებოდა. ისიც კი მათი გადასაწყვეტი იყო, რომელ მოსამართლეს რა საქმის განხილვა დაეკისრებოდა. როგორც თანამდებობის პირები, სწორედ ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის დასანქცირდნენ. არაერთი მოწმე ამბობს, რომ სასამართლოში დანაშაულებრივი მართვის სქემა არსებობს და ისინი მზად არიან ჩვენება მისცენ კომისიას. მნიშვნელოვანი ის არის, რომ დანაშაულებრივ კლანს ამ პარლამენტშიც ჰყავს მფარველები და წინა მოწვევის პარლამენტშიც ჰყავდა. ესეც გასარკვევია, ვინ მფარველობდა და ახლა ვინ მფარველობს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან.

- "ოცნების" ლიდერებმა სანქცირებულ მოსამართლეებს მაშინვე გამოუცხადეს მხარდაჭერა, მათ შორის კარგა ხანს არ იყო პრემიერი ღარიბაშვილი. მისი მხარდამჭერი განცხადებები ჩვენ მხოლოდ დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მოვისმინეთ. თქვენი წარმოდგენით, რაზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ პრემიერი და მოსამართლეები?

- ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ სასამართლომ დაცვა სთხოვა აღმასრულებელს. ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოითხოვოს აღმასრულებელმა ამის სანაცვლოდ. ფაქტია, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის დახურულ კარს მიღმა კრიმინალური, არაკონსტიტუციური გარიგება შედგა.

- თქვენ ამბობთ, რომ "ოცნება" მხილებულია, ახლა რა არის ოპოზიციის ამოცანა?

- კლანისა და "ოცნების" დანაშაულში მხილება იყო შუალედური ამოცანა, მთავარი ამოცანაა სასამართლო სისტემის შეცვლა. რამდენიც არ უნდა ვამხილოთ კლანი, აზრი არა აქვს, თუ ამას ცვლილებები არ მოჰყვა. ჩემთვის ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც პროფესიულად არ არის დაკავშირებული ამ სისტემასთან, ახლა ნათელია, რომ ამ სასამართლოში ცვლილება ხელისუფლების ცვლილების გარეშე შეუძლებელია. ის კი უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რაც შეიძლება სისტემურად ვამხილოთ ყველა კავშირი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს დანაშაულებრივ კლანთან მუშაობა. კლანმა უნდა დატოვოს სისტემა. ამ ხალხს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ევროპული მომავალი.

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, დღევანდელი დღის წესრიგი დასავლეთმა შექმნა მოსამართლეების სანქცირებით და ოპოზიციას ამით შესაძლებლობის კარი გაუხსნა. გთავაზობენ რეცეპტებსაც. მაგალითად, გია ხუხაშვილი გთავაზობთ თავად შექმნათ დღის წესრიგი - გამოაცხადოთ, რომ პარლამენტის შენობიდან არ გამოხვალთ, სანამ კენჭისყრა არ გაიმართება, პარალელურად კი სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყოს გაპროტესტება პარლამენტის წინ.

- პოლიტიკაში საბაზისო მოცემულობაა ის, რომ მასშტაბური ცვლილებებისთვის საჭიროა სინერგია პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ხელისუფლება ჩიხშია. ახლა საჭიროა არა მარტო პოლიტიკური სპექტრის, არამედ სრულიად საზოგადოების გაერთიანება. ხალხს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა.

ხათუნა ბახტურიძე