„ახლა ყველამ დადასტურებულად ვიცით, რომ ხელისუფლება შეკრული იყო კლანთან“ - კვირის პალიტრა

„ახლა ყველამ დადასტურებულად ვიცით, რომ ხელისუფლება შეკრული იყო კლანთან“

"ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს, ვიდრე იმას, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნეს და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნე გადაწყვეტილებას", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა.

- მთელ ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ"­ უარი ვერ თქვა კლანთან აღრევაზე. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს კლანთან ერთად იმოქმედებს. ეს ძალზე ცინიკურია მაშინ, როცა "ოცნება" ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა.

- რას შეიძლება ეფუძნებოდეს სასამართლო ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" თანამშრომლობა?

- დანაშაულში თანამზრახველობა. მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულების თანამზრახველი იყო. სწორედ ამის გამო დააშანტაჟა კლანი "ქართულმა ოცნებამ" და ისიც იძულებული შეიქნა მისი დანაშაულების თანამზრახველი გამხდარიყო. სასამართლომ და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ერთად ბევრი დანაშაული ჩაიდინეს და ახლა ერთმანეთის მძევლები არიან. შესაბამისად, ხელისუფლებასაც აღარ აქვს რესურსი, რომ მართლა რამეს დაამსგავსოს სასამართლო. მეორე მხრივ, სანქცირებულ მოსამართლეებს სხვა ხელისუფლების დროს პატიმრობა ელით, ამიტომ დახვრეტასაც კი შემოიღებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გასამყარებლად. სიტუაცია უფრო დაიძაბება, ბევრი მოსამართლე მოექცევა წნეხში.

ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს, ვიდრე იმას, რომ პარლამენტის მუშაობა იქნეს პარალიზებული და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნე გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ ოპოზიციას, არ გაჩერდეს - ვიაროთ და არ მივაღებინოთ ხელისუფლებას არც ერთი კანონი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, კომისიის გარეშეც დადასტურდა.­ ახლა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს "ქართული ოცნება", მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი.

- საგამოძიებო კომისიის გარეშე, რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რათა სასამართლოში კლანის არსებობაში დაარწმუნოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც "ოცნების" სჯერა?

- ადამიანი, რომელსაც სურს ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია, სასამართლოში კლანის არსებობას კი არა, იმასაც კი დაინახავს, რომ სასამართლო ხელისუფლების სათავეში მოკალათებული კლანის მთავარი დამცველი და მამოძრავებელი ხელისუფლებაა. ახლა ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე დავარწმუნოთ იმ სიმართლეში, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა ისედაც კარგად იცოდა.

- როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მუშაობის სტრატეგია?

- ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთ­თან ლაპარაკი უნდა დაიწყონ. უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლოში იგივე პრობლემები არ იქნება და მურუსიძე ახალი ხელისუფლების მოხმარების ობიექტად არ დარჩება. ოპოზიციამ ამაში ერთმანეთიც უნდა დაარწმუნოს და მოსახლეობაც. რაც აუცი­ლებლად უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ ორმოცდაათივე კაცმა სისტემატურად ვიაროთ პარლამენტში და ვაიძულოთ "ქოცები" თავიანთი სულელური საბოტაჟი გააგრ­ძელონ. არაფერი დაშავდება, თუ "ქართული ოცნება" ისეთ სულელურ კანონებს­ ვეღარ მიიღებს, როგორიც, მაგალითად, ოზონის შრის დაცვის კანონია. უაზრო რეგულაციებზე აღარაფერს ვამბობ.

- რატომ არ შეიძლება ოპოზიციამ გამოაცხადოს, რომ პარლამენტს მანამდე არ დატოვებს, სანამ საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს არ უყრიან?

- ჩემი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ქოცებმა" კანონები არ მიიღონ. სინამდვილეში, საგამოძიებო კომისიამ თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. ჩვენ ახლა ყველამ დადასტურებულად ვიცით, რომ ხელისუფლება შეკრული იყო კლანთან. ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ლიდერებმა თქვეს, ჩვენ მურუსიძისა და ჩინჩალაძის ძმაკაცები ვართო.­ ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე­ "ქოცები" იმიტომ მოიყვანა ხელისუ­ფლებაში, რომ მურუსიძის სასამართლო და "ნაცები" არ მოსწონდა, არსად წასულა. ჩემი აზრით, ამ ხალხმა "ქოცებსა" და "ნაცებს" მიღმა უნდა ეძებონ გამოსავალი. სხვათა შორის, მურუსიძის სასამართლოს კეზერაშვილი გამართლებული ჰყავს თავის დროზე. ეს იყო "ქოცებისა" და კეზერაშვილის თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, მაგრამ მერე რაღაცები შეიცვალა და მათი ინტერესები გაიყო. ალბათ, ხალხს დააინტერესებს, ჰქონდა თუ არა მურუსიძეს "ქართული ოცნების" კურთხევა, როდესაც კეზერაშვილს ამართლებდა.

- თქვენც ფიქრობთ, რომ კეზერაშვილი "ოცნებასთან­ შეთანხმების გარეშე "ქოლცენტრების" პროექტს ვერ განახორციელებდა?

- სხვაგვარად წარმოუდგენელია.

- თუ თქვენი ვერსია სიმართლეს შეეფერება, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ საქმიდან თავის დაძვრენას?

- ყველაფერს ძალიან კარგად მოახერხებს. ხომ არ გავიწყდებათ, რომ მურუსიძის სასამართლო აქვს?! ამ მოსამართლეების გამო "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არ ცნო. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას საბოლოოდ ევროპული გამოძიება მიადგება. კეზერაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის. ეს ნიშნავს, რომ ის მოჰყვება, თუ რა კავშირები არსებობს "ოცნებასა" და "ქოლცენტრებს" შორის. არ ვიცი, თქვენ გაქვთ თუ არა ასეთი კულუარული ინფორმაცია, მაგრამ ნამდვილად მუსირებს ვერსია იმის შესახებ, რომ "ქოლცენტრების" ნოუ-ჰაუ საქართველოში კეზერაშვილმა შემოიტანა, მაგრამ მერე "ოცნებამ" წაართვა და ახლა ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერები ამუშავებენ სისტემას. საქმე ეხება ძალიან მაღალი თანა­მდებობის პირებს. ამ ვერსიას აქვს თუ არა საფუძველი, ეს მალე გაირკვევა.­ ფაქტია, კულუარებში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

- კეზერაშვილმა რომ გადაიფიქროს სიმართლის თქმა?

- რის ფასად. რა შეიძლება სანაცვ­ლოდ შესთავაზოს "ქართულმა ოცნებამ"? იმას, რომ საქართველოში არ დაიჭერს? ჯერ ერთი, როდის იყო "ქართული ოცნების" ლიდერები თავიანთ სიტყვას ასრულებდნენ? მერე კიდევ, რა უფრო რთულია, "ქართული ოცნებისგან" დამალვა თუ სკოტლანდ-იარდისგან?!

ხათუნა ბახტურიძე