„ხაბეიშვილმა მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა“ - კვირის პალიტრა

„ხაბეიშვილმა მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა“

"უპრეცედენტო ამბის მომსწრენი ვართ - ხელისუფლება კრიმინალებს იცავს, მმართველ გუნდს პარლამენტში პროცედუ­რული ომი აქვს გაჩაღებული, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში კი დიქტატურა მყარდება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

- მმართველი ძალა საპარლამენტო საქმიანობის უზურპაციას ცდილობს. ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, თუ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ იზიარებს.­ უკვე მეტისმეტია, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, მხოლოდ ქვეყანაში კი არა, საერთაშორისო მასშტაბით გზავნის სიგნალს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება შეუძლებელია.

- "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შესახებ მმართველ პარტიას პრინციპული პოზიცია აქვს და კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში არსებულ პროცედურულ მექანიზმებს იყენებენ.

- მის მიერვე მიღებულ კანონში წერია, რომ 50 დეპუტატს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება აქვს. კობახიძე­ დამნაშავე მოსამართლეების დაცვით ქვეყანაში ინსტიტუციების ფუნქციონირებას უთხრის ძირს. "ოცნებამ" მათ მიმართ მხოლოდ­ მას შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება, რაც ისინი ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში დაეხმარნენ. მანამდე სწორედ ამ მოსამართლეების ლანძღვაზე აგებდნენ საარჩევნო კამპანიას.

- მაგრამ მაშინ "ნაცმოძრაობა" არ მიიჩნევდა ამ მოსამართლეებს კორუმპირებულად. რამდენად სამართლიანია შენიშვნა, რომ სწორედ "ნაციონალების" შეცდომების შედეგად მივიღეთ სასამართლოში კლანური მმართველობა?

- აბსოლუტურად ვიზიარებ შენიშვნას. "ნაცმოძრაობას" თავის დროზე სწორად რომ გაეტარებინა სასამართლო რეფორმა, ახლა მურუსიძისა და ჩინჩალაძის მსგავსი მოსამართლეები აღარ გვეყოლებოდნენ. მაგრამ რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"?! ხელიდან ხელში გადმოიბარა კორუმპირებული მოსამართლეები. "ნაციონალების" შეცდომები "ქართულ ოცნებას" უფლებას აძლევს კლანთან ითანამშრომლოს.

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მოგმართათ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც პარლამენტში სხედ­ხართ, ის არის, რომ "ოცნებამ" მანდატები არ შეგიწყვიტათ. პირდაპირ გითხრათ, რომ მანდატები გადაყარეთ. ამ გადმოსახედიდან, სწორად მიგაჩნიათ "ნაცმოძრაობის" სტრატეგია, რომელიც ბოიკოტზე იყო აგებული? საპარლამენტო სიები რომ არ ჩაგეხსნათ, ალბათ, ახლა სხვაგვარი რეალობის წინაშე იქნებოდით.

- ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება,­ რომლებიც ბოიკოტს უკავშირდებოდა, განპირობებული იყო "ოცნებისა" და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობით. ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებები­ რომ მიეღო, არც ბოიკოტის გამოცხადება მოგვიწევდა და არც მანდატების დატოვება.

- ხელისუფლებასთან დაპირისპირება კიდევ უფრო რთულია, როდესაც პარტიაში დაპირისპირებაა. რა არის ამის მიზეზი?

- ის, რომ "ნაცმოძრაობის" ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ახლა პარტიაში ის კონფიგურაციაა, რომელიც დღევანდელ რეჟიმს­ ვერასდროს დაამარცხებს. ყბადაღებულ თემად აქციეს ის, რომ მელიამ ახალი ოფისი იქირავა. ვინც არ იზიარებდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკას, ყველას­ კარი დაუკეტეს და ბუნებრივი იყო, შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ამ ადამიანებს თავს მოვუყრიდით. ეს ოფისი არის გაერთიანების და არა დაქსაქსვის. პარტიას უამრავი ოფისი აქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა, არსად არ გვეძახიან. შესაბამისად, ოფისის გახსნა აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. გამიკვირდა ეს აჟიოტაჟი. პარტიას შეემატა კიდევ ერთი ოფისი, რატომ ატყდა ისტერიკა?

- როგორ გგონიათ, რატომ უგულებელგყოფთ პარტიის ახალი მენეჯმენტი?

- პარტიის პოზიციონირების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გამო. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებებზე მაინც ვთანხმდებოდით. ახალი მენეჯმენტი კი აზრსაც არ გვეკითხება.

- კულუარული ინფორმაციით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემებს­ ქმნის ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ინგლისური არ იცის. ამიტომ შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

- ამ კულუარული ინფორმაციის წყა­რო­ ლევანის გარემოცვაა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. როდესაც ახალი კანდიდატის საკითხს განიხილავდნენ, ბევრი დეტალი უნდა გაეთვალისწინებინათ. ასეა თუ ისე, ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია. სხვა საკითხია, ვის მოსწონს ეს და ვის არა. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტიაში დემოკრატიის სტანდარტი შეიცვალა. დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა­ თავმჯდომარემ პირველი რაც გააკეთა, იყო რეორგანიზაცია. დაშალა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, ბოლოს კი მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა.

- შესაძლებელია "ნაცმოძრაობას" თქვენი გუნდიც გამოეყოს?

- არა, ახლა ჩვენი ამოცანაა პარიტეტი იყოს დაცული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტიის ნახევარი ჩვენს პოზიციას იზიარებს. იმის გამო, რომ ახალ მენეჯმენტთან ჩვენი თანხვედრა ვერ შედგა, რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა, პოლიტიკურ აქტიურობას გამოეთიშოს? ლევანისა და მისი მომხრეების განცხადებებს რომ ვუსმენ, მრჩება განცდა, რომ გვეუბნებიან, წადითო. მგონი, ერთადერთი მენეჯმენტია ოპოზიციაში, რომელიც ხალხს გაგდებისკენ მოუწოდებს, ნაცვლად იმისა, შემოიკრიბოს. პარტიის კარი დაკეტილია ძალიან ბევრი პირისთვის ერთი მიზეზის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ამ კარს ყველა შემთხვევაში გავხსნით. ერთპიროვნულად მართვა ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. როცა ვამბობთ, რომ კოალიციური მმართველობა გვჭირდება, გვაქვს შესაძლებლობა ჩვენივე მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ კოალიციური თანაცხოვრება შესაძლებელია პარტიაში და ანალოგიური მოდელი იმუშავებს ხელისუფლებაშიც. თუ პარტიაში ვერ შევძელით ეს, ხელისუფლებაში მოსვლას უნდა დავემშვიდობოთ.

- აზრთა სხვადასხვაობის საგანი კეზერაშვილის მიერ პარტიის დაფინანსების საკითხიც ხომ არ იყო?

- მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ზოგიერთებთან... ყველას აქვს უფლება, ვისთანაც უნდა, იმასთან ითანამშრომლოს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს კულუარული. ამის გამო ვაკრიტიკებთ "ოცნებას".

- ზოგიერთებში კეზერაშვილსა და მერაბიშვილს გულისხმობთ?

- მათ შორის კეზერაშვილსაც და მერაბიშვილსაც. რაც შეეხება "ქოლცენტრების" საქმეს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

ხათუნა ბახტურიძე