„რომელმა მძიმეწონიანმა ფიგურამ დატოვა პარტია?“
ქართველი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ქართული სასამართლო სისტემა ახლა ასეთ რთულ ვითარებაში არ იქნებოდა და არც პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს მოუწევდათ ქართველი მოსამართლეების სანქცირება, "ნაციონალებს" თავის დროზე რომ გაეტარებინათ სასამართლოს რეფორმა. ანალიტიკოსთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი დანაშაული აღიაროს და მოინანიოს საზოგადოების წინაშე. ამასთან დაკავშირებით, ასევე პარტიაში დაპირისპირებასა და მოსალოდნელ ვადამდელ არჩევნებზე დავით კირკიტაძე გვესაუბრება:
- ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, სანქცირებული მოსამართლეების თავგადაკლული მფარველობა, დასტურია იმისა, რომ არც მმართველ გუნდს არ აწყობს სიმართლის გამომზეურება.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, არც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში არ შედის საგამოძიებო კომისიის შექმნა თუნდაც იმიტომ, რომ სანქცირებული მოსამართლეები სწორედ "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არიან დანიშნული და თუ ისინი ლაპარაკს დაიწყებენ, "ნაციონალების" ბევრი დანაშაული გამოიკვეთება.
- ჩვენს ინტერესებში რომ არ შედიოდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა, 50 ხმის მობილიზებას ვერ შეძლებდა ოპოზიცია. ამ კომისიის შექმნა არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის", არამედ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ინტერესებში შედის. ყველა ნორმალური ადამიანი ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ხედავს, ევროპულ ოჯახში კი კორუმპირებული მოსამართლეებითა და პოლიტიკური მართლმსაჯულებით არასდროს არ მიგვიღებენ.
- პოლიტიკური ექსპერტების მოსაზრებებს თუ კითხულობთ?
- სუბიექტური ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ნააზრევის წაკითხვას რა აზრი აქვს? პოლიტიკურ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ კლანის მოსამართლეები "ნაცმოძრაობის" დროს დაინიშნენ, ვეტყვი, რომ კორუმპირებული მოსამართლეები შევარდნაძის დროსაც იყვნენ ხელისუფლებაში.
- მაგრამ თქვენ შეგეძლოთ რეფორმების გატარება.
- კი, "ნაცმოძრაობას" შეეძლო სასამართლოს რეფორმირება, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებისგან განსხვავებით, სასამართლო სისტემაში პროგრესი ვერ მივიღეთ.
- ექსპერტებთან ერთად, თქვენი ოპოზიციონერი კოლეგებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოინანიოს დანაშაულები.
- ამას ვინ ამბობს?
- მაგალითად, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.
- თუ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია რაიმეს სწორად ვერ გააკეთებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება, ხალხი ხმას აღარ მისცემს და წავა ხელისუფლებიდან. ამის შემდეგ პარტიაში უნდა გაკეთდეს ანალიზი, ესა და ეს ხედვა არ იყო სწორი და ა.შ.
- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუ გააანალიზა თავისი შეცდომები?
- "ნაცმოძრაობამ" დიდი ხანია ანალიზიც გააკეთა და სწორი დასკვნებიც გამოიტანა. ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლოს რეფორმა ჩავარდა და ამ საკითხზე ახალი ხედვებიც წარმოვადგინეთ და ჩვენი ხედვა სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც გაიზიარეს.
- მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნები დიდი ხნის წინ დასრულდა, ვნებათაღელვა უფრო მწვავდება. ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება, ახლა ცალკე ოფისი გახსნა.
- ოფისის გახსნაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა ფაქტია, რომ ერთმა ნაწილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგი მძიმედ გადაიტანა და დღემდე უჭირს რეალობასთან შეგუება. ახლა ცეცხლზე ნავთის დასხმა და პრობლემების გაღვივება კი არა, სიტუაციის ცივი გონებით გაანალიზებაა საჭირო. ჩვენი მთავარი საფრთხე ივანიშვილია. შეიძლება ამ კაცმა ქვეყანას საბოლოოდ დაუკარგოს ევროპული მომავალი.
- პარტია მძიმეწონიანმა ფიგურებმა დატოვეს.
- როდის ან რომელმა მძიმეწონიანმა ფიგურამ დატოვა პარტია?
- მაგალითად, რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ.
- რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარტიისთვის დანაკლისია, თუმცა შეგახსენებთ, რომ 2016 წელს "ნაცმოძრაობა" არანაკლებ წონიანმა ფიგურებმა დატოვეს, 2012 წელსაც, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელთაც სურთ იმ იდეალებისთვის იბრძოლონ, რომლებიც "ნაცმოძრაობას" აქვს. მართალია, დროდადრო ვიღაცები გვაკლდებიან, მაგრამ უფრო მეტი გვემატება.
- კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა "ნაცმოძრაობაში" ისევ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
- ვადამდელი არჩევნები "ნაცმოძრაობაში" კი არა, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. ყველამ დაინახა, თუ როგორ მფარველობს ხელისუფლება კორუმპირებულ მოსამართლეებს. ასეთი ხელისუფლება არც ჩვენ გვეკადრება, არც იმ ცივილიზებულ სამყაროს, რომლის წევრობაც გვინდა.
- თქვენ არჩევნები მოიგეთ დაპირებით, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებთ. ახლა ნიკა მელიასა და მის მომხრეებს აქვთ ლეგიტიმური კითხვა, რატომ ვერ გაათავისუფლეთ ექსპრეზიდენტი და რატომ ვერ ვხედავთ უფრო გააქტიურებულ "ნაციონალურ მოძრაობას"?
- ჩვენ ძალიან ბევრი საპროტესტო აქცია ჩავატარეთ. მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ნამდვილად არის პარტიის პირველი პრიორიტეტი და გარწმუნებთ, ის ძალიან მალე იქნება თავისუფალი.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ პარტია ბოლო დროს გახმაურებული "ქოლცენტრების" საქმის გამო ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება?
- არა, არ ვფიქრობ. კეზერაშვილის ბრალეულობას თუ უდანაშაულობას დაადგენს ბრიტანეთის სასამართლო, რომელიც საქართველოს კორუმპირებულ სასამართლოს არ ჰგავს.
- პარტიის ორად გაყოფას გამორიცხავთ?
- გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, ის მცირე უთანხმოება, რომელიც დისკომფორტს უქმნის როგორც ჩვენს მომხრეებს, ასევე პარტიას, ძალიან მალე აღმოიფხვრება.
ხათუნა ბახტურიძე