"ეს სანქციები შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციის მორიგი ნაპერწკალი გახდეს" - კვირის პალიტრა

"ეს სანქციები შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციის მორიგი ნაპერწკალი გახდეს"

ერთი კვირაა, პარლამენტში მმართველი პარტია ხელოვნურად შლიდა კვორუმს, რათა ოპოზიციას საგამოძიებო კომისია არ შეექმნა, რომლის უფლება კანონით აქვთ. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს­. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრა:

- თავიდანვე ვთვლიდი, რომ სააკაშ­ვილის დროინდელი მოსამართლეების­, რომლებსაც აშკარად ალი­ა­ნსი­­ ჰქონდათ ხელისუფლებასთან, სასამა­რთ­ლო სისტემაში შენარჩუნება დიდი შეცდომა იყო. ამათ კი არათუ შეინარჩუნეს, წინსვლის საშუალებაც მისცეს და უვადოდ დანიშვნით, ფაქტობრივად, უკვდავი გახადეს. გასაგებია კობახიძის ნათქვამიც, ცუდი ხელისუფლების გამო იქცეოდნენ ცუდად და ახლა კარგად იქცევიანო, მაგრამ ეს ყველაფერზე შეიძლება ითქვას. თუმცა, როდესაც ასეთ ფიგურებს იცავ, პიარის­ თვალსაზრისით­ წამგებიანია.

- როგორ ფიქრობთ, რისი ეშინიათ, რატომ არ უნდათ კომისიის შექმნა?

- კომისიის შექმნას თავისი მოსალოდნელი შედეგები ექნება. რა თქმა უნდა, ეს კომისია, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ანალოგიური მოვლენა პარლამენტში, მაგალითად, მინისტრის დაბარება, ოპოზიციისთვის ხელისუფლების გაკრიტიკების საშუალება იქნება.

- მერე ამაში ცუდი რა არის?

- ცუდი ის არის, რომ პერფორმანსის­ სახე ეძლევა ყველაფერს და სიმართლე იკარგება. ამ შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ ანალოგიური პერფორმანსი იქნება და კომისიაში ოპოზიციის მიზანი ხელის გაშვერა იქნება. ასეთი ტიპის კამათი ძალაუნებურად წამოსწევს საკითხს იმის შესახებ, ის მოსამართლეები სააკაშვილის დროს რას აკეთებდნენ და ეს ტალღა, ფაქტობრივად, სააკაშვილის დროინდელი სასამართლოს შეფასებაში გადავა. სასამართლოს ასე უცბად ვერ შეცვლი, რადგან ყველას თუ გაუშვებ, ვის მოიყვან? - ამ არგუმენტით შეინარჩუნეს თავის დროზე ძველი მოსამართლეები და ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ მათგან პრობლემები არ გაჩენილიყო, და მეტ-ნაკლებად სამართლიანი გადაწყვეტილებები მიღებულიყო. ცუდი ის არის, რომ წლების განმავლობაში არც გააკეთეს არაფერი საიმისოდ, რომ მოსამართლეთა ახალი კორპუსი მომზადებულიყო, რომელიც­ ჩაანაცვლებდა­ "ნაციონალების" პერიოდის მოსამართლეებს. მგონია, რომ ამიტომ არ უნდათ კომისიის შექმნა, რათა არ მოხდეს პარლამენტის დაპირისპირება მოსამართლეთა კორპუსთან და რაც მთავარია, ამ პროცესში ბრალმდებელი "ოცნებაც" იქნებოდა. ასეთი სირთულეების შექმნას არიდებენ თავს. ეს ერთი, და მეორე მხარე მართლაც არის თავმოყვარეობის თემა. ამ კონკრეტულ მოსამართლეებზე იქნება თუ სხვაზე არც კი გვაძლევენ ფაქტებს, რის საფუძველზე დაასანქცირეს. ფაქტობრივად, ამერიკულმა მხარემ უბიძგა საქართველოს მორიგი დაპირისპირებისკენ. პოლარიზაცია ისევ ამერიკის ძალისხმევით გამწვავდა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ იმ 12 პუნქტშია გაწერილი, რეალურად ქვეყანას არ აწყობს დაპირისპირება. ამიტომ მე მაქვს არგუმენტები საიმისოდაც, რომ ვთვლიდე, კომისიის შექმნის დრო და პირობები ახლა არ არის, რადგან სანქცირებულმა მოსამართლეებმა სხვა მოსამართლეების მხარდაჭერა მოიპოვეს და რომ ადგნენ და საბოტაჟი გამოაცხადებინონ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, კელი დეგნანი? ეს ხომ დესტაბილიზაცია იქნება?

- ანუ ამბობთ, რომ სასამართლოში კლანის არსებობა ფაქტია და მათი შიშით არაფერი არ უნდა გავაკეთოთ?

- არა, მათ, უბრალოდ, კოლეგიალური მხარდაჭერა გამოხატეს და კომისიამ რა უნდა გააკეთოს? ჩანს ფაქტები, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს?

- თუ ფაქტები არ გამოჩნდება, მათთვისაც და "ოცნებისთვისაც" უფრო კარგი არ იქნება? ხომ დავინახავთ, რაც მოხდება? და მეორე, ბოლო წლებში რამდენი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ზუსტად ამ დანაშაულებზეა ლაპარაკი.

- ყველა იმას დაინახავს, რაც სურს დაინახოს. არასამთავრობო სექტორის მოგროვებული ფაქტები თქვენ იცით? მე არ ვიცი. რომელ მოსამართლეებზეც ისინი წერენ, ის მოსამართლეები არ არიან, რომელთა მიერ სააკაშვილის დროს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები თითქმის ას პროცენტს შეადგენდა, მაშინ რატომ არ დაასანქცირა ამერიკამ ისინი?

- კრიტიკული შენიშვნები მაშინაც იყო... რაღაცას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული?

- შენიშვნა და რეკომენდაცია სხვაა, სანქციები ჰქონდათ? როდესაც ევროპაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა, რატომ მაშინ არ დაუწესეს სანქციები? იწერება და შენიშვნები ჰქონდათ, სხვა საკითხია, ხოლო სანქცია გახდა ის, რამაც ბიძგი მისცა ამ პროცესს. ამის ერთ-ერთი ვერსია ის არის, ხომ არ არის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა?

- ამერიკის მიზანია აქ დესტაბილიზაციის გამოწვევა? რაში აწყობთ?

- რაში აწყობდათ მეორე ფრონტი?

- ამერიკას სურდა მეორე ფრონტის გახსნა? როდის და სად თქვეს ეს? სულ აცხადებენ,­ რომ არ უნდათ აქ ომი.

- საერთოდ არ ყოფილა მეორე ფრონტზე ლაპარაკი?

- კი, "ოცნება" ამბობდა. ამერიკის მხრიდან ვინ თქვა, გვინდაო?

- არ მჯერა მათი. არ მჯერა, იმიტომ, რომ მეორე ფრონტზე დაბეჯითებით ლაპარაკობდა უკრაინის მხარე.

- უკრაინას ომი აქვს და ნებისმიერი მეორე ფრონტი აწყობს. უკრაინის განცხადება ნიშნავს, რომ ეს ამერიკის პოზიციაა?

- უკრაინა და "ნაცმოძრაობა" იყვნენ მეორე ფრონტის პირდაპირი ან ირიბი მომხრეები. კელი დეგნანი "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს თუ არა მხარს?

- ჯერ ერთი, მხარდაჭერაში რას გულისხმობთ და მეორე, მეორე ფრონტზე ვსაუბრობთ და ერთ განცხადებას მაინც თუ დაასახელებთ, სადაც დეგნანს ირიბად მაინც დაეჭიროს მხარი აქ მეორე ფრონტის­ გახსნისთვის? ფაქტებზე ვსაუბრობთ?

- გვარამიას მოსამართლეს კელი დეგნანმა სანქცია ხომ დაუწესა, ეს ხომ ნიშნავს, რომ მხარს უჭერს "ნაცმოძრაობას"?

- ეს მეორე ფრონტის გახსნის მხარდაჭერას ნიშნავს? თანაც გვარამიას საქმე პოლიტიკურად შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ.

- მე ამ საქმის მსაჯული ვერ ვიქნები­, მაგრამ ის, რომ მოსამართლეს შეუჩერდა­ ვიზიტი და ეს გადაწყვეტილება მიიღო საელჩომ, მკვეთრი და არატიპური ფაქტია. მოსამართლისთვის ასეთი ბრძოლის გამოცხადება არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკული მხარე ნეიტრალურია და მხოლოდ ის სურს, საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს.

- აბა, რა უნდა? ამერიკის მიზანი ის არის, რომ აქ ყველაფერი ცუდად იყოს?

- მე უფლებას ვაძლევ თავს, არ დავეთანხმო ამერიკის პათოსს, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენი მეგობრები არიან, იმიტომ, რომ ვარ 2003 წლის მოწმე, როდესაც აშშ-ის მაშინდელი ელჩი დადიოდა და თითოეულ მინისტრს აფრთხილებდა,­ შევარდნაძე ხელისუფლებაში თუ დარჩა, თქვენ ცუდ დღეში ჩავარდებითო, და მერე მოხდა "ვარდების რევოლუცია". ასე რომ, ამერიკის საელჩოსთვის ჩარევის ეს სტილი ჩვეულებრივია, ხელისუფლებაში იმ პირების მოყვანა, რომლებიც აწყობთ.

- ამერიკასთან გაფორმებული ხელშეკრუ­ლებებით გვაქვს აღიარებული, რომ მათ ვაძ­ლევთ რეფორმების შეფასების უფლებას და შენიშვნებს რომ ამბობენ და დარღვევებზე რეაქცია აქვთ, ჩარევა რატომ არის?

- წარსული გამოცდილება მაძლევს­ უფლებას, ეჭვი შევიტანო, ისევ ხელისუფ­ლების შეცვლის იდეა ხომ არ აწუხებს­ ამერიკას. ამ ეჭვს კი ისიც აღრმავებს, რომ მხოლოდ კელი დეგნანის წერილის საფუძველზე იღებს სახელმწიფო მდივანი სანქცირების გადაწყვეტილებას, დიალოგს არც მართავს მხარეებთან. ხელისუფლებას კითხვას არ უსვამს, სწორია თუ არა. არ არის ეს საეჭვო? თუ მეგობარია, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მეგობარი უნდა იყოს და კითხვა მაინც უნდა დაუსვას, რა ხდება თქვენთანო. ცხადია, ამერიკას ბევრი რამ აქვს ჩვენთვის გაკეთებული. რომ არა ამერიკა, დღეს, ალბათ, საქართველო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თუმცა ერთ რამეში რომ გეხმარება, ეს არ გამორიცხავს, რომ სხვაში მის ჭკუაზე იმოქმედო. გაითვალისწინეთ, რომ ამერიკას უზარმაზარი დახმარება აქვს გაწეული ევროპისთვის და დღეს ევროპა ამერიკას ეუბნება, მეგობრები ვართ, მაგრამ სუვერენიტეტს ნუ შეგვილახავთო. ეს ხომ იგივე მოთხოვნაა, რაც ჩვენი. რაში სჭირდება ამერიკას აქ არეულობა? შესაძლოა ისევ ის მიზეზი იყოს, რაც 2003-ში, როდესაც შევარდნაძის გადაგდება რუსეთსაც უნდოდა და ამერიკასაც და ამერიკამ რუსეთს რევერანსი გაუკეთა. რუსეთს უნდა აქ არეულობა, რათა სატრანსპორტო დერეფანი დაბლოკოს, და არ არის გამორიცხული, ამერიკას სურს რუსეთს ანგარიში გაუწიოს, რათა მასთან საბრძოლველად ხელები გაითავისუფლოს, თუნდაც უკრაინის ფრონტზე. ის, რომ ერთ ფრონტზე ისინი ერთმანეთს ებრძვიან, არ გამორიცხავს, რომ მეორე სივრცეში ერთმანეთის ინტერესებს­ არ გაატარებენ. და მეორე ვერსიაა ის, რაც უკვე გახმაურდა - შესაძლოა ამერიკა ებრძვის ევროპას და რადგან ევროპამ ჩინური საქონელი უნდა მიიღოს საქართველოს გავლით, ამერიკა კი იმავდროულად ჩინეთსაც ებრძვის, მათი საქმის გაფუჭებისთვის ასეთი პატარა ჟესტი მოიფიქრა, კერძოდ, არეულობა საქართველოში.

- ის, რომ თუ აქ არეულობა მოხდა, პრობლემური იქნება ევროპისთვის, რა სარგებელს აძლევს ამერიკას? ეს ხომ უპირველესად იმაში აისახება, რომ ევროპა რუსეთს ვეღარ გაუწევს წინააღმდეგობას?

- ჯერ ერთი, არ ვიცით, უკრაინის­ ომი როგორ დამთავრდება, მაგრამ ვიცით, რომ ამერიკაში სულ უფრო გახშირდა ლაპარაკი იმაზე, მხარეები დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთო. შესაძლოა ბოლომდე ბრძოლის იდეა ამერიკისთვის დიდად მიმზიდველი აღარც არის, მისთვის რუსეთის რბილი მარცხი უფრო ხელსაყრელია.

- მაშინ ჩვენთან ხელისუფლების შეცვლა რაღაში სჭირდება, ბოლოს და ბოლოს, რუსეთთან რევერანსები ამ ხელისუფლების ნიშაა?

- დავუშვათ თქვენ ხართ ამერიკა და გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში გჭირდებათ ომი და უცბად ამ ხელისუფლებამ ომზე უარი გითხრათ. ეს ხომ უკვე არახელსაყრელი ხელისუფლებაა? საქართველოში ის მდგომარეობა, რომ რასაც დაავალებთ, გააკეთებს, არ არის და რადგან არ არის, გჭირდებათ ის ხელისუფლება, სადაც ეს მდგომარეობა გექნებათ. მოკლედ, რაღაც პროცესები იხარშება ქვეყნის გარეთ და მერე ეს აისახება საქართველოზეც. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბლინკენს აღარც ახსოვს ეს ოთხი მოსამართლე­ და თუ ვინმემ გაახსენა, შესაძლოა დიდად კმაყოფილი აღარც იყოს დეგნანით, იმდენად ზერელედ არის მომზადებული ამათი სანქცირება. 11 წელია, ეს მოსამართლეები არიან და ხალხი არ აღელვებულა. სანქციები რომ გამოჩნდა, მაშინ დაიწყო ეს პროცესები, არიქა, ჩვენი მხრიდანაც დავამატოთო. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სანქციები შეიძლება დესტაბილიზაციის მორიგი ნაპერწკალი გახდეს საქართველოში და ვთვლი, რომ ამიტომაც არ უნდა "ოცნებას" დიდი მსვლელობა მისცეს ამ საქმეს. თუმცა, აქამდე რომ მივიდა საქმე, "ოცნების" შეცდომების ბრალია.

- იმის გამო, რომ "ოცნებას" კომისიის­ შექმნა არ უნდა, საპარლამენტო მუშაობა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს პოლიტიკური პროცესი?

- მგონი, აღდგება საპარლამენტო პროცესი. თუ ვერ აღდგება, ესეც არ ქმნის გამოუვალ მდგომარეობას, რადგან მანევრების­ საშუალება არსებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას, ვფიქრობ, ოპოზიცია იგნორირებას არ გაუკეთებს ქუჩაში გამო­სვლის იდეას. მეორე საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება. ბევრჯერ ნახეს, რომ აქციებს შედეგი არა აქვს, მაგრამ მაინც მუდმივად ქუჩის პროცესებზე აპელირებენ.

- ქვეყნისთვის მთავარია ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს. დღევანდელი გადასახედიდან რა რისკია იმისა, რომ ეს არ მოხდეს?

- იმის გამო, რომ ოპოზიცია ქუჩის აქციებს ვერ ახერხებს, ვთვლი, რომ ეს რისკი არ არის. მეორე მხრივ, თუ მოხდა სასწაული და ქუჩაში პროცესების გადატანა მოახერხეს, რასაც არეულობა მოჰყვება, ეს რისკი ჩნდება. ოპოზიციას დესტაბილიზაცია სურს. რევოლუციის ძახილი სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებასაც აყენებს კითხვის ქვეშ და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლასაც.

რუსა მაჩაიძე