„გასულები“ და „ბეიბები“
"მახსოვს, როგორ გამასინჯა მეგობარმა პირველად პატარა აბი, ერთი კლუბის ტუალეტში. იმდენად აჟიტირებული ვიყავი, ვუთხარი, ისედაც კარგად ვერთობი, ეს რად მინდა-მეთქი, მაგრამ თვალი ჩამიკრა, შენ არ იცი, ამას რა მოაქვს, უფრო გათამამდები და კომპლექსები მოგეხსნებაო. არ მინდოდა თანატოლებს ეთქვათ, ეგ რისი გამკეთებელია, ყველაფრის ეშინიაო, და ნახევარი გადავყლაპე... ასე დაიწყო ჩემი "სხვანაირი" ცხოვრება" - ეს არის მცირე ეპიზოდი იმ გოგონას მონაყოლიდან, რომელიც მეგობრების "დამსახურებით" "სააფთიაქო ნარკომანიის" მსხვერპლი გახდა.
ანა ახლა 20 წლისაა, დიდი და მძიმე გამოცდილებით, თუ როგორ არ უნდა აჰყვე გარემოცვას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ცდილობს "გამორჩეული" იყოს:
- 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობრებისგან გავიგე, რომ არსებობს აბი, რომელიც სულ რაღაც 15-20 წუთში სხვა სამყაროში, სხვა დროსა და რეალობაში გადაგიყვანს, წარსულის ან პირიქით, მომავლის ადამიანი გახდები, ან სამყაროს სხვა არსებად, ცხოველად ან მცენარედ მოევლინები. ამის შემდეგ "სხვანაირი" ხდები, ოღონდ როგორი, ამაზე კითხვის დასმა არასწორი იყო, გასინჯე და მიხვდებიო, გიპასუხებდნენ. ამაზე საუბრობდნენ სკოლაში, ეზოში, ქუჩაში, სხვადასხვა წრეზე, ყველგან, სადაც ყოფნა მიწევდა. რამდენიმემ გასინჯა კიდეც. ვკითხე, მართლა იმოგზაურეთ თუ არა სხვა სამყაროსა და რეალობაში-მეთქი, და ზოგმა მითხრა, არაფერი მახსოვსო, ზოგიც ემოციებით აღწერდა იმ რამდენიმე წუთს. მეგობრები მიყვებოდნენ, თუ რა ჩაიდინა ერთმა "ექსტაზის" მიღების შემდეგ და ყველა ძალიან ხალისობდა. მაშინ ჩვეულებრივად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, ტანში მზარავს, რომ 15 წლის ბავშვები "ექსტაზისგან" შეშლილ თანატოლებს საფრთხედ კი არ მიიჩნევდნენ, მათ არაადეკვატურ რეაქციებზე ხალისობდნენ. თითქოს ვეჩვეოდით, რომ ეს საშიში კი არა, სახალისო იყო. ასე გვითრევდნენ.
კლასი ორად იყო გაყოფილი - ისინი, ვინც უკვე "გასული" იყო, ანუ "ცხოვრების აზრზე" და "ბეიბები", გამოუცდელები, ვისაც ჯერ წარმოდგენა არაფერზე ჰქონდა. ის გოგო-ბიჭები კარგადაც სწავლობდნენ, მშობლებთან ერთადაც მოგზაურობდნენ და საერთოდ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ არც გართობას იკლებდნენ.
- "გართობაში" "ექსტაზის" მიღება იგულისხმება?
- დიახ, "სრული რელაქსისთვის" საუკეთესო საშუალება - ასე უწოდებდნენ ისინი. სკოლის დამთავრების შემდეგ მათ ჰქონდათ საიდუმლო ადგილები, ხის ძირის, ქვის ქვეშ ან სადარბაზოების კიბეების უჯრედებში ხვდებოდათ "პატარა საჩუქარი"... მე მშობლისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, არაფერი დამიმალავს, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი, ვერ გაიგებდა... ვიცოდი, მეგობრებთან ურთიერთობას შემიზღუდავდა, მე კი მხიარული კლასი მყავდა და მასთან განშორება მენანებოდა, თან ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკები უკვე ხელმისაწვდომი იყო და სკოლის გამოცვლა ვერ დამიცავდა...
ერთხელაც კლასელმა დაბადების დღის კლუბში გადახდა გადაწყვიტა. მშობლების ჩათში შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმ ღამის 2 საათზე ყველანი შინ ვყოფილიყავით. ძალიან გავერთეთ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე გოგო-ბიჭი არაადეკვატურად იქცეოდა. მე ლამის ყველა საათში ერთხელ ფოტოს ვიღებდი და დედას ვუგზავნიდი, რომ მშვიდად ყოფილიყო. ფოტოების მიხედვით, გაერთნენ ისინი, ვინც "გასული" იყო - ძალიან მხიარულობდნენ, თამამად იქცეოდნენ და როგორც მაშინ ვამბობდით, "კომპლექსები მოეხსნათ"... ოჰ, თქვენც იქ იყავით, ვერ შეგამჩნიეთო, ნახევრად ირონიულად გვეხუმრებოდნენ. ისე, არავის არაფერი დაუძალებია.
- მაგრამ შემოგთავაზეს?
- დიახ, გასინჯე, არაფერი მოგივაო, მითხრა დაქალმა, რომელიც მოწევაზეც უარს ამბობდა... რომელიღაც შეკრებაზე, ისევ დაბადების დღეზე, ასე გავსინჯე კლუბის ტუალეტში. ჩემთვის რომ გეკითხათ, საოცარი შეგრძნება იყო, მეორე დღეს კი მთელი კლასი და სამეგობრო ჩემზე ლაპარაკობდა, როგორ ვამოძრავებდი ყბებს, გამიფართოვდა გუგები, რა სისწრაფით ვლაპარაკობდი, ენას როგორ სასაცილოდ ვაწკლაპუნებდი, გიჟივით ვცეკვავდი და ა.შ. ეს ყველაფერი ვნახე ვიდეოებსა და ფოტოებში, რომლებიც ჩვენს საიდუმლო ჯგუფში იდებოდა.
მოკლედ, ერთბაშად ყველასთვის "სხვანაირი გოგო" გავხდი... ამის შემდეგ დაიწყო მეტი თავგადასავლის ძებნის ინტერესი. დედას ხშირად ვატყუებდი, მეგობრებთან, რომელთა სია სულ უფრო იზრდებოდა, მეტ დროს ვატარებდი, თუმცა ძველებურად კარგად ვსწავლობდი, ოღონდ ვცდილობდი რეპეტიტორები შინ კი არ მოსულიყვნენ, მე მევლო მათთან. საცობში გაჭედვა, მეგობართან შევლა, ტრანსპორტის დაგვიანება - საუკეთესო მიზეზები იყო შინ გვიან მისვლის გასამართლებლად. კლუბში ხშირად სიარულს ომით, მაგრამ მაინც შევაჩვიე დედა. მამა ხშირად მივლინებაში იყო. დედა მეჩხუბებოდა, მუსიკა და ცეკვა თუ გინდათ, სახლშიც შეგიძლიათ გაერთოთ, შუაღამისას სადღაც რომ არ იწანწალოთო. არადა, კლუბში მუსიკის მოსასმენად და საცეკვაოდ კი არა, "ექსტაზისთვის" დავდიოდით...
ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ერთ დღეს მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა, წყნეთში სახლს ქირაობდა მთელი დღე-ღამით, რაც ნიშნავდა, რომ დამთრგუნველ გამოცდებამდე "თავზე დამხობას" შევძლებდით. იმ ღამეს ჩვენს სამეგობროს სხვებიც შემოემატნენ და შესაბამისად, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის არჩევანიც მრავალფეროვანი იყო. როგორც მაშინ ვეძახდით, "ამფის", "კრისტალის", "მარგალიტის", "კრეკისა" და მარიხუანას "ხალხი" მოდიოდა. მოჰქონდათ ფერადი ფხვნილები და აბები.
შემდეგ წვეულებაზე არეულობა დაიწყო, ვიღაცებს ახალ-ახალი ტიპების მოსვლა არ მოგვეწონა და კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. იქ უკვე აღარ მახსოვს, რასთან ერთად რა მივიღე. ვამბობდით, რომ ძველები "გაგვიტრუხდა" და რაღაც ახალი გვინდოდა... მახსოვს, თითქოს მთელ სხეულზე ცეცხლი წამეკიდა, სარკეში რომ ჩავიხედე, თვალები გადმოცვენაზე მქონდა. ცუდად ვიყავი და გარეთ გავედი, ფეხებში ძალა მეცლებოდა... შემდეგ ყველაფერი ფრაგმენტულად მახსოვს. მითხრეს, პარანოიკივით იქცეოდი, ტანსაცმელი შემოიხიე, სადღაც გარბოდიო, თან გულისრევა არ მიწყდებოდა. გონებას ვკარგავდი. როგორც მითხრეს, მეგობრებს ვეჩხუბე, თითქოს შინ მარტო წავიდოდი, თუმცა მერე გავიგე, რომ შეეშინდათ და გაიქცნენ.
- როგორ გადარჩი?
- კლუბიდან გამოსულმა ორმა ბიჭმა მიპოვა გონებადაკარგული. ერთს გამოცდილება ჰქონდა და სიკვდილს გადამარჩინა. ჩანთა და მობილური ტელეფონი თან არ მქონდა, ამიტომ იძულებული გახდა შინ წავეყვანე. გამთენიას გამეღვიძა, ან უფრო გონს მოვედი, არ ვიცი, უფრო სწორი რომელია. ყველაფერი მტკიოდა, ტვინის ყველა უჯრედი, თვალები, კუნთები, ხელის მტევნები. მხოლოდ საცვლები მეცვა და ვიღაცის სახლში დივანზე მეძინა. იქვე, სავარძელზე ეძინა ვიღაც ბიჭს... საშინლად შემეშინდა. წამოვხტი, მაგრამ აღარც ტანსაცმელი მქონდა, არც ფეხსაცმელი. როგორც შემდეგ ამიხსნა, ერთიანად ვყარდი, გამხადა და გადაყარა, რადგან სახლში ისე ვერ შემიყვანდა. წარმოდგენაც არ მინდა იმ სცენის... ბიჭის სვიტერი ჩავიცვი, კარამდე ბარბაცით მივედი და კუთხეში მიყრილი მისი ჩუსტები ვიპოვე. ეძინა და მინდოდა მის გაღვიძებამდე გავპარულიყავი. არ ვიცოდი, სად, რომელ ქუჩაზე ან რაიონში ვიყავი. ყველაფერი მტკიოდა, თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ იქ დარჩენას სიკვდილი მერჩივნა. კარი შიდა საკეტით გავაღე და კიბეზე ჩავლასლასდი. ციოდა. ყინავდა, ფილები და კიბის საფეხურები ყინულივით ცივი იყო, მაგრამ ცოტათი გამომაფხიზლა.
- სად მიდიოდით?
- არ ვიცი... იმწუთას ჩემი გვარ-სახელიც არ მახსოვდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი, უფრო სწორად ვეგდე იქ, მერე თანდათან გონება დამეწმინდა და გამახსენდა, რომ დედა მყავდა და ჩემს თავზე მეტად შემეცოდა, როცა წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა ახლა. "არაფერი იცოდნენ" მეგობრებმაც, შემდეგ გავიგე, უთქვამთ, სხვა მეგობრებთან ერთად კლუბში წავიდა, მეტი არაფერი ვიცითო...
მოკლედ, სხვადასხვა სართულზე, კარებზე ვაკაკუნებდი და დახმარებას ვითხოვდი. ზოგმა არ გამიღო, რადგან გიჟი ვეგონე (არც ვამტყუნებ), ზოგმა ვერც გაიგონა... ერთი ბინიდან ახალგაზრდა ქალმა გამომხედა. რომ არ წავქცეულიყავი, კედელს ვიყავი მიყუდებული. ვუთხარი, არ ვიცი, სად ვარ, აქ როგორ აღმოვჩნდი, დახმარება მჭირდება, დედასთან დარეკვა-მეთქი... ერთოთახიანი ბინა ჰქონდათ, ამ ქალმა სამზარეულოში შემიყვანა, მაგრამ მალე კაცი შემოვარდა, ეგ ვინ შემოიყვანეო. მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც მქონდა ნაყლაპი. ენა არ მემორჩილებოდა, სახეზე მწვანე ფერი მედო... მხოლოდ ის ვთხოვე, სასწრაფო არ გამოიძახოთ, დედა მყავს და მასთან დამარეკვინეთ-მეთქი. ძლივს გავიხსენე ნომერი და დავრეკე, დედას ისტერიკა ჰქონდა. ტირილის ნაცვლად კნავილი ამომდიოდა, რადგან ძალა არ მქონდა. ცოლ-ქმარმა მისამართი უთხრა. კაცი ცოფებს ყრიდა, ჩემი შვილი რომ იყო, ჩემი ხელით მოგკლავდიო. ქალი მიცავდა. არ ვიცი, წყნეთიდან სვანეთის უბანში როგორ აღმოვჩნდი. წყალი და ჩაი დამალევინეს. იმ ქალმა თავისი ტანსაცმელი ჩამაცვა. ამასობაში კი დედაც მოვარდა. სიკვდილს ვნატრობდი და ძალა რომ მქონოდა, ალბათ, რაღაცას მოვიმოქმედებდი, როდესაც დავინახე, როგორი მოკუნტული, მიწასთან გასწორებული გადმოვიდა დედა მანქანიდან.
დამალვას აზრი არ ჰქონდა, ვიღუპებოდი და დედას ყველაფერი ვუთხარი. ცოცხალ-მკვდარი მისმენდა, გაოგნებული იყო, თუ როგორ შევძელი ამდენ ხანს, ფაქტობრივად, სამი წელი, მისი მოტყუება ისე, რომ ვერაფერს მიხვდა. თავს იდანაშაულებდა, მეტი ყურადღება უნდა მომექციაო, მე კი მერჩივნა, ეჩხუბა. ახლაც არ ვიცი, როგორ გადამარჩინა იმ ბიჭმა, მაგრამ სიცოცხლეს მას ვუმადლი, ჩემმა მეგობრებმა კი გამწირეს. როდესაც ვკითხე, რატომ დამტოვეთ-მეთქი, მიპასუხეს, ისე იქცეოდი, შეგვეშინდა, რომ მოკვდებოდი და შენი სიკვდილი ჩვენ დაგვბრალდებოდაო... მამასაც ვუამბეთ ყველაფერი. მან თავად მოისურვა იმ ბიჭის ნახვა მადლობისთვის. ყოფილი სპორტსმენი აღმოჩნდა, ხელჩაქნეული. "სინთეტიკური ნარკოტიკის" მომხმარებელი. გონებადაკარგული, ცოცხალ-მკვდარი იყო და ვერ მივატოვებდიო, უთქვამს.
- როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?
- იმ წელს ჩაბარება არც მიცდია. მკურნალობა და ფსიქოლოგიური კურსები დამჭირდა... ორწლიანი "სტაჟი" მქონდა და თავის დანებება უმძიმესი იყო. მეგობრები გავფილტრე, თუმცა ისევ ცდილობდნენ ძველ წუმპეში შევეთრიე. ცოტა ხნით სხვა ქვეყანაში წავედით და ეს დამეხმარა. იმ საბედისწერო ღამემ ცხოვრების გაგრძელების შანსი მომცა და უნდა გამოვიყენო. ჯერ ვერ დავაღწიე თავი, მაგრამ უნდა შევძლო.