„უნდა გვახსოვდეს, რომ კიბო არ არის განაჩენი!“
როგორი უნდა იყოს ძლიერი ადამიანი? ეს უპირველესად საკუთარ თავზე გამარჯვებაა. არ დანებდეთ! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
"სიმსივნემ უფრო მეტი მომცა, ვიდრე წამართვა, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარდისფერ გოგოდ გადავიქეცი, სამყაროს გავუგზავნე პოზიტივი და ცხოვრება ვარდისფერი ფურცლიდან დავიწყე"
მეგი თედეევიყოფილი ონკოპაციენტია. ჯერ კიდევ იმ დროს გავიცანი, როდესაც მის სხეულში სიმსივნის მეტასტაზები ბობოქრობდნენ, მეგი კი მათ, როგორც ამბობს, "ცხენზე ამხედრებული და ხმალამოღებული" მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. მეგიმ გაიმარჯვა, გაიმარჯვა თიკომაც და მათთან ერთად კიდევ უამრავმა გააცურა სიკვდილი. სამწუხაროდ, ბევრი კიდევ იბრძვის!
- ეს 2021 წელს მოხდა, პანდემიის პერიოდში. მახსოვს ექიმის კაბინეტში შესვლა, პირბადე მაწუხებდა, მოვიხსენი და დავჯექი. ექიმი უემოციო სახით მიყურებდა. არ ვნერვიულობდი, რადგან სიმსივნეს ვერც წარმოვიდგენდი. უცებ ექოსავით ჩამესმა, "მეგი, თქვენ მკერდის კიბო გაქვთ". დამბურძგლა, სხეული ამტკივდა, ექიმისგან კი არც სიბრალული, არც გამხნევება, არადა, ძალიან მჭირდებოდა. კაბინეტიდან გამოსვლა ბუნდოვნად მახსოვს. აზრზე სახლში მოვედი, როდესაც უკვე დედაჩემს ვესაუბრებოდი და ორივე ვტიროდით. რამდენიმე დღე ძალიან გამიჭირდა, ფაქტობრივად, თავი გამოვიგლოვე. თუმცა შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ფიქრი დავიწყე. რამ გადამაწყვეტინა, რომ უნდა მეცოცხლა? მინდოდა ჯერ ჩემს თავს დავხმარებოდი და შემდგომ სხვებს. საოცარი იყო, რაც უფრო ქვეითდებოდა ჩემი ჯანმრთელობის ხარისხი, მით უფრო ვძლიერდებოდი. უმძიმესი გზა გავიარე, იყო ბევრი ტკივილი, ნერვიულობა და ფინანსური დახმარების თხოვნაც. გრძელი და ლამაზი თმა მქონდა და როცა ექიმმა მითხრა, გაგცვივდებაო, ძალიან განვიცადე. თმის გადასაპარსად ჩემი შვილები გამყვნენ, მახსოვს, როცა გადავიპარსე, მითხრეს, დე, მაგრად გიხდებაო. შვილების ნუგეშმა უფრო ძლიერი სტიმული მომცა, ამ პატარა არსებებისა და ჩემი თავისთვის უნდა მებრძოლა. დავიწყე მკურნალობა. ქიმიოთერაპია კოშმარი იყო, უკურეაქციები მქონდა. იყო პერიოდი, როცა წყალს ვეხებოდი, თითქოს დენი მარტყამდა. სხეული მტკიოდა, სისუსტე, უხასიათობა და უმადობა ხომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ახლობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ მეხმარებოდა. მკურნალობასთან ერთად დავიწყე აქტივობები, ვიდეოგადაღებები, ქიმიოთერაპიის დროსაც კი ვიღებდი, ვმღეროდი, ლაივში ხშირად გავდიოდი და ხალხს ვუზიარებდი ჩემს შთაბეჭდილებებს, შეგრძნებებს, რა დროს რა ხდებოდა ჩემს ორგანიზმში. ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა თავს ვიწესრიგებდი, ვიკეთებდი მაკიაჟს, ვიხატავდი სახეს და თავსაც კი. ვცდილობდი ჩემი სიმსივნე "გამეხალისებინა", ვიცვამდი ვარდისფერ კაბებს, კლინიკაში ფოვერბორდით დავდიოდი. მოკლედ, სულ ვხალისობდი, დავაფასე სიცოცხლე და დღეს ვარდისფერი გოგო ვარ.
ბევრს აქვს ეს დაავადება და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, იბრძოლეთ ბოლომდე! ვიცი, სათქმელად ადვილია, იმ გზის გავლა კი უმძიმესი, მაგრამ არ დანებდეთ! ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი! იცით, რამხელა სიხარულია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაც გამოჯანმრთელდა. თუკი განწყობას შეიქმნით, ყველა დაავადების დამარცხება შეიძლება. მე დღეს ჯანმრთელი ვარ, სიმსივნემ უფრო მეტი მომცა, ვიდრე წამართვა, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარდისფერ გოგოდ გადავიქეცი, სამყაროს გავუგზავნე პოზიტივი და ცხოვრება ვარდისფერი ფურცლიდან დავიწყე.
- როგორია სიმსივნესთან დაკავშირებული წარმოდგენები საქართველოში?
- ჩვენი საზოგადოება სიმსივნეს განაჩენად მიიჩნევს. ხშირად დაავადებას მალავენ, რადგან ონკოლოგიური დაავადება წლების განმავლობაში სიკვდილთან იყო გაიგივებული. საბედნიეროდ, საქართველოში არის ორგანიზაციები, რომლებიც ონკოპაციენტებს ფსიქოლოგიურად თუ ფინანსურად ეხმარებიან, ასწავლიან, თუ როგორ არ უნდა ჩაიქნიონ ხელი ცხოვრებაზე. მეც ძალიან დამეხმარა კიბოსთან ბრძოლის ორგანიზაცია და დღეს ის ჩემი მეორე ოჯახია.
"რადიკალურად შევიცვალე, ვფიქრობ, უკეთესობისკენ - ბუღალტერი ფსიქოლოგი გავხდი. აუცილებლად გაიმარჯვებ, თუკი შენს შიშებს დაძლევ"
თიკა მაისურაძეც ყოფილი ონკოპაციენტია. 2019 წელს მას ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ყოფილმა ბუღალტერმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტა შეესწავლა ფსიქოლოგია და დახმარებოდა ხალხს.
- როცა სიმსივნით დაავადებულ პაციენტს ვეუბნები, რომ მეც მქონდა სიმსივნე და დავამარცხე, ძალიან იოლდება ურთიერთობა. მახსოვს, სამსახურში მივდიოდი, როცა ელფოსტაზე წერილი მომივიდა, გავხსენი და გავოგნდი - მატყობინებდნენ, რომ სხეულში სიმსივნური წარმონაქმნები მქონდა. მეორე დღესვე წავედი ექიმთან და გამოკვლევებმა ეს დაადასტურა. ბუნებრივია, ამ დროს ადამიანის ცხოვრება იცვლება. მეც მქონდა ემოციური სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებიც მეხმარებოდნენ და ნათესავებიც, მაინც ერთხანს არავის ნახვა არ მინდოდა, თუმცა მალევე დავძლიე ეს მდგომარეობა.
- ფსიქოლოგია დაგეხმარათ სიმსივნის დამარცხებაში?
- აღარ ვფიქრობდი ჩემს დაავადებაზე და ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე, უფრო სასიამოვნო თემებზე გადამეტანა. ვფიქრობდი მომავალზე, მქონდა გეგმები და ვისახავდი მიზნებს. ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, იცვლება ადამიანების ცხოვრება. მეც რადიკალურად შევიცვალე, ვფიქრობ, უკეთესობისკენ - ბუღალტერი ფსიქოლოგი გავხდი. აუცილებლად გაიმარჯვებ, თუკი შენს შიშებს დაძლევ.
- რა ხდება, როდესაც იგებენ, რომ სიმსივნე გაქვს?
- ხშირად რეაქცია ასეთია, ვაიმე, სულ არ გეტყობათო, რატომღაც ჰგონიათ, რომ უუნარო და გასაცოდავებული უნდა იყო. ამის წინააღმდეგ ჩვენს ორგანიზაციაში საოცარი გოგონებისგან შემდგარი გუნდი, მისაბაძი ადამიანები გვყავს. სტიგმაა ისიც, რომ ქიმიოთერაპიას ვერ იტანენ, კვდებიან. არადა, ბევრი სრულფასოვნად ცხოვრობს. ამის საუკეთესო მაგალითად მეგი გამოდგება. მან თავისი ცხოვრება სხვებისთვის მისაბაძად აქცია.
ამ საქმეში ცნობიერების ამაღლებისთვის სახელმწიფომ უნდა ითამაშოს დიდი როლი, მედიამაც, რაც ბევრ სტიგმას დაანგრევს. ინფორმაციის ნაკლებობა უარყოფით გავლენას ახდენს ამ დაავადების მქონეებზე.
- როგორც ფსიქოლოგი და ყოფილი ონკოპაციენტი, რას ეტყვით მათ, ვისაც რჩევა სჭირდება?
- ნებისმიერი ადამიანისთვის სიმსივნის დიაგნოზი სტრესთან არის დაკავშირებული, რაც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კიბო არ არის განაჩენი. მედიცინის განვითარებასთან ერთად, განვითარდა ონკოლოგიაც და დღეისათვის სიმსივნეების განკურნება აღარ არის ძნელი. მთავარია, დროული დიაგნოსტიკა, პროცესზე მუდმივი ზედამხედველობა და მკურნალობის სწორად შერჩევა.
ზურა სოლომნიშვილი