„ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ინგრევენ ცხოვრებას!“
ირაკლი კვიკვინია (სახელი და გვარი შეცვლილია - ავტ.) აზარტული თამაშების ონლაინპროვაიდერი კომპანიის თანამშრომელია, უფრო სწორად, სტუდენტია და აქ მუშაობით ცდილობს დამატებითი შემოსავლის მიღებას. დღეს ირაკლი რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია.
- "ევოლუშენ ჯორჯიაში" მე ვარ თამაშის წარმდგენი. არიან ბანქოს მჩეხავებიც, მე ბანქოს დამრიგებელი ანუ დილერი შეიძლება მიწოდოთ. მაგიდებთან ჯდომა და სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებისთვის ონლაინთამაშის წაყვანაც მიწევს. მე მხედავენ, მაგრამ მე ვერ ვხედავ მოთამაშეებს, კომუნიკაცია გვაქვს ჩათის მეშვეობით. ეს ჩვეულებრივი კაზინოა, ოღონდ ონლაინ. აქ სამუშაოდ ინგლისურის ცოდნაა საჭირო.
- მანდ მუშაობის დაწყება შენთვის რა იყო, ოცნების ახდენა, გამოსავალი?
- უფრო გამოსავალი. აქ მუშაობა მარტივი გზაა სტუდენტებისთვის ფულის საშოვნელად. ამ სამსახურს სახელი იმით ჰქონდა განთქმული, რომ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი აქვს. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლია გააჩუქო შენი დღეები ან გაცვალო, მთავარია, არ ჩაშალო პროცესი. მეც ვიფიქრე, რომ გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას, მაგრამ რომ მოვედი, სულ სხვა სურათი დამხვდა. ეს სამსახური სტუდენტებისთვის პრობლემურია. მაგალითად, თუ გამოცდები გემთხვევა, არის სამუშაო საათების ლიმიტი, რომლის გაცდენა დაუშვებელია. არის ისეთი დღეებიც, რომელთა "გაჩუქება" არ შეგიძლია - ანუ თუ გამოცდა ამ დღეებს დაემთხვა, გაცდენა მოგიწევს. მოკლედ, სწავლა უნდა მოარგო ამ სამსახურს. თუ 1-2 თვით მიხვალ სამუშაოდ, კიდევ შეიძლება. სხვაგვარად დრო არ დაგრჩება და ხარისხიანად ვერ შეძლებ განათლების მიღებას. არ ღირს!
- მოთამაშეებზე მიამბეთ, ძირითადად, ვინ არიან?- აქ 4 შენობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების მაგიდებით. სათამაშოდ გვერთვებიან თურქეთიდან, გერმანიიდან, აზიის ქვეყნებიდანაც, მეტწილად ჩინელები და იაპონელები. ქართველები ნაკლებად. ყველაზე მეტი მოთამაშე თურქეთიდანაა. მოთამაშეებს, მით უმეტეს, აზიელებს, ცრურწმენები აქვთ. ვთქვათ, ბანქოს თუ შეეხები, შეიძლება ამას დააბრალოს თავისი წაგება. - წაგებას აგრესიულად გამოხატავენ?
- გამოხატავენ რომელია, დილერს აყენებენ შეურაცხყოფას. ჩვენ გვევალება ყველაფერი ავიტანოთ. თუ ძალიან გაუსაძლისი გახდა, შეგიძლია ასეთ პიროვნებას ჩათთან წვდომა შეუზღუდო. ბევრია მოთამაშე, წაგების შემდეგ დილერის გინებაზე რომ გადადის. ამაზე თავიდან ვნერვიულობდი, მერე უკვე ყურადღებას არ აქცევ. მოთამაშეებს არ უნდა აგრძნობინო, რომ ღიზიანდები, რეაქცია არ უნდა გამოხატო, ყველანაირი მიმიკის გარეშე უნდა ამცნო წაგება. დღეში 8 საათი ვმუშაობთ: 1 ცვლა დილის 8-დან 4 საათამდე, მეორე - დღის 4-დან ღამის 12 საათამდე, მესამე - ღამის 12-დან დილის 8 საათამდე.
- ყველაზე მეტი მოთამაშე რომელ საათებშია?
- გააჩნია. როგორც გითხარით, 4 შენობაა: ა, ბ, ც და დ. მაგალითად, ა შენობაში სულ თურქები თამაშობენ, განსაკუთრებით აქტიურად დღის 4-დან ღამის 12 საათამდე. დ შენობაში უფრო ევროპელები, დილის და შუადღის საათებში. ყველაზე ნაკლებად ღამის საათებში შემოდიან.
- სამუშაოდ როგორი პირობები გაქვთ?
- შეიძლება დილერი ცუდად გახდეს, ვთქვათ, ოთახში ცხელა და ამის გამო. სანამ ყველა არ გახდება ცუდად და არ დაიწყებს ხელების ქნევას ჰაერისთვის, მანამდე კონდიციონერს არ ჩართავენ. ერთხელ უჰაერობის გამო ერთ დილერს სანამ გული არ წაუვიდა, მანამდე შემცვლელი არ მოუყვანეს. რამდენიმე დილერი ორსულადაა. ერთს მუცელი ასტკივდა თამაშის დროს. ფაქტობრივად, ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა, ასეთ დროს ხომ უნდა გაიყვანონ ადამიანი, მაგრამ არა! სანამ მენტორმა არ გამოიცვალა, გამოკოპწიავდა, მანამდე არ მოვიდა. იმ ორსულ გოგოს უკვე ცრემლები მოსდიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, შეცვალეს და ტირილით გაიყვანეს.რაც შეეხება ხელფასს, თავიდან პირველი 6 თვე საათში 7.10 თეთრს გიხდიან. თვეში საშუალოდ 120 საათს მუშაობ, მერე ამას 22% საშემოსავლო ბეგარა აკლდება. ნამდვილად არ არის იმხელა ხელფასი, რომ ასეთი შეზღუდვებით იმუშაო.
- მოთამაშეებთან თავიდან როგორი დამოკიდებულება გქონდა და ახლა, როცა მათთან ყოველდღიური ონლაინურთიერთობა გაქვს, რას ფიქრობ მათზე?
- ყველა მათგანი დამოკიდებულია თამაშზე! ცხოვრებას ინგრევენ. ვხედავ, რამდენს აგებენ და მაინც არ ჩერდებიან. ყველას ვურჩევ ერთხელაც არ ითამაშონ. დილერებს გვაქვს ღილაკი, რომლითაც შეგიძლია გადაამისამართო მოთამაშე ფსიქიატრთან თუ ფსიქოლოგთან, რომელიც ცდილობს გადააჩვიოს თამაშს. ვთქვათ, მოთამაშემ თანხა დადო და წააგო, დადო - წააგო, მერე უკვე ჭკუიდან გადადის, გამწარებული იწყებს ჩათში წერას. ჯერ მე მაყენებს შეურაცხყოფას. მერე მწერს, - ძალიან ცუდად ვარ, გეხვეწები მომაგებინეო. რამდენჯერმე 2-3-ჯერ ზედიზედ მოიგო მოთამაშემ, მერე ყველა მოგებული ერთად დადო და წააგო. ამის მერე იწყება ჩემი ლანძღვა, ყველაფერი შენ გამო დავკარგე, ეს რა მიქენი, ახლა რა ვქნაო?! მე ვამისამართებ სხვა განყოფილებაში, რათა რამით დაეხმარონ, მაგალითად, შეუზღუდონ საიტზე წვდომა, ან რამე მსგავსი, რადგან ბევრს მენტალური პრობლემები ექმნება თამაშისგან. თავიდან რომ მარტივად იგებენ, ვერ ხვდებიან, რომ ასევე მარტივად შეიძლება წაგება.
- რომელიმე მოთამაშე რჩება მოგებული?
- საბოლოოდ, არც ერთი მათგანი. მოთამაშეს ისეთი შეზღუდვა აქვს, რომ 70%-ში უტყუარად აგებს. აი, 30%-ს ერთხელ რომ გაუმართლებს, უკვე ჰგონიათ, შემდეგშიც ასე იქნება. არადა, ასე არ ხდება, ისეა გათვლილი თამაში, რომ 100 თამაშიდან 72-ს დილერი მოიგებს. რაც არ უნდა გაუმართლოს მოთამაშეს, ბოლოს მაინც ყოველთვის კაზინო იგებს! ბევრი ჩვენთან ჩათში იმიტომ შემოდის, რომ გვესაუბრონ დილერებს. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ საგინებლად შემოდიან. მოკლედ, ათასი ჯურის ხალხია, როგორც წესი, ყველა აგრესიული. სამსახურს გარეთ რომ გავიგო, ჩემს გარემოცვაში ვინმე თამაშობს, ვიფიქრებ, რომ მენტალური პრობლემა აქვს და არ ვენდობი. ნერვული სისტემა აუცილებლად ექნება დანგრეული. ხშირი თამაშის გამო ადამიანის ტვინი, აზროვნება და მენტალიტეტი ძალიან ზიანდება.
- მოთამაშეებს შორის ქალი მეტია თუ მამაკაცი?
- ათასში ერთი ქალია, ყოველ შემთხვევაში, მე მხოლოდ სახელებს ვხედავ ონლაინ და დიდი უმრავლესობა კაცისაა.
- ქართველ მოთამაშეებზე რას იტყვი?
- ძალიან თბილები არიან, კომპლიმენტებს გეუბნებიან, მაგრამ მათაც ცვალებადი ხასიათი აქვთ. ერთი ხელი თუ წააგეს, უცებ გინებას იწყებენ. მე სულ რამდენჯერმე მომიწია ქართულ მაგიდასთან დაჯდომამ და ქართულად გინება უფრო მტკივნეულია. ონლაინკაზინოები განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა პოპულარული. ეს კაზინოები არასდროს ისვენებენ. ყოველდღე მუშაობენ, აღდგომას და წითელ პარასკევსაც ვიმუშავეთ, ოღონდ დღესასწაულებში ორმაგს გვიხდიან.
- ბევრ ქვეყანაში აზარტული თამაშები აკრძალულია.
- კარგი იქნება, ჩვენთანაც აკრძალული იყოს. ფაქტობრივად, ეს მახეა. მოკლედ, ამ საქმეში ეშმაკის ხელი ურევია.
- რამდენი ხანია, რაც მუშაობ?
- 4 თვეა. ზაფხულამდე ვიმუშავებ, ცოტა ფულს დავაგროვებ და არდადეგებზე სოფელში წავალ. თავს დავაღწევ ამ ეშმაკის სამფლობელოს!