„მეზობლებს შევპირდი, დაბადების დღეზე დიდი ლოქოთი გაგიმასპინძლდებით-მეთქი“
ზუგდიდელმა მოყვარულმა მეთევზემ მამუკა ყურაშვილმა სენაკში, მდინარე ტეხურაში, გიგანტი, 69-კილოგრამიანი ლოქო დაიჭირა. ამბობს, რომ ყისმათიანი მეთევზეა, თუმცა ამხელა ლოქო პირველად დაიჭირა. ბატონი მამუკა დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.
- 18 აპრილი ჩემი დაბადების დღეა. თითქმის ყოველწლიურად წინადღეს მივდივარ სათევზაოდ და ვიჭერ, ასეთს არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლებს - 5 წლის წინ 63-კილოგრამიანი ლოქო დავიჭირე, 47-კილოგრამიანიც დამიჭერია, 56-კილოგრამიანიც. თუ 2 დავიჭირე, ერთს ვუშვებ, დიდი რომელიცაა, რადგან დიდი არაა მაინცდამაინც გემრიელი. 10-15-კილოგრამიანია გემრიელი. წელს მეზობლებს შევპირდი, დაბადების დღეზე დიდი ლოქოთი გაგიმასპინძლდებით-მეთქი. ეს ლოქო დილაუთენია დავიჭირე ტეხურაში, სენაკში.
- როგორი ანკესით?
- სპეციალური ანკესი მაქვს, 100-კილოგრამიან ლოქოს უძლებს. ჩვენ ორნი ვიყავით, კიდევ ერთი მეთევზე იქ დაგვხვდა. რომ გაჰკრა ანკესს, შეხედე, რას შვრება ეგიო. ჩემი თანმხლები ქუთაისელი იყო, რას შვრება და, თევზი დავიჭირე, როგორც შეგპირდით-მეთქი. ამოყვანა რომ დავიწყე, თავიდან იოლად გამომყვა, 30-კილოგრამიანი მაინც იქნება-მეთქი, დავიძახე. ნახევარი მდინარე რომ გამოვათრიე, მეთევზის ენით რომ ვთქვა, უფრო დაარტყა, გამიძალიანდა, ვცდები, 50-კილოგრამიანი უნდა იყოს-მეთქი. ნაპირამდე რომ მოვიყვანე და ამოტრიალდა, ასე, 40 წუთი ვღლიდით. ჩემი ახლობელი ყვიროდა, რომ გაგვექცეს, გულიც გამისკდებაო. საბოლოოდ ამოვიყვანეთ, მაშინვე გავზომეთ და 2 მეტრი და 23 სანტიმეტრი გამოდგა. სოფელში რომ ავწონეთ, 69 კილოგრამი გამოვიდა. ფოტოები გადავიღეთ და საზღვარგარეთ გაგზავნა ჩემმა მეგობარმა, საიდან არ რეკავდნენ.
- დაბადების დღემ როგორ ჩაიარა?
- შესანიშნავად. 10 მანქანა სტუმრები მყავდნენ და 17 კილოგრამი თევზი შეიჭამა. ჩაქაფულითაც გავუმასპინძლდი, კარგად მოვილხინეთ, ღამის 2 საათამდე ვისხედით.
- დიდი ხანია თევზაობთ?
- 5 წლიდან. ყოველთვის ყისმათიანი ვიყავი. ერთხელ თურმე ბიძაჩემი გამყვა, სხვის ბადეში ხომ არ თევზაობსო, იმდენ თევზს ვიჭერდი. ამის მერე მამაჩემის მეგობარმა კარგი ანკესი მაჩუქა, კარგი მეთევზე ხარო, გამამხნევა, და სწორედ იმ ანკესით დავიჭირე 22-კილოგრამიანი ლოქო. ასე რომ, ბავშვობიდან გამომყვა თევზაობის სიყვარული. წელს ლოქოზე სათევზაოდ აღარ წავალ. ვიყიდი 100-200 ლიფსიტას და გავუშვებ ტეხურაში. დავუბრუნებ მდინარეს თევზს.
- რომელი თევზის ლიფსიტებს გაუშვებთ?
- რადგან ლოქო დავიჭირე, ლოქოს ლიფსიტებს ვიყიდი. ცოტა ძნელი საშოვნელია, ქიზიყიდან უნდა ჩამოვიყვანო. კობრი რომ დამეჭირა, კობრის ქვირითს გავუშვებდი. ზღვის სეზონი რომ მოდის, ზღვაზე მივდივარ სათევზაოდ, ლიფიორსა და სტავრიდას სპილინგითა და სატყუარებით ვიჭერ. მერე კალმახზეც მივდივარ, მაგრამ დაიჭირე-გაუშვი, არ შეიძლება მისი ამოყვანა, წითელ წიგნშია შეტანილი.
- დაიჭირე-გაუშვიო, რომ ამბობთ, მაინც ხომ მოკვდება, რადგან ანკესს წამოეგო?
- არა, კალმახზე სპეციალური ნემსკავით თევზაობენ, რომელიც ტუჩს არ უზიანებს.
- მათ შორის ლოქოსაც?
- არა, ლოქოზე სპეციალური სპორტული ნემსკავები უნდა იხმარო, მოღუნული თავებით. ლოქოს თუ მუცელი ან კუჭი არ დაუზიანდა, ტუჩის გამო არ მოკვდება.
- ახლა რომ ლოქო დაიჭირეთ, სატყუარად რა გამოიყენეთ?
- თევზი. რამდენიმე დღე სჭირდება ლოქოს სატყუარა თევზის დაჭერას. ლოქო კანიბალია და თევზზე უკეთესად მოდის. პატარა თვალები აქვს, ცუდად ხედავს, სამაგიეროდ, კარგად ესმის, ამიტომ თევზის ხმაზე მოდის. ლოქოზე ტივტივით ვთევზაობ. როგორც კი ნემსკავზე წამოვაგებ სატყუარა თევზებს, ანკესს სპეციალური სამაგრით ვამაგრებ მდინარის ნაპირზე, შემდეგ ნავით მეორე ნაპირზე მიმაქვს და ხიდის ქვეშ, სადაც კარგი ადგილია, ვამაგრებ წვრილი ძაფით. როგორც კი ლოქო მოდის, ის ძაფი წყდება და ტივტივა მოძრაობას იწყებს. ეს ნიშანია. გამოღმა ნაპირზე რომ ანკესი მაქვს დამაგრებული, იმით გამომყავს ლოქო. ეს ლოქო ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე დამიჭერია.
- ისე, როგორც მიყვებით, ლოქოებში უფრო გიმართლებთ...
- სხვა თევზებსაც კარგად ვიჭერ. სახალინზე ვმსახურობდი და ერთხელ 15-კილოგრამიანი ორაგული დავიჭირე. 8-9-10-კილოგრამიანებიც ბლომად დამიჭერია აფხაზეთში. ერთხელ 14-კილოგრამიანი კობრი დავიჭირე, ღურკანა (გარბუშად უფრო იცნობენ) კი 12-კილოგრამიანი იყო. ადრე აფხაზეთში ხშირად ვთევზაობდი, იმიტომ, რომ მეტწილად ორაგულსა და კალმახზე მიყვარდა თევზაობა, ახლა რადგან იქ ვერ გადავდივარ, სამეგრელოს ტერიტორიაზე ვთევზაობ. ორჯერ საფრანგეთშიც ვიყავი სათევზაოდ, მაგრამ არ გამიმართლა. იქ თევზაობა მხოლოდ დღისით შეიძლება, არადა, თევზი უფრო ღამით მოდის და თან, უნდა იცოდე ადგილები, სად ითევზაო. გიდი უნდა გყავდეს, რომელიც ასეთ ადგილებს გასწავლის. ჩვენ ვერ ვიპოვეთ და არ გაგვიმართლა თევზაობაშიც.
- რომელ თევზზე და სად ინატრებდით თევზაობას?
- მარლინზე. ხომ იცით, რომელი თევზია? დიდი ცხვირი რომ აქვს, ოკეანეში ბინადრობს.
- თევზაობის გარდა, რას საქმიანობთ?
- ადრე ზუგდიდის ოფისში ევროკავშირის უსაფრთხოების უფროსი ვიყავი. მანამდე უშიშროებაშიც ვმუშაობდი. ახლა დეპუტატი ვარ ზუგდიდის რეგიონში "ქართული ოცნებიდან" და რომ დავიღლები პოლიტიკით, ძალის მოსაკრებად ბუნებაში გავდივარ. ვარ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და კარატეში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, შავი ქამარი მაქვს, მე-7დანი.
- რა თვისება უნდა ჰქონდეს მეთევზეს?
- ადამიანური, უპირველეს ყოვლისა. თუ კარგი ადამიანი ხარ, მეთევზეც კარგი იქნები, სპორტსმენი თუ დეპუტატი, ყველაფერში ივარგებ.