"ჩვენი უწმინდესის იდეა იყო, რომ წირვა არამეულ ენაზე აღმევლინა"
გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, ის ცნობილია არაჩვეულებრივი ხმით. სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქანდის მონასტრის წინამძღვარია, სადაც ასურელი ბერის გალობის მოსასმენად სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი მორწმუნე ჩადის. წარმოშობით მესოპოტამიელს არასდროს უფიქრია, რომ ღმერთს მიუძღვნიდა ცხოვრებას, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემამ და ორსული მეუღლის გადარჩენის სურვილმა ღმერთთან მიიყვანა. "1999 წელს უცებ ცუდად გავხდი, გულზე შემექმნა პრობლემები. მაღალი წნევა მაწუხებდა და სასწრაფოს ხშირი გამოძახება მიწევდა. შემდეგ დადგინდა, რომ ნევროზი მქონია. ახლობელმა მითხრა, ეკლესიაში იარე და უკეთ იქნებიო. ერთხელ, როცა ეკლესიიდან ვბრუნდებოდი, ისეთი ძლიერი გულის შეტევა მქონდა, აუტანელი იყო. სულ წამლებით დავდიოდი. ამის შემდეგ დავეცი მუხლებზე, ხელები აღვმართე ზეცისკენ და უფალს ვთხოვე დახმარება", - იხსენებს მამა სერაფიმე.მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში მეგობრებს მიჰყავდათ და მოჰყავდათ, დადგა დრო, როცა თავად მივიდა. "ერთ დილას გამეღვიძა და როცა საათი ვიკითხე, 10-ის ნახევარი იყო. ავნერვიულდი, რადგან კვირას 09:30 საათზე წირვაზე უნდა ვყოფილიყავი. უცებ ჩავიცვი და გავიქეცი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო პირველი დღე, როცა საკუთარმა ფეხებმა მიმიყვანეს ეკლესიამდე და არავის დახმარება არ დამჭირვებია. ამის შემდეგ, შემოვიდა ჩემს გულში ღმერთი", - ჰყვება მამა სერაფიმე.მასთან გასაუბრების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, მეთქვა: "გმადლობ, უფალო, რომ მას შემახვედრე".
- ქრისტე აღსდგა!
- ჭეშმარიტად აღსდგა! თქვენ და თქვენს მკითხველს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. იხარეთ!
- მამაო, არამეულის შესწავლამ რატომ დაგაინტერესათ?
- მე წარმოშობით ასურელი გახლავართ. ამ სოფელში 2000 ასურელი ცხოვრობს, ამ სოფლის 99% ასურელია. 2006 წელს ასურელებმა ქართულ სამოციქულო ეკლესიას სთხოვეს, მათთვის წარმოშობით ასურელი წინამძღვარი დაენიშნათ. მე 2008 წელს ჩამოვედი უკრაინიდან, მანამდე კიევში ვმსახურობდი. ჩვენმა უწმინდესმა შემომთავაზა აქ ჩამოსვლა, მისი იდეა იყო, რომ წირვა არამეულ ენაზე აღმევლინა.
- ამბობენ, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- სწორს ამბობენ. ბევრჯერ ყოფილა, წირვა არ ჩამიტარებია ჩემი მდგომარეობის გამო და ამას მოჰყოლია ფრაზები: "გჯერა ახლა, რომ წნევამ აუწია? უბრალოდ, დაეზარა" და ასე შემდეგ. როცა რომის პაპთან ვიგალობეთ, სამწუხაროდ, ამისთვისაც ბევრი სასულიერო პირი მაქილიკებდა.
- ეგ საპატრიარქოსთან შეთანხმებით იყო?
- დიახ, მისი ლოცვა-კურთხევით, უწმინდესი თავადაც ბრძანდებოდა იქ.
- თქვენ ხშირად გიწევთ ქვეყნიდან გასვლა და ამან შეიძლება შური აღუძრას სხვებს...
- ყველაფერი შესაძლებელია. ვის რა ბუნება აქვს, ის ბუნება ამოძრავებს. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ამიკრძალონ კიდეც.
- მაინც რაღაცნაირად სკანდალებთან ასოცირდებით, ჯერ რომის პაპი, მერე "უცნობი", შემდეგ ლუჟკოვი...
- რამდენიმე სასულიერო პირმა დამცინა კიდეც, მოდი მე ბანს მივცემო, და ასე შემდეგ. გამოჩენა აღარც მინდოდა. როცა რომის პაპთან ვიგალობეთ, ლამის ჯვარს მაცვეს, ერეტიკოსთან იგალობაო, ანათემას უნდა გადაეცესო... ეს ძლივს გადავიტანე, ძალიან ვინერვიულე. არ მინდოდა გამოჩენა. ისევ უწმინდესი დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში, ყოველთვის მხარში მიდგას. ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ მტოვებს. უწმინდესი ძალიან მიყვარს, მართლაც მამაა ჩემი, საერთოდ, მთელი ერის. დღეს რომ აქ ქრისტეს ენაზე ტარდება წირვა, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა.
გიასთან ერთად რომ ჩავწერეთ გალობა, დედა ღვთისმშობლის მარხვა იყო და ისევ ლანძღვის კორიანტელი წამოვიდა. მაშინ ვთქვი, ცოტა ხნით გავერიდები, აღარ გამოვჩნდები-მეთქი. ესეც კი უკუღმა გაიგეს, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა, მამა სერაფიმე გადავიდაო... არსად არ გადავალ, არსად არ მივდივარ. შეიძლება უკვე პენსიის დროც მომიახლოვდეს, შეიძლება მომიახლოონ კიდეც, მაგრამ აქაურობას არასოდეს დავტოვებ!
ლუჟკოვი ახსენეთ და, გულის სიღრმეში კი ვფიქრობდი, შეიძლება ეს ამბავი უფრო ცუდად გაიგონ-მეთქი. იცით, არც ვიცოდი, თუ ლუჟკოვი ცოცხალი იყო და როცა მითხრეს, ქანდაში ჩამოვიდაო, ახალი გაღვიძებული ვიყავი და ვუთხარი, დამელოდოს-მეთქი. ამას ჰქვია, ლამაზად შემიცურეს ფეხი.
- რას გულისხმობთ?
- სანამ ლუჟკოვი ჩემთან მოვიდოდა, შიომღვიმეში იყო, მერე დავითგარეჯშიც, კიდევ უამრავ ადგილას, მაგრამ ეს არ გაშუქებულა. მაინცდამაინც ჩემთან მოსვლა რატომ გააშუქეს ტელევიზიებმა? ერთი ტელეარხის სიუჟეტში კი სხვა სასულიერო პირი ლუჟკოვს ეხუტება და ქვემოთ ტიტრია: "მამა სერაფიმე".
- მამაო, ვიცი, რომ გალსა და ოტობაიაშიც იბრძოდით...
- ეს ის თემაა, რომელზედაც არ ვსაუბრობ. ის ჩემი წარსულია და სიმართლე გითხრათ, არც მინდა ამის გახსენება.
- პოლიტიკა და მამა სერაფიმე...
- არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჯვარს მაცვეს. რა უნდათ, ვერ გავიგე. მე ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი, არასოდეს მითქვამს, ხალხო, ამათ პატივი ვცეთ, იმათ არა-მეთქი. ამას ყოველთვის გავურბივარ. აქა ვარ ჩემთვის, იქ, სადაც ჩემი ერია, ასურელები.
- ქანდა არცთუ ისე შორს არის მავთულხლართებისგან... რა შეგრძნებაა ეს?
- ბერები ჩავდიოდით იქ, და ვდგებოდით ხატებით. რაც გვქონდა, რისი საშუალებაც იყო: პური იქნებოდა თუ ხორცი, ჩაგვქონდა. დღეს ჩემი სულიერი შვილია ხშირად მათთან. მისი საშუალებით ახლაც ვეხმარები მავთულხლართების იქით მყოფთ.
- რაში ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას ანაფორა?
- "იყავით სრულიად თავისუფალნი, ხოლო თქვენს თავისუფლებაში არა შესცოდოთ", - ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები და ღმერთი არს სიყვარული, და სიყვარული არის უსასრულო თავისუფლება, რომელიც გვათავისუფლებს ცოდვებისა და ბოროტის ბორკილებისაგან. ამიტომ რაშიც ვიზღუდები მე, სჯულის თვალსაზრისით, იმაში იზღუდებით თქვენც, იმიტომ, რომ სჯული მოცემულია არა მარტო ბერებისათვის, არამედ ერისკაცებისთვისაც, რადგან ქრისტე ყველას ერთად გვასწავლიდა, სწორად როგორ უნდა ვიცხოვროთ.
- როგორი მამაა მამა სერაფიმე თავისი შვილებისათვის, თუ ახერხებთ ხშირად მათთან ყოფნას?
- ხშირად ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მამას, მეც ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ამავე დროს ჩემი სულიერი შვილისათვის უფრო მეტად დავხარჯულვარ, ვიდრე ღვიძლი შვილებისათვის. მათ არაფერში ვზღუდავ, არასოდეს მითქვამს მათთვის, რომ შარვალი ან მოკლე კაბა არ ჩაიცვან. ვეუბნები, ეს ჩემთვის მიუღებელია და დანარჩენი შენ იცი, შვილო. ეცადე, ისე იცხოვრო, რომ შენს თავთან არ შეგრცხვეს-მეთქი. სამი ქალიშვილის მამა ვარ. ჩემი უფროსი ქალიშვილი მას შემდეგ არ მინახავს, რაც ის 4 თვის იყო. მას დაბადებიდან აქვს სენი. სულ ვლოცულობდი, რამენაირად გამოსულიყო კავშირზე... არ გამოდიოდა, მეტიც, ბავშვმა იცოდა, რომ მე ცოცხალი არა ვარ.
- ახლა?
- ახლა ველაპარაკებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ღვთის წყალობით აქედან ვეხმარები. ის საბერძნეთის მოქალაქეა. ერთი დღე არ გავა, რომ არ მელოცოს მისთვის. 2017 წელს ვიყავი საბერძნეთში და მოვემზადეთ შეხვედრისათვის, მაგრამ მე ვერ შევხვდი... ვერ მივედი... ბოლო წამს შემეშინდა, მაგრამ არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვერ ვნახო.
- ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?
- სიკვდილზე... ალბათ, ამაზე უნდა იფიქრობს ყოველმა ბერმა, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ძალიან რთულია... და სიკვდილი ყოველთვის შავი ფერია. აი, გარდაცვალება ცოტა სხვა რამ არის და სულ იმას ვამბობ და ეს ანდერძადაც მაქვს დაწერილი, როცა დამასაფლავებთ, ყვავილი არავინ მოიტანოს. თითო კაცმა თითო ქვა მოიტანოს და საფლავის ქვას მიაწერონ, "აცხოვნე, ღმერთო, მამა სერაფიმე". ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა გაწუხებთ, მამაო?
- თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით, - საყლაპავი მილის ფიზიოლოგიური შევიწროება, რომელიც ზოგჯერ გუდავს, ანუ არ გაძლევს საშუალებას პურის ჭამის, ვერ ვყლაპავ და ვიგუდები. ბევრჯერ გამღვიძებია იმისგან, რომ ნერწყვი ვერ ჩამიყლაპავს და ვიგუდებოდი. არც ისე დიდი ხნის წინ 18 კილოგრამი დავიკელი. არავინ იცის, რა მოხდება, შეიძლება 90 წელი ვიცოცხლო და შეიძლება დღეს ღამე გავიგუდო. სიმღერაც აკრძალული მაქვს. მე ვემზადები იმისათვის, რომ უფრო ადვილად გადავლახო ეს შიში.
- გეშინიათ, მამაო?
- რა თქმა უნდა, მეშინია, მაგრამ ამავე დროს ვინც ჩემთან მოდის, ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. 2018 წლიდან ყოველ საღამოს ვამბობ: "თუ მოვიდა ჩემი დრო, უფალო, გამიყვანე". აი, ამისათვის ვემზადები.
- ღმერთს რას ეტყოდით?
- არაფერს. არც ავხედავ მის წმინდა ბაგეებს, მისი წმინდა ფეხებით დავტკბები. ესეც საკმარისია ჩემთვის. ის არის ერთადერთი, ვისაც ვეთაყვანები.
რუსუდან შაიშმელაშვილი