„სტალინის პარტია თუ მოვიდა სათავეში, მაშინ მართლა ავშენდებით!“ - კვირის პალიტრა

„სტალინის პარტია თუ მოვიდა სათავეში, მაშინ მართლა ავშენდებით!“

მარადიული სიყვარული რასაც ნიშნავს, ვიცით, მათ შორის ბიძინა ქველაძემაც. საჩხერეში მისი ვრცელი სახლის აივნიდან სტალინის ვეებერთელა ბიუსტები და პორტრეტებიც მარადიულად შემოგყურებენ, თანაც, ისე, გეგონება, სტალინი გაცოცხლდა და ეგღა გვაკლიაო.B ბატონი ბიძინა სტალინს ეთაყვანება. ასე რომ, აწ უკვე მუხრან მაჭავარიანის ქუჩაც მისთვის ისევ სტალინის ქუჩაა და მისი სახლის ჭიშკარზეც ისევ მოჩანს საგანგებოდ გაქათქათებული აბრა წარწერით: სტალინის ქუჩა #44. ჰოდა, მეც #44-ში ისე შევაბიჯე, როგორც საკუთარ სახლში. აქ ასეა - როგორც ბიძინა ივანიშვილის ჭორვილა, ისე ბიძინა ქველაძის სტალინის სახლ-მუზეუმიც ყველამ იცის. იციან ისიც, რომ მისი ჭიშკარი მუდამ ღიაა ღამითაც კი, იქნებ რიგით გამვლელსაც მოუნდეს სტალინის მონახულება. არ გაგიკვირდეთ და, ასეთიც ხდება: თუ ბიძინა ბიძიას (ბატონობით მიმართვა არ უყვარს, თუ გინდა, ამხანაგი ბიძინა დამიძახე, ოღონდ ბატონი არაო!) დილით სტალინის მარკის კონიაკის ბოთლთან "ფანტა" ან "კოკა-კოლა" ხვდება, ესე იგი, მისი მუზეუმი ღამით ვიღაცამ დაათვალიერა, სტალინის მარკის კონიაკი დალია და კონიაკის სანაცვლოდ (ძალიან ძვირად ღირებულია) "ფანტა" ან "კოკა-კოლა" დატოვა. თავად ბიძინა ქველაძე სასიამოვნო მასპინძელია, - ტრადიციული ზემოიმერელი, "მობრძანდი, დაბრძანდი შენი ჭირიმეთი". მეც მივბრძანდი და სტალინის სიყვარულზე ველაპარაკე, რომელიც დიახაც, მარადიულია:

- გამიხარდა, რომ უპრობლემოდ შემიპატიჟეთ,­ ბატონო ბიძინა, არ დაიწყეთ, ახლა არ მცალია, უქმეა, სტალინის მუზეუმი­ დაკეტილიაო.

- ღმერთო მომკალი, ეგ ჩემს სახლში ვინმემ გააკეთოს, არ შემოხვიდე, არ მცალიაო. სახლის ჭიშკარი სულ ღია მაქვს, მე თუ არ ვიქნები, მაშინაც მობრძანდი და დაათვალიერე, რაც გინდა. მარტო გორელებს ვეჩხუბები ხოლმე, თქვენ არა ხართ სახლში შემოსაშვები, სტალინის ძეგლი რანაირად ააღებინეთ-მეთქი!

- რატომ გიყვართ ასე სტალინი: სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, მის კისერზეა უამრავი­ რეპრესირებული ოჯახის ტვირთი! თუმცა, ალბათ, "შიში შეიქმს სიყვარულსა".

- არ გეწყინოს, ბიძია, მარა, რავარიც შეკითხვაა, მეც ისე გიპასუხებ: სტალინის დროში შენ არ გიცხოვრია და საიდან იცი, სტალინი რავარი კაცი იყო და ხალხისთვის რას აკეთებდა! სიტყვაზე, ჩემი მეზობელი­ ქიშვარდია შაორშაძე რომ მეზო­ბელს დაასმენდა და გააციმბირებინებდა, ეგ სტალინმა­ რა იცოდა ან ვინ ეტყოდა?! მეორეც: ადამი­ანი ორნაირია: ძაღლთაგანი და ვირთაგანი!­ მე თუ მკითხავ, ზოგიერთი ვირთაგანი ახლაც დასაჭერია სკამზე მეტისმეტი გადაპარჭყვისთვის, თან ამ პროცესს მშიერ ხალხს რომ აყურებინებს!

- თანამდებობისთვის სად არ ხოცავენ ერთმანეთს. თავად სტალინიც ხომ მაგისთვის მოკლეს, რადგან დიქტატორი იყო, თქვენ კი მაინც გიყვართ.

- მარტო მე კი არ მიყვარს, ბევრს უყვარს, მაგრამ შენ ხომ არ გეტყვიან. დიქტატორი რომ იყო, გლახას რას აკეთებდა? ხალხს უვლიდა! თუ სტალინი არ უყვართ, ზესტაფონში კომუნისტური პარტიის კონფერენციებზე მოდი და იქ განახვებ. იქ დეინახავ, რამდენი ახალგაზრდა მოვა და ილაპარაკებს სტალინზე. რაც დრო გადის, ახალგაზრდობა უფრო და უფრო ემატება ჩვენი პარტიის რიგებს.

- აბა, ავშენებულვართ.

- აბა, არ იცით?! სტალინის პარტია თუ მოვიდა სათავეში, მაშინ მართლა ავშენდებით. სტალინს საქმე ისე ჰქონდა დაყენებული, ერთი კაცი 200 კაცს შეინახავდა თავისი შრომით, ახლა დღეში 200 კაცი ისე კვდება მშიერი, პოლიტიკოსები სკამიდან ერთ სანტიმეტრზე არ წამოიწევენ, ისე მაინც დევინახოთ, რითი დეიხოცა ის ხალხიო! რავა, ახლა არ იხოცება ხალხი? სტალინს არც მოელანდებოდა, იმდენი იხოცება შინ თუ გარეთ, ემიგრაციაში. მშიერი მიდიან და იქ ისე იბნევიან, იქიდან ცოცხალი ვეღარ მოდიან. თქვენ კიდე, მაინცდამაინც სტალინია გლახაო!

- გაბრაზებული ჩანხართ, თქვენი ოჯახიდანაც ხომ არავინ წასულა ემიგრაციაში?

- აქამდე ღმერთმა დამიფარა და არავინ წასულა, სამი შვილიდან 36 შთამომავალი მყავს და ყველა იყო თავის კერაზე­. ბოლო სამი თვეა უფროსი შვილიშვილი წევიდა ამერიკაში. ახლა იძახის, ნეტა ფეხი გამხმობოდა და აქ არ წამოვსულიყავი, სამია თვეა ტრაილერში მძინავსო. ჩემს შვილს ვუთხარი, მოიტა ტელეფონი, მე უნდა დეველაპარაკო შენს შვილს-მეთქი, და დეველაპარაკე, თუ ტრაილერში ძილი გინდოდა, ამერიკაში რას გარბოდი, საჩხერეში რამდენიც გინდა, იმდენი ტრაილერია, რომელშიც გინდა, დაგაძინებდი-მეთქი. არ ვუთხარი მართალი? რა უნდოდა ამერიკაში: სახლი აქვს, კარი აქვს, ეშრომა, ცოტა ჰქონოდა და თავის ცოლ-შვილთან ყოფილიყო. ტრაილერში ძილი ჯობია მისი ანგელოზი შვილის ყურებას?! სტალინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამერიკაში წასვლა კი არა, ამერიკის საზღვართან ვერავინ მიჭაჭანდებოდა!

- თქვენს შვილიშვილებს თუ მოსწონთ, თქვენს ვეებერთელა სახლში სტალინის მუზეუმი­ რომ გაქვთ მოწყობილი?

- რატომ არ უნდა მოსწონდეთ, რას უშავებს მაგათ ჩემი მუზეუმი?! რავა გეკადრება! მოწონება-არმოწონება კი არა, შვილიშვილს უნდა დოვუტოვო, რაც მთელი სიცოცხლე სტალინისთვის შრომა გავწიე. მერე იმან მიხედოს.

- დარწმუნებული ხართ, მიხედავს?

- ვერ გცოდნია შენ, ბიძია, ამ საქმის! რაც დრო გავა, სტალინსაც უფრო დეედება ფასი და მის მუზეუმსაც! კარგად რომ იცოდე, უკვე ადევს: სწორედ ამას წინაზე ჭიშკართან ვიდექი და რას ვხედავ, ერთი მანქანიდან შოფერი ჩემი სახლის დანახვაზე კინაღამ მიწაზე გადმოვარდა. მერე წაატორმუზა და მკითხა, ბიძია, შენს სახლში შეგვიშვებ, შეიძლება ვნახოთ, იქ რა ხდებაო? რავა არ შეიძლება, მობრძანდით-მეთქი, და საათი ათვალიერებდნენ სტალინის სურათებს.­ სამი კაცი იყო, ორი ქალი: ერთი პოლონელი და მეორე ამერიკელი, მესამე კიდევ, შოფერი, ალბათ, მაგათი მთარგმნელი. ორივეს ის უთარგმნიდა, რასაც ვეუბნებოდი. ბოლოს კანდელაკის გამოშვებული სტალინისმარკიანი კონიაკი ჩამოვასხი, მიირთვით-მეთქი, და შოფერმა ხელები გააპაპანა, ვერ დავლევთ, არ შეიძლებაო, მაგრამ პოლონელმა ქალმა ანიშნა თვალით, რას ამბობ, შე კაცო, უნდა აუცილებლად შევსვათო და შესვეს. ჩვენებურად რომ ვთქვათ, ხუხეს თავისი მისაყოლებლით და წევიდნენ ნასიამოვნები.

- კანდელაკი ვინ არის? ვინ მოიფიქრა სტალინისმარკიანი კონიაკის ჩამოსხმა?

- ეგ თუ არ იცი, აბა, რა გცოდნია? სტალინისმარკიანი კონიაკი ჩვენმა დიდმა მოჭიდავემ გიორგი კანდელაკმა გამოუშვა­. სტალინი ისე უყვარს, სიცოცხლეს არ იშურებს მისი უკვდავებისთვის. სტალინის ახალი ქანდაკებაც დადგა. გიორგიმ გამომიგზავნა საჩუქრად კონიაკიც. გოუმარჯოს ღმერთმა!

- ეს ამდენი სტალინის ფოტო თუ ბიუსტი­ ვინ გამოგიგზავნათ?

- მთელი ცხოვრება ვაგროვებდი, ხან თავად ხალხს მოჰქონდა, ხან ვყიდულობდი. სტალინს რაც ეკუთვნის, იმის მისხალიც არ დამიხარჯავს, მაგრამ საჭირო თუ გახდებოდა, ნაღდად დავხარჯავდი. იმ ხალხს უფრო მოჰქონდა, ვისაც არ ეშინოდა. ვისაც ეშინოდა, ის მეუბნებოდა, დაანებე,­ შე კაცო, თავი ამ სტალინის სიყვარულს, თუ არა, დაგიჭერენო! მეც ვეუბნებოდი, თუ დამიჭერენ, დამიჭირონ, ჩემს მეტი არავინ მჯდარა ციხეში-მეთქი?! ვისაც არ ეშინოდა, კაბინეტებიდან გადაგდებული სტალინის ბიუსტები სულ ჩემთან ამოზიდეს. იცოდნენ, რომ მოვუვლიდი და იმიტომ. შენ კიდევ ამბობ, სტალინი ცოტას გიყვართო. ეს კი არა, ბევრი სტალინის სურათი მომპარეს კიდევაც, მაგრამ მე გული არ მომსვლია, ესე იგი, სტალინი ჰყვარებია და ღმერთმა შეარგოს-მეთქი.

- ისე, ოჯახის წევრების ფოტოებს შორის კი გაქვთ დალაგებული სტალინის ფოტოები.

- სტალინი ყველას ოჯახის წევრი იყო, მორჩა და გათავდა. მაგასავით ვინ უვლიდა ხალხს? ყოველ მარტის თვეში ფასებს 20%-ით დაბლა სწევდა. მიბრძანდენ ახლანდელი პოლიტიკოსები და დასწიონ ფასები. ისე მაგათ დავასხი თავს ლაფი! ამას წინათ შვილიშვილმა სპიჩკა მოიტანა. დამაინტერესა და დავთვალე. იცით, რამდენი იყო შიგ? 31 ცალი! აბა, ის თუ იცით, რამდენი იყო სტალინის სპიჩკაში? რამდენი და, 71 ცალი, თანაც ანთებულს ისე უნდა გაეძლო, რომ ათ ნაბიჯზეც არ ჩამქრალიყო.

- სტალინთან დაკავშირებული სიმბოლოებიდან რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი?

- ყველაფერი, იმის სახელს ვენაცვალე, მაგრამ ყველაზე მეტად სტალინის რვატომეულის მეშვიდე ტომის შოვნაზე გავწვალდი. მთელი თბილისი მოვიარე და არც ერთ მაღაზიაში არ იყო.

- აბა, რას ამბობთ, კლასიკოსების წიგნებს უჭირს გაყიდვა და სტალინის წიგნების დეფიციტი როგორ შეიქმნა? ვერ დავიჯერებ.

- თუ ვერ დეიჯერებ, იყავი დოუ­ჯერებელი. ყველა მაღაზია რომ მოვიარე, მერე დოვურეკე ავთო მარგიანს, სტალინის ტომების გამომცემელს, და ვუთხარი­, შენი სტალინის წიგნებიდან მეშვიდე ტომს ვერ ვშოულობ და დემეხმარე-მეთქი. იმან მითხრა, მოდი ჩემთან და მე გაჩუქებო. მივედი და მაჩუქა, თან წააწერა, ბატონ ბიძინა ქველაძეს ავთანდილ მარგიანისგანო, მეც სიტყვა "ბატონი" გადავშალე და "ამხანაგი" ჩავწერე, ვინაა შენი ბატონი-მეთქი.

- ეს, ალბათ, ხუმრობით.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონობით მიმართვა მართლა არ მიყვარს, სტალინიც ყველასთვის ამხანაგი იყო.

- მთელ თქვენს ქუჩას რომ მუხრან მაჭავარიანის სახელი აწერია, თქვენ რატომღა გაქვთ სტალინის ქუჩის აბრა? მუხრან მაჭავარიანი არ მოგწონთ?

- რავა არ მომწონს, მაგასავით ქვეყნის მოყვარული კაცი ცოტა იყო, მაგრამ სტალინის სახელი ისე მსიამოვნებს, მაინც მაგ სახელობის დავიტოვე. ის კი არა, ხალხის ხელმოწერები მჭირდება, რადგან სტალინის სახელობის ქუჩის აღდგენა მინდა, ვერ დავაყენე საშველი.

- ეგ, ალბათ, არ აღდგება, არავის აწყობს­.

- ვნახოთ, ბიძია, სტალინის არსებობაც არ აწყობდა ბევრს, მაგრამ კი იყო მტრის ჯინაზე დიდხანს.

პ.ს. აი, ასე მიპასუხა ბიძინა ბიძიამ და მე ასე დავემშვიდობე: სტალინი არა, მაგრამ თქვენ იცოცხლეთ მტრის ჯინაზე დიდხანს თქვენი მარადიული სიყვარულით-მეთქი. წადი-წამოდი, მაინც ეგაა მთავარი, ვინც არ უნდა გიყვარდეს, სიყვარული სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბიძინა ქველაძეს კი უკვე აქვს სიცოცხლე გახანგრძლივებული - 87 წლის არის და კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა თავის სტალინიანად.