"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ყვირილის საქართველოში..."
"ვერაფრით დავარქმევ ლექსს იმას, რაც ხუთი წლის ასაკში მისალოც ბარათზე დავწერე და დედას მივუძღვენი. არც ის იყო ლექსი, "დილის" რედაქციაში რომ მივარბენინებდი და თვალებგაფართოებული, გულისფანცქალით ველოდებოდი ჟურნალის გამოსვლას, ვერც იმას, თავისუფალ თემაში რომ ჩავურთავდი ხოლმე და მერე ყველა მეკითხებოდა, ვისი ლექსიაო... წერა დავიწყე, როცა ცხოვრება ვისწავლე და თავად გავხდი საკუთარ თავში დაკარგული სიტყვა", - პოეტი და პუბლიცისტი კატო ჯავახიშვილი არაერთი პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური ნარკვევის ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და სლოვაკურ ენებზე. ის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიცაა, ახლახან კი ჟენევაში იან მიხალსკის ფონდის სტიპენდიანტი გახდა - ამ გრანტის წყალობით იმუშავებს წიგნზე, რომელშიც მოთხრობილი იქნება იმ ქართველებზე, რომლებმაც 1914-1918 წლებში ჟენევაში ბევრი რამ გააკეთეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
- კატო, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!
- გმადლობთ. ეს სტიპენდია ჩემთვის არის როგორც დიდი სიხარული, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა. ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით ჟენევის დამოუკიდებლობაში...
- კატო, რა არის თქვენთვის აღდგომა?
- ძალიან რთული და ძალიან მარტივი კითხვაა. აღდგომა შეიძლება იპოვო ყველაფერში: გათენებაში, მზის ამოსვლაში, წვიმაში... აღდგომა არის ჩემი ქვეყანა და ის თანამდევი აზრი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ შენთვის ჯვარს ეცვა და აღდგა ღიღილოების ღმერთი, გამოქვაბულის ღმერთი, უბრალოდ, ადამიანების ღმერთი, რომელმაც ადამიანობა გვასწავლა. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ არჩევანის უფლებაზე. გვიტოვებს ცხოვრება არჩევანს? თუკი მომავალი მეხსიერების სიღრმეში ყვინთავს, არჩევანიც არ გვქონია და უკვე დაწერილი ცხოვრების პერსონაჟები ვართ მხოლოდ. "თავიდან ჩვენ ვიგონებთ შენობათა ფორმებს, შემდეგ კი თავად ნაგებობანი იწყებენ ჩვენს ფორმირებას". თუნდაც ლიტერატურაში, მე ხანდახან ისე მეშინია საკუთარი ნაწერების. ხომ იცით, სიტყვას რამხელა ძალა აქვს, უკვე ნათქვამი და მით უმეტეს, ფურცელზე გადატანილი, სავსებით შესაძლებელია განაჩენად იქცეს ადამიანისთვის. ძალიან მეტირება ეს ქვეყანა, ადამიანი მეტირება ამ საშინელ სამყაროში. ასე მგონია, მკვდარს შემოვუწყვეთ ყვავილები. სიჩუმეა. ისმის მხოლოდ ჩექმის ხმა. კიბეზე ამოსული ჯარისკაცების ჩექმის ხმა, ტიციანს რომ ესმოდა. ხან ახლოს, ხან ოდნავ შორიდან. ჩვენ მკვდარს დავყურებთ და გვგონია, რომ წამოდგება და სიცოცხლეს ისწავლის. სიცოცხლე როგორ უნდა ისწავლო დახუჭული თვალებით? ნახევრად გახელილით? თვალებში რომ ასანთის ღერები ჩაგილაგო, გაიღვიძებ? არა, მკვდარია მაინც, მკვდარს ვადგავართ თავზე, მაგრამ რა წევს კუბოში, ჯერ ვერ ვხვდები. ხან მგონია, ქვეყანაა, ხან ნახევრად ცოცხალი ღმერთია, ხან შიში, გაქცევა... ხან მე ვარ და ჩექმის ხმა მესმის...
- ვიცი, რომ ძალიან განიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს...
- დილა იწყება ჩემი მეგობრების მოკითხვით. ვინ არის ხაზზე, რამდენი ხანია არ შემოსულა, ხომ ყველა ცოცხალია, ხომ ყველა გადაურჩა ღამეს, განგაშის სიგნალი ახლაც ისმის თუ შეჩერდა? მეგობრის შვილი ხომ უსაფრთხოდაა? ასეთი დილა აქვს, ალბათ, ბევრ ქვეყანას, რადგან ყველას ფიქრი ახლა ამ ქვეყნისკენაა მიმართული. ძალიან გამიცოცხლდა ომი. ვგრძნობ, როგორ ბაქტერიასავით მოედო სისხლძარღვებს და სუნთქვას მიშლის. ჩემი 2008 გამიცოცხლდა. ყველა დედა დაიფარე, ყველა დედას დაანახე თავისი ცოცხალი შვილი.
- ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც 7, 8, 9 მარტის მოვლენების დროს იქ იდგა...
- 2023 წლის 7 მარტის საღამო, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდ შავ ლაქად შევიდა საქართველოს ისტორიაში. დიახ, როცა ქვეყანას ასეთი გადამწყვეტი დრო უდგას, იმის მაგივრად, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი მთავრობა დღეს და ღამეს ასწორებდეს 12 პუნქტის შესასრულებლად, კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ევროპულ ფასეულობებს და ხალხს წითელი ნაჭერივით უფრიალებს ამ საშინელ კანონს, რომელიც ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ქართველი ხალხი არ დაუშვებდა რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. და ასეც მოხდა! მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი შვილები დგანან. იქ, სადაც ჩვენი ახალგაზრდების ხმა ისმის!
- როგორია დღეს თქვენი საქართველო?
- დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ყვირილის საქართველოში და არ ვცხოვრობთ ფიქრის საქართველოში - ვმოქმედებთ ყვირილით, გვიყვარს ყვირილით, დავდივართ ყვირილით და შვილებს ვზრდით ყვირილით.
- რა არის თქვენი შემოქმედების მიზანი?
- არანაირი მიზანი არა მაქვს, ვწერ და მორჩა. მეტი ცხოვრება არ მომეცა, ასეთი მომეცა და ვიღებ როგორიცაა, ისეთს. უბრალოდ, ვიტყვი ერთს: ჩემთვის მკითხველი ღმერთია! ლექსიც მაქვს ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ წერის დროს მკითხველზე ნაკლებად ვფიქრობ...
- "ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა და სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა ელლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა"... ამ სიტყვებით იწყება თქვენი ახალი საბავშვო კრებული..
- როგორც ყველას, მეც შემხვდა "კოვიდი". მქონდა მაღალი სიცხე და ყოველ საღამოს თვალწინ მედგა ბავშვობის მოგონებები და სულ თვალწინ ცოცხლდებოდა ეს ჩემი წარმოსახვითი მეგობარი, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი, ასე ვთქვათ, თანაცხოვრებაში ვიყავი და დაახლოებით ერთ კვირაში დაიწერა ეს წიგნი. ამბობენ, ბავშვური სული დევს საბავშვო ავტორებშიო და, მგონი, ასეცაა. ბავშვი თუ არ ზის შენში ვერ იქნები საბავშვო ავტორი. საბავშვო ლიტერატურა ამოუხაპავი ქვევრია, სადაც უმნიშვნელოვანესია სამყარო, რომელიც ბავშვის ენით გესაუბრება. ამავე დროს ყველაზე რთული ენაა. მე თვითონვე ვსწავლობ ბევრ რამეს ბავშვებისაგან.
რუსუდან შაიშმელაშვილი