ძაღლების „სექტანტი კურიერები“ - კვირის პალიტრა

ძაღლების „სექტანტი კურიერები“

საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემამ თვალში საცემი გახადა ადამიანები, რომლებიც ხშირად ქუჩის ძაღლებსა­ და კატებზე ზრუნვას პირად ცხოვრებასაც კი სწირავენ. მათ შეშლილებს, სექტანტებს ეძახიან. ბევრს არ ესმის, როგორ შეიძლება­ ისედაც მინიმალური ხელფასიდან საკვების ფული მოიკლო და ლუკმა გაუნაწილო ძაღლს, რომელიც პატრონმა ქუჩაში ან ტყე-ღრეში მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა.

გიორგი ბეჟიაშვილი 6 წელია საკუ­თა­რი­ სახლის გარეშე დარჩა და ახლა დედასთან ერთად­ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ სამი ძაღლი ჰყავთ, პეკინესი პაკო და ორიც ქუჩიდან აყვანილი, ჩორნა და სამფეხა ლაქი, ბინის ქირაობა მუდმივად უჭირთ...

- "ძაღლებზე ყოველთვის ვზრუნავდი, მაგრამ განსაკუთრებით იმოქმედა ამბავმა, რომელიც წლების წინ თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩემი სამსახურის ოფისის უკან ძაღლმა 13 ლეკვი გააჩინა. გადავწყვიტე ძუს შვილების გაზრდაში დავხმარებოდი, მაგრამ ლეკვების უმრავლესობა ენტერიტით დამეხოცა. უზომოდ განვიცდიდი. ძნელია, როდესაც უსუსურ არსებებს ვერ ეხმარები­ და ვერაფრით ანუგეშებ დედას, რომელიც მერე რა, რომ ძაღლია?! საკმარისია ერთხელ ნახოთ, როგორ ექცევა დედა ძაღლი მკვდარ შვილებს, როგორი უსიტყვო ტანჯვა გამოსჭვივის თითოეულ მოქმედებაში, დარწმუნდებით ჭეშმარიტებაში, რომ დედა დედაა, მიუხედავად იმისა, როგორ სხეულში ცხოვრობს, რამდენ ფეხზე დადის. მაშინ გავიცანი დღეს უკვე ჩემი მეგობარი, ცხოველთა დამცველი მაიკო თაბაგარი. ლეკვი ეპოვნა, გაუბედურებული, მკურნალობა სჭირდებოდა. მანქა­ნას ეძებდა, ტაქსის მძღოლები გადაყვანაზე უარს ეუბნებოდნენ. დედამ, ხომ არ დაეხმარებიო?­ უარს როგორ ვეტყოდი და იმ დღიდან დავმეგობრდით. ახლა საქმეს ორი უკეთ ვართმევთ თავს და ცუგებს ვიცავთ".

dzagli2-1682246302.jpg

ჩორნა ქუჩის ძაღლია. სავარაუდოდ, პატრონმა მიატოვა. ერთ დღეს საბურთალოს სასაფ­ლაოზე, სხვა ძაღლებს რომ აჭმევდა, ჩორნა­ გიორგისთან მივიდა: "არ ჭამა, უცნაურად მიყურებდა. მანქანის კარი რომ გავაღე, შემასწრო, სავარძელზე დაჯდა და ისე შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა, ჰა, დაჯექი, წავიდეთო. მას შემდეგ არ მცილდება. საკმარისია, სახლში დავტოვო და საბურთალოს სასაფლაოსკენ ძაღლების დასაპურე­ბლად წავიდე, ბარაკიდან გამოძრომას ახერხებს და მოკლე გზით თავპირისმტვრევით გამოქცეული ადგილზე მხვდება. აქამდე სადაც ვცხოვრობდით, ის ბინა გაიყიდა და ამიტომაც კვლავ მძიმე ფაქტის წინაშე დავდექით, ბინას ვერ ვქირაობდით და ჩვენი­ ძაღლებით თავი სადღაც უნდა შეგვეფარებინა. დედა ცოტა ხნით ნათესავს მიეკედლა. მე სამი კვირა პაკოსთან, ლაქისა და ჩორნასთან ერთად მანქანაში გადავბარგდი. მანქანიდან ყოველი გადასვლისას თავებს ჩაღუნავდნენ, დაბრუნებისას კი თითქოს მეკითხებოდნენ, გამოჩნდა რამეო? სულ ვფიქრობ, როცა მდგმურები­ ნაქირავებ ბინებს­ აზიანებენ, ამტვრევენ ავეჯს ან იპარავენ რამეს, ნეტავ გამქირავებლები ერთი წუთით მაინც არ ნანობენ, რომ ძაღლის პატრონებისთვის ბინის მიქირავებაზე უარი თქვეს?

ხშირად გვიყვარს თქმა, რომ განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანში ღმერთია.­ მიკვირს, ჩვენ, ასეთი ჭკვიანი არსებები,­ რატომ არ ვუშვებთ, რომ ამ ძაღლების­ სახითაც­ ღმერთი შეიძლება გვცდის, გვთ­ხოვს,­ უმწეოს, სუსტს შევეწიოთ და დავიფაროთ. განა ასე უფრო იოლი და ლამაზი არ იქნება ცხოვრება? ქუჩაში უპატრონოდ ხომ აღარ დატოვებენ ცხოველებს?! კარგა ხანია შევეშვი სხვებისთვის ახსნას, რატომ შემიძლია დავხარჯო ჩემი სასაცილო ხელფასი, 380 ლარი ძაღლების საკვებში. თუ სიყვარული არ გაგაჩნია, რამდენიც არ უნდა აგიხსნა, ვერ გაიგებ...

მაიკო თაბაგარი წლების წინ კოკერსპანიელ ბეკის გადაეყარა. ბეკიმ 13 წელი იცოცხლა და პატრონის გულში იმხელა სიყვარული დატოვა, რომ კოკერსპანიელს, რომელიც პირველი ბეკის შემდეგ მიიყვანა,­ ისევ ბეკი დაარქვა. მაიკოს საკუთარი სახლი აქვს, მაგრამ სოცქსელში ხშირად ხუმრობით წერს, რომ ღამის გასათევ ადგილს ეძებს, რადგან მის პაწია ბინაში ადგილი აღარ დარჩა. ლაქი, ცუცა, ბეკი და შეფარებული სხვა ძაღლები საწოლებს, ტახტებსა და სავარძლებს ეპატრონებიან.

- ყველა ძაღლს თავისი ხასიათი აქვს, მაგრამ ცუციკო არი­ს­ტოკრატა. არ იფიქროთ, საჭმე­ლი­ მიაწოდო და ეგრევე შესანსლოს. ჯერ დასუნავს, მერე დაგამადლის, ისე შემოგხედავს,­ ფაქიზად აიღებს, სავარძელში მოკალათდება­ და ერთი საათი ჭამს. ასეთი­ კვების კულტურა ადამიანების უმრავლესობას რომ ჰქონდეს, კუჭის დაავადებები არ შეგვაწუხებდა... მიუსაფარ ცუგებში­ შეხედვისთანავე გამოირჩევიან სახლში გაზრდილი და მერე მიტოვებულები. ისინი უფრო დაუცველები არიან, არ იციან ქუჩის წესები, საჭმლის მოპოვება, იმუნიტეტიც ნაკლებად ამტანი აქვთ. ბავშვებს ჰგვანან...

გარდა იმისა, რომ მაიკო და გიორგი­ თბილისში უამრავ ძაღლს პატრონობენ, რეგიონებშიც გადიან მანქანით, რომელიც, ძირითადად, პურებით არის დატვირთული. იმის მიხედვით, ჯიბე სადამდეც გასწვდებათ. თუ საშუალება აქვთ, სპეციალურ საკვებსა და წამლებსაც ყიდულობენ რაიონებში გზისპირას მოწანწალე ძაღლებისთვის.

მაიკო: "ჩვენ გიჟებად გვთვლიან. მეტიც, გვლანძღავენ იმის გამო, რომ ცხოველებს გადარჩენაში ვეხმარებით. არადა, ამ ქვეყანაში თუ ვინმეს არ უნდა ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების ყოფნა, პირველ რიგში, ჩვენ, ცხოველების დამცველებს. გვეყოლებოდა მხოლოდ ჩვენი, საკუთარი ძაღლი ან ძაღლები და ვიცხოვრებდით იმ უზარმაზარი განცდისა და ტკივილის გარეშე, რასაც ყოველდღე ვიღებთ განწირული ცხოველების გამო. ჩვენ მოქალაქეობრივ მოვალეობად მიგვაჩნია, რომ ვიზრუნოთ იმ რეალობის გაკეთილშობილებაზე, რომელ­შიც ვცხოვრობთ. თუ თითოეული არ გავაკეთებთ ამას, პრობლემები არასდროს მოგვარდება. ამიტომაც, სანამ ცხოველების შესახებ გამართული კანონი არ მიგვიღია, ცხოველთა დამცველებს­ ნუ გვებრძვიან. პირიქით, ყველამ გაინაწილოს ვალდებულება, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აღარ გამრავლდნენ და ნორმალურ პირობებში სიცოცხლის საშუალება მივცეთ. მერწმუნეთ, როგორც კი ასე ცხოვრებას დაიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ადამიანების მიმართაც სხვანაირი სინაზე, სიკეთე და პასუხისმგებლობა გიჩნდებათ".

იმ დღესაც, როდესაც მაიკოსა და გიო­რგის ვესაუბრე, საგარეჯოში იყვნენ. საქმეზე წასულებმა გზიდან გადაუხვიეს და ლეკვებიანი ძაღლის დაბინავებას დიდი დრო შეალიეს. იქვე გააჩუქეს ორი ლეკვი. 70 პური წაუღეს ძაღლებს, წამლები დაალევინეს და დაჰპირდნენ, რომ მალე დაბრუნდებიან და სიყვარულს კვლავ გაუნაწილებენ.