„სანამუსო სახლის“ ბილეთიანი მეძავები
"ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისათვის - ორთაჭალის ბაღები, და ევროპულად გაზრდილთათვის - მუშტაიდი. ორთაჭალის ბაღში ორი რესტორანი გახლდათ - "არგენტინა" და "ელდორადო". ბაღებში საროსკიპოებიც იყო", - წერდა იოსებ გრიშაშვილი. ორთაჭალის ბაღებში ბევრი იმ დროისთვის ცნობილი პირი იყრიდა თავს. კუნძულს სახელი გაუთქვა ნიკო ფიროსმანმა, რომელიც აქაურობის ხშირი სტუმარი ყოფილა. მისი "ორთაჭალის ტურფა" ყველასათვის ცნობილი ტილოა. ამ ტერიტორიაზე ირეოდნენ იაფფასიანი მეძავები, რომლებსაც ორთაჭალის ტურფებს ეძახდნენ.
1865 წელს თბილისში ოფიციალურად 18 საროსკიპო, როგორც მაშინ უწოდებდნენ, "სანამუსო სახლი" იყო. მათი მეპატრონენი არცთუ იშვიათად გადამდგარი ჩინოვნიკები ყოფილან. ორთაჭალის ბაღის გარდა, სანამუსო სახლები ვორონცოვიდან ხეთაგუროვის ქუჩისკენ მიმავალ გზაზეც ყოფილა, დაბალი კლასის საროსკიპო კი სოფელ გლდანის დუქანში... ფიროსმანის თანამედროვე თვითნასწავლი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანიც წერდა: "ფქვილის მოედნიდან დაწყობილი, ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო... ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ-იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა, ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ-გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას"...
"სანამუსო სახლები" სამ კატეგორიად იყოფოდა და ტარიფიც შესაბამისი ჰქონდათ: უმაღლესი კატეგორიის - 12 მანეთი, საშუალო - 7 მანეთი და დაბალი კატეგორიის... რამდენადაც პროსტიტუცია ოფიციალური პროფესია იყო, საროსკიპოები იბეგრებოდა. ძვირ მეძავებს ყვითელი ბილეთები ჰქონდათ. როდესაც ქალი "სანამუსო" სახლში იწყებდა მუშაობას, ექიმი ამოწმებდა, მერეც რეგულარულად გადიოდა სავალდებულო შემოწმებას და ყვითელ ბილეთში აღნიშნულ გრაფაში აღირიცხებოდა ყოველი მისი ვიზიტის შედეგი. იმხანად უამრავი ვენერიული დაავადება მძვინვარებდა და ამ გზით ცდილობდნენ სიტუაციის გაკონტროლებას. ასეთი მეძავების მომსახურება ძვირი სიამოვნება ყოფილა.
იყვნენ იაფფასიანი, ასე ვთქვათ, უბილეთო მეძავებიც. ეს აღიზიანებდა ხალხს და ქალაქის მესვეურებს და ამის შესახებ იმდროინდელ პრესაშიც იწერებოდა. 1878 წელს გაზეთ "დროებაში" ვკითხულობთ: "გასულ ორშაბათს, 10 აპრილს, ჩვენს ქალაქის რჩევაში ხანგრძლივი ლაპარაკი ატყდა თფილისის სანამუსო სახლების თაობაზედ. ხმოვანმა ა. ზუბალოვმა დიდხანს ილაპარაკა ამ საგანზედ, მოიყვანა ევროპის ქალაქების მაგალითი - თუ რა ყურადღებას აქცევენ იქ ამგვარ სახლებსაო, სთქვა - თუ რა მავნებელი გავლენა აქვს ამგვარ ქალებს მცხოვრებლების ჯანმრთელობაზედაო და სხვ., და ბოლოს ურჩევდა ქალაქის რჩევას, რომ დაწვრილებით გამოიკვლიონ ეს საქმე და ეცადონ, რომ რამდენიმე გარყვნილი, ავათმყოფი ქალისაგან ქალაქის მცხოვრებლებს ვნება არ ეძლეოდესო. ხმოვანმა დოქტორმა მარქაროვმა ამავე საგანზე, სხვათა შორის, სთქვა, შესანიშნავიაო, რომ, დოქტორის ბახუტოვის სიტყვით, თითქმის ყველა სანამუსო სახლები თფილისში გადამდგარ პოლიციის ჩინოვნიკებს უჭირავთო და საზოგადოთ, ამგვარ ქალებს ჩვენი პოლიცია სწყალობსო. ხმოვანის ევანგულოვის წინადადებით, ქალაქის რჩევამ ქალაქის გამგეობას მიანდო ამ საგნის შესახებ ჯეროვანი საშუალების მოპოება".
1880 წელს იგივე გაზეთი იუწყება რომ მოქალაქეები გაფრთხილდნენ, რადგან: "მუდამ საღამოთ ალექსანდროვის ბაღში დაიარება ოთხი ქალი, რომელთაც თავიანთ საცხოვრებლად და ხელობად უნამუსო ქცევა ამოურჩევიათ. ვერ შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ რიცხვი იმ ახალგაზდებისა, რომელნიც ამ ხსენებულ ქალების წყალობით საძაგელის სენით ლპებიან.
ერთმა ამ ქალთაგანმა, რომლისგანაც ავათ გახდომა ერთმა გიმნაზიელმა მიამბო, და რომელსაც განგებ გამოვკითხე, მითხრა მე შემდეგი: - ჩვენ ისეთს ქუჩაში ვდგევართ, რომ არამც თუ პოლიცია, ეშმაკიც ვერ გვიპოვნის; და თუნდაც რომ გვიპოვნოს პოლიციამ, თვითონ პოლიცმეისტერი ხომ არ მოვა ჩვენთან და იმის აკოლოდოჩნიკების წამალი ჩვენ ვიცით, როგორც თავიდამ მოვიშოროთ...
ამ ქალებს ბილეთი არა აქვსთ, ქალაქის ექიმი ამათთან შესამოწმებლად არ დაიარება, მაშასადამე რამდენის გაუბედურება შეუძლიანთ, თქვენ მიხვდებით".
ათასრვაასიანი წლების ბოლოს პროსტიტუციასთან ბრძოლას უფრო მასობრივი და დაგეგმილი სახე მიუღია. 1889 წელს გაზეთი "ივერია" წერდა: "ყველა პოლიციის განყოფილებაში ბძანება გაუგზავნიათ, რომ სასტიკად მოეპყარით ყველა უზნეო ყოფა-ქცევის ქალებს, იმათი სიები შეადგინეთ და ვალად დასდეთ, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯელ უეჭველად იარონ ექიმებთანაო. ამ განკარგულების სისრულეში მოყვანას უკვე შესდგომია პოლიცია და აგროვებს კიდეც უზნეო ყოფა-ქცევის ქალთა შესახებ ცნობებს სიების შესადგენად", - წერდა გაზეთი.
მეძავების პრობლემა საბჭოთა პერიოდშიც იდგა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ამ პროფესიას არ ცნობდა.
რაც შეეხება ორთაჭალის კუნძულს, რომლითაც საუბარი დავიწყეთ, ამ კუნძულმა XX საუკუნის პირველ ნახევარში შეწყვიტა არსებობა, როცა მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოექცა და ორთაჭალჰესი ამუშავდა, თუმცა ორთაჭალის ტურფების სიმრავლეს დღესაც არ უჩივის დედაქალაქი.
ეკა სალაღაია