ჩემი ამერიკელი ბებო
დევიძეების ოჯახს ისე უნდოდა შვილიშვილებს შორის გოგონაც გამორეულიყო, რომ ეკამ ზედიზედ 5 ბიჭი გააჩინა. 18 წლის იყო, როცა პირველი შვილი დაიბადა, 26 წლისას კი უკვე მრავალშვილიანი დედის სახელი ერქვა. დედამთილი, რომელიც ეკას ძალიან უყვარდა, შვილიშვილ გოგონაზე ოცნებობდა და რძალსაც სურდა, მისი ოცნებისთვის ფრთები შეესხა.
ქალბატონი ნიტა მარტო თავის ოჯახსა და ნათესაობაში არ იყო დაფასებული, მის სიტყვას ქალაქშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისიც ადრე გათხოვდა, მაგრამ თავისი რძლისგან განსხვავებით, კარგა ხანს არ შეეძინა შვილი. ჩვენში, ზოგადად, რძალმა თუ შვილი ვერ გააჩინა რამდენიმე წელი, ოჯახში ბზარი ჩნდება, ახლა წარმოიდგინეთ, პროვინციულ ქალაქში ეს ამბავი რამხელა ტკივილთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ყველას გასაოცრად დევიძეებთან სიმშვიდე სუფევდა. დევიძეებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ მათი გვარი აუცილებლად გაგრძელდებოდა. ჯერ ნიტას ქმარმა, ალექსანდრემ დაამთავრა იურიდიული და ცოტა ხანში პროკურორიც გახდა, მას არც ცოლი ჩამორჩა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვოკატურაში სცადა ბედი, თუმცა გავლენიანმა მამამთილმა მოსამართლეობა ურჩია, ხელიც შეაშველა და ნიტამ მოსამართლის მანტია მოირგო.
დევიძეების ოჯახში რძლად შესვლის მერვე წელს უზარმაზარი სიხარული ეწვიათ, ბაბუას მოსახელე გიორგი დაიბადა. დედამთილმა და დიდმა ბებიამ ხელები გაასავსავეს, ახალგაზრდა ქალმა წარმატებულ კარიერას რატომ უნდა დაანებო თავი, ჩვენ გაგიზრდით შვილსო. მოკლედ, ნიტას ერთი დღეც არ გაუცდენია სამსახურში. მალე, მეორე ბიჭიც გაჩნდა, დათუნა. სამწუხაროდ, ბედნიერებასაც აქვს დასასრული და ქორწილიდან მომავალი ნიტას მამამთილი და ქმარი ავტოავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. შვილები გასაზრდელი ჰყავდა, მოხუცები - მისახედი და თავს შეუძახა ნიტამ... დიდი ბებია მალე გარდაიცვალა, დედამთილი ლოგინად ჩავარდა და ნიტა 5 წელი უვლიდა, შვილებს ასწავლა, გზაზე დააყენა, ერთი სიტყვით, ქვრივმა ქალმა შეუძლებელი შეძლო და თავისი თავდადებით ყველას პატივისცემა დაიმსახურა. უმცროსი დათუნა ექიმი გახდა და გერმანიაში აიწყო კარიერა, გიორგი კი მამის კვალს გაჰყვა, მერე 17 წლის ეკა შეირთო და 5 შვილიშვილიც "მიუსია" დედამისს. ნიტა კვლავ მუშაობდა, დღისით დამხმარე ქალიც და ძიძაც ჰყავდა აყვანილი, რათა რძალს არ გასჭირვებოდა. საღამოს შინ მისული, ხელებს დაიკაპიწებდა და ყველაფერში მხარში ედგა ეკას. ერთხელ შვილმა მორიდებით უთხრა, დედა, დაანებე თავი სამსახურს, დაისვენე, მე ოჯახს არაფერს მოვაკლებო, მაგრამ ნიტა ხუმრობაშეპარვით უარობდა, როცა ჩემი რძალი გოგონას გააჩენს, მერე გავალ პენსიაზეო. დათუნამ გერმანელი ქალი შეირთო, ვაჟი შეეძინათ, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა და დედას ეხვეწებოდა, ჩემთან წამოდიო, მაგრამ ნიტა წინააღმდეგი იყო: ცოდოა ეკა, ამხელა ოჯახს მარტო ვერ გაუძღვებაო, და დიდი-დიდი, ერთი კვირით სტუმრობდა უმცროს შვილს... როცა ნანატრი გოგო გაჩნდა, სიხარულით ცას ეწია ნიტა. გოგონას მისი სახელი დაარქვეს. ბებიამ შეასრულა პირობა და პენსიაზე გავიდა... დიდი ნიტა პატარა ნიტას მესაიდუმლე შეიქნა. თინეიჯერობის პერიოდში თაყვანისმცემლების რიცხვმა მოიმატა და ბებოს ერთი სული ჰქონდა, სკოლიდან დაბრუნებულ შვილიშვილს როდის დაიმარტოხელებდა და ცხელ-ცხელ ამბებს მოისმენდა. ერთ დღეს კი ბებოს გაუჩნდა საიდუმლო და გაუმჟღავნა გოგონას: ინტერნეტით ერთი ამერიკელი კაცი მეკონტაქტება, საოცრად თავაზიანია, ძალიან მომწონს, ამიტომ ვერ დავბლოკეო. უმცროსმა ნიტამ ბებოს ამერიკელ თაყვანისმცემელზე ბევრი იხალისა, მაგრამ მათ ამბავში აქტიურად ჩაერთო და ბებოსთვის ზოგჯერ გაუგებარ წინადადებებს უთარგმნიდა, თან ურჩევდა, გული მიგრძნობს, ეს ჩვენი ფრენკი აღარ ხუმრობს, მალე შენს ხელს გვთხოვს და დროა, ინგლისურის შესწავლას საფუძვლიანად მოჰკიდო ხელიო. კარგა ხანს უარყოფდა დიდი ნიტა ამ ურთიერთობის სერიოზულობას, ჯიუტად იმეორებდა, ეს მხოლოდ ორი ქვრივის მეგობრობააო, მაგრამ თავადაც სახტად დარჩა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ფრენკმა უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას, მისი ვაჟის გაცნობას და დედის ხელის თხოვნას აპირებდა. უარმა არ გაჭრა და ერთ კვირაში ფრენკი დიდი თაიგულით და ოჯახის ყველა წევრისთვის საჩუქრებით მიადგა დევიძეების ოჯახს. დაბნეული დიდი ნიტა შვილსა და რძალს თვალებში ვერ უყურებდა, დამნაშავედ მიაჩნდა თავი, მაგრამ ისევ პატარა ნიტამ იმარჯვა - ბებო ღირსია ბედნიერების, მე ამ ურთიერთობას მხარს ვუჭერო. ყველა დუმდა, თუმცა ეს დუმილი უფრო მოულოდნელობით იყო გამოწვეული, ვიდრე პროტესტით. ხანგრძლივი სიჩუმე ისევ გიორგიმ დაარღვია: დედა, რას იტყვი? ეს კაცი შენს ხელს მთხოვს, ბეჭდით და საჩუქრებით ჩამოვიდა ოკეანის გაღმიდან, შენც თუ თანახმა ხარ, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგოო, და სახეზე ალმოკიდებულმა ბებომ ძლივს ამოთქვა, თანახმა ვარო...
მას შემდეგ 9 წელი გავიდა. ნიტა და ფრენკი…ბედნიერად ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში, ხან ერთი შვილი აკითხავს ნიტას ოჯახით, ხან მეორე.…ფრენკს ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ბებოსთან ყველაზე ხშირად ნიტაა, მას მაშინვე თვალები აუციმციმდება, როგორც კი დიდ ნიტაზე ჩამოვარდება ლაპარაკი და სიყვარულით ამბობს ხოლმე: "ჩემი ამერიკელი ბებო". გოგონა ახლა იქ სამაგისტრო კურსს გადის, საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვიდა და ამერიკელ-ქართველი პენსიონერების სიყვარულის ამბავიც მან მიამბო.