დასაქმება VS უმუშევრობა - კვირის პალიტრა

დასაქმება VS უმუშევრობა

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება "უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით" იწონებს თავს, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. ამას სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს. "საქსტატის" ბოლო მონაცემებით კი ქვეყანაში უმუშევრობის დონე 16%-ია. რამდენად თანხვდება უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის დონეები საქართველოში და რატომ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის კვლავ პრობლემა დასაქმება, მაშინ, როცა ზოგიერთი ბიზნესი მუშახელის ნაკლებობაზე წუწუნებს, რა არის დღეს საქართველოში ყველაზე მიმზიდველი დასაქმებისთვის და რა იქნება ე.წ. მომავლის პროფესია, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა:

- დასაქმებას რამდენიმე ასპექტი აქვს და ახლა მხოლოდ ორს გამოვყოფ: წმინდა ეკონომიკურსა და ფსიქოლოგიურს. ეკონომიკური გულისხმობს შემოსავლის წყაროს არსებობას. პენსიის თუ სხვა სოციალური დახმარების თანაფარდობა ხელფასთან ძალიან დაბალია. საშუალო ხელფასი 1.700 ლარს გადასცდა, საბაზისო პენსია კი 300 ლარამდეა, ანუ თითქმის 6-ჯერ დაბალი. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისა და შენარჩუნების მთავარი წყარო ხელფასია და შესაბამისად, მას ეგზისტენციალური დატვირთვა აქვს მოსახლეობისთვის - როგორც არსებობისთვის, ასევე თვითრეალიზაციისა და საზოგადოებრივი რეპუტაციისთვის. ეს არის წმინდა ეკონომიკური მხარე, ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური თუ ემოციაზე აღმოცენებული დამოკიდებულება, რადგან ხელფასს უკავშირდება განსაზღვრული სტაბილურობის განცდა, მდგრადობა, კვლავაც საზოგადოებრივი რეპუტაცია. როდესაც ადამიანი მუშაობს, მას აქვს განცდა, რომ მყარად დგას მიწაზე, ხვალინდელი დღის უფრო სჯერა. შემთხვევითი არ არის იგავის დონემდე მისული მომენტი, ყველა ტაქსისტს რომ "ბარდაჩოკში" ორი დიპლომი უდევს და გამოკითხვისას თავს უმუშევრად მიიჩნევს. ამის კარგი მაგალითია ის, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით 60-65% თვლის თავს უმუშევრად, ოფიციალური სტატისტიკით კი უმუშევრობის დონე 16%-ია - ანუ შესაძლოა ადამიანი თვითდასაქმებული იყოს, შემოსავლის წყარო ჰქონდეს და მისი ფულადი შემოსავალი საშუალო ხელფასზე მაღალიც იყოს, მაგრამ რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არის, თითქოს დაუცველად გრძნობს თავს. ეს დაუცველობა კი თავის ეკონომიკურ სტატუსზე გადმოაქვს და მიიჩნევს, რომ უმუშევარია. სინამდვილეში კი ყველანაირი მეთოდიკით თუ კრიტერიუმით დასაქმებულად ითვლება, თუ შემოსავლის წყარო აქვს, რომელსაც სულერთია, საიდან იღებს - დაქირავების ხარჯზე თუ თავისი რისკისა და მარიფათის საფუძველზე შექმნილი ადგილიდან.

კიდევ ერთი მომენტია - საბჭოთა პერიოდში 3-4 თაობა, თუ მეტი არა, მიჩვეული იყო, რომ ხელისუფლება ზრუნავდა დასაქმებაზე. უბნის "კუკარაჩები" ჩამოივლიდნენ და კარგი დედმამიშვილი იყავი, თუ მუშაობაზე უარს იტყოდი. ცნობილია, რომ მუქთახორობის მუხლით გაასამართლეს შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი იოსიფ ბროდსკი. ის 2,5 წელიწადს იყო კოლონიაში, რაკი ლექსების წერა საბჭოთა ხელისუფლებამ მუქთახორობად ჩაუთვალა. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ასეთი რამეები აღარ ხდება და ადამიანები სამუშაოს მოძებნას ცდილობენ, რაც მაღალი კონკურენციის გამო, პირდაპირ რომ ვთქვათ, მარტივი არ არის. ამიტომაც სამუშაო ადგილების საკითხი ნებისმიერ საზოგადოებაში საკმაოდ მწვავედ აღიქმება. თუ ავიღებთ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე დაახლოებით 240-ის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წელია ეს მაჩვენებელი იზრდება, უმუშევრობა მაინც მაღალია, 16%-ის ფარგლებში, და პრობლემა პრობლემად რჩება. კონკურენცია შრომის ბაზარზე მაღალია, რაც ადამიანებს აიძულებს, სიფრთხილით მოეკიდონ ჯერ სამსახურის შოვნას და მერე მის შენარჩუნებას. ეს გარკვეულწილად დამსაქმებლებს დამატებით ბონუსს აძლევს. ბუნებრივი ეკონომიკური კანონია, როდესაც სამუშაო ადგილის მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას, ანაზღაურება იკლებს. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის სურათს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე სტაბილურად დგას დასაქმების პრობლემა და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.

- საქართველოში რეალურად დასაქმების პრობლემაა თუ ანაზღაურების და აქედან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა დასაქმებაზე?

- საერთოდ, საქართველოში გვაქვს ე.წ. სტრუქტურული უმუშევრობა. შეიძლება მოთხოვნა არსებობდეს სპეციალობების მიხედვით, მაგრამ შესაბამისი კვალიფიკაციის, ცოდნის, უნარისა და გამოცდილების მქონე კადრების დეფიციტი იყოს. შესაძლოა გვყავდეს ჭარბი რაოდენობა ამა თუ იმ სპეციალობის მიხედვით, მაგრამ მათზე მოთხოვნა არ იყოს. ცოდვა გამხელილი ჯობს და, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ არ გათავისუფლებულა სნობური დამოკიდებულებისგან და ღირსების შეურაცხყოფად თვლის ისეთი სამსახურისთვის ხელის მოკიდებას, რომელიც, მათი აზრით, არ შეესაბამება მათ პროფესიონალიზმს თუ "გვარიშვილობას". მაგალითად, 1990 წლის გაზაფხულზე ნუცუბიძის ქუჩის მონაკვეთი დასუფთავებისთვის იჯარით აიღო ქართულმა ოჯახმა, სამი კვირის შემდეგ კი უარი განაცხადა იმიტომ, რომ სკოლაში ბავშვებს დასცინოდნენ, ცოცხები და ვედროები დაუმტვრიეს, ქართველები ხართ, რას კადრულობთო. ორ წელიწადში კი საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გავიდა ქვეყნის გარეთ და იქ გაცილებით არაპრესტიჟულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი.

- 16%-იანი უმუშევრობა რას ნიშნავს ეკონომიკის განვითარებისთვის და რა პრობლემაზე მიუთითებს?

- 16%-ის ნაცვლად რომ გვქონდეს, მაგალითად, 6%-იანი ან კიდევ უფრო ნაკლები უმუშევრობის დონე, გაცილებით მეტ დოვლათს შევქმნიდით და უფრო მაღალი იქნებოდა ჩვენი ეროვნული პროდუქტის მოცულობა, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაც. აქ, რომ იტყვიან, პიროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიც იკვეთება. ადამიანი დაინტერესებულია, იშოვოს სამსახური და ჰქონდეს ანაზღაურება, საზოგადოება კი მთლიანობაში დაინტერესებულია, რომ დასაქმების დონე იყოს მაღალი. პრობლემა ის არის, რომ სურვილები და შესაძლებლობები აცდენილია. ხელისუფლების ამოცანა კი ის არის, რაც შეიძლება ერთმანეთს დაუახლოვოს, მოახდინოს მათი ჰარმონიზება.

- ამ კონტექსტში ხელისუფლება რამდენად სწორად იქცევა და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია?

- ხელისუფლება ერთდროულად უნდა იყოს მედიატორი ბიზნესსა და საზოგადოებას შორის, მათ შორის, უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებლებში კადრების მომზადებაშიც. ასევე თვითონაც უნდა იძლეოდეს იმპულსებს. ხელისუფლებას, როგორც წესი, უფრო მეტად აქვს ინფორმაცია მოთხოვნების, პერსპექტივების შესახებ ამა თუ იმ მიმართულებით და შესაბამისად, უნდა წაახალისოს და მოტივაცია გაუზარდოს ახალგაზრდებს, რათა სპეციალობებს დაეუფლონ.

- ბიზნესისგან ბოლო პერიოდში ხშირად ისმის, რომ დასაქმების მსურველები არ არიან. რატომ დგას ეს პრობლემა? ერთი მხრივ, ადამიანებს სამსახური უნდათ, მეორე მხრივ, ბიზნესი ხალხს ვერ პოულობს, რომ დაასაქმოს? მაშინ რამდენად აქტუალურია გადამზადების საკითხი და ეს ვისი პასუხისმგებლობაა?

- შესაბამის კვალიფიკაციას სწრაფად ვერ შეიძენ. აკადემიკოს პაატა გუგუშვილს ხშირად ასეთი მაგალითი მოჰყავდა - ბავშვის გაჩენისთვის საკმარისი არ არის ცხრა თითო თვის ორსული, საჭიროა ერთი ცხრა თვის ორსულიო. კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას, ოფიციანტი იქნება, მზარეული თუ შემდუღებელი, სჭირდება დრო, ცოდნის შეძენა, პრაქტიკა, სტაჟირება და ა.შ. ამიტომ როდესაც ქვეყნიდან გასულებს შორის საკმაოდ დიდია კვალიფიციური კონტინგენტი, მათ ადგილზე დარჩენილი კადრებით ჩანაცვლება დროს მოითხოვს. ან რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და სხვა კულტურის, მენტალიტეტის, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს ფართოდ გავუღოთ კარი, რათა დეფიციტური ვაკანსიები შევავსოთ. ასე რომ, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, ამისთვის ორი გზაა: ან ადგილობრივი კადრები უნდა აკმაყოფილებდნენ ბაზრის მოთხოვნებს, ან დაგვჭირდება სხვა კულტურისა და მენტალიტეტის შრომითი კადრებისთვის კარის გაღება.

- გადამზადება ვისი მოვალეობაა და რა თანხებთან არის დაკავშირებული? ამდენი წელია ლაპარაკია კადრების არაკვალიფიციურობის შესახებ და ეს პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა.

- გადამზადებისთვის ხარჯების გაღება სამმხრივი არაფორმალური სოციალური შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს - თავად პირის, ბიზნესისა და სახელმწიფოს მიერ. ამ შემთხვევაში სამივე სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს საბოლოო შედეგის მიღწევა, რათა გადამზადება თუ კვალიფიკაციის ამაღლება რაც შეიძლება დაჩქარდეს. ამასთან, სწრაფად და სრულყოფილად, რათა შრომის ბაზარზე ღირსეული კონკურენცია გაუწიოს კონკურენტებს, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან შემოსულებს.

- ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დასაქმდა საზღვარგარეთ სახელმწიფო დასაქმების პროგრამით. ბიზნესს ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რომ ისინი მუშახელს ვერ შოულობენ და სახელმწიფო საზღვარგარეთ დასაქმებას ხელს არ უნდა უწყობდეს. ამის შესახებ რას იტყვით?

- ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საზოგადოებაში და ხელოვნური ბარიერების შექმნა იმისთვის, რომ ადამიანებმა საზღვარგარეთ ნახონ მათთვის სასურველი სამუშაო ადგილები, ანუ სამუშაო ძალის გადაადგილება შეიზღუდოს, ამის ფუფუნება ნამდვილად არა გვაქვს. ხელისუფლებისა და ბიზნესის ამოცანაა ისეთი პირობები შექმნას, რომ ეკონომიკურად აქტიური პერსონალი დაინტერესებული იყოს არა უცხოეთში წასვლით, არამედ ადგილზე სამუშაოს მოძიებითა და პერსპექტივის არსებობით. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - მსოფლიოში ხელოვნურად არსად არ იქმნება ბარიერები, თუ ჩაკეტილ ქვეყნებს არ მივიღებთ მხედველობაში, რომლებსაც ბოლო დროს რუსეთიც შეუერთდა.

- საქართველოში დღეს ყველაზე მეტი მოთხოვნა რა პროფესიებზეა?

- ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკის პროფილსა და სტრუქტურაზე. ჩვენ ახლა სერიოზულად გვიდგას ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციის ამოცანა. 1988-დან 1994 წლამდე, ჩვენთან მრეწველობის მასშტაბი 100%-დან 17%-მდე შემცირდა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ვარდნა იყო. მას შემდეგ ღირებულებითი ფორმით ჯერ კიდევ იმის ნახევრისთვისაც არ მიგვიღწევია... სულ არ არის აუცილებელი ქვეყანაში ისეთივე გიგანტები იყოს, მაგრამ როდესაც ელმავალმშენებელი ქარხნის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების აშენებას ვაპირებთ, ეს კითხვებსაც უნდა აჩენდეს და, ფაქტობრივად, პასუხიცაა, თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა. ამიტომ როგორიც იქნება მოთხოვნა, იმ მიმართულებით დაგვჭირდება პროფესიებიც. თუ სერიოზულ ეკონომიკურ განვითარებას ვაპირებთ, ამაზეც მოგვიწევს დაფიქრება და სპეციალისტების მომზადება-გადამზადებაზე ზრუნვა. მოთხოვნა თუ გაჩნდება, მიწოდებაც შესაბამისი იქნება.

- საზოგადოებაში პროფესიების პოპულარობას ანაზღაურება განაპირობებს თუ არის სხვა ფაქტორებიც და ამ მხრივ სხვა ქვეყნებისგან თუ განვსხვავდებით?

- რა თქმა უნდა, ანაზღაურება ძალიან დიდ როლს თამაშობს, თუმცა სოციალურ პრესტიჟულობასაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. არის პროფესიები, სადაც შეიძლება ანაზღაურება მაღალი იყოს, მაგრამ მაინცდამაინც პრესტიჟულად არ ითვლებოდეს, მაგალითად, ასენიზატორი. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, საბაზრო ეკონომიკაში ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, არსებობს მორალური, ეთიკური და სოციალური პრესტიჟის ფაქტორები, რომლებიც ადამიანს ამა თუ იმ მიმართულებით აქტიურობის გამოჩენას უზღუდავს.

- საქართველოში ე.წ. მომავლის პროფესია რა შეიძლება იყოს?

- არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მუდმივად მიმდინარეობს განსაზღვრული პროფესიების, ასე ვთქვათ, კვდომა და ახლის წარმოშობა. აკადემიური სფერო რომ ავიღოთ, საქართველოში აღარ არიან პოლიტეკონომიის, მეცნიერული კომუნიზმისა და მსგავსი საგნების ლექტორები. გაქრნენ მზესუმზირის გამყიდველები, რადგან ის უკვე საწარმოო მეთოდით დაფასოებული იყიდება; გაქრნენ ფოტოგრაფები, რადგან თუ მაინცდამაინც პროფესიონალური ფოტო არ არის აუცილებელი, ყველა ტელეფონით იღებს. სამაგიეროდ, გაჩნდა ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები. ეს მუდმივი დიალექტიკური პროცესია და იმის მიხედვით, რა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები ან აღმოჩენები გვექნება, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს პროფესიების ფორმირებაზეც და მათ მოთხოვნაზეც.

პროფესიები, სადაც წლის ბოლოს ყველაზე მეტი ვაკანსია იყო

2022 წელს ვაკანსების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, საშუალოდ, 7%-ით გაიზარდა - წერს bpn.ge, hr.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

ვაკანსიების რაოდენობით პირველი სამი პოზიცია უკავია გაყიდვების მიმართულებას (24%), ჰორეკა სექტორსა (16%) და კლიენტთა მომსახურებას (11%). მეოთხე პოზიციაზეა სამედიცინო სფერო (8%), შემდეგ მოდის Iთ მიმართულება (6%), საბანკო სფერო (4%). გამოცხადებული ვაკანსიებიდან 72% დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი 28% კი რეგიონებზე ნაწილდება. „სამსახურის მაძიებლების რაოდენობა იგივე იყო, რაც წინა წელს, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია: მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიები გაზრდილი იყო, შემცირდა გამოხმაურება. პირობითად, თუ ადრე ერთ ვაკანსიაზე 100-120 CV შესდიოდა კომპანიას, დღეს 20-30 CV უკვე კარგი შედეგია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხელფასები, კონკურენცია, ასევე მიგრაცია, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ბევრი კომპანია აცხადებს, რომ გადინება აქვს", - განმარტავენ hr.ge-ში.

რუსა მაჩაიძე