„დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება“
სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ისევ არ უჭერს. პარლამენტში კენჭისყრის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განზე დარჩა. ფაქტია, ხელისუფლება მხარს უჭერს სანქცირებულ მოსამართლეებს და არ აპირებს საპარლამენტო კომისიის შექმნას. რისი ეშინია ხელისუფლებას, რას მოგვცემს კომისიი ს შექმნა, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ცნობილი იურისტი, ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გვესაუბრება:
- ქალბატონო მაია, ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ იქმნება, რას მოგვცემს მისი შექმნა?
- ხელისუფლება რომ გადაეფარებოდა კლანს, ოპოზიციასა და საზოგადოებას რომ არ მისცემდა საშუალებას, ჩაიხედონ კლანის საქმიანობაში, რომელთანაც ამდენი პრეტენზიაა, დარწმუნებული ვიყავი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არაფერს გააკეთებდა. არაერთხელ მითქვამს, კლანი მხოლოდ სასამართლოში არ მთავრდება, მათთან ერთად მოიაზრება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება. პარლამენტის საგამოძიებო კომისია ერთადერთი თეორიული შანსია, რაღაცები გამოაშკარავდეს. ცხადია, არც ერთი საგამოძიებო ინსტიტუტი არ არის მზად ამის გამოსაძიებლად. არადა, პრობლემა გაცილებით მწვავეა - სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციაზეა ლაპარაკი, არაერთ კანონდარღვევაზე, კლანურ მმართველობაზე, ამიტომაც საჭიროა პარლამენტის საგამოძიებო კომისია. სხვა ფორუმი ქვეყანაში არ არსებობს, სადაც შეიძლება ამ ტიპის პრობლემებზე საუბარი, სიმართლის გამოაშკარავება, მათი მხილება. ამდენი მექანიზმი სხვა არც ერთ ორგანოს არა აქვს. საგამოძიებო ორგანოებს არ ვგულისხმობ, რადგან ისინი უმოქმედო, სამართლებრივად უვარგისია.
- "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება კომისიის შექმნას. ეშინიათ, მოსამართლე ბესიკ ალავიძემ და სხვებმა არ დაიწყონ ლაპარაკი?
- არა მარტო ყოფილი მოსამართლეების ეშინიათ, საგამოძიებო კომისიას ბევრ რამეზე ექნება წვდომა, შეუძლია ყველა დაიბაროს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ: ყოფილ თუ მოქმედ მოსამართლეებს, ადვოკატებს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, აპარატის თანამშრომლებს... მაგალითად, შეუძლია ის პირი დაჰკითხოს, რომლისგანაც მიწა იყიდა კონკრეტულმა მოსამართლემ. ასე რომ, ბევრი რამ შეიძლება გამოაშკარავდეს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსმენის კი არ ეშინიათ, ბევრი სხვა რამისაც. გაიხსენეთ, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისია რომ შეიქმნა, ხომ ნახეთ, რა კომპეტენციის, რა კატეგორიის ხალხია დასაქმებული ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში. მაშინ მთელი სისტემა გამოაშკარავდა. სწორედ ამას გაურბიან.
- კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ თქვა, უმრავლესობა ოპოზიციას კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევს, ეს კონსტიტუციის დარღვევაა, ასეთი რამ არსად მომხდარა, პარლამენტის წევრი დარბაზში იჯდეს და რეგისტრაციას არ გადიოდესო.
- საპარლამენტო მუშაობა პარალიზებულია. უმრავლესობამ თვითდაშლა გამოაცხადა და პარლამენტის უმთავრეს ფუნქციაზე, საკანონმდებლო საქმიანობაზე უარი თქვა. წარმოიდგინეთ, როგორ ეშინიათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს. რაც საზოგადოებამ იცის ამ კლანზე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ხელისუფლებამ იცის. ამიტომაც იქცევიან არაადეკვატურად. ეს ერთგვარი ნერვების ომიც არის - მთავარია, ოპოზიციამ უკან არ დაიხიოს. ადვილი არ არის მუდმივად შეინარჩუნო 50-კაციანი შემადგენლობა. ხელისუფლება ჩასაფრებულია, ამ ზომამდეა მისული, უკვე კომიკური სიტუაციაა. ამიტომაც ოპოზიციამ პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. ვნახოთ, რამდენ ხანს ექნებათ საპარლამენტო საქმიანობა პარალიზებული.
საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ხელისუფლებაც მონაწილეობს თანაბარ საწყისებზე, იქ უამრავი პროცედურული ბერკეტი აქვს, მაგრამ იქამდე მისვლასაც ვერ რისკავენ, იმდენად ტოქსიკურია ეს სფერო მათთვის. გაცილებით დიდ ამბებს უნდა ველოდოთ, თუკი კომისია შეიქმნება.
ისეთი ბრიყვი არავინ არის, დაიჯეროს სასამართლოს ზედა ეშელონებში კორუფცია ისე შემოეპარათ, არაფერი იცოდნენო. როცა სასამართლო სისტემაში მძიმე კორუფციაზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, გულისხმობს, რომ ხელისუფლების ყველა რგოლში კორუფციაა. არ შეიძლება სასამართლოში იყოს კორუფცია და კორუფცია არ იყოს პროკურატურაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პარლამენტში. ამ ხელისუფლებას არც აქვს რესურსი გაემიჯნოს კლანს, ერთნი არიან.
- სანქცირებული მოსამართლეები და ხელისუფლება მტკიცებულებებს ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, ამერიკა მტკიცებულებების გარეშე ისაუბრებდა ამ საკითხებზე?
- ამ გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აწერს ხელს. ისე, რამხელა "პატივია" ეს ჩვენი კლანური სასამართლოსთვის და ამ ფიგურანტებისთვის. მათ გარკვევით თქვეს, ეს მტკიცებულებები ჩვენთვის საკმარისია, რომ ამ ტიპის კორუფციაში ჩართული მოსამართლეები არ შემოვუშვათ ჩვენს ქვეყანაშიო. ეს არის იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივი, მორალური და სამართლებრივი პოზიცია. ისიც გვითხრეს, ამ საქმეს თქვენ უნდა მიხედოთო. ვინ უნდა იმუშაოს მტკიცებულებებზე? მე და თქვენ თუ გამოძიებამ და პროკურატურამ? მაგრამ როგორ იმუშავებს, როცა მთელი პარლამენტია გადაფარებული და მზად არიან უარი თქვან საკანონმდებლო საქმიანობაზე.
ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო კომისიაა. კორუფციასთან დაკავშირებული მტკიცებულებები ხშირად ზედაპირზე დევს და დიდი გამოძიება არ სჭირდება, ქონება არ იმალება. ამდენი უძრავ-მოძრავი ქონება და სასახლე საიდან არის მათ ხელში? მარტივი არითმეტიკის ამბავია, დათვალეთ მათი შემოსავლები და გამოჩნდება რეალობა. ჩინჩალაძის სახლი რომ აჩვენეს ერთ-ერთი საგამოძიებო სიუჟეტში, ჩანდა მის სახლში უნიფორმიანი მოსამსახურე. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? მანამდეც იყვნენ მოსამართლეები, მაგრამ სასახლეები არ ჰქონდათ. ამ სისტემაში არიან მოსამართლეები იმავე ხელფასებით, მაგრამ იმათ არა აქვთ სასახლეები. ხომ უნდა თქვან, როგორ ახერხებენ ამ სასახლეების აშენებას? იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მათი ნახევარი ქონება გადამალულია, ნათესავებზე, ახლობლებზე, მეზობლებზეა გადაფორმებული. გაიხსენეთ, სანქცირებულმა მოსამართლე შენგელიამ, მისი ქონება შემოსავლებთან შედარებით მეტი რომ აღმოჩნდა, თქვა, ფული ახლობელმა მათხოვა, მაინცდამაინც ბანკიდან უნდა გამომეტანაო? ნორმალურ ქვეყანაში ამაზე აუცილებლად დაიწყებოდა გამოძიება, ვინ რაში ათხოვა, ფულის წარმომავლობას და სხვა საკითხებს აუცილებლად შეისწავლიდნენ. ჩვენთან კი მხოლოდ ტელეეთერში გავიდა და მორჩა. ამერიკა ამიტომ ამბობს, ზედაპირზე დევს ყველაფერიო.
- მოქმედმა მოსამართლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს სანქცირებულებს და ზოგიერთმა უარი თქვა ამერიკაში საქმიან ვიზიტზე.
- სისტემა სტერილურია და იმის შანსი არ არის, რომ ვინმე რამეს გაბედავს. კლანს ანგარიშვალდებულება აქვს ერთმანეთთან და არავის აძლევს შანსს, ეს დაივიწყონ. ამერიკაში წასვლის თემაც ბანალური საკითხია. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ამბობდა, რასაკვირველია, მივდივარ ამერიკაშიო და მერე თქვა, აღარ მივდივარო. რასაც შეუთვლიან, იმას აკეთებენ. შეიძლება უთხრან მოსამართლეებს თავიანთმა ბოსებმა, "კოკა-კოლა" აღარ დალიოთო, და წავა კამპანია, "კოკა-კოლას" აღარ ვსვამთო, მერე იქნება, არ ჩავიცვამთ ჯინსებსო... ჩვენს სასამართლოში პატრონყმობაა. ასეთი მოსამართლეების მიღებული გადაწყვეტილება რა იქნება? მოსამართლეებმა კლანის თამაშის წესები მიიღეს და შეგუებული არიან.
- ლევან მურუსიძე ამბობს, არ წავალ კორუმპირებულის სახელით სისტემიდანო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ გაუშვებს სანქცირებულ მოსამართლეებს?
- არა მგონია, მაგრამ ე.წ რუსული კანონის არ იყოს, გააჩნია პროცესები სადამდე მივა, სასწორზე რა დაიდება.
- ვის რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სასამართლოში არსებულ ვითარებაზე?
- კლანის შექმნაში, მის კულტივაციაში, წლების განმავლობაში ხელისუფლების არაერთი პირველი პირი მონაწილეობდა. დამნაშავეა როგორც აღმასრულებელი, ასევე საპარლამენტო ხელისუფლება. მათ მიზანმიმართულ მოქმედებებს საკანონმდებლო ფონს როგორ უდებდნენ, ესეც ვნახეთ. ამ კლანს პარლამენტში ჰყავს მხარდამჭერები ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. კობახიძე კლანის განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, ჩინჩალაძე და კობახიძე კურსელები არიან და არა მარტო ისინი. ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. თუ გახსოვთ, ტელესივრცეში რომ გავრცელდა კადრები და ისმოდა კითხვები, ვის ესაუბრება ირაკლი კობახიძე ამდენ ხანსო, დიდი ეჭვი მაქვს, ჩინჩალაძეს ესაუბრებოდა. არაფორმალურმა მმართველმა ამ კლანთან ურთიერთობის დალაგება 2013 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეგონა, რომ ამ ხელისუფლებას მართლა ჰქონდა ამოცანა წინა ხელისუფლების უკანონობები გაესწორებინა.
- "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი და ახლანდელ კლანი რითი განსხვავდება?
- პერსონაჟები იგივე არიან, მაგრამ მაშინ სხვანაირად იმართებოდა სასამართლო, ახლა კი სხვანაირად იმართება. მაშინ გადაწყვეტილების მიმღები ზურაბ ადეიშვილი იყო, ცერცვაძე და ჩინჩალაძე კი - აღმსრულებელი რგოლი სასამართლოში. დღევანდელი კლანის წევრები, თავმჯდომარეები, მაშინაც პრივილეგირებული მოსამართლეები იყვნენ. მაშინ სასამართლოში ასეთი კლანური მმართველობა, რომელიც თვითონ მართავს სასამართლოს და ხელისუფლებას რაღაც პირობებს უყენებდა, არ იყო, იმიტომ, რომ მათ თავში ადეიშვილი იდგა და სასამართლოს ამის ფუფუნებას არ აძლევდა. ადეიშვილის ფილტრს გადიოდა ყველა გადაწყვეტილება, ესენი დამოუკიდებელ თამაშს ვერ თამაშობდნენ და სახელმწიფოს შეკვეთაც სხვა იყო: ნულოვანი ტოლერანტობა, ამოცანები და სხვა დავალებები... 2012 წლიდან უკვე ობსტრუქციის რეჟიმში მუშაობდნენ, შიგნით გადაალაგეს ყველაფერი, გადანიშნეს თავმჯდომარეები, მათი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნეს. ამ ხელისუფლებას დაანახეს, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ წინააღმდეგობაო. 2013 წლის შემოდგომიდან კი დაიწყეს დალაგება, ავანგარდში იყვნენ ფარცხალაძე და სხვები. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიეღო მათი სერვისი და თქვა, ჩემთვის პერსონაჟებს არა აქვს მნიშვნელობაო. ასე რომ, სისტემის მმართველად ჩინჩალაძე დარჩა. მან შესთავაზა იუსტიციის საბჭოს მდივნად მურუსიძის კანდიდატურა, რომელიც მანამდე არ იყო სისტემის თავში, მაგრამ იცოდა, ყველაზე მეტ ნეგატივს ის მიიღებდა, თვითონ კი კულისებში დარჩებოდა. ასეც მოხდა.