„სანქცირებული მოსამართლეების დაცვით ხელისუფლებამ დაადასტურა კლანის არსებობაც და კავშირებიც“
ტუკი კომისია შეიქმნება და უმრავლესობა ისევ მმართველ ძალას ექნება, ოპოზიცია რის გაკეთებას შეძლებს, როგორ იმუშავებს კომისია და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ამ საკითხებზე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს ვესაუბრეთ:
- "ქართული ოცნების" ქმედება პირდაპირ იმ სულისკვეთების საწინააღმდეგოა, რაც საფუძველში უდევს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ უმცირესობას, პარლამენტის მესამედს შეუძლია კომისია შექმნას. მაგრამ, თუ კვორუმი არ შეუქმენი, როგორ შექმნის? ის, რასაც "ოცნება" აკეთებს, პროცედურული ხრიკი კი არა, კანონდარღვევაა, სასამართლო კი არა გვაქვს, ამას ვერ გაასაჩივრებ. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩანს, მათთვის მთავარია, გადაეფარონ კლანს, კლანი იყოს კარგად, სასამართლოზე არანაირი ინფორმაცია არ გამოვიდეს გარეთ. ეს უფრო პრიორიტეტულია "ოცნებისთვის", ვიდრე კანონის აღსრულება და პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა, მერე რა, რომ უმცირესობის უფლებაა. სანქცირებული მოსამართლეები რეალურად ხელისუფლების ნაწილია. ამ ყველაფრის მიღმა მე სხვა რამ მიმაჩნია საინტერესოდ - არ მესმის, კიდეც რომ შეიქმნას კომისია, როგორ იმუშავებს.
- რას გულისხმობთ, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას კომისიას?
- კომისიის ეფექტური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა, რომ უმრავლესობა იმ 50 დეპუტატს ჰქონდეს. ერთია, რომ ქმნი კომისიას, და მეორე, თუ ვისგან იქნება დაკომპლექტებული, თავმჯდომარე ვინ იქნება და ა.შ. ახლა როგორი რეგლამენტიც მოქმედებს, "ქართულ ოცნებას" აძლევს საშუალებას კომისიაში უმრავლესობა ჰქონდეს. კომისიის ნახევარი შეიძლება "ქართული ოცნება" იყოს, ამ "ევროპელი სოციალისტებით" შეუძლია დე ფაქტო შექმნას უმრავლესობა. შესაბამისად, ასეთ პირობებში კომისიის შექმნას აზრი ეკარგება. "ქართული ოცნება" თავისი საქციელით აჩვენებს, რომ რომც შეიქმნას კომისია, უმრავლესობაში "ოცნება" იქნება. ამ კომისიის შემადგენლობას საბოლოოდ საპროცედურო კომიტეტი წყვეტს, რომელშიც უმრავლესობაში ისევ "ქართული ოცნებაა", რატომ დათმობს ამ ბერკეტს და კომისიას შეაქმნევინებს?
ჩვენ მაშინ განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა, რადგან საზოგადოებრივი დიდი წნეხის გამო შეუძლებელი იყო, კომისია არ შექმნილიყო. ამიტომაც დათმეს მაშინ კომისიაში უმრავლესობა. თან სხვანაირი კონფიგურაციაც იყო - ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილი იყო კომისიაში როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. მაშინ პარლამენტში სულ რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო და ამ კვოტით გახდა სალომე ზურაბიშვილი კომისიის წევრი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატად უჭერდა მხარს, ის მარტივი სამართავი არ იყო.
მეორე ის იყო, რომ მაშინ კომისიიდან გავიდა ადა მარშანია და ოპოზიციას, ფაქტობრივად, ამის წყალობით შეექმნა კომისიაში უმრავლესობა. "ქართულ ოცნებას" ეგონა, კომისია ვერაფერს იზამდა. მაშინდელ მათ განცხადებებშიც კარგად ჩანს, რომ დარწმუნებული იყვნენ, კომისიის მუშაობიდან ვერაფერი გამოვიდოდა და ამიტომ არხეინად გრძნობდნენ თავს. თუმცა მერე გამოჩნდა, რომ მთლად ასე არ იყო. ამიტომაც არ სურთ ახლა, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რაც ხდება.
- კომისია რომც შეიქმნას, დიდი შანსია, თავმჯდომარეც და მოადგილეც მმართველი ძალიდან იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი იქნება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი, მეორე კი უმრავლესობის და ფორმალურად რეგლამენტიც არ დაირღვევა. ეს დამატებით კიდევ რა ბერკეტს მისცემს "ქართულ ოცნებას"?
- ეს ბევრს არაფერს შეცვლის. მნიშვნელოვანია არა თავმჯდომარე, არამედ უმრავლესობა - თუ ოპოზიციას უმრავლესობა არ ექნება, რა მნიშვნელობა აქვს თავმჯდომარე და მოადგილე ვინ იქნება? თავმჯდომარეს მხოლოდ სხდომის წაყვანა შეუძლია, რეალურად სხვა ფუნქცია არ გააჩნია.
შეიძლება პროცედურულად თავისი ფუნქციები გამოიყენოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მთავარია უმრავლესობა. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც - კომისიის შექმნის ჩაშლის ცდით, სანქცირებული მოსამართლეების დაცვით ხელისუფლებამ დაადასტურა კლანის არსებობაც და მათი კავშირებიც.
- კომისია უხმაუროდ რომ შეექმნათ და მერე არ მიეცათ უმრავლესობა ოპოზიციისთვის, ასეთი ხმაური ხომ არ ატყდებოდა? რატომ აკეთებენ ამას, რა მიზანი აქვთ?
- არ ვიცი, მეც ამას არ ვამბობ? უბრალოდ, ახლა ძალას აჩვენებენ, პრინციპული ამბავია და არ ვაპირებთ ჩვენს სიტყვას გადავუხვიოთო. "გაგვდის და ვაკეთებთ" - ამ პრინციპით მოქმედებენ.
- ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებაზე "ოცნების" ამ საქციელს რა გავლენა ექნება, რადგან ამ 12-პუნქტიანი ამოცანებიდან ერთ-ერთი პირდაპირ ეხება სასამართლო რეფორმას, მეორე - ჩართულობის პრობლემას, მესამე - დეპოლარიზაციას. მხოლოდ ამ ერთით, კომისიის შექმნის საკითხით, უკვე ბევრი კითხვა ჩნდება 12-დან მინიმუმ სამ პუნქტთან დაკავშირებით. არის შანსი, ამის გამო ჩავარდეს ევროკავშირის სტატუსის მიღება?
- რა თქმა უნდა. სწორედ ამ სამი საკითხის ჩამოთვლას ვაპირებდი, რადგან ეს არის ის, რაც პირდაპირ ეხება ამ თორმეტ პუნქტს და გავლენას ახდენს მის შესრულება-არშესრულებაზე.
რუსა მაჩაიძე